მთავარი > სტატიები > ცესკოში დამკვირვებლის საჩივარი დაიკარგა

ცესკოში დამკვირვებლის საჩივარი დაიკარგა


თამარ კაჯილაშვილი

ცენტრალური საარჩევნო კომისია იმ ვიდეო მასალას გამოეხმაურა, რომელიც გაზეთ ,,ქართლის ხმის” რედაქტორმა საბა წიწიკაშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ღამეს ვარიანის #40 საარჩევნო უბანზე გადაიღო. 13 ივნისს გადაცემა ,,კვირის რეპორტაჟში” სწორედ ეს კადრები აჩვენეს. მანამდე ვიდეო-კადრები ვებ-გვერდზე: რეგიონს.გე-ზე დაიდო. სიუჟეტის გასვლის შემდეგ, ცესკო დაინტერესდა ვიდეო მასალით და ამასთან დაკავშირებით, სპეციალური განცხადება გააკეთა. ცესკომ დასაჯა ვარიანის უბნის საარჩევნო კომისიის ის წევრები, რომლებიც უბანზე მივლინებულ დამკვირვებელს ხმების გაყალბებას სთავაზობდნენ.

საგულისხმოა, რომ სიუჟეტის გასვლის შემდეგ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა ჯული გიორგაძემ 14 ივნისს გაზეთ ,,რეზონანსისთვის” მიცემულ ინტერვიუში, დამკვირვებლის მიერ უბანზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით საჩივრის არსებობა უარყო.

,,მიუხედავად იმისა, რომ დამკვირვებელს ცესკოში საჩივარი არ შემოუტანია, გადავწყვიტეთ ვიდეო-მასალის მიხედვით, ვარიანის უბანზე მომხდარი ინციდენტი განვიხილოთ” – განაცხადა ჯული გიორგაძემ ,,რეზონანსთან”. არადა საბა წიწიკაშვილი აცხადებს, რომ ცესკოში ჯერ კიდევ 2 ივნისს შეიტანა საჩივარი ვარიანის უბანზე მომხდარ დარღვევებთან დაკავშირებით. კერძოდ, ამ საჩივრით საბა წიწიკაშვილი ითხოვდა საუბნო და საოლქო კომისიის წევრების, ასევე პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სპეციალისტის თინათინ ხაჩიძის  ადმინისტრაციული წესით დასჯას, რადგან ადგილი ჰქონდა მათი მხრიდან პროცედურების უხეშ დარღვევებს.

,,მე ხელთ მაქვს იმ დოკუმენტის ასლი, რომელიც ადასტურებს, რომ ცესკოში 2 ივნისს ნამდვილად შევიტანე საჩივარი ვარიანის უბანთან დაკავშირებით. ასლს ახლავს ცესკოს კანცელარიის ბეჭედი და კანცელარიის თანამშრომლის ხელმოწერა. ვიდრე სიუჟეტი ტელევიზიით არ გავიდა, მანამდე ცესკო არ დაინტერესდა ამ ფაქტით. ჩემი საჩივარი ან დაკარგულია, ან ცესკოს თავმჯდომარემდე არ მივიდა.” – ამბობს საბა წიწიკაშვილი.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ კი 17 ივნისს ასეთი შინაარსის განცხადება გაავრცელა:

,,მედიის საშუალებებით, კერძოდ ინტერნეტ ვებ-გვერდზე წწწ.რეგიონს.გე  გავრცელდა ვიდეოჩანაწერი, გორის საარჩევნო ოლქის სოფელ ვარიანის საუბნო კომისიაში კენჭისყრის შედეგების შეჯამებისას მონაწილე პირთა საუბრების შესახებ, რომელიც ეხება კენჭისყრის შედეგების დაუბალანსებლობას და ამომრჩეველთა სიებზე ხელმოწერებს.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მოცემული ვიდეო რგოლის გაცნობისა და ანალიზის შედეგად გამოირკვა ის ფაქტი, რომ სოფ. ვარიანის საარჩევნო უბანზე ადგილი ჰქონდა საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების მხრიდან ისეთ გამონათქვამებსა და მსეჯლობას, რაც დაუშვებელია კომისიის წევრებისათვის მათი სამსახურეობრივი მოვალეობების შესრულების დროს.

ამასთანავე გავრცელებულ ვიდეო-რგოლში საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების მიერ გამოხატული სიტყვები შეიცავენ სისხლის სამართლის წესით დასჯადი დანაშაულის ნიშნებს, დოკუმენტის გაყალბებისა და არჩევნების შედეგებისათვის ხელის შეშლის მცდელობის კვალიფიკაციით. თუმცა ვინაიდან კომისიის წევრების მიერ გამოთქმული მოსაზრებები და მცდელობა არ იქნა განხორციელებული რეალურად და არ დამდგარა დანაშაულის შემთხვევა, ამ ფაქტის გამო კომისიის წევრთა მოქმედებები ნაცვლად სისხლის სამართლებრივი წესით დასჯისა უნდა იქნან დასჯილი დისციპლინარული წესით.

ცესკო ხაზს უსვამს ამგვრი ფაქტების დაუშვებლობას. ადმინისტრაციამ  გორის საოლქო კომისიას მიმართა განეხილა აღნიშნული საკითხი, რათა გამოვლინდეს ყველა ის პირი ვინც მონაწილეობდა ვარიანის საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ შედეგების შეჯამებისას. განხილვის შედეგებზე დაყრდნობით კი საოლქო საარჩევნო კომისიამ  მომავალი არჩევნების მომზადებისა და ჩატარების პროცესში თავისი დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების პროცესში აღნიშნულ ინციდენტში მონაწილე პირების კონკურში მონაწილეობის შემთხვევაში მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც ასეთი პირები ვეღარ მოხვდებიან საარჩევნო ადმინისტრაციის შემადგენლობაში.”

საბა წიწიკაშვილი აცხადებს, რომ საკმარისი არ არის მხოლოდ ვარიანის უბნის კომისიის წევრების და თანაც პედაგოგების დასჯა. იგი თბილისიდან გორში მივლენილი თინათინ ხაჩიძის ადმინისტრაციული წესით დასჯასაც ითხოვს, რადგან თინათინ ხაჩიძე უხეშად ერეოდა ვარიანის უბნის კომისიის წევრების საქმიანობაში მაშინ, როდესაც ხმის დათვლის პროცესი მიმდინარეობდა.

Advertisements
კატეგორიები:სტატიები
  1. კომენტარები ჯერ არ არის.
  1. No trackbacks yet.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: