მთავარი > სტატიები > რა უჯდება გორის ბიუჯეტს ჰიმნების და კლიპების დაფინანსება

რა უჯდება გორის ბიუჯეტს ჰიმნების და კლიპების დაფინანსება


საბა წიწიკაშვილი
შიდა ქართლის გუბერნატორის ზურაბ არსოშვილის ინიციატივით, გორს ახალი ჰიმნი ექნება. მუსიკის ავტორი კომპოზიტორი მაცაცო სებისკვერაძეა. სიმღერას ,,ქართული ხმები” შეასრულებს. ზურაბ არსოშვილის განცხადებით, ამ იდეას ხორცი კომპოზიტორთან საუბრის შემდეგ შეასხეს. აღნიშნული ინფორმაცია ტელეკომპანიამ ,,რუსთავი 2″ გაავრცელა.

შიდა ქართლის გუბერნატორის პრესცენტრის ხელმძღვანელის ნათია ომაძის თქმით, ახალი ჰიმნის მომზადების ყველა ხარჯი 5 000 ლარი დაჯდა.

რაც შეეხება იმ ფაქტს,  თუ რა უჯდება გორის ბიუჯეტს ყოველი ასეთი კლიპი,  ,,ქართლის ხმა” რამდენიმე თვის წინ ჩატარებული ჟურნალისტური გამოძიებებიდან მაგალითებს მოიყვანს, სადაც ასევე აღნიშნულია თუ რა რაოდენობის ჰონორარი მიიღო კომპოზიტორ რუსუდან სებისკვერაძის შვილმა დავით გერსამიამ ამ მხრივ.

2009 წლის 7 აგვისტოს გორში აგვისტოს ომის ერთი წლისთავი გრანდიოცული კონცერტით აღინიშნა. ეს ღონისძიება 157 000 ლარი დაჯდა. ღონისძიების ორგანიზატორებმა მიზანშეწონილად ჩათვალეს რომ ,,7 აგვისტოს” მასშტაბურად გაშუქებას პირდაპირი ეთერი სჭირდებოდა. პირდაპირი ეთერით რეტრანსლიაციის უზრუნველყოფა საკუთარ თავზე შპს ,,ჰორიზონტ ტვ სტუდიამ” აიღო, რომელსაც დავით გერსამია ხელმძღვანელობს.

,,ჰორიზონტ ტვ სტუდიამ~ 7 აგვისტოს ღონისძიების გასაშუქებლად პირდაპირი ეთერით უზრუნველსაყოფად 38 550 ლარი მიიღო. ამ თანხის მოძრაობა კარგად ჩანს 2009 წლის 8 აგვისტოს შედგენილ მიღება-ჩაბარების აქტში, სადაც ვკითხულობთ: ,,(მხარეები) ვადასტურებთ, რომ მომსახურება ,,მიმწოდებელმა” მიაწოდა ხოლო ,,შემსყიდველმა” მიიღო აღნიშნული მომსახურება და მხარეებს ერთმანეთის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია.” მომსახურების ,,მიმწოდებელი” შპს ,,ჰორიზონტ ტვ სტუდიაა”, ხოლო შემსყიდველი გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის სამსახურის უფროსი გურამ პაპუაშვილი (ყოფილი ჯეოსტარელი).
ანგარიშ-ფაქტურებში, ინვოისებში და მიღება-ჩაბარების აქტებიოთ არ ირკვევა, თუ რომელ სატელევზიო ეთერით მოახდინა ჰორიზონტ ტვ-სტუდიამ 7 აგვისტოს ღონისძიების რეტრანსლაცია.

შპს ,,ჰორიზონტ ტვ სტუდიას“ დირექტორმა დავით გერსამიამ გვითხრა, რომ 7 აგვისტოს ღონისძიების ტრანსლაცია არა მარტო საზოგადოებრივ მაუწყებელზე გავიდა, არამედ თითქმის ყველა არხზე. მათ შორის ევრონიუსზე, ბიბისიზე და როგორც ახსოვს, სიენენზე. ,,ჩემი აზრით, ასეთი ღონისძიებებისთვის კიდევაც ნაკლები თანხა დაიხარჯა.“ – ამბობს დავით გერსამია. რაც შეეხება კითხვას იმის შესახებ, რამდენად რეალურია 38 550 ლარი პირდაპირ ეთერისთვის ბიუჯეტიდან გავიდეს, დავით გერსამია ამბობს: ,,მე ვარ კერძო კომპანია. დამკვეთს შევთავაზე ჩემი წინადადება თავისი ხარჯთაღრიცხვით. როგორც ჩანს მოეწონათ ჩემი შეთავაზება და დამთანხმდნენ. თუ რამდენად მიზანშეწონილია ასეთი თანხის გაღება, ეგ უკვე დამკვეთს უნდა ჰკითხოთ. მე ასე მიღირდა ეს სამუშაო. თუ არ მოეწონებოდათ ჩემი შეთავაზება, შეეძლოთ სხვასთან წასულიყო, რადგან 50–მდე ასეთი კომპანია არსებობს, რომელსაც შეუძლია მსგავსი ღონისძიების ორგანიზება. თუ შოუბიზნესში ხართ გათვითცნობიერებული, თქვენთვისაც ნათელი იქნება თუ რა საკმაოდ მიზერულ ფასებთან გვქონდა საქმე გორის ღონისძიებასთან“ – ამბობს დავით გერსამია.

შპს ,,ჰორიზონტ ტვ სტუდია” მიერ დამოწმებულ სხვა ანგარიშ-ფაქტურაში #1696062 აღნიშნულია, რომ კონცერტებისთვის საჭირო ინსტრუმენტები გორში ამავე კომპანიამ ჩამოიტანა. ამ ინსტრუმენტების ჩამოტანა 46 800 ლარი დაჯდა.

დავით გერსამია გვეუბნება, რომ თუკი პირდაპირი ეთერი ნანახი გვაქვს, დავრწმუნდებით, რომ სცენა არაჩვეულებრივი იყო. ანგარიშ–ფაქტურაში მითითებულია რომ 46 800 ლარში შედის სცენის გამართვა, მიკროფონები, აპარატურა, განათებები თავისი გადახურვით.

ჩვენ გვაქვს ასევე სხვა დოკუმენტი, სადაც მითითებულია, რომ სცენის მოწყობისთვის კომპანია შპს ,,ა.ნ.ი“–მ მიიღო ჯერ 27 000 ლარი, შემდეგ საქართველოს პარლამენტიდან წაღებული რკინის კონსტრუქციებისთვის ბანერთან ერთად 10 000 ლარი მიიღო. გარდა ამისა, რკინის კონსტრუქციებისთვის და იმავე სახის ბანერისთვის გორის მუნიციპალიტეტმა ცალკე გადაურიცხა აღნიშნულ კომპანიას 10 000 ლარი. აქედან გამომდინარე დავით გერსამიას დავუსვით კითხვა, რომ თუკი შპს ,,ა.ნ.ი“ ახორციელებდა სცენის მოწყობის სამუშაოებს, ,,ჰორიზონტ ტვ სტუდიომ“ რატომ აიღო იმავე სამუშაოებისთვის 46 800 ლარი.

,,სცენა უნდა განვასხვავოთ რკინის კონსტრუქციებისგან. სცენას სჭირდება საერთო განათება, რომელიც ალბათ ამ კომპანიამ ამ კონსტრუქციებით გააკეთა“ – ამბობს დავით გერსამია.

2009 წლის 6 აგვისტოს გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით, რომელსაც ხელს გორის მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახურის უფროსი და კომპანია ,,ანი”-ს დირექტორი აწერენ, გორში 134 კვ. მეტრი ფართობისთვის საჭირო რკინის კონსტრუქციების და ამავე ფართობის ბანერის მიწოდებაში გამგეობამ 10 000 ლარი გადაიხადა. შპს ,,ანის” დირექტორია ია ჟვანია. ამ კომპანიის მისამართზე ვერ კომპანია ვიპოვეთ და ვერ მისი დირექტორი. თბილისში, წინამძღვრიშვილის ქუჩაზე 34/24–ში ჩვენ მცხოვრებლებს გავესაუბრეთ. ამ მისამართზე სულ 5 ოჯახი ცხოვრობს. პირველ სართულზე მცხოვრებელმა და მეორე სართულზე მცხოვრებლებმა ც გვითხრეს, რომ ასეთი კომპანია და ასეთი პიროვნება მათ სადარბაზოში არ ცხოვრობს. ,,30 წელია აქ ვცხოვრობ არც ია ჟვანიას უცხოვრია აქ და არც ეს კომპანია გაგვიგია“ – გვითხრეს წინამძღვრიშვილის #34/24–ში მცხოვრებლებმა.

ამ რკინის კონსტრუქციებთან დაკავშირებით ორი სასაქონლო ზედნადები არსებობს. ერთ ზედნადებში მყოდველად მოხსენიებულია საქართველოს პარლამენტად, ხოლო მეორე ანგარიშ-ფაქტურაში მყიდველად მოხსენიებულია გორის მუნიციპალიტეის გამგეობა. ფაქტობრივად ერთი და იგივე რკინის კონსტრუქცია და ბანერი ერთი და იმავე დღეს 10 000 ლარად შეიძინა როგორც საქართველოს პარლამენტმა, ასევე გორის მუნიციპალიტეტის გამგეობამ. გამგებელმა დავით ხმიადაშვილმა გვითხრა, რომ ეს სხვადასხვა კონსტრუქციები და ბანერებია.

შპს ,,ანის“–თვის გადარიცხული 27 ათასი ლარი 2009 წლის 8 აგვისტოს გაცემულ # 1221069 აგარიშ-ფაქტურით ორ ნაწილად გაიყო. 25 000 ლარით შპს ,,ანიმ” მოახდინა სცენის მონტაჟი, ხოლო ოპერის მომღერლების და მათი ინსტრუმენტების ტრანსპორტირება 2 000 ლარი.

სცენაზე, რომელიც ცალკე ,,ჰორიზონტ ტვ სტუდიამ“ და ცალკე შპს ,,ანიმ“ გააწყო, თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის გუნდმა იმღერა. გუნდის მონაწილეების და მათი ინსტრუმენტების ტრანსპორტირებისთვის და ხელფასისთვის თანხა ფიზიკურ პირს მამუკა ბიჭაშვილს გადაერიცხა. მამუკა ბიჭაშვილს 20 640 ლარი დაერიცხა.

მამუკა ბიჭაშვილმა ოპერის მომღერლების ჩასვლას და ტრანსპორტირებას გაუწია ორგანიზება. არა და, დოკუმენტების მიხედვით ეს შპს ,,ა.ნ.ი“–ს უნდა გაეკეთებინა. მამუკა ბიჭაშვილი ამბობს, რომ 20 640 ლარით ოპერის მომღერლებმა მიიღეს როგორც ხელფასი, ასევე ეს თანხა მათ ტრანსპორტირებაში გაიხარჯა.
,,დაახლოებით 150 ადამიანის ჩაყვანას გავუწიე ორგანიზება გორში. ეს პირადად ოპერის ხელმძღვანელის დავალებით გავაკეთე. დაახლოებით 5 ავტობუსით ჩავედით გორში, სხვათა შორის დაგვჭირდა სატვირთო მანქანებიც, რომლითაც ოპერის მომღერლების ინსტრუმენტები წავიღეთ. ეს ყველაფერი იმ თანხაში მოხდა, რომელიც მე გადმომერიცხა“ – ამბობს მამუკა ბიჭაშვილი.

შპს ,,33ა”-მ ამ ღონისძიებისთვის დიდი ჰონორარი მიიღო. 2009 წლის 4 აგვისტო რიცხვით დათარიღებულ ინვოისის მიხედვით შპს ,,33ა”, რომელიც თბილისში ფალიაშვილის ქუჩა #33-ა-ში მდებარეობს, დღგ- ჩათვლით 16 569 ლარი მიიღო. თანხის გადარიცხვის დანიშნულებაში ვკითხულობთ, რომ ეს თანხა საქართველოში ცნობილმა ჯგუფმა ,,2009 წლის 7 აგვისტოს ღონისძიებისათვის გაკეთებული ვიდეო-კლიპისთვის” მიიღო.
აღნიშნულ ღონისძიებასზე დამატებითი თანხა გამოიყო საქართველოს ჰიმნის კლიპის აუდიო და ვიდეო ჩანაწერისათვის. გორის მუნიციპალიტეტის გამგეობამ თბილისში მოძებნა ინდმეწარმე მამუკა მახნიაშვილი, რომლის ოფის მდებარეობს ვეკუას ქუჩა #3-ში და შეუკვეთა საქართველოს ჰიმნის კლიპის შექმნა. ინდმეწარმე მამუკა მახნიაშვილმა სანაცვლოდ მიიღო 6 -000 ლარი.

,,7 აგვისტოს” ღონისძიებას ბევრი ციური მანათობელი დაახარჯეს. არა და ნაციონალები ირწმუნებოდნენ რომ ეს არ იყო საზეიმო ღონისძიება, თუმცა ციური მანათობლების გამოყენება საზეიმო ელფერს ჩრდილს ნამდვილად არ აყენებს. ციური მანათობლების შეძენა და გაშვების ორგანიზება ცალ-ცალკე ორ კომპანიას ,,საყვირს” და ბეთ გრუპს” დაევალა.

შპს ,,საყვირის” მიერ გაცემული #45 ინვოისით ირკვევა, რომ გორის მუნიციპალიტეის გამგეობამ მათ ციური მანათობლების ,,ორგანიზება“ დაავალა. ამ ორგანიზებისთვის შპს ,,საყვირმა” 5 900 ლარი მიიღო. 7 აგვისტოს ღამეს 340 ცალი ციური მანათობელი გამოიყენეს. შპს ,,ბეთ გრუპ”-ის მიერ გაცემული ცნობით ირკვევა, ერთი ციური მანათობელი ღირს 15 ლარი, ხოლო მთლიანად მის შეძენას 5 100 ლარი დაახარჯეს. ციური მანათობლები შეძენილ იქნა თბილისში, გამსახურდიას ქ.#35-ში.

ცალკე გაიწერა ე.წ. ,,მანათობლების” შეძენა, რომელიც ორგანიზატორებმა სცენების გასანათებლად გამოიყენეს. ამ ერთი შეხედვით ჩვეულებრივი მანათობლების შეძენა თბილისში, კოსტავას ქ. #1-ში მდებარე კომპანიამ ,,ჯორჯიან პირო არტიმ” იზრუნა. აღნიშნულმა კომპანიამ 150 ფრანი ჩამოიტანა, თითო რანში 17 ლარი და 60 თეთრი გადაიხადა, რაც გორის მუნიციპალიტეტმა აანაზღაურა სრულად.

ასე და ამგვარად, ჩატარდა 7 აგვისტოს ღონისძიება გორში. შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილე ზურაბ ჩხეიძე ამბობს, რომ აგვისტოს დასაწყისში გორის ციხეობას ჩაეყრება საფუძველი. იქნება თუ არა 7 აგვისტო საზეიმო ან სამგლოვიარო სახის ღონისძიება, დავით ხმიადაშვილი ამბობს, რომ როცა 7 აგვისტო მოვა, მერე შეგვიძლია მივბრძანდეთ და გავიგოთ რა ფორმის იქნება 2010 წლის 7 აგვისტო.

კატეგორიები:სტატიები
  1. No comments yet.
  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: