მთავარი > სტატიები > ტელეკომპანია ,,თრიალეთის” დირექტორს მოკვლით ემუქრებიან

ტელეკომპანია ,,თრიალეთის” დირექტორს მოკვლით ემუქრებიან


ქარელის ცენტრში მდებარე რესტორანი ,,ხაშხინკალა” ქურდული გარჩევების ადგილად იქცა. ქარელის საკრებულოს თამჯდომარის მოადგილე ილია ბაბლიძე და კიდევ რამდენიმე ადამიანი აღნიშნული რესტორნის კუპეში ტელეკომპანია ,,თრიალეთის” გენერალური დირექტორის ჯონი ნანეტაშვილის ცემით და მოკვლით იმუქრებოდნენ. აღნიშნულ საუბარს გვერდით მდებარე კუპეში შემთხვევით მყოფი ამავე ტელეკომპანიის გადამღები ჯგუფი და სახალხო კრების ადგილობრივი ორგანიზაციის წარმომადგენელი ნინო მანჯავიძე ისმენდნენ.

,,ქარელში ჩამოსულები იყვნენ ჟურნალისტები.  შეხვედრა მაგვიანდებოდა, ვთხოვე, იქვე სადმე ახლომახლოს დამლოდებოდნენ და ასე მოვხვდით აღნიშნულ ადგილზე.  ერთ-ერთი კუპეში საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე და სხვა პირები იმყოფებოდნენ, რომლებიც ტელეკომპანია ,,თრიალეთის” შესახებ საუბრობდნენ. ისინი გაღიზიანებულები იყვნენ იმით, რომ ტელეკომპანიის ერთ-ერთ მფლობელს ბადრი ნანეტაშვილს სადმე ქუჩაში ვერ ხვდებოდნენ და ოფისიდან კი ძალით ვერ გაიყვანდნენ, ამიტომ ყველაზე ადვილი იყო ბადრის ძმის ჯონი ნანეტაშვილის სადმე მოხელთება და ცემა. რამდენჯერ უნდა ვცემოთ, ბოლო-ბოლო მოვკლავთო – ისმოდა კუპიდან.” – იხსენებს ნინო მანჯავიძე. ჯონი ნანეტაშვილი ქარელის რაიონის სოფელ კეხიჯვარში ცხოვრობს, რომელიც დაბა ქარელის გვერდით მდებარეობს.

ტელეკომპანია ,,თრიალეთის”  ჟურნალისტი  ლედი ოქროპირიძე, რომელიც ამ საუბარს ისმენდა, ამბობს, რომ მუქარა მართლაც იყო ტელეკომპანიის დირექტორის მიმართ:

,,ბოლო-ბოლო თუკი ბადრის ვერაფერს დავაკლებთ, მაგის ძმას მაინც გავუსწორდებითო. ეტყობა მაგ კაცს, თავის ძმა არ უყვარს, რამდენჯერ უნდა სცემონო” – ამბობს  ლედი ოქროპირიძე.

ტელეკომპანია ,,თრიალეთის” საინფორმაციო სამსახური კი შემდეგ ინფორმაციას ავრცელებს: ,, კუპეში ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად თამაზ კოპაძე, ვინმე ალიკიჩი და ჩვენთვის კიდევ რამდენიმე უცნობი პირი იმყოფებოდა. ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ნადიმს ადასტურებს თამაზ კოპაძე მეტსახელად ჯონსონიჩი. თუმცა იგი ამბობს რომ მისი იქ ყოფნის დროს არც ,,თრიალეთის” და არც მისი ხელმძღვანელების მიმართ არანაირ მუქარაზე საუბარი არ ყოფილა.”

,,ქართლის ხმა” ამ ეტაპზე ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოფიციალურ პირებს ვერ დაუკავშირდა, გარდა ამისა, გვინდა შეგახსენოთ, თუ რა ისტორიებთან არის დაკავშირებული რესტორანი ,,ხაშხინკალა”, სადაც ხელისუფლების წარმომადგენლები ხშირად სტუმრობენ.

ქარელის დეპუტატმახაშხინკალასთანსროლა ატეხა

22 მაისს საღამოს საათებში, ქარელის გამგეობის წინ, სადაც ყოფილი უნივერმაღის შენობა და რესტორანი “ხაშხინკალა” მდებარეობს, ქარელის მაჟორიტარ დეპუტატს, პარლამენტარ ემზარ გელაშვილსა და “ქარელი-გაზის” დირექტორის მოადგილეს შორის შელაპარაკება მოხდა. ინციდენტი სროლაში გადაიზარდა და მის შესახებ ქალაქის მცხოვრებლები დღესაც აქტიურად საუბრობენ.

სპარტაკ ჩოჩიშვილი “ქარელი-გაზის” დირექტორის მოადგილეა. იგი ცნობილი ოლიმპიური ჩემპიონის შოთა ჩოჩიშვილის ძმის შვილია. მომხდართან დაკავშირებით ამბობს, რომ ინციდენტს მართლაც ჰქონდა ადგილი. “როგორც ჩანს ნასვამი იყო და პატარა სპორი მოგვივიდა” – ამბობს ჩვენთან საუბარში სპარტაკ ჩოჩიშვილი. მან მოუცლელობა მოიმიზეზა და საუბარის გაგრძელება აღარ ისურვა.
ადგილობრივი ტელეკომპანია “თრიალეთის” ინფორმაციით, სპარტაკ ჩოჩიშვილი აღიარებს გელაშვილის მხრიდან იარაღის სროლის ფაქტს და აკონკრეტებს: “ჩემს ახლობლებს იარაღი მიადო კეფაზე და წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ ჰაერში გაისროლა”. ცნობისათვის, “თრიალეთის” მფლობელი, წინასაარჩევნო პერიოდში უფლაბემოსილებაშეწყვეტილი ვიცე-გუბერნატორი ბადრი ნანეტაშვილი ქარელის მკვიდრია.

ამავე ინფორმაციით, სპარტაკ ჩოჩიშვილსა და ემზარ გელაშვილს შორის ჩხუბი საარჩევნო სიებს უკავშირდება. ქარელის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ზაზა ნადირაშვილის თქმით, სპარტაკ ჩოჩიშვილი სიებში არ იმყოფებოდა.

,,ალიანსი საქართველოს ქარელის ორგანიზაციის თავმჯდომარე იოსებ საზანდრიშვილი პრესა.გე-სთან საუბარში აცხადებს, რომ ინციდენტი საღამოს დაახლოებით 18 საათზე მოხდა. ფაქტს თვითმხილველები ჰყავს, ოღონდ მისთვის უცნობია ინციდენტის წარმოშობის მიზეზები.

“სხვადასხვა ვერსიებზე საუბრობს ხალხი… ზოგი ამბობს, რომ არჩევნების გამო მოუვიდათ; ზოგი ამბობს, რომ ქალების გამო მოუვიდათ ჩხუბი; ზოგი ამბობს, რომ გელაშვილმა სპარტაკის ახლობელს გაარტყა ხელი და ამიტომ გადაიზარდა ასეთ ფორმაში. ნამდვილი, დადასტურებული ინფორმაცია არ გაგვაჩნია. თუმცა ნაღდია, რომ მათ შორის რაღაც მოხდა” – ამბობს სოსო საზანდრიშვილი.

როგორც გითხარით, სპარტაკ ჩოჩიშვილმა ინციდენტის ფაქტი დაგვიდასტურა და ისიც თქვა, რომ გელაშვილი ნასვამი იყო.

ქარელის პოლიციის უფროსი გიორგი მამესწარაშვილი ამჟამად შვებულებაში იმყოფება და მის მოადგილესთან დაკავშირება გვირჩია. მოადგილემ პრესსამსახურისკენ გადაგვიმისამართა. სამხარეო პოლიციის პრესსამსახური ნინო ქიტუაშვილი შეგვპირდა იმის გაგება, შევიდა თუ არა შეტყობინება პოლიციაში ქალაქის ცენტრში მომხდარ სროლასთან დაკავშირებით, თუმცა განმეორებითი ზარების შემდეგ გვითხრა, რომ დავკავშირებოდით შს სამინისტროს პრესსამსახურს. ზურაბ გვენეტაძემ საერთოდ არ გვიპასუხა. დავუკავშირდით საპატრულო პოლიციის რეგიონულ განყოფილებას. მათი ინფორმაციით, ქარელიდან არავითარი შეტყობინებაა შესული ჩხუბთან ან სროლასთან დაკავშირებით.

ემზარ გელაშვილი, რომლის ნომერია 877 19 11 12, სატელეფონო ზარებზე არ გვპასუხობს.

პარლამენტარ ემზარ გელაშვილის წინააღმდეგ დიდი ხანია საქმის აღძვრას ითხოვს ქარელის რაიონის სოფელ დვანის მკვიდრი ივანე მამაგულაშვილი. სოფელი დვანი ოსური სოფლებით არის გარშემორტყმული და აგვისტოს მოვლენების დროს დაზარალდა. ივანე მამაგულაშვილი დღემდე ითხოვს კონპენსაციას ან დამწვარი სახლის სარეაბილიტაციო სამუშაობს. ამ საკითხთან დაკავშირებით პარლამენტარმა ემზარ გელაშვილმა მამაგულაშვილს შეურაცხყოფა მიაყენა:

“იმას, რაც ემზარ გელაშვილმა მე გამიკეთა, ვერ დავარქმევ ხულიგნობას და შეურაცხყოფას. ეს უფრო მეტია. ადამიანი გიყურებს თვალებში და დედას გაგინებს. ეს ადამიანი ყველაფრის მკადრებელია. მე სახრჩობელაზეც რომ ჩამომკიდონ, ვიტყვი, რომ ემზარ გელაშვილის პარლამენტარობა სამარცხვინოა, თანაც კაცი პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის წევრია. ეს ხომ დაცინვაა არა მარტო ქარელის, მთელი საქართველოსი” – გვითხრა ვანო მამაგულაშვილმა, რომელსაც პროკურატურაში ემზარ გელაშვილის წინააღმდეგ საჩივარი უკვე შეტანილი აქვს.

ემზარ გელაშვილი სხვადასხვა დროს სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა. იგი ჯერ ქარელის უშიშროების სამსახურის ერთ-ერთ საპასუხისმგებლო თანამდებობას ფლობდა, შემდეგ პარლამენტარობამდე სამხედრო პოლიციის რეგიონული სამმართველოს უფროსი იყო. ვანო მამაგულაშვილი ამბობს, რომ ემზარ გელაშვილი 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენების დროს კობა დავითაშვილის გატაცების და შეურაცხყოფის ფაქტზეა ეჭვმიტანილი.

Advertisements
კატეგორიები:სტატიები
  1. კომენტარები ჯერ არ არის.
  1. No trackbacks yet.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: