მთავარი > სტატიები > ,,გამგეობაში შეურაცხყოფა მომაყენეს: რათ აჩენდი ამდენ შვილსო”

,,გამგეობაში შეურაცხყოფა მომაყენეს: რათ აჩენდი ამდენ შვილსო”


გორის საბავშვო ბაღებში შესახლებული დევნილები ჯერ-ჯერობით თავს მშვიდად გრძნობენ. მოულოდნელად მათი გასახლების საშიშროება ამ ეტაპზე არ არსებობს. თუმცა  ისედაც ვაუჩერულ სისტემაზე გადასულ ბაგა-ბაღებს დევნილების იქ ყოფნა ნორმალურად ფუნქციონირებაში ხელს უშლის. ასეთ ბაღებში მშობლებს ბავშვები აღარ მიჰყავთ. ეს კი ბაღის დაფინანსებაზე უარყოფითად ისახება.

გორის #16 საბავშო ბაღში 8 იძულებით გადაადგილებული ოჯახი ცხოვრობს. ამათგან ირინა წიკლაური ქვემო ნიქოზიდანაა. მისი დაზიანებული სახლი ცხინვალთან სიახლოვეს მდებარეობს და ,,ოკუპირებულის” სტატუსი არ გააჩნია. ამის გამო ირინა წიკლაურს მას არც სახლს უკეთებენ და არც კონპენსაციას აძლევენ. იგი 4 შვილიანი დედაა.

,,მე გადავწყვიტე მივმართო უკიდურეს ზომებს” – გვეუბნება ირინა წიკლაური. ,,ჯერ ვაცდი. გამგეობაშიც შეურაცხყოფა მომაყენეს, რათ აჩენდი ამდენ შვილს, ჩვენ რით შეგინახოთო. გამგებელი მაგიდაზე ხელებს მირტყამდა. ვარძელაშვილი მპირდებოდა, მპირდებოდა მაგრამ წავიდა. ერთი 9 ადამიანი მაინც მუშაობს მანდ, რომელთანაც შეხვედრის დროს შეურაცხყოფა მომაყენეს. მათ სასამართლოში უნდა ვუჩივლო. ამას არავის შევარჩენ. არსოშვილიც კი არ მოგისმენს. ჩვენ მხოლოდ ბაღის გამგის მარიკას მადლობლები ვართ. მან შეგვიფარა და რითაც შეუძლია გვეხმარება. სადაც დახმარებაზე მივდივარ, იცინიან, შენ კიდევ აქ ხარო? მე მინდა ჩემს სახლში დამაბრუნონ და რაც დამინგრიეს, გამიკეთონ. მე სხვა გზა არ დამრჩენია, გორში სამართალი ვერ მიპოვია და მინდა რომ პრეზიდენტს მივმართო” – ამბობს ირინა წიკლაური. გამგეობის მიერ გაცემულ დასკვნებში აღნიშნულია, რომ საცხოვრებელი სახლის შეკეთება ვერ მოხდება, რადგან სახლი უკონტროლო ზონაში მდებარეობს.

საბავშვო ბაღის გამგე მარიკა ჩიხლაძე ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ ამჟამად საბავშვო ბაღის შენობაში 8 ოჯახია დარჩენილი.

,,ბევრი ისეთია, ვისაც სხვა საცხოვრებელი აქვს და აქაც დაკავებული აქვთ ფართი. თან არ ცხოვრობენ და დაკეტილები აქვთ ოთახები. ამხელა ფართი უკავიათ და იმას ვერ ხვდებიან, რომ მე ოთახები მჭირდება ბავშვებისთვის. ჩვენი ბაღი თავის დროზე პრესტიჟული ბაღი იყო. ბევრი მშობელია, ვისაც არ უნდა რომ მათი შვილი დევნილის გვერდით იზრდებოდეს, ამიტომაც არ მოჰყავთ. ამჟამად 75 ბავშვი გვყავს და ასეთი ცოტა კონტინგენტი არასდროს გვყოლია. ეს დევნილები მთავრობას ემდურებიან, მაგრამ მთავრობაც ხომ ეხმარება? დენი, წყალი და გაზი უფასოდ აქვთ. სოციალური დახმარებაც აქვთ თითო წევრზე. ეხმარებიან მედიკამენტებითაც. მეც კიდევ როდემდეც შემიძლია ვეხმარები. სანამ ეს ხალხი ბაღში იქნებიან, ყველანაირად გვერდში დავუდგები” – ამბობს ბაღის გამგე.

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2011წლის 1 იანვრიდან საბავშვო ბაღები ვაუჩერულ სისტემაზე გადაიყვანა. ,,ქართლის ხმას” ხელთ აქვს გორის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ მიღებული განკარგულება, სადაც საუბარია ზოგიერთი არასამეწარმეო იურიდიული პირის დაფინანსების შესახებ.

განკარგულებაში ვკითხულობთ:

ა). იმ საბავშვო ბაგა-ბაღში სადაც ბავშვთა რაოდენობა 1-დან 25 ბავშვის ჩათვლითაა – თითოეულ ბავშვზე 33 ლარი თვეში.

ბ) იმ საბავშვო ბაგა-ბაღში, სადაც ბავშვთა რაოდენობა 26-დან 50 ბავშვის ჩათვლითაა – თითოეულ ბავშვზე 32 ლარი.

გ) იმ საბავშვო ბაგა-ბაღში, სადაც ბავშვთა რაოდენობა 51-დან 75 ბავშვის ჩათვლითაა, თითოეულ ბავშვზე – 29 ლარი თვეში.

დ.) იმ საბავშვო ბაგა-ბაღში, სადაც ბავშვთა რაოდენობა 76-დან 100 ბავშვის ჩათვლითაა – თითოეულ ბავშვზე თვეში 28 ლარი.

ე) იმ საბავშვო ბაგა-ბაღში, სადაც ბავშვთა რაოდენობა 101-დან 125 ბავშვის ჩათვლითაა – თითოეულ ბავშვზე 26 ლარი თვეში.

ვ) იმ საბავშვო ბაგა-ბაღში, სადაც ბავშვთა რაოდენობა 126 ან მეტი ბავშვია – თითოეულ ბავშვზე 25 ლარი თვეში.

საკრებულოს თავმჯდომარე ზვიად ხმალაძე აღიარებს, რომ მანამდე საბავშვო ბაღების დაფინანსება ხორციელდებოდა უსამართლოდ. ,,ადრე რამდენიმე საბავშვო ბაღში ბავშვების ერთნაირი რაოდენობის პირობებში სხვადასხვა რაოდენობის დაფინანსება ჰქონდათ, რაც არ იყო სწორი. ახლა დაფინანსება სწორედ ბავშვების რაოდენობის მიხედვით მოხდება” – აცხადებს ზვიად ხმალაძე.

გორის საკრებულომ შემდეგი გარემოებაც გაითვალისწინა. თუ რომელიმე საბავშვო ბაღში ბავშვთა რაოდენობა იქნება 10, გეგმით გათვალისწინებული 330 ლარისა, მიეცემა 495 ლარი. ,,ქართლის ხმამ” ჯერ-ჯერობით ვერ გადაამოწმა არსებობს თუ არა ასეთი მცირე კონტინგენტის მქონე საბავშვო ბაღი. ბავშვთა რაოდენობა მრგვალდება 5 ერთეულამდე. თუკი საბავშვო ბაგა-ბაღში ბავშვთა რაოდენობა არის 21, მათი რაოდენობა მრგვალდება 25 ბავშვამდე და შესაბამისად ხდება კუთვნილი ვაუჩერის ოდენობის გათვლა.

ნესტან სადაღაშვილი, თამარ კაჯილაშვილი

ფოტო: გადაღებულია დედის, ირინა წიკლაურის თანხმობით.

Advertisements
კატეგორიები:სტატიები
  1. კომენტარები ჯერ არ არის.
  1. No trackbacks yet.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: