მთავარი > სტატიები > ელექტრონული ,,ვირუსი” მუნიციპალიტეტებში

ელექტრონული ,,ვირუსი” მუნიციპალიტეტებში


გადავწყვიტეთ შეგვესწავლა  გორის, კასპის, ქარელის და ხაშურის მუნიციპალიტეტების მუშაობის ის მიმართულებები, რასაც ელექტრონული ფორმით საჯარო ინფორმაციის გაცემა ჰქვია. ამისათვის მოვითხოვეთ ისეთი დოკუმენტი, რომელიც ყველაზე ადვილად ხელმისაწვდომია წესით. ესაა ადგილობრივი ბიუჯეტები.

,,თუ შეიძლება ჩამობრძანდით ქარელში და შემოიტანეთ განცხადება, ჩვენ დავამუშავებთ დოკუმენტს და შესაბამის ვადებში გაგატანთ, ან საქართველოს ფოსტით გამოგიგზავნით. მუშაობის წესებს ნუ გვკარნახობთ” – დაგვიხეთქა ყურმილი ქარელის საკრებულოს თავმჯდომარემ პაატა ღვინიაშვილმა, რომელსაც სამჯერ დავურეკეთ სამუშაო კაბინეტში ნომერზე 3-14-14. მეოთხე დარეკვაზე უკვე აღარ აიღო ყურმილი.

ამის შემდეგ იძულებული გავხდით დასახმარებლად შიდა ქართლის გუბერნატორის პრესსამსახურისთვის მიგვემართა.  გაზეთის ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე მუნიციპალიტეტების შესახებ ყველანაირი ინფორმაცია (ნიუსი) შიდა ქართლის გუბერნატორის პრესამსახურის ელექტრონული ფოსტიდან მოგვდის, შესაბამისად, ვთხოვეთ გუბერნატორის პრესსამსახურს ნათია ომაძეს  შეეკრიბა ქარელის, ხაშურის და კასპის მუნიციპალიტეტების ბიუჯეტების ელექტრონული ვერსიები და როგორც სხვა ნიუსები, ისინიც მოეწოდებინა ჩვენთვის. ნათია ომაძე რამდენიმე წუთის შემდეგ დაგვიკავშირდა და თურმე მისთვის, ჩვენთვის გადმოსაცემად, საჯარო ინფორმაციის გაცემის წესების სწავლება და კონსულტაციები გაუწევიათ.

,,მე ვესაუბრე მათ და ამიხსნეს, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა შესაძლებელია წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე. ამიტომ  უნდა მიიტანო წერილი ქარელის გამგეობაში ან საქართველოს ფოსტით გაუგზავნო, მას დაარეგისტრირებენ, დაამუშავებენ და მოგაწვდიან ინფორმაციას” – ასე დაგვეხმარა გუბერნატორის პრესსამსახური. ნათია ომაძეს ვთხოვეთ იმავე 37-ე მუხლის 1 ნაწილი გაეცნო საკრებულოს აპარატის უფროსებისთვის, სადაც აღნიშნულია, რომ ,,ყველას აქვს უფლება მოითხოვოს საჯარო ინფორმაცია მისი ფიზიკური ფორმისა და შენახვის მდგომარეობის მიუხედავად და აირჩიოს საჯარო ინფორმაციის მიღების ფორმა, თუ იგი სხვადასხვა სახით არსებობს”.

ამის შემდეგ კვლავ მეხუთედ დავუკავშირდით ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს პაატა ღვინიაშვილს საკუთარ კაბინეტში. მას ვთხოვეთ, რომ ჩვენთვის ორი წუთი დაეთმო, რადგან აგვესხნა რაში მდგომარეობდა ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე მუხლის 1 ნაწილი.

,,მე არაფრის ახსნა არ მინდა, დავავალე უკვე აპარატს, რომ მოგაწვდიან ელექტრონული ვერსიას” – გვითხრა პაატა ღვინიაშვილმა. შევუთანხმდით, რომ  ელექტრონული ფოსტით განცხადების დასკანერებულ ვარიანტს გადავუგზავნიდით, ხოლო საპასუხოდ მათგან მივიღებდით ბიუჯეტის ელექტრონულ ვარიანტს. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ადრესატად არ უნდა მიგვეთითებინა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი, არამედ უნდა თურმე უნდა მიგვეთითებინა ქარელის საკრებულოს თავმჯდომარე.

სამართლიანი არჩევნების რეგიონული კოორდინატორი თეა თედლიაშვლი აცხადებს, რომ მუნიციპელიტეტების საკრებულოს თავმჯდომარეებს, ასევე აპარატის უფროსებს არაერთხელ ჩაუტარეს ტრენინგი იმის შესახებ, რომ არ არის ვალდებული მოქალაქე განცხადების ადრესატად გამგებელი ან საკრებულოს თავმჯდომარე მიუთითოს. ,,რა ვიცი, სემინარებზე ყველა თავს გვიქნებს, გავიგეთ-გავიგეთო, მაგრამ როგორც ჩანს ეს ასე არ არის” – ამბობს თედლიაშვილი.

დავუკავშირდით ასევე ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, რომლის აპარატის უფროსი მაია ქიტიაშვილი ყველაფერზე ,,კი გენაცვალეს” გვეუბნებოდა. ,,კი გენაცვალე გამოგიგზავნით, კი გენაცვალე არ არის პრობლემა; კი გენაცვალე აუცილებლად” და ა.შ.  მაგრამ დღის ბოლომდე ჩვენს მიერ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე არ იყო გამოგზავნილი დაპირებული ხაშურის ბიუჯეტი.

ყველაზე უკეთ სიტუაციაში კასპის საკრებულოს აპარატი გაერკვა. თავდაპირველად, საკრებულოს აპარატის სპეციალისტებთან მოვხვდით ტელეფონზე, რომელთა ნომერია 2-26-10. ავუხსენით, რომ გვინდოდა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ელექტრონული ვარიანტი. ჩაიწერეს ჩვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი, ოღონდ ეს ცოტა გაუჭირდათ, რადგან როდესაც ვეუბნებოდით მაგალითად ლათინური ანბანიდან ასე ,,h” როგორც ,,ეიჩს”, ბლოკნოტში იწერდნენ იმ ფორმით როგორც გამოითქმის ის. საბოლოოდ შედეგს მივაღწიეთ და დაგვპირდნენ, რომ ამ ინფორმაციას საკრებულოს აპარატის უფროსთან კონსულტაციის შემდეგ მოგვაწვიდნენ. ზუსტად 15 წუთში ვუკავშირდებით კასპის საკრებულოს აპარატს და გადმოგვცეს უფროსის დანაბარები: ,,ამდენ წვალებს შევიდეს საკანონმდებლო მაცნეს ვებ-გვერდზე, იქ არის ატვირთულები ბიუჯეტები და უფრო ადვილად გაეცნობაო” – ასე აღმოჩნდა კასპის საკრებულო უფრო მოწოდებულ სიმაღლეზე ვიდრე დანარჩენები.

რაც შეეხება გორის, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატთან ურთიერთობა დიდი ხანია გარკვეული გვაქვს. რამდენიმე თვის წინ მოვთხოვეთ ერთ-ერთი დოკუმენტის დასკანერებული ვარიანტი, რაზეც გვიპასუხეს, რომ აღნიშნული ფორმით დოკუმენტი საკრებულოში დაცული არ არის. არა და 2010 წლის შესყიდვების გეგმაში მითითებულია, რომ გორის საკრებულომ რამდენიმე ერთეული კომპიუტერული ტექნიკა შეიძინა, მათ შორის სკანერი. გორის საკრებულოში წერილობით დაუყოვნებლივი ფორმით მოვითხოვეთ ბიუჯეტი, თუმცა დღეს დილით შეტანილ განცხადებაზე საღამომდე არ იყო პასუხი გამოგზავნილი. გორის საკრებულოს პრაქტიკით დაუყოვნებლივი ინფორმაცია სამ დღეში გაიცემა.

Advertisements
კატეგორიები:სტატიები
  1. No comments yet.
  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: