მთავარი > სტატიები > გორის უნივერსიტეტის რექტორის თავზე ყულფი ვიწროვდება – ნაწილი 1

გორის უნივერსიტეტის რექტორის თავზე ყულფი ვიწროვდება – ნაწილი 1


ნაწილი 1; ,,ქართლის ხმა” – 7 – 25 აპრილი;

საბა წიწიკაშვილი

შიდა ქართლის საოლქო პროკურატურამ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი თანხების გაფლანგვის ფაქტზე აღძრული სისხლის სამართლის საქმის გამოძიება დაასრულა. 2010 წლის 29 მარტიდან საქმის განხილვამ სასამართლოში გადაინაცვლა. პროცესებზე, რომელზეც ,,ქართლის ხმა” და ,,ადამიანის უფლებთა ცენტრი”-ს გორის ოფისის წარმომადგენლები სისტემატიურად ესწრებიან, საკმაოდ ხშირად რექტორის ზაზა ცოტნიაშვილის გვარსა და სახელს უარყოფით კონტექსტში ახსენებენ. რამდენჯერაც გაიჟღერებს რექტორ ცოტნიაშვილის დაკითხვის და პასუხისმგებლობის დაყენების საკითხი, პროკურორი მორის ჩუბინიძე იმდენჯერ აპროტესტებს.

პროკურორ მორის ჩუბინიძეს მართლმსაჯულების წინაშე ზაზა ცოტნიაშვილის წარდგენა მიზანშეუწონლად მიაჩნია. მისი აზრით, უნივერსიტეტის რეაბილიტაციისთვის გამოყოფილ თანხებთან რექტორს არაფერი აკავშირებს. დაახლოებით ერთი წელია რექტორი ცოტნიაშვილი სხვადასხვა მედია-საშუალებებით საზოგადოებას ,,აბოლებს” განათლების შესახებ კანონში დაფიქსირებული ერთი პუნქტით. ამ პუნქტით იგი ცდილობს დაარწმუნოს მათ შორის ,,ქართლის ხმა” იმაში, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის გამოყოფილი მილიონობით ლარის კონტროლი გორის უნივერსიტეტიდან ევალებოდა არათუ რექტორს, არამედ უნივერსიტეტის ადმინისტრაციის უმაღლეს კანცლერს. სინამდვილეში განათლებისა და მეცნიერების შესახებ კანონიდან ზაზა ცოტნიაშვილის მიერ მოყვანილი პუნქტი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ უნივერსიტეტის ადმინისტრაციის უმაღლესი კანცლერი პასუხისმგებელია მხოლოდ და მხოლოდ უნივერსიტეტის კუთვნილ შიდა საბიუჯეტო სახსრებზე.

ჩვენს შემთხვევაში, გორის უნივერსიტეტის რეაბილიტაციისთვის თანხები გამოიყო პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან. თანაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გავლით, რომელმაც 2009 წლის სექტემბერში გამოაცხადა ტენდერი. ამ ტენდერში გაიმარჯვა კომპანია ,,პირამიდა 2002″-მა. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ მშენებელ კომპანიასთან გაფორმებულ ხელშეკრულებაში წერია, რომ უნივერსიტეტის რეაბილიტაციის კონტროლი და ზედამხედველობა ევალებოდა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, შპს ,,პირამიდა 2002″-ის ხელმძღვანელს, გორის უნივერსიტეტის რექტორს და ტექნიკური ზედამხედველობის უფროსს. მკითხველი ყურადღებას მიაქცევს სიტყვას – ,,უნივერსიტეტის რექტორს~. მართლაც, მიღება-ჩაბარების აქტზე, რომლის გამოც პროკურატურამ სამი ადამიანი დააკავა, მათგან ერთ-ერთი მათგანი უნივერსიტეტის უმაღლესი კანცლერი ეკატერინე გიგაშვილი გირაოს სანაცვლოდ გამოძიების დასრულებამდე გაათავისუფლა, ხელს უნივერსიტეტის რექტორის ნაცვლად სწორედ ეკატერინე გიგაშვილი აწერს.

აღნიშნული დოკუმენტით, რომელიც 2009 წლის თებერვალში შედგა, ხელისმომწერები კომპანია ,,პირამიდა 2002″-ის დირექტორი ზაზა ჩიტიშვილი, ტექნიკური ზედამხედველობის უფროსი ალექსანდრე გედევანიშვილი და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის უფროსი ეკატერინე გიგაშვილი ადასტურებენ, რომ კომპანია ,,პირამიდა 2002″-მა შეასრულა 907 000 ლარის სამუშაოები, სინამდვილეში ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს დაკვნით, 2009 წლის მარტისთვის გორის უნივერსიტეტის რეაბილიტაციისთვის შესრულდა მხოლოდ დაახლოებით 285 000 ლარის სამუშაო. თუმცა, პირველი ექსპერტიზის პასუხებით ირკვევა, რომ ზაზა ჩიტიშვილმა 350 000 ლარის სამუშაო შეასრულა რეალურად, თუმცა გორის უნივერსიტეტის რექტორის დაჟინებული თხოვნით (ეს მას შემდეგ როდესაც ტენდერის გამოცხადება ცოტნიაშვილს დაევალა, ახალი ექსპერტიზა მოითხოვა. სწორედ ცოტნიაშვილის მოწვეულმა ექსპერტიზამ შესრულებული სამუშაოების საერთო ღირებულება 350 000 ლარიდან 285 000 ლარამდე ჩამოიყვანა. ამის მიზეზებზე ცალკე შეიძლება ვიმსჯელოთ.

ამდენად მივუბრუნდეთ მთავარ საკითხს… რა შუაშია პრეზიდენტის სარეზერვო თანხების ხარჯვასთან გორის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის უფროსი, ამავე დროს უმაღლესი კანცლერი ეკატერინე გიგაშვილი? უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების კანონის მიხედვით, რომელსაც ზაზა ცოტნიაშვილი იშველიებს ჩვენთან საუბარში, ევალება მხოლოდდამხოლოდ შიდა საუნივერსიტეტო ბიუჯეტის ხარჯების კონტროლი და მართვა.

მას შემდეგ რაც პროკურატურა და გამოძიება დაახლოებით ერთი მილიონი ლარის გაფლანგვის ფაქტს იძიებს, გორის უნივერსიტეტის რექტორი ცდილობს საკუთარი სახელი და გვარი პრესით, ტელევიზიით და ინტერნეტში დადებითი კონტექსტით გავრცელდეს. რამდენიმე თვეა, ზაზა ცოტნიაშვილი კოლოსალურ თანხებს პიარ-კამპანიის წარმართვაში ხარჯავს. განსაკუთრებით, ამ პიარ-კამპანიაში გაღებული თანხებით ტელეკომპანია ,,თრიალეთი” ხეირობს, სადაც კვირაში ორჯერ ერთ საათიანი გადაცემები მიდის იმის შესახებ, თუ რა წარმატებული უმაღლესი სასწავლებელია გორის უნივერსიტეტი. ამ კამპანიით საზოგადოების წინაშე ზაზა ცოტნიაშვილი კარგ და წარმატებულ მენეჯერად წარმოჩინდება, რომელმაც გორის უნივერსიტეტი თითქოს ,,ევროპულ დონემდე” მიიყვანა.

სინამდვილეში ,,ქართლის ხმის~ საგამოძიებო ჯგუფი მიდის იმ დასკვნამდე, რომ გორის უნივერსიტეტის ზაზა ცოტნიაშვილის მიერ განხორციელებული პიარ-კამპანია ,,ცუდი ამბების” გადაფარვას ისახავს მიზნად. ეს ცუდი ამბები კი სწორედ ის არის, რასაც ,,ქართლის ხმა~ ამჟამად გიყვებათ.

სასამართლო მოსამართლე დავით მგელიაშვილის თავმჯდომარეობით მიმდინარებს. პროკურორი მორის ჩუბინიძეა. დაზარალებულ მხარედ ითვლება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან არსებული ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო, რომლის საჩივრების საფუძველზე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. საბრალდებო სკამზე კი შპს ,,პირამიდა 2002″-ის დირექტორი ზაზა ჩიტიშვილი ზის. მასთან ერთად როგორც გითხარით დააკავეს ასევე გორში მცხოვრები გოგი გედევანიშვილი, რომელიც გლდანის საპყრობილეში გარდაიცვალა გულის უკმარისობით. გოგი გედევანიშვილის გარდაცვალების მიზეზებზე ცალკე მიმდინარეობს გამოძიება. მისი ინტერესების დამცველი მურთაზ კლდიაშვილი ,,ქართლის ხმასთან~ საუბარში აცხადებს, რომ წინასწარი პატიმრობის შეფარდების დროს ალექსანდრე გედევანიშვილის გირაოთი გათავისუფლება შესთავაზეს, თუმცა მოსამართლემ ეს თხოვნა არ დააკმაყოფილა. გირაოს ალექსანდრე გედევანიშვილის მხარე იმის გამო ითხოვდა, რომ 61 წლის კაცს გულის პრობლემები ჰქონდა. მართლაც, ამ გულმა ის მართლაც იმსხვერპლა და გამოძიება არკვევს, ჰქონდა თუ არა სათანადო მკურნალობა გედევანიშვილს საპატიმროში. მისმა სიკვდილმა არა მარტო ოჯახი და ახლობლები დააზარალა, რომლებიც რათქმაუნდა ძალიან დადებითაც ახასიათებენ მას, არამედ ის სისხლის სამართლის საქმე, რომელსაც ამჟამად სასამართლო იხილავს. გარდაცვლილის ინტერესებს კვლავ მისი უახლოესი მეგობარი მურთაზ კლდიაშვილი იხილავს, რომელმაც გვითხრა, რომ ისე გარდაიცვალა ალექსანდრე გედევანიშვილი, ჩვენებაც კი არ ჰქონდა მიცემული გამოძიებისთვის. ამდენად, ისე დამთავრდება ,,ცოტნიაშვილის უნივერსტეტის~ საქმე, რომ ალექსანდრე გედევანიშვილის მნიშვნელოვანი ინფორმაცია სამუდამოდ უცნობი დარჩება.

რაც შეეხება ეკატერინე გიგაშვილს, რომელიც ამჟამად ადმინისტრაციის ყოფილი უფროსის რანგში სხდომებს ესწრება, ძირითადად ადვოკატებისა და პროკურორ-დაზარალებულის საუბარში არ ერევა. ეკატერინე გიგაშვილმა ,,ქართლის ხმას~ განუცხადა, რომ გამოძიებამ იგი დაკავების დღესვე გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. ჯერ-ჯერობით, იგი არ დაუკითხავთ და ინტერესით უსმენს როგორც ბრალდების ასევე განსასჯელთა მოწმეების ჩვენებებს.

მოსამართლე დავით მგელიაშვილმა მხარეებს პირველ სხდომაზე დამატებითი შუამდგომლობების წარმოდგენის უფლება მისცა. განსასჯელების ადვოკატებმა დააყენეს შუამდგომლობა მოწმის სახით გორის უნივერსიტეტის რექტორი ზაზა ცოტნიაშვილი დაებარებინათ.

,,მიზანშეწონილად მიგვაჩნია დავიბაროთ გორის უნივერსიტეტის რექტორი ზაზა ცოტნიაშვილი და დაიკითხოს. რადგან იგია უშუალოდ ამ საქმეში კავშირში და ჩემთვის გაუგებარია გამოძიების პოზიცია, რომელმაც რექტორის მოწმის სახით დაკითხვაც კი არ სცადა~ – განუმარტა სასამართლოს ეკატერინე გიგაშვილის ადვოკატმა, რასაც მყისიერად პროკურორ მორის ჩუბინიძის რეაქცია მოჰყვა, რომელმაც მიზანშეუწონლად ჩათვალა რექტორის დაკითხვა.

,,მე წარმოდგენა არ მაქვს რა სიახლეს მოგვიტანს რექტორის დაკითხვა. მიღება-ჩაბარების აქტზე ხელი მოწერილი აქვს ზაზა ჩიტიშვილს, ალექსანდრე გედევანიშვილს და ეკატერინე გიგაშვილს. მასზე ცოტნიაშვილს ხელი არა აქვს მოწერილი და ამდენად მისი დაბარება და დაკითხვა არ მიმაჩნია საფუძვლიანად~ – თქვა მორის ჩუბინიძემ.

ეკატერინე გიგაშვილის ადვოკატმა მურთაზ კლდიაშვილმა მოსამართლე დავით მგელიაშვილს კვლავ განუმარტა თუ რატომ არის საჭირო რექტორის დაკითხვა: განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შპს ,,პირამიდა 2002~-თან დადებულ ხელშეკრულების მიხედვით სამუშაოების კონტროლზე და ხარისხზე პასუხისმგებელი იყო უშაულოდ რექტორი. მიღება-ჩაბარების აქტზე, ან ფორმა 2-ზე საიდან გაჩნდა მის მაგივრად ეკატერინე გიგაშვილის ხელმოწერა? სწორედ ამ დეტალების გასარკვევად საჭიროა ზაზა ცოტნიაშვილის დაკითხვა” – თქვა ადვოკატმა.

მოსამართლე დავით მგელიაშვილმა აბსოლუტურად გაიზიარა განსასჯელთა ადვოკატის პოზიცია და პროკურორის გასაგონად განმარტა, რომ მართლაც გასარკვევია როგორ მოხვდა ფორმა 2-ზე ეკატერინე გიგაშვილის ხელმოწერა? გადაწყდა რექტორ ზაზა ცოტნიაშვილის დაკითხვა. იგი მას შემდეგ დაიკითხება, როდესაც პროცესზე ბრალდების მოწმეების დაკითხვა დამთავრდება.

დაზარალებულად ცნობილი ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო სასარჩელო განცხადებაში დაკავებულების მხრიდან მატერიალურ ზარალსაც ითხოვს. დაკავებული ზაზა ჩიტიშვილმა მოსამართლის კითხვაზე, სცნობს თუ არა თავს დამნაშავედ, თქვა, რომ თავს დამნაშავედ ნაწილობრივ სცნობს. ,,ჩემი ერთადერთი დანაშაული ის არის, რომ ტენდერში მონაწილეობის დროს დაბალი ფასები სპეციალურად ვაჩვენე. დანარჩენ ნაწილს არ ვიზიარებ.” – თქვა ზაზა ჩიტიშვილმა. ეკატერინე გიგაშვილიც ნაწილობრივ სცნობს სარჩელს. ,,ჩემი ხელმოწერა არ უნდა ყოფილიყო მაგ დოკუმენტზე. სინამდვილეში არ ვიყავი უფლებამოსილი მასზე ხელი მომეწერა. ჩემს მაგივრად სხვას უნდა მოეწერა. ამდენად, სამოქალაქო ნაწილში არ ვცნობ სარჩელს.~ – უპასუხა მოსამართლეს ეკატერინე გიგაშვილმა. ამის შემდეგ, პროკურორმა მორის ჩუბინიძემ საბრალდებო დასკვნა სრულად წაიკითხა. საბრალდებო დასკვნის მიხედვით, შპს ,,პირამიდა 2002~-ის დირექტორმა ზაზა ჩიტიშვილმა გორის უნივერსიტეტისთვის გამოყოფილი 1 მილიონ 700 ლარიდან აჩვენა, რომ შეასრულა 907 ათასი ლარის სამუშაოები. ამისათვის, მან ტენიკური ზედამხედველობის სამსახურის უფროსთან და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის უფროსთან ერთად შეადგინა ფორმა 2-ის დოკუმენტი, რომლითაც უნივერსიტეტის წარმომადგენლები განათლების სამინისტროს უდასტურებენ, რომ ზაზა ჩიტიშვილმა მართლაც შეასრულა 907 ათასი ლარის სამუშაოები. ეს მოხდა 2009 წლის მარტში.

იმ პერიოდში, 2009 წლის თებერვალში, განათლების სამინისტროს ფარგლებში შეიქმნა ახალი სამსახური, რომელსაც ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო დაერქვა. აღნიშნულ სამსახურს დაევალა მოეძია და ყურადღება მიექცია იმ სამუშაოებისთვის, რომელსაც განათლების სამინისტროს დაკვეთით სხვადასხვა კომპანიები ქვეყნის ფარგლებში ახორციელებდნენ სამუშაობს. ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ ერთ-ერთ ფორმა 2-ში დაფიქსირებული გარემოებები ეჭვქვეშ დააყენა. აღნიშნული დოკუმენტით ირკვეოდა, რომ გორის უნივერსიტეტში შესრულებული იყო დაახლოებით 116 სახეობის სამუშაოები, სინამდვილეში შესრულებული იყო მხოლოდ 16 სახეობის სამუშაო. ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს თანამშრომელმა გორში ყოფნისას თბილისში საგანგაში ინფორმაცია ჩაიატანა – სახურავიც კი არა აქვს გადაფარებული უნივერსიტეტსო და ამის შემდეგ ,,ჩაუკირკიტნენ” ,,პირამიდა 2002~-ის საქმეს.

ეს მოხდა ჯერ კიდევ 2009 წლის 30 იანვარს. სასამართლო პროცესზე ინფრასტრუქტურის სააგენტოს იურისტმა დარეჯან გოგიბერიძემ განმარტა, რომ 2009 წლის 30 იანვარს გორში მივლენილმა თემურ მაჩაიძემ სხვებთან ერთად დაათვალიერა უნივერსიტეტში მიმდინარე სამუშაოები. მანამდე მშენებელ კომპანია ,,პირამიდა 2002″-ს განათლების სამინისტროში უკვე გაგზავნილი ჰქონდა ე.წ. ფორმა 2, რომლითაც განათლების სამინისტროს ზაზა ჩიტიშვილი ატყობინებდა, რომ გარკვეული სამუშაოები უკვე შესრულებულია.

,,ჩვენი სამსახური, ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო, შეიქმნა 2009 წლის იანვარში. განათლების სამინისტროსგან გადმოგვეცა შესაბამისი დოკუმენტები, რომელიც ინფრასტრუქტურას ეხებოდა. გორის უნივერსიტეტთან დაკავშირებით ე.წ. ფორმა 2 განათლების სამინისტრომ გადმოგვცა. ჩვენმა თანამშრომელმა თემურ მაჩაიძემ პირადად გადაამოწმა, მოდიოდა თუ არა შესაბამისობაში გორის უნივერსიტეტში შესრულებული სამუშაოები ფორმა #2-ში მითითებულ ფაქტებთან. ამის შემდეგ ადმინისტრაციული წესით ვითხოვდით მშენებელი კომპანიისგან ახსნა-განმარტებებს. იგი კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა და არ ეთანხმებოდა ჩვენს გაანგარიშებებს.” – განაცხადა დარეჯან გოგიბერიძემ. ადვოკატების კითხვაზე, როდესაც ფორმა #2-ზე არაუფლებამოსილი პირის ეკატერინე გიგაშვილის ხელმოწერა ნახეს, რატომ ჩათვალეს ოფიციალურ დოკუმენტად, დარეჯან გოგიბერიძემ განმარტა, რომ სააგენტომ ეს რექტორისგან მინიჭებული დელეგირებული უფლებამოსილების გამოვლინებად მიიჩნია.

,,ჩვენ ეჭვიც არ შეგვპარვია, რომ მიღება-ჩაბარების აქტზე ქალბატონ ეკატერინე გიგაშვილის ხელმოწერა არ იქნებოდა რექტორისგან დელეგირებული. დარწმუნებული ვიყავით, რომ იმ ადგილზე სადაც გორის უნივერსიტეტის რექტორის ხელმოწერა უნდა ყოფილიყო, ეკატერინე გიგაშვილს ეს უფლება რექტორისგან ექნებოდა დელეგირებული.” – თქვა დარეჯან გოგიბერიძემ.

ეკატერინე გიგაშვილის ადვოკატებმა ინფრასტრუქტურის სააგენტოს იურისტს დარეჯან გოგიბერიძეს დაუკონკრეტეს კითხვა: ,,ჩაიბარებდით თუ არა ისეთ დოკუმენტს, რომელზეც ხელს არაუფლებამოსილი პირი აწერს?~, ამაზე დარეჯან გოგიბერიძემ უპასუხა: ,,ხელის მოწერა დელეგირებული უნდა იყოს და მაგ შემთხვევაში ჩავიბარებ~. აქედან გამომდინარე, ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო, როგორც ჩანს, დარწმუნებული იყო იმაში, რომ ეკატერინე გიგაშვილმა ხელი მოაწერა ხელმძღვანელის მიერ მინიჭებული დელეგირებული უფლებით. ეკატერინე გიგაშვილის უშუალო ხელმძღვანელი კი იყო უნივერსიტეტის რექტორი ზაზა ცოტნიაშვილი.

ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მენეჯერი ვახტანგ მინდაძე აცხადებს, რომ 2009 წლის იანვარში ორჯერ იყო ჩამოსული გორის უნივერსიტეტის შესამოწმებლად. მისი თქმით, ადგილზე მხოლოდ 40-50% დაგხვდა შესრულებულ სამუშაოდ. ,,შემოწმებას დაახლოებით 3-4 საათი დასჭირდა. ჩემი ჩამოსვლისას უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას არ შევხვედრილვარ. ურთიერთობა გვქონდა მხოლოდ ვინმე წითელაშვილთან, რომელმაც ადგილზე შედგენილ აქტზე ხელი არ მოგვიწერა, რადგან არ დაგვეთანხმა~ – თქვა ვახტან მინდაძემ.

ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილეს თემურ მაჩაიძეს იმდენი კითხვა მისცეს განსასჯელების ადვოკატებმა, რომ პროკურორი მორის ჩუბინიძე იძულებული გახდა პროტესტი გამოეხატა. თემურ მაჩაიძე ამბობდა, რომ გორში როდესაც უნივერსიტეტის სანახავად ჩავიდა, აღმოაჩინა, რომ შესრულებული იყო მხოლოდ 15-20%. არა და, ფორმა #2-ით უნივერსიტეტის რეაბილიტაცია უკვე დამთავრებულად ითვლებოდა.

,,ადგილზე შევადგინეთ ოქმი. წერილობით მივმართეთ მშენებელ კომპანიას, რათა რადიკალურად შეცვლილიყო მდგომარეობა. კვლავ გავაფრთხილეთ. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული მცირედი სამუშაოები შეასრულა, უნივერსიტეტის მდგომარეობა რადიკალურად არ შეცვლილა. შემდგომში სამუშაოები ვიზუალურად კვლავ ვნახეთ. ზაზა ჩიტაშვილთანაც გვქონდა შეხვედრა. გვარწმუნდა, რომ სამუშაოებს დაასრულებდა. ამისათვის საგარანტიო დოკუმენტებსაც იძლეოდა.~ – იხსენებს თემურ მაჩაიძე. ეკატერინე გიგაშვილის ადვოკატებმა სააგენტოს უფროსის მოადგილეს თემურ მაჩაიძეს ზაზა ცოტნიაშვილის სახელი უხსენეს, გორში ყოფნისას თუ მაინც შეხვედრილხართ რექტორსო. ,,პროტესტს ვაცხადებ, საქმესთან კავშირში არ არის~ – თქვა პროკურორმა. საკუთარი კითხვის გასამყარებლად, ეკა გიგაშვილის ადვოკატმა დააკონკრეტა – ხელშეკრულებაში წერია, რომ კონტროლი ევალება სააგენტოს, მშენებელ კომპანიას და რექტორს. ,,აქედან გამომდინარე გეკითხებით ბატონო თემურ, გქონდათ თუ არა შეხვედრა უნივერსიტეტის რექტორთან?” – ჩაეკითხნენ ადვოკატები.

ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ თემურ მაჩაიძემ თქვა, რომ რექტორი მათთან შეხვედრას თავს არიდებდა. ,,რამდენჯერმე ქალბატონ ეკასთან ერთად ველოდებოდით რექტორს. ორჯერ ვცადე მასთან შეხვედრა, მაგრამ გვითვლიდა რომ არ მცალიაო” – გაიხსენა მაჩაიძემ.

მომდევნო პროცესზე ბრალდების მოწმე მარინე თურმანიძე დაიკითხა. იგი გორის უნივერსიტეტის ფინანსური მენეჯერია და რეაბილიტაციის პერიოდში ეკატერინე გიგაშვილთან ერთად მუშაობდა. მისი განმარტებით, უნივერსიტეტს სარეაბილიტაციო სამუშაოებთან არავითარი კავშირი ჰქონდა, რადგან დამკვეთი იყო განათლების სამინისტრო, ხოლო შემსრულებელი – მშენებელი კომპანია ,,პირამიდა 2002″.

თამარ თურმანიძის თქმით, 2009 წლის მაისში გორის უნივერსიტეტში შეიქმნა სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით სპეციალური კომისია, რომელსაც უნდა შეესწავლა, თუ რამდენად კვალიფიციურად ხორციელდებოდა სარეაბილიტაციო სამუშაოები. ზაზა ჩიტიშვილის ადვოკატმა უნივერსიტეტის ფინანსურ მენეჯერს ჰკითხა, თუკი არაფერი გეკითხებოდათ, არ დაგებადათ კითხვა, სპეციალური კომისია რაზე შეიქმნაო? თამარ თურმანიძემ მიუგო: ,,როგორც მითხრეს, ისე მოვიქეცი~, თუმცა იქვე დასძინა, რომ სპციალური საბჭო უნივერსიტეტის საბჭოს წარმომადგენლობის გადაწყვეტილებით შეიქმნა. არსებობს ეჭვი, რომ გორის უნივერსიტეტი მას შემდეგ აბობოქრდა ,,უხარისხო მშენებლობის~ წინააღმდეგ, როდესაც თბილისში ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა სერიოზული მოკვლევა ჩაეტარებინა გორის უნივერსიტეტში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებთან დაკავშირებით. უნივერსიტეტთან დაკავშირებული ზოგიერთი ადამიანი ფიქრობს, რომ ზაზა ცოტნიაშვილის უწყებამ ამ ნაბიჯით საზოგადოებას აჩვენა ის რომ თითქოს რაიმე დარღვევასთან მას არავითარი კავშირი ჰქონდა. საბოლოო ჯამში, სპეციალურმა კომისიამ გადაწყვეტილება ვერ მიიღო და შესაბამის სპეციალისტებს ,,მიმართა~… სინამდვილეში შესაბამის სპეციალისტების მოხმობა აღარ იყო საჭირო, შესაბამის ორგანოებს გამოძიება უკვე დაწყებული ჰქონდათ.

სხდომაზე გამოცხადდა უნივერსიტეტის ამჟამინდელი ადმინისტრაციის უფროსი დავით ბიძინაშვილი.  თავდაპირველად მან განაცხადა, რომ უნივერსიტეტის რეაბილიტაციის პერიოდში სხვა თანამდებობაზე მუშაობდა და სიმართლე გითხრათ, ძალიან მიკვირს რატომ დამკითხეს ჯერ ფინანსურ პოლიციაში და ახლა აქ რატომ ვარო. მაგრამ, როდესაც ამბობს თხრობა დაიწყო, აღმოჩნდა, რომ მან ამ საქმეში იმაზე მეტის ცოდნა გამოამჟღავნა, ვიდრე თავს წარმოაჩინა.

,,ქართლის ხმასთვის” მეტად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა დავით ბიძინაშვილის ჩვენების ის ნაწილი, როდესაც ამბობს, რომ უშუალოდ მისი ხელმძღვანელობით მოითხოვეს უნივერსიტეტის კედლებზე შესრულებული სამუშაოების ხელმეორე ექსპერტიზა. მკითხველს შევახსენებთ, რომ უნივერსიტეტის კედლებზე შესრულებულ სამუშაოებს სამი ექსპერტიზა ჩაუტარდა. პირველმა ექსპერტიზამ აჩვენა, რომ უნივერსიტეტში 2009 წლის მარტისთვის შესრულებული იყო დაახლოებით 390 000 ლარის ღირებულების სამუშაო, ხოლო როდესაც გორის უნივერსიტეტს მიეცა უფლება თავადვე გამოეცხადებინა ტენდერი და შეერჩია ახალი კომპანია, მაშინ მოითხოვა შპს ,,პირამიდა 2002″-ის მიერ შესრულებული სამუშაოების ხელმეორე ექსპერტიზა. ხელმეორე ექსპერტიზა, რომელსაც დავით ბიძინაშვილმა ნევსკის ექსპერტიზა უწოდა, ამბობს, რომ შპს ,,პირამიდა 2002~-მა შეასრულა არა თუ 390 000 ლარის ღირებულების სამუშაო, არამედ 335 000 ლარის სამუშაო. გორის უნივერსიტეტის ხელმძღვანელმა ზაზა ცოტნიაშვილმა ხელმესამე ექსპერტიზა მოსთხოვა იგივე ნევსკის. მესამე ექსპერტიზამ კი დაწერა, რომ უნივერსიტეტს მხოლოდ 284 000 ლარის სამუშაო ჩაუტარდა. ასე რომ ახლადშერჩეულ კომპანიას შეეძლო თამამად მოეთხოვა ბევრი თანხა, რადგან როგორც მესამე ექსპერტიზით ,,ირკვევა~, პირამიდა 2002-ს ფაქტობრივად არაფერი გაუკეთებია. ,,ადამიანის უფლებათა ცენტრის” გორის ოფისში მიაჩნიათ, რომ სამი ექსპერტიზა და კიდევ უფრო უარყოფითი ექსპერტიზა აწყობდა როგორც გორის უნივერსიტეტს, ასევე იმ კომპანიას, რომელსაც ხელახლა უნდა გაერემონტებინა უნივერსიტეტი. ,,ამით ახლადდაქირავებულ მშენებელ კომპანიას ხელფეხი გაეხსნა იმისათვის, რომ საზოგადოებისთვის და დაინტერესებული მხარეებისთვის ეჩვენებინა, თუ რამდენად ბევრი სამუშაო დატოვა გასაკეთებლად პირამიდა 2002-მა. სანაცვლოდ კი უფრო მეტ თანხას გამოუყოფო სახელმწიფო ბიუჯეტიდან~ – განმარტავენ ადამიანის უფლებათა ცენტრის გორის ოფისში. ზაზა ჩიტაშვილის ადვოკატმა დავით ბიძინაშვილს უთხრა, რომ ძალიან აქტიურობდით ექსპერტიზების მოთხოვნაშიო.

,,სანამ აჟიოტაჟი ატყდებოდა, რატომ მანამდე არ აცხადებდით, რომ უნივერსიტეტის რეაბილიტაცია არასრულყოფილად მიმდინარეობდა?~ – ჩაეკითხა ჩიტაშვილის ადვოკატი ცოტნიაშვილის წარმომადგენელს. ,,ამ სამუშაოებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ატარებდა და ამიტომ ვიყავით გაჩუმებულიო” – მიუგო დავით ბიძინაშვილმა. ,,კი, მაგრამ ვისთვის აკეთებდა ამ სამუშაოებს განათლების სამინისტრო? თქვენთვის თუ სხვისთვის? რატომ მანამდე არ იღებდით ხმას?~ – შეუტიეს ადვოკატებმა ზაზა ცოტნიაშვილის წარმომადგენელს, რომელიც მდგომარეობიდან პროკურორმა მორის ჩუნიძემ და ინფრასტრუქტურის სააგენტოს იურისტმა გამოიყვანეს. ,,ვაპროტესტებთ, კითხვები არ ეხება საკითხის არსს” – წამოდგა პროკურორი ჩუბინიძე. განათლების სამინისტროსთან არსებული ინფრასტრუქტურის სააგენტოს იურისტი დარეჯან გოგიბერიძე კი განსასჯელების ადვოკატების ნებისმიერ კითხვებს უკმაყოფილო სახით ისმენს. ,,რა დროს ეგ არი, რა კითხვებია, ეგ რა შუაშია” და ასე შემდეგ. დარეჯან გოგიბერიძე განსაკუთრებით უკმაყოფილებას ვერ მალავს ზაზა ჩიტაშვილის ადვოკატის აქტიურობის გამო. მოსამართლის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ განსასჯელების ადვოკატების ყველანაირ კითხვებს და გარემოებებს უსმენს. სწორედ ამიტომაცაა, რომ პროკურორ მორის ჩუბინიძეს ძალიან ბევრ კითხვაზე და გარემოებაზე მოუწია პროტესტის გამოხატვა.

დავით ბიძინაშვილი ადვოკატებმა განსაკუთრები უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენეს მაშინ როდესაც მათ მიერ დასმული კითხვები ეხებოდა ეკატერინა გიგაშვილის მიერ მიღება-ჩაბარების აქტზე ხელისმოწერას.

,,ბატონო დავით, თქვენ ამჟამად ხართ უნივერსიტეტის ადმინისტრაციის უფროსი. მანამდე თქვენს ადგილზე მუშაობდა ეკატერინე გიგაშვილი. როგორო დაახასიათებდით მას?” – ჰკითხეს ცოტნიაშვილის ადმინისტრაციის უფროსს.

,,ძალიან დადებითად. მისი მუშაობის პერიოდში არც ერთი დარღვევა ყოფილა, აუდიტორებმა რამდენჯერმე შეამოწმეს კიდევ უნივერსიტეტის ფინანსური მდგომარეობა” – უპასუხა დავით ბიძინაშვილმა.

,,ბატონო დავით, თქვენ რომ უნივერსიტეტის რექტორი იყოთ და დააკავონ უნივერსიტეტის ერთ-ერთი წარმატებული და ღირსეული კადრი, როგორიც ქალბატონი ეკატერინე გიგაშვილია. დადგებოდით თუ არა ფეხზე და დაინტერესდებოდით თუ არა სამართლიანობის გასარკვევად? მას შემდეგ რაც ეკატერინე გიგაშვილმა განცხადება დაწერა უნივერსიტეტის ადმინისტრაციის თანამდებობიდან წასვლის შესახებ, თქვენ პირადადად, რექტორს თავი დავანებოთ, არც კი დაინტერესებულხართ და არც კი შეხვდით ქალბატონ ეკატერინე გიგაშვილს. თქვენ უნივერსიტეტში დამოუკიდებლად იღებთ გადაწყვეტილებას და არ ეკითხებით რექტორს ხოლმე?” – კვლავ კითხვა უნივერსიტეტის ადმინისტრაციის უფროსს.

,,განათლების შესახებ კანონში გამიჯნულია ჩვენი უფლებამოსილებანი. თუმცა საჯარობიის და გამჭვირვალობის მიზნით, რა თქმა უნდა, კონსულტაციები გვაქვს რექტორტან” – მიუგო დაბალ ხმაზე ბიძინაშვილმა.

,,და როდესაც რექტორის მაგივრად გადაწყვეტილებას იღებს უმაღლესი კანცლერი, ეს რას ნიშნავს? მაგალითად, დღეს თქვენ ხართ უნივერსიტეტის უმაღლესი კანცლერი და რექტორის მაგივრად მიიღეთ გადაწყვეტილება. მაგალითად ისე როგორც ქალბატონმა ეკატერინე გიგაშვილმა რექტორის მაგივრად მოაწერა ხელი. ეს რას ნიშნავს. ეს რექტორის გარეშე მოხდება?” – კვლავ კითხვა ადვოკატებისგან.

,,ეს უფლებამოსილების გადამეტებაა~ – თქვა უნივერსიტეტის ამჟამინდელმა კანცლერმა. სინამდვილეში როგორც ცნობილია, ეკატერინე გიგაშვილს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის ის პუნქტები წაუყენეს ბრალად, რომელიც ჯგუფის მიერ სახელმწიფო ქონების მისაკუთრებას და გაფლანგვას გულისხმობს.

ბიძინაშვილმა იქვე გაიმეორა, რომ ეკატერინე გიგაშვილი ვალდებული იყო ფინანსური საკითხების კონტროლი გაეწია. ,,ამას რომელი კანონი ავალდებულებს ბატობნო დავით” – ჰკითხა ეკატერინე გიგაშვილის ადვოკატმა. ,,თუ არ ვცდები ეს არის განათლების შესახებ კანონი” – მიუგო ბიძინაშვილმა. ეკატერინე გიგაშვილმა მეტი დამაჯერებლობისათვის დავით ბიძინაშვილს განათლების შესახებ კანონის ის მუხლი წაუკითხა, სადაც კანცლერის უფლებამოსილება იყო განმრტებული. ,,ხედავთ ბატონი დავით? უნივერსიტეტის უმაღლესი კანცლერი, მათ შორის თქვენც, პასუხს აგებს უნივერსიტეტის შიდა სახსრების კონტროლზე, ხოლო უნივერსიტეტის სარეაბილიტაციო თანხებს თავადვე აცხადებთ, რომ განათლების სამინისტრო განკარგავდა” – აუხსნეს ადვოკატებმა დავით ბიძინაშვილს.

განსასჯელების ადვოკატები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ დავით ბიძინაშვილის მიერ სასამართლოს სხდომაზე მიცემული ჩვენება განსახვავდება წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენებისგან. სხდომაზე მოითხოვეს წინასწარ გამოძიებაში მის მიერ მიცემული ჩვენების გამოქვეყნება მომხდარიყო, თუმცა დავით ბიძინაშვილმა წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენების გამოქვეყნებაზე უარი განაცხადა.

სასამართლოს მეორე სხდომა დავით ბიძინაშვილის დაკითხვით დამთავრდა. ,,ქართლის ხმა” მომდევნო ნომრებში შემოგთავაზებთ შემდგომი სასამართლო სხდომების შესახებ ისეთივე დეტალურ ინფორმაციას, როგორც ეს ამჯერად მოვახერხეთ.

Advertisements
კატეგორიები:სტატიები
  1. კომენტარები ჯერ არ არის.
  1. No trackbacks yet.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: