მთავარი > ჟურნალისტური გამოძიებები > შოუბიზნესად ქცეული 7 აგვისტო გორში…

შოუბიზნესად ქცეული 7 აგვისტო გორში…


ტალიავინის დასკვნის მიხედვით, საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა იერიში ქალაქ ცხინვალზე 2008 წლის 7 აგვისტოს მიიტანეს. ამ დღის აღსანიშნავად, საქართველოს ხელისუფლებამ ერთი წლისთავზე 2009 წლის 7 აგვისტოს გორში სხვადასხვა სახის ღონისძიებები გამართა. უფრო მეტიც, ვიცე-გუბერნატორ ზურაბ ჩხეიძის თქმით, აგვისტოს დასაწყისში საზეიმო ღონისძიებებს, კერძოდ გორის ციხეობას ჩაეყრება საფუძველი, რაშიც ბიუჯეტიდან შესაბამისი თანხები გამოიყოფა. მაგალითად, 2009 წლის გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მხოლოდდამხოლოდ ერთი დღის აღსანიშნავად, 157 000 ლარი დაიხარჯა.

გორის მუნიციპალიტეტის 2009 წლის ბიუჯეტის შემოსავლები სულ შეადგენდა 17 მლნ 600 ათას ლარს. აქედან, 4 მილიონ 178 ათასი ლარი გორის მუნიციპალიტეტში მომუშავე 193 თანამშრომლების ხელფასებზე და მათ საოფისე ხარჯებზე გაიწერა.

ინფრასტრუქტურულ პროექტებზე დაახლოებით 6 მილიონ 600 ათასი ლარი დაიხარჯა, საგანმანათლებლო პროექტებზე კი – 1 მლნ 203 ათასი ლარი. საგანმანათლებლო პროექტებში იგულისხმება საბავშვო ბაღები, მუსიკალური სკოლები, ბიბლიოთეკებში და სხვა მსგავს სფეროებში დასაქმებული ადამიანების სახელფასო და საოფისე ხარჯები. სხვათა შორის, აღნიშნული მუხლი გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში მუდმივად ზის და შესაბამისად, მის მიმართ პრეტენზია ბიუჯეტის მონიტორინგით დაინტერესებულ პირებს თითქმის არ აქვთ.

დანარჩენი თანხა, მაგალითად, 3 მილიონ 188 700 ლარი დონორების მხრიდან 2009 წლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში გათვალისწინებული საომარი მოქმედებების შედეგად დაზიანებული სახლების რეაბილიტაციისთვის ან კონპენსაციისთვის გათვალისწინებული თანხაა.

დაგვრჩა სპორტულ-კულტურული და სოციალური ღონისძიებები. პირველი მათგანისთვის გათვალისწინებული იყო 2 მილიონ 430 000 ლარი, სოციალური და ჯანდაცვის პროგრამებისთვის სულ 372 200 ლარი იყო გამოყოფილი. გორის საკრებულოს წევრი ოპოზიციური პარტიიდან თემურ აფხაზაშვილი ამბობს, რომ მისი მოძიებული მასალებით 2009 წლის განმავლობაში სულ გაცემულია ერთი ოპერაციის თანხა 300 ლარით. აქედან გამომდინარე, უნდა აღინიშნოს, რომ სოციალურ-ჯანდაცვის პროგრამებთან მიმართებაში 2009 წლის 7 აგვისტოს ღონისძიებებისთვის 157 000 ლარის გათვალისწინება, ხოლო 2009 წლის ახალი წლის დასახვედრად და ნაძვის ხის დასადგმელად 91 045 ლარის გამოყოფა, საინტერესო სურათს გვაძლევს.

7 აგვისტოზეიმი თუ გლოვა?

2009 წლის 7 აგვისტოს ომის წლისთავი აღნიშნეს. გორის ციხის ძირში კონცერტი გაიმართა, გორის ციხეზე დროშები აფრიალდა, დაღამებისას კი კოცონი აანთეს. კონცერტის დროს ფეიერვერკები გაუშვეს. კულტურისა და დასვენების პარკში მოდების ჩვენება გაიმართა.

პარალელურად, 7 აგვისტოს გორის რაიონულ სასამართლოში 9 აპრილის გაზაფხულის აქციების მონაწილე და შემდგომ დაკავებული თამაზ ტლაშაძის და ზაალ გუდაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობდა. სასამართლოს წინ შეკრებილი და ამავე დროს დაკავებულების მხარდასაჭერად შეკრებილი მოსახლეობას ძალიან უკვირდა, გორის ციხესთან და ციხეზე მყოფი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები რას ზეიმობდნენ. ამ ღონისძიების გამართვა გორის მუნიციპალიტეტის გამგეობას 157 000 ლარი დაუჯდა.

,,მთავრობის განკარგულებით სარეზერვო ფონდიდან შესაბამისი თანხა გამოყოფილი იყო, რომლითაც 7 აგვისტოს ღონისძიებებისთვის უნდა დახარჯულიყო“ – ამბობს დავით ხმიადაშვილი. ერთადერთი რაც ადგილობრივმა ხელისუფლებამ აღნიშნული თანხის ასათვისებლად გამოიყენა, მოიძებნა კონკრეტული კომპანიები.  გაირკვა, რომ ყველა კომპანია თბილისშია რეგისტრირებული. ფაქტობრივად, თბილისიდან სპეციალური ტრანსფერით გამოგზავნილ თანხას თბილისელი კომპანიები ,,მოჰყვა“. გამგებელი დავით ხმიადაშვილი აბობს, რომ ეს კომპანიები თავად მოძებნეს.

საპირისპიროს აბობს გამგეობის კულტურის სამსახურის უფროსი, ყოფილი ,,ჯეოსტარელი“ გურამ პაპუაშვილი. ,,როგორც ყოველთვის ეს კომპანიები თავად გვიკავშირდებიან და შემდგომ ჩვენ მოლაპარაკებას ვმართავთ“ – გვითხრა გურამ პაპუაშვილმა. ჩვენ მას იმ კომპანიების ხელმძღანელების კოორდინატორები ვთხოვეთ, რომლებთანაც მოლაპარაკებები გამართეს. ,,კონტაქტები სამწუხაროდ არ მაქვს, არც ტელეფონის ნომრები. მას შემდეგ დიდი ხანი გავიდა.“ – გვითხრა პაპუაშვილმა.

ღონისძიების ორგანიზატორებმა მიზანშეწონილად ჩათვალეს რომ ,,7 აგვისტოს” მასშტაბურად გაშუქებას პირდაპირი ეთერი სჭირდებოდა. პირდაპირი ეთერით რეტრანსლიაციის უზრუნველყოფა საკუთარ თავზე შპს ,,ჰორიზონტ ტვ სტუდიამ” აიღო, რომელსაც დავით გერსამია ხელმძღვანელობს.

,,ჰორიზონტ ტვ სტუდიამ~ 7 აგვისტოს ღონისძიების გასაშუქებლად პირდაპირი ეთერით უზრუნველსაყოფად 38 550 ლარი მიიღო. ამ თანხის მოძრაობა კარგად ჩანს 2009 წლის 8 აგვისტოს შედგენილ მიღება-ჩაბარების აქტში, სადაც ვკითხულობთ: ,,(მხარეები) ვადასტურებთ, რომ მომსახურება ,,მიმწოდებელმა” მიაწოდა ხოლო ,,შემსყიდველმა” მიიღო აღნიშნული მომსახურება და მხარეებს ერთმანეთის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია.” მომსახურების ,,მიმწოდებელი” შპს ,,ჰორიზონტ ტვ სტუდიაა”, ხოლო შემსყიდველი გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის სამსახურის უფროსი გურამ პაპუაშვილი (ყოფილი ჯეოსტარელი).

ანგარიშ-ფაქტურებში, ინვოისებში და მიღება-ჩაბარების აქტებიოთ არ ირკვევა, თუ რომელ სატელევზიო ეთერით მოახდინა ჰორიზონტ ტვ-სტუდიამ 7 აგვისტოს ღონისძიების რეტრანსლაცია.

შპს ,,ჰორიზონტ ტვ სტუდიას“ დირექტორმა დავით გერსამიამ გვითხრა, რომ 7 აგვისტოს ღონისძიების ტრანსლაცია არა მარტო საზოგადოებრივ მაუწყებელზე გავიდა, არამედ თითქმის ყველა არხზე. მათ შორის ევრონიუსზე, ბიბისიზე და როგორც ახსოვს, სიენენზე.  ,,ჩემი აზრით, ასეთი ღონისძიებებისთვის კიდევაც ნაკლები თანხა დაიხარჯა.“ – ამბობს დავით გერსამია. რაც შეეხება კითხვას იმის შესახებ, რამდენად რეალურია 38 550 ლარი პირდაპირ ეთერისთვის ბიუჯეტიდან გავიდეს, დავით გერსამია ამბობს: ,,მე ვარ კერძო კომპანია. დამკვეთს შევთავაზე ჩემი წინადადება თავისი ხარჯთაღრიცხვით. როგორც ჩანს მოეწონათ ჩემი შეთავაზება და დამთანხმდნენ. თუ რამდენად  მიზანშეწონილია ასეთი თანხის გაღება, ეგ უკვე დამკვეთს უნდა ჰკითხოთ. მე ასე მიღირდა ეს სამუშაო. თუ არ მოეწონებოდათ ჩემი შეთავაზება, შეეძლოთ სხვასთან წასულიყო, რადგან 50–მდე ასეთი კომპანია არსებობს, რომელსაც შეუძლია მსგავსი ღონისძიების ორგანიზება. თუ შოუბიზნესში ხართ გათვითცნობიერებული, თქვენთვისაც ნათელი იქნება თუ რა საკმაოდ მიზერულ ფასებთან გვქონდა საქმე გორის ღონისძიებასთან“ – ამბობს დავით გერსამია.

შპს ,,ჰორიზონტ ტვ სტუდია” მიერ დამოწმებულ სხვა ანგარიშ-ფაქტურაში #1696062 აღნიშნულია, რომ კონცერტებისთვის საჭირო ინსტრუმენტები გორში ამავე კომპანიამ ჩამოიტანა. ამ ინსტრუმენტების ჩამოტანა 46 800 ლარი დაჯდა.

დავით გერსამია გვეუბნება, რომ თუკი პირდაპირი ეთერი ნანახი გვაქვს, დავრწმუნდებით, რომ სცენა არაჩვეულებრივი იყო. ანგარიშ–ფაქტურაში მითითებულია რომ 46 800 ლარში შედის სცენის გამართვა, მიკროფონები, აპარატურა, განათებები თავისი გადახურვით.

ჩვენ გვაქვს ასევე სხვა დოკუმენტი, სადაც მითითებულია, რომ სცენის მოწყობისთვის კომპანია შპს ,,ა.ნ.ი“–მ მიიღო ჯერ 27 000 ლარი, შემდეგ საქართველოს პარლამენტიდან წაღებული რკინის კონსტრუქციებისთვის ბანერთან ერთად 10 000 ლარი მიიღო. გარდა ამისა, რკინის კონსტრუქციებისთვის და იმავე სახის ბანერისთვის გორის მუნიციპალიტეტმა ცალკე გადაურიცხა აღნიშნულ კომპანიას 10 000 ლარი. აქედან გამომდინარე დავით გერსამიას დავუსვით კითხვა, რომ თუკი შპს ,,ა.ნ.ი“ ახორციელებდა სცენის მოწყობის სამუშაოებს, ,,ჰორიზონტ ტვ სტუდიომ“ რატომ აიღო იმავე სამუშაოებისთვის 46 800 ლარი.

,,სცენა უნდა განვასხვავოთ რკინის კონსტრუქციებისგან. სცენას სჭირდება საერთო განათება, რომელიც ალბათ ამ კომპანიამ ამ კონსტრუქციებით გააკეთა“ – ამბობს დავით გერსამია.

2009 წლის 6 აგვისტოს გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით, რომელსაც ხელს გორის მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახურის უფროსი და კომპანია ,,ანი”-ს დირექტორი აწერენ, გორში 134 კვ. მეტრი ფართობისთვის საჭირო რკინის კონსტრუქციების და ამავე ფართობის ბანერის მიწოდებაში გამგეობამ 10 000 ლარი გადაიხადა. შპს ,,ანის” დირექტორია ია ჟვანია. ამ კომპანიის მისამართზე ვერ კომპანია ვიპოვეთ და ვერ მისი დირექტორი. თბილისში, წინამძღვრიშვილის ქუჩაზე 34/24–ში ჩვენ მცხოვრებლებს გავესაუბრეთ. ამ მისამართზე სულ 5 ოჯახი ცხოვრობს. პირველ სართულზე მცხოვრებელმა და მეორე სართულზე მცხოვრებლებმა ც გვითხრეს, რომ ასეთი კომპანია და ასეთი პიროვნება მათ სადარბაზოში არ ცხოვრობს. ,,30 წელია აქ ვცხოვრობ არც ია ჟვანიას უცხოვრია აქ და არც ეს კომპანია გაგვიგია“ – გვითხრეს წინამძღვრიშვილის #34/24–ში მცხოვრებლებმა.

ამ რკინის კონსტრუქციებთან დაკავშირებით ორი სასაქონლო ზედნადები არსებობს. ერთ ზედნადებში მყოდველად მოხსენიებულია საქართველოს პარლამენტად, ხოლო მეორე ანგარიშ-ფაქტურაში მყიდველად მოხსენიებულია გორის მუნიციპალიტეის გამგეობა. ფაქტობრივად ერთი და იგივე რკინის კონსტრუქცია და ბანერი ერთი და იმავე დღეს 10 000 ლარად შეიძინა როგორც საქართველოს პარლამენტმა, ასევე გორის მუნიციპალიტეტის გამგეობამ. გამგებელმა დავით ხმიადაშვილმა გვითხრა, რომ ეს სხვადასხვა კონსტრუქციები და ბანერებია.

შპს ,,ანის“–თვის გადარიცხული 27 ათასი ლარი 2009 წლის 8 აგვისტოს გაცემულ # 1221069 აგარიშ-ფაქტურით ორ ნაწილად გაიყო. 25 000 ლარით შპს ,,ანიმ” მოახდინა სცენის მონტაჟი, ხოლო ოპერის მომღერლების და მათი ინსტრუმენტების ტრანსპორტირება 2 000 ლარი.

სცენაზე, რომელიც ცალკე ,,ჰორიზონტ ტვ სტუდიამ“ და ცალკე შპს ,,ანიმ“ გააწყო, თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის გუნდმა იმღერა. გუნდის მონაწილეების და მათი ინსტრუმენტების ტრანსპორტირებისთვის და ხელფასისთვის თანხა ფიზიკურ პირს მამუკა ბიჭაშვილს გადაერიცხა. მამუკა ბიჭაშვილს 20 640 ლარი დაერიცხა.

მამუკა ბიჭაშვილმა ოპერის მომღერლების ჩასვლას და ტრანსპორტირებას გაუწია ორგანიზება. არა და, დოკუმენტების მიხედვით ეს შპს ,,ა.ნ.ი“–ს უნდა გაეკეთებინა. მამუკა ბიჭაშვილი ამბობს, რომ 20 640 ლარით ოპერის მომღერლებმა მიიღეს როგორც ხელფასი, ასევე ეს თანხა მათ ტრანსპორტირებაში გაიხარჯა.

,,დაახლოებით 150 ადამიანის ჩაყვანას გავუწიე ორგანიზება გორში. ეს პირადად ოპერის ხელმძღვანელის დავალებით გავაკეთე. დაახლოებით 5 ავტობუსით ჩავედით გორში, სხვათა შორის დაგვჭირდა სატვირთო მანქანებიც, რომლითაც ოპერის მომღერლების ინსტრუმენტები წავიღეთ. ეს ყველაფერი იმ თანხაში მოხდა, რომელიც მე გადმომერიცხა“ – ამბობს მამუკა ბიჭაშვილი.

შპს ,,33ა”-მ ამ ღონისძიებისთვის დიდი ჰონორარი მიიღო. 2009 წლის 4 აგვისტო რიცხვით დათარიღებულ ინვოისის მიხედვით შპს ,,33ა”, რომელიც თბილისში ფალიაშვილის ქუჩა #33-ა-ში მდებარეობს, დღგ- ჩათვლით 16 569 ლარი მიიღო. თანხის გადარიცხვის დანიშნულებაში ვკითხულობთ, რომ ეს თანხა საქართველოში ცნობილმა ჯგუფმა ,,2009 წლის 7 აგვისტოს ღონისძიებისათვის გაკეთებული ვიდეო-კლიპისთვის” მიიღო.

აღნიშნულ ღონისძიებასზე დამატებითი თანხა გამოიყო საქართველოს ჰიმნის კლიპის აუდიო და ვიდეო ჩანაწერისათვის. გორის მუნიციპალიტეტის გამგეობამ თბილისში მოძებნა ინდმეწარმე მამუკა მახნიაშვილი, რომლის ოფის მდებარეობს ვეკუას ქუჩა #3-ში და შეუკვეთა საქართველოს ჰიმნის კლიპის შექმნა. ინდმეწარმე მამუკა მახნიაშვილმა სანაცვლოდ მიიღო 6 -000 ლარი.

,,7 აგვისტოს” ღონისძიებას ბევრი ციური მანათობელი დაახარჯეს. არა და ნაციონალები ირწმუნებოდნენ რომ ეს არ იყო საზეიმო ღონისძიება, თუმცა ციური მანათობლების გამოყენება საზეიმო ელფერს ჩრდილს ნამდვილად არ აყენებს. ციური მანათობლების შეძენა და გაშვების ორგანიზება ცალ-ცალკე ორ კომპანიას ,,საყვირს” და ბეთ გრუპს” დაევალა.

შპს ,,საყვირის” მიერ გაცემული #45 ინვოისით ირკვევა, რომ გორის მუნიციპალიტეის გამგეობამ მათ ციური მანათობლების ,,ორგანიზება“ დაავალა. ამ ორგანიზებისთვის შპს ,,საყვირმა” 5 900 ლარი მიიღო. 7 აგვისტოს ღამეს 340 ცალი ციური მანათობელი გამოიყენეს. შპს ,,ბეთ გრუპ”-ის მიერ გაცემული ცნობით ირკვევა, ერთი ციური მანათობელი ღირს 15 ლარი, ხოლო მთლიანად მის შეძენას 5 100 ლარი დაახარჯეს. ციური მანათობლები შეძენილ იქნა თბილისში, გამსახურდიას ქ.#35-ში.

ცალკე გაიწერა ე.წ. ,,მანათობლების” შეძენა, რომელიც ორგანიზატორებმა სცენების გასანათებლად გამოიყენეს. ამ ერთი შეხედვით ჩვეულებრივი მანათობლების შეძენა თბილისში, კოსტავას ქ. #1-ში მდებარე კომპანიამ ,,ჯორჯიან პირო არტიმ” იზრუნა. აღნიშნულმა კომპანიამ 150 ფრანი ჩამოიტანა, თითო რანში 17 ლარი და 60 თეთრი გადაიხადა, რაც გორის მუნიციპალიტეტმა აანაზღაურა სრულად.

ასე და ამგვარად, ჩატარდა 7 აგვისტოს ღონისძიება გორში. შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილე ზურაბ ჩხეიძე ამბობს, რომ აგვისტოს დასაწყისში გორის ციხეობას ჩაეყრება საფუძველი. იქნება თუ არა 7 აგვისტო საზეიმო ან სამგლოვიარო სახის  ღონისძიება, დავით ხმიადაშვილი ამბობს, რომ როცა 7 აგვისტო მოვა, მერე შეგვიძლია მივბრძანდეთ და გავიგოთ რა ფორმის იქნება 2010 წლის 7 აგვისტო.

საახალწლო ნაძვის ხის ამბავი

ბოლო ორი წელია გორის ცენტრში ერთი და იგივე ნაძვის ხე იდგმება. სხვათა შორის, ის ნაძვის ხე, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლება ახალი წლის დღეებში იყენებს, ჯერ კიდევ 2007 წელს ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ ქარელმა უკრაინიდან ჩამოიტანა.

სამშენებლო კომპანია ,,გორმშენის” დირექტორი ჯემალ ილურიძე ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ აღნიშნული ნაძვისხე ადგილობრივმა ხელისუფლებამ 50 000 ლარად შეიძინა. ,,ეს ნაძვის ხე რომ უკრაინიდან ჩამოიტანეს, უკრაინელებმა 50 ათასი ლარი წაიღეს~ – ადასტურებს ჯემალ ილურიძე, რომლის კომპანია 2007 წლის შემდეგ აღნიშნულ ნაძვის ხეს გორის ცენტრში მონტაჟს და დემონტაჟს უკეთებს.

ოფიცილური დოკუმენტაციით, 2009 წლის იანვარში ადგილობრივმა ხელისუფლებამ უკრაინული ნაძვის ხის მონტაჟი-დემონტაჟის სამუშაოები შპს ,,იკოს” 11 045 ლარად შეუკვეთა. გორის მუნიციალიტეტის გამგეობის მიერ გაცემული ამონაწერის მიხედვით, რომელიც დასათაურებულია სახელწოდებით ,,საახალწლო ნაძვის ხის მონტაჟი და დემონტაჟი”, შპს ,,იკოს” 2009 წლის 28 იანვარს დაერიცხა 11 045 ლარი.

ამის შემდეგ, 2009 წლის 25 დეკემბერს გორის მუნიციპალიტეტის გამგეობამ კომპანია ,,გორმშენს” იმავე ნაძვის ხის მონტაჟი და დემონტაჟის სამუშაოების ჩასატარებლად  81 045 ლარიანი ხელშეკრულება გაუფორმა. ნაძვის ხის მონტაჟისა და დემონტაჟის სამუშაოებისთვის შპს ,,გორმშენს~ თავდაპირველად 2009 წლის 25 დეკემბერს 68 814 ლარი, ხოლო დემონტაჟის დროს 2010 წლის 18 იანვარს 11 186 ლარი გადაურიცხა. გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით ხმიადაშვილი აცხადებს, რომ ეს თანხა რომელიც ჩვენ დავუსახელეთ, გათვალისწინებული იყო არა მხოლოდ ნაძვის ხის მოსართავად, არამედ მთელი ქალაქის მოსართავად.

,,მე არ მაინტერესებს რა წერია დოკუმენტებში, მე ვადასტურებ, რომ დაახლოებით 80 000 ლარი დაიხარჯა ქალაქის საახალწლოდ მოსამართავად. ეს შემიძლია გითხრათ.” – გვითხრა მუნიციპალიტეტის გამგებელმა.

შპს ,,გორმშენის” დირექტორმა ჯემალ ილურიძემ დაგვიდასტურა, რომ 81 045 ლარი მართლაც მთელი ქალაქის მორთვას დაახარჯეს. ამის საილუსტრაციოდ გვირჩია მიღება-ჩაბარების აქტი გვეხილა, რომელიც გამგეობასა და შპს ,,გორმშენს” შორის გაფორმდა. მიღება-ჩაბარების აქტში ვკითხულობთ: ,,ვადასტურებთ, რომ 2009 წლის 9 დეკემბერს დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები 9ქ. გორში საახალწლო მორთვის მონტაჟი და დემონტაჟი) მიმწოდებელმა შპს ,,გორმშენმა” შეასრულა, ხოლო შემსყიდველმა გორის მუნიციპლიტეტის გამგეობამ  მიიღო შესრულებული სამუშაო და მხარეებს ერთმანეთის მიმართ პრეტენზიები არ გააჩნიათ. ხელშეკრულებით სამუშაოს ღირებულება შეადგენდა 80 000 ლარს. ანაზღაურებული თანხა შეადგენს 68 814 ლარს. Aსანაზრაურებელი შესრულებული სამუშაოს ღირებულებაა 11 186 ლარი” – წერია მიღება ჩაბარების აქტში, რომელსაც გორის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან ხელს აწერს ინფრასტრუქტურის და კომუნალური განყოფილების უფროსი ალექსანდრე ვეშაპური და ამავე განყოფილების სამი სპეციალისტი, ხოლო ,,გორმშენიდან” მისი დირექტორი ჯემალ ილურიძე.

ჩვენ ასევე მოვიპოვეთ დოკუმენტი იმის შესახებ, თუ რა კონკრეტული სამუშაოები გასწია შპს ,,გორმშენმა” საახალწლოდ გორში. კერძოდ, ,,ფაქტიურად შესრულებულ სამუშაოების ნუსხაში” წერია, რომ ხელოვნური ნაძვის ხის კარკასის მონტაჟი 1 450 ლარი, ხოლო დემონტაჟი 1 018 ლარი დაჯდა. ნაძვის ხეზე ხელოვნური წიწვების შეკიდვა – 690 ლარი, ხოლო მოხსნა 862 ლარი დაჯდა. ნაძვის ხეზე დეკორატიული განათების მონტაჟი 2 200 ლარი, ხოლო ახსნა 735 ლარი დაჯდა. ნაძვის ხის თოვლის პაპის დაყენება 230 ლარი დაჯდა. ხოლო კითხვაზე თუ რატომ არ წერია თოვლის პაპის ,,დემონტაჟი”. Kომპანიის დირექტორმა გვითხრა, რომ თოვლის პაპის დემონტაჟი მოქალაქეებმა მოახდინეს. ,,თოვლის პაპა ახალი მაქვს საყიდელი” – ამბობს ჯემალ ილურიძე.

შპს ,,გორმშენის” დირექტორი ჯემალ ილურიძე ამბობს, რომ ყველა ამ სამუშაოებისთვის საკუთარ რესურსებს იყენებს, მათ შორის ადამიანურს და მატრიალურს. ,,ყველა ეს ნივთები აწყვია როგორც გამგეობის უკან, ასევე კულტურის სახლში. შეგვიძლია ერთობლივად ვნახოთ ეს ქონება და ადგილზე გაჩვენოთ. ყოველ წელს გვიწევს ახალი ნივთების შეძენა. სავარაუდოდ, ასეთივე სიტუაცია გვექნება მომავალ წელს. ჩვენივე ტექნიკას ვიყენებთ იმ კონსტრუქციების გადაზიდვისთვის, რომელიც ნაძვის ხის მოსამართავად იყო საჭირო” – ამბობს ჯემალ ილურიძე.

გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავითYხმიადაშვილი აცხადებს, რომ სამშენებლო კომპანიის შერჩევა ხდება ერთ პირთან მოლაპარაკებით. ,,ჩვენთვის ცნობილია, თუ რომელ კომპანიას რის საშუალება აქვს და შესაბამისად მათთან გვიხდება მოლაპარაკება” – ამბობს გამგებელი. რაც შეეხება იმ ტექნიკურ საშუალებებს, რომელიც მუნიციპალიტეტის გამგეობის დაქვემდებარებაშია, მაგალითად კეთილმოწყობის სამსახური ან კიდევ საგანგებო სიტუაციების სამსახური, გორის გამგეობა საახალწლო სამუშაოებისთვის ამ რესურსს არ იყენებს.

Advertisements
  1. tsisakura
    July 27, 2010, 7:46 am

    გულისამრევია ეს ყველაფერი!სამწუხაროდ ეს მასოვკები და სპექტაკლები საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას სულაც არ აწუხებს:(

  2. August 8, 2011, 7:09 pm

    vis rashi ainteresebs es uazrobaaaa :PPPP

  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: