მთავარი > სტატიები > ნიქოზის ახალი მატარებელი ნატურალურ ხილს თბილისში ვეღარ ჩაიტანს

ნიქოზის ახალი მატარებელი ნატურალურ ხილს თბილისში ვეღარ ჩაიტანს


დღეს ნიქოზის ბაქანზე შუადღის 12 საათზე კარგად გადაღებილი, ჯერ კიდევ 1977 წელს რიგაში დამზადებული ელექტრომატარებელი უგრაფიკოდ შევიდა. ხვალიდან ის რეისებს თბილისის მიმართულებით სისტემატიურად შეასრულებს. ამ მატარებლით ძირითადად გორის რაიონის მოსახლეობა ხილის გადაზიდვას დედაქალაქისკენ ახორციელებდა. ამიერიდან გლეხებს მატარებელში ტვირთის შეტანა აეკრძალათ.დღეს 4 ვაგონიან მატარებლის ერთ ვაგონში სტუმრები ისხდნენ – გუბერნატორის ადმინისტრაციის, გამგეობის, გორის საჯარო ბიბლიოთეკის თანამშრომლები და გორის რესურსცენტრის უფროსის მიერ დაბარებული სკოლის პედაგოგები. ახალ სკამებზე ასევე ისხდნენ რაიონის გამგებელი დავით ხმიადაშვილი, მისი ახლად დანიშნული პირველი მოადგილე ,,ვინმე მეტივიშვილი”.

2006 წლიდან მოყოლებული გორში ასე იცნობენ მეტივიშვილს, რადგან როდესაც ,,ქართლის ხმა” მაშინდელ ფინანსურ პოლიციაში გამეფებულ ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებს იძიებდა, ერთ-ერთი დაზარალებული ქალბატონი ყვიროდა, რომ მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მაშინდელი ფინანსური პოლიციის უფროსის ზურაბ არსოშვილის მოადგილემ ,,ვინმე მეტივიშვილმა”… ,,ქართლის ხმა”-მ მაშინ ამ პიროვნებას ვერ მიაგნო, რადგან როგორც კი სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა ფინანსური პოლიციის შენობაში მომხდარი ცემის ფაქტის გამოძიება დაიწყო, ,,ვინმე მეტივიშვილი” სამსახურში აღარ გამოჩენილა. დღეს იგი მატარებელში ახლადდანიშნული გუბერნატორის რეკომენდაციით გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილის რანგში გამოჩნდა.

რაც შეეხება ნიქოზის მატარებელს, ის ოფიციალური განრიგის მიხედვით, გორის სადგურზე სოფელ ნიქოზის მხრიდან დილის 8 საათზე შედის, ხოლო საღამოს 20.00 საათზე თბილისიდან ბრუნდება. ხელისუფლების წარმომადგენლებმა ოფიციალური გრაფიკის გვერდის ავლით ნიქოზი-თბილისის ელექტრომატარებელი გორის სადგურზე დილის 11 საათზე მიიღეს, ჩასხდნენ ვაგონში და ნიქოზისკენ ვიდეო-კამერების თანხლებით გაემგზავრნენ.

საერთოდ, ნიქოზამდე ელექტრომატარებელი მოძველებული სარკინიგზო ერთლიანდაგიანი მაგისტრალის გამო, საკმაოდ დაბალი სიჩქარით მოძრაობს. დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში ხელისუფლების წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერი კულტურის და განათლების მუშაკები საკმაოდ მაღალი ტემპერატურის პირობებში მოთმინებით ელოდნენ, როდის მიადგებოდა ელექტრომატარებელი გორიდან ნიქოზის ბაქანს. ბაქანზე სოფლის რწმუნებულის მიერ საგანგებოდ შეკრებილი რამდენიმე მოქალაქე დახვდათ. მოსახლეობამ ადგილზე შეიტყო, რომ 23 ივლისიდან გარემონტებული ელექტრომატარებელში სხვადასხვა ხილით დატვირთულ ტვირთებს გადაზიდვის საშუალებას აღარ მიეცემათ. ტელეკომპანია ,,თრიალეთისთვის” მიცემულ ინტერვიუში მოქალაქეები აცხადებენ, რომ კომფორტი მათთვის მიუღებელია, თუკი გასაყიდ ხილს თბილისში ვეღარ ჩაიტანენ.

,,ერთადერთი გასაღები ბაზარი ჩვენთვის თბილისია. თუკი ხილს თბილისში ვერ ჩავიტანთ, მაშ რა აზრი აქვს ასეთ გარემონტებული გაკრიალებულ გადაღებილ მატარებელს? ჩვენი კომფორტი ჩვენი შემოსავალია..” – აცხადებენ ნიქოზელები.

შიდა ქართლის გუბერნატორი ზურაბ არსოშვილი ამბობს, რომ მატარებელი საკმაოდ შვებას მისცემს მოსახლეობას. ,,როგორც მითხრეს, მატარებლის ფასი ერთი ლარია. ეს ფასი არ შეიცვლება. გარემონტებული მატარებელი კი საკმაოდ შვების მომცემი იქნება მოსახლეობისთვის” – განაცხადა ზურაბ არსოშვილმა რუსთავი 2-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ასევე გარემონტებული კაბინეტიდან.

ზურაბ არსოშვილი სხვათა შორის კარგად იცნობს ნიქოზი-თბილისის ელექტრომატარებელს. ჯერ კიდევ მისი ფინანსური პოლიციის უფროსობის პერიოდში რამდენიმე სპეცოპერაცია მოაწყო ამ მატარებელში. მისთვის მაშინ ცნობილი იყო, რომ ვაშლის ყუთებით მოსახლეობა დედაქალაქში კონტრაბანდული სიგარეტის გადაზიდვას ახორციელებდა. ერთ-ერთი ასეთი სპეცოპერაციის მომსწრე ,,ქართლის ხმა” გახლდათ.

ფინანსური პოლიციის ნიღბიანმა თანამშრომლებმა გორის სადგურში შემოსულ ელექტრომატარებლიდან ვაშლის ყუთები სიგარეტების ძებნაში გადმოყარეს. გლეხებს ყუთები დაუმტვრიეს და მხოლოდ 120 კოლოფი უაქციზო სიგარეტი იპოვეს. აღნიშნული სპეცოპერაციის დროს ზურაბ არსოშვილმა ყუთის პატრონებს ვერ მიაგნო, რადგან ვაშლის ყუთებს ზედ პატრონის სახელი და გვარი არ ეწერა, შესაბამისად არსოშვილმა გამოსავალი იპოვა და მატარებლის ,,პრავადნიკები” (ბილეთების შემმოწმებლები) დააკავა. მოგვიანებით, უაქციზო სიგარეტებზე დაკავებული მოქალაქეების მიმართ ამნისტია გამოცხადდა, შესაბამისად აღნიშნული მუხლით არსოშვილის მიერ დაკავებული და ნაცემი ყველა მოქალაქე გაათავისუფლეს.

კატეგორიები:სტატიები
  1. No comments yet.
  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: