მთავარი > სტატიები > აქტიური მოქალაქეების მიერ გამოკვეთილი პრობლემები შიდა ქართლში

აქტიური მოქალაქეების მიერ გამოკვეთილი პრობლემები შიდა ქართლში


გორის, კასპის, ქარელის და ხაშურის მუნიციპალიტეტების საქმიანობას, ,,ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” და სამართლიანი არჩევნების რეგიონული კოორდინატორების დახმარებით, აქტიური მოქალაქეები მონიტორინგს უწევენ. მათი  მუშაობის შედეგები დღეს 28 იანვარს პრესკონფერენციაზე ,,ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” გორის ოფისში წარმოადგინეს. ჟურნალისტებს ის კონკრეტული ამოცანები გააცნეს, რომლებიც სწორედ აქტიური მოქალაქეების წყალობით ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს წერილობით წაუყენეს.,,ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” გორის ოფისის ხელმძღვანელის ქეთევან ბებიაშვილის თქმით,  გამოკვეთილ პრობლემებთან დაკავშირებით, საზოგადოების წარმომადგენლების მიერ შესაბამისი წერილები უკვე გაეგზავნა გამგეობებს.

,,მინდა უბრალოდ აღღნიშნო, თუ რა პრობლემები იქნა საზოგადოების მიერ გამოკვეთილი და რაზე მივმართეთ ადგილობრივ თვითმართველობებს. კასპში ეს არის სოფელ ზემო რენეს დაწყებითი სკოლის შენობისთვის ფართის გამოყოფა და მისი რეაბილიტაცია. ფაქტობრივად, სკოლა არის ერთ ოთახში  და შენობა არის ძალიან ცუდ მდგომარეობაში. ამიტომ ალტერნატივის თვალსაზრისით ჩვენ გვაქვს მსჯელობა ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან.” – განაცხადა ქეთი ბებიაშვილმა.

როგორც პრესკონფერენციაზე განაცხადეს, ქარელის მუნიციპალიტეტში დადგა საკითხი სოფელ ბრეთის მიმართულებით ტრანსპორტის მარშუტის გაზრდასთან დაკავშირებით. ხაშურში გამოიკვეთა პრობლემა სოფელ  დიდი ფლევის წყალმომარაგებასთან დაკავშირებით.

მონიტორებმა დააკონკრეტეს, რომ ხაშურის რაიონის ამ სოფელში მილები ნაყიდია  და მხოლოდ მცირე სამუშაოებია ჩასატარებელი. რაზედაც ისინი აპირებენ შესაბამის საადვოკაციო შეხვედრის ჩატარებას ადგილზე.

რაც შეეხება გორის რაიონს, პროექტში ჩართული საზოგადოების მიერ გამოიკვეთა ერთ-ერთი პრობლემა, რომლის მოგვარება არ საჭიროებს ძალიან დიდ დროს და  ლოკალურად არის მოსაგვარებელი. ესაა სოფელ კარბისა და მერეთის სკოლამდე არსებული გზის საფარის რეაბილიტაცია-დაგება.

,,ძალიან მცირე მონაკვეთია, რომელსაც აღნიშნული რეაბილიტაცია ესაჭიროება და შესაბამისად ამაზე გვაქვს შეტანილი განცხადება. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით თვითმმართველობა დიალოგზე მოდის. შესაბამისად  ჩვენ ველოდებით ყველა ამ მიმართულ განცხადებასთან დაკავსირებით, მოსახლეობისათვის სათანადო პასუხების გაცემას და თებერვლის თვეში უკვე ვგეგმავთ შესაბამის მრგვალ მაგიდებს, სადაც დაესწრება საზოგადოება. ეს მრგვალი მაგიდა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ტარდება ადგილობრივ თვითმმართველობასთან ერთად. ვიმედოვნებ რომ მოლაპარაკება შედგება და მოხდება გარკვეული ნაბიჯების გადადგმა, იმიტომ რომ ყველა აღნიშნული საკითხი გარკვეულწილად არის დაკავშირებული ადგილობრივ ბიუჯეტთან.  შესაბამისად უნდა ინახოს გარკვეული რესურსი და თუ არ არის რესურსი, უნდა ითქვას, თუ რა არის  აღნიშნულთან მიმართებაში გასაკეთებელი –  ამაზე გვექნება მსჯელობა.” – ამბობს ქეთი ბებიაშვილი.

პროექტის ავტორებს მიაჩნიათ, რომ  ეს არის ძალიან კარგი მაგალითი, თუ როგორ შეიძლება თვითმმართველობასთან ერთად, საზოგადოების და თვითმმართველობის ურთიერთთანამშრომლობით,  გარკვეული საკითხების გადაწყვეტა. ეს არის გარკვეული პრეცენდენტი და მაგალითი ყველა ადამიანისათვის რომ მათ აქტიურობას აქვს გარკვეული ძალა. მათ უნდა ჰქონდეთ განცდა იმისა, რომ მათი მცდელობა არ ჩაივლის ურიგოდ. უბრალოდ ამას სჭირდება სწორი მიზანმიმართული ნაბიჯების გადადგმა და სამოქალაქო რეგულაცია.

სხვათა შორის,  ნოემბრის თვეში ყველა მუნიციპალიტეტში არამარტო შიდა ქართლში, ასევე  სამცხე ჯავახეთში, ,,ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის”  წევრებმა  ჩაატარეს ტრენინგები  ბიუჯეტირების პროცესთან მიმართებაში და გაამახვილეს ყურადღება მოსახლეობის ჩართულობის  აუცილებლობაზე, გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოსახლეობის ჩართვაზე.

,,კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ,  რომ გორის მუნიციპალიტეტი არის ერთ ერთი რომელმაც გადადგა ნაბიჯი და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართო უშუალოდ მოსახლეობა. მაგრამ  ბევრი საკითხი არის, რომელიც დახვეწას საჭიროებს და პრობლემები რჩება. ზოგადად აღსანიშნავია პრობლემები – ინფორმაციის საჯაროობის და სხდომებზე დასწრების თვალსაზრისით.” – ითქვა შეხვედრაზე.

ქეთევან ბებიაშვილმა ისაუბრა ასევე იმ წინასამუშაო პროცესზე, როდესაც მათ აქტიურ მოქალაქეებს გარკვეული სახის ტრენინგები ჩაუტარეს. სურვილის მიხედვით შეირჩა ასეთი ტიპის ადამიანები, რომლებიც საზოგადოების პრობლემატიკაზე მუშაობენ.

,,მოქალაქეები არიან ასევე მონიტორები, რომლებიც საზოგადოების პრობლემატიკაზე მუშაობენ. მათი მოძიებული ინფორმაცია ჩვენთან ყოველთვიურად გარკვეული ანგარიშის ფორმის სახით არის წარმოდგენილი და, შესაბამისად, აქტიური მოქალაქის მიერ მოძიებული ინფორმაციის საფუძველზე, გამოიკვეთა აღნიშნული პრობლემატიკა. იყო ასევე გასვლები ადგილებზე. პრობლემების გამოკვეთა  ყველა მუნიციპალიტეტში – კასპში ქარელში, ხაშურში და გორიც მოხდა.” – აცხადებს ქეთევან ბებიაშვილი.

სამართლიანი არჩევნების კასპის რაიონული ორგანიზაციის კოორდინატორი ირმა კიტრიაშვილი აღნიშნავს, რომ ურთიერთთანამშრომლობის ფორმები გარკვეულწილად დაიხვეწა:

,,კასპში აქტიურმა მოქალაქეებმა საკმაოდ შედეგიანად იშრომეს და იმუშავეს. პირველ ეტაპზე მივაღწიეთ იმას რომ საკრებულოს სხდომაზე მოგეხსენებათ რა რთული იყო მოხვედრა. რთული იყო ასევე ინფორმაციის მიღება იმის თაობაზე,  რომ ტარდება სხდომა. ახლა კი ხელისუფლების წარმომადგენლებმა უკვე იციან, რომ სხდომას ესწრებიან აქტიური მოქალაქეები” – ამბობს ირმა კიტრიაშვილი.

,,ეს ადამიანები უბრალოდ არიან მაგალითი სხვებისთვის, რომ მათ მსგავსად სხვებსაც აქვთ ამის უფლება. კერძოდ, დაესწრნონ სხდომებს, გამოითხოვონ მათთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით საჯარო ინფორმაცია; როგორ უნდა დაწერონ განცხადება და მიიღონ ინფორმაცია. ეს არის სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების კუთხით გადადგმული ნაბიჯი. ეს აქტიური მოქალაქეები ჩვენს ორგანიზაციასთან ორგანიზაციულად დაკავშირებულები არ არიან. ისინი არიან ჩვეულებრივი რიგითი ადამიანები, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. მათ გვერდით არიან ახლობლები, მეზობლები, ნათესავები, ანუ ფართო საზოგადოება იშლება. ეს კი იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ამ პროცესში ძალიან ბევრი ადამიანია ჩართული” – ასკვნის ქეთევან ბებიაშვილი.

Advertisements
კატეგორიები:სტატიები
  1. No comments yet.
  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: