მთავარი > სტატიები > რა მასალები დააძველა საყვარელიძემ ,,მტკვარი M” დირექტორის წინააღმდეგ

რა მასალები დააძველა საყვარელიძემ ,,მტკვარი M” დირექტორის წინააღმდეგ


დავით მუჯირიშვილი გორის გამგეობის შენობაში

,,ქართლის ხმა”, ჯერ კიდევ 2008 წლის აპრილის თვეში, შიდა ქართლის მაშინდელ პროკურორის დავით საყვარელიძის სახელზე შესულ იმ საჩივრებზე წერდა, რომლებიც გორის რაიონის სოფლების – ყელქცეულის, ფხვენისის და შინდისის მოსახლეობამ სამელიორაციო სამსახურის უფროსის დავით მუჯირიშვილის წინააღმდეგ დაწერა. ამ ხნის განმავლობაში პროკურორმა საყვარელიძემ ისე დატოვა შიდა ქართლი და გადავიდა მთავარ პროკურატურაში, რომ მოსახლეობის შეტანილ საჩივრებზე გამოძიებაც არ უწარმოებია. იმ დროს, როდესაც სახელისუფლებო მედია კოკოითს, სარწყავი არხის გადაკეტვის გამო, დღესაც, პროპაგანდისტული რიტორიკით ადანაშაულებს, გორის რაიონის სოფლების მოსახლეობის მიმართ ,,მტკვარი ემ”-ის მიერ განხორციელებულ ქმედებებზე ხმას არ იღებდა.

2011 წლის 9 თებერვალს, მთავარი პროკურორის მოადგილემ დავით საყვარელიძემ საგანგებო ბრიფინგი გამართა და საქართველოს მოსახლეობას, სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომლების, მათ შორის ,,მტკვარი ემ”-ის დირექტორის დავით მუჯირიშვილის დაკავების შესახებ ამცნო. ჩვენ გთავაზობთ იმ სტატიებს, რომლებიც ,,მტკვარი ემ”-ის ქმედებების შესახებ რამდენჯერმე გამოვაქვეყნეთ. სოფელ ყელქცეულის მოსახლეობამ მუჯირიშვილს პოემაც მიუძღვნა.

სტატია #1. (http://www.humanrights.ge/index.php?a=main&pid=7088&lang=geo)

გორელი გლეხები “მტკვარი ემ”-ს უნდობლობას უცხადებენ

08.04.2008
გორის რაიონის სოფლები წყლის გარეშეა დარჩენილი. ხალხი ხელისუფლებას მოუწოდებს სასწრაფოდ შეწყვიტონ გაპიარებული არხების რეაბილიტაცია და წყალი დროულად გამოუშვან. ამ ეტაპზე სოფელში მსხვილფეხა პირუტყვისთვის დასალევი წყალი არ არის. არხები დამშრალია იმ მოტივით, რომ მისი რეაბილიტაცია მიმდინარეობს. მოსახლეობა ხელისუფლების ამ ქმედებას წინასაარჩევნო კამპანიას უწოდებს. იმ შემთხვევაში, თუ უახლოეს დღეებში არხებში წყალი არ გავა, სოფლებში შიმშილობაა მოსალოდნელი. აქამდე არც ჯეჯილია მორწყული, არც ხეხილი. სადმე ხანძარი რომ გაჩნდეს, არც მისი ჩასაქრობი წყალი იქნება სადმე.

გორისა და ქარელის რაიონის 70-ზე მეტი სოფელი ცხინვალიდან მომავალი ტირიფონისა და სალთვისის არხებით ირწყვება. ორივე არხს სათავე ქალაქ ცხინვალში აქვს. ცხინვალიდან ქართველების კონტროლირებად ტერიტორიამდე 5 კმ სიგრძის არხი მთლიანად გასაწმენდია. იმ დროს როდესაც ქართული მხარე აცხადებდა, რომ სარწყავ არხებში წყალი იმიტომ არ არის იმდენი, რომ ოსები არხების გასაწმენდად ცხინვალში არ გვიშვებენო, ყველაზე მეტი ნაგავი და ტალახი ქართულ სოფლებზე გამავალ არხში ეყარა. თუმცა საქართველოს მთავრობამ წელს დაიწყო ამ არხების გამწმენდი სამუშაოები, თანაც იმ დროს, როდესაც არხის გამწმენდი სამუშაოები თებერვალში უკვე დასრულებული უნდა ყოფილიყო. არხებში უკვე წყალია ჩამდგარი და მისი ხარისხიანად გასუფთავების იმედი გლეხებს არა აქვთ.
ქართულმა მხარემ დე-ფაქტო მთავრობასთან 2008 წლის 5 აპრილს მიაღწია შეთანხმებას, რომ ცხინვალიდან გამომავალი სალთვისის სარწყავი არხის გამწმენდი სამუშაოები ჩატარდეს. 6 აპრილს მხარის რწმუნებულმა ლადო ვარძელაშვილმა, სამშვიდობო ძალების სარდალმა მამუკა ყურაშვილმა, შპს ,,მტკვარი ემ”-ის წარმომადგენლებმა ერგნეთის საგუშაგოდან არხის გამწმენდი ტექნიკა გააცილეს და მშვიდობიანი მუშაობა უსურვეს.
სამაგიეროდ, ოსურმა მხარემ მოითხოვა ქართული მხარის მიერ გადაკეტილი გზის გახსნა. ეს პირობა ქართულმა მხარემ შეასრულა.
როგორც ვთქვით, ცხინვალში მდებარე არხის გამწმენდ სამუშაოებს კერძო კომპანია ,,მტკვარი ემ”-ი ჩაატარებს. ეს ის კომპანიაა, რომლის მიმართ აუარებელი საჩივარი არსებობს ყველა ინსტანციაში.

,,მტკვარი ემ“-ის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სარწყავი არხების სარეაბილიტაციო სამუშაოები 1 მაისამდე დასრულდება. მანამდე ხეხილიც გახმება და ჯეჯილიც. 2008-2009 წლის ზამთარს შიდა ქართლელი გლეხები მოსავლის გარეშე დარჩენას წინასწარმეტყველებენ. შესაბამისად, რამდენიმე დღის წინ ჩამოსული სახელმწიფო მინისტრის რეგიონულ საკითხებში დავით ტყეშელაშვილის პირობა, თითქოს წელს გორის და მიმდებარე რაიონების მოსახლეობა სიღარიბეს დაძლევს, ეჭვქვეშ დგას.
ჯერ კიდევ 2007 წლის 16 მაისს გორის რაიონის სოფელ შინდისის საკრებულოში შემავალმა სოფლების მოსახლეობამ ოლქის პროკურორს წერილი მისწერა. წერილის შინაარსი ასეთია:

,,ფხვენისს და ჩვენი საკრებულოს სხვა სოფლებს, მერვე თვეა, რაც შპს ,,წყალთა რეგიონულმა სამმართველომ, რომლის არსებობა სოფელში რამდენიმე კაცმა ამ დღეებში გაიგო, თვითნებურად გადაუკეტა ერთადერთი და წინა საუკუნეში ჩვენი სოფლის მნიშვნელოვანი მონაწილეობით გამოყვანილი დიდი ლიახვის სარწყავი წყალი. ამის გამო ვერ ჩავატარეთ დღემდე აუცილებელი, აგროტექნიკით გათვალისწინებული სამ-სამი რწყვა და წამლობა ხეხილის ბაღებში.
ასევე ჩაგვიშალეს ვენახების, ბოსტნეულის, სანერგეების, საძოვრების, ახლადგაშენებული ნარგაობების, ხნულების, ჯეჯილების, სათიბების რწყვა, პესტიციდების შეტანა, დაშრა სოფლის ნაკადულები, მწყურვალე დარჩა პროდუქტიული და მოზარდი პირუტყვი, შინაური ფრინველი, ფუტკარიც კი, სოფელი უწყლო უდაბნოს დაემსგავსა, გაიზარდა ხანძრების საშიშროება, ერთმა მოსახლემ ხანძრის ჩასაქრობად ქელეხში მიტანილი წყალიც ითხოვა…
…გთხოვთ, სასწრაფოდ შეისწავლოთ საქმის ვითარება ადგილზე და პასუხი მოსთხოვოთ მოსახლეობისათვის ამდენი ხნის განმავლობაში სარწყავი წყლის თვითნებურად, მტრულად გადამკეტავებს, მის ყველა მუშაკს, რომლებმაც  მარტო ჩვენი, 450-მდე კომლიანი, სოფლის მოსახლეობას ამ ანტიხალხური და ანტისახელმწიფოებრივი ქმედებით ასეული ათასობით ლარი აზარალეს, უსპობენ  ოჯახების სარჩო-საბადებელს, აყენებენ უდიდეს მორალურ ზიანს, შეურაცხყოფენ მის ადამიანურ უფლებებს და ისე უსაფუძვლოდ აწუხებენ პოლიციაში სიარულით, ატყუებენ მას, ზემდგომებს, ქვეყანას. მათ ამასწინდელი ჩვენი ადგილობრივი პროტესტის საპასუხოდ ცინიკურად 12 მაისიდან სოფელში ცოტა წყალი გამოუშვეს, ალბათ, დროებით მოსაჩვენებლად და კვლავ დაკეტეს.

პატივცემულო პროკურორო, ჩვენს სოფელს, მართლაც და დიდი მოთმინება ჰქონია რომ ასეთ მტრობას იტანს. ასევე გთხოვთ, მოკლე ხანში მოგვცეთ სარწყავი წყლის გამოყენების საშუალება, რათა მინიმალური მოსავალი მაინც მივიღოთ, ხოლო შპს-მ ხალხს აუნაზღაუროს მიყენებული ზარალი”.

შპს ,,მტკვარი ემ”-ის დირექტორი დათო მუჯირიშვილი ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ 1 მაისიდან გლეხებს წყლის პრობლემა აღარ ექნებათ, ხოლო დანარჩენი პრეტენზიები უსაფუძვლოა. ფხვენისელი, შინდისელი, ყელქცეულელი, რუისელი და სხვა სოფლის მაცხოვრებლები ითხოვენ წყალთა სამმართველოს ხელმძღვანელის შეცვლას, რადგან დიდი ალბათობაა, რომ მუჯირიშვილთან ურთიეთობა შარშანდელის მსგავსად კონფლიქტში გადაიზარდოს, ხოლო წყლის განაწილების დროს გლეხები ერთმანეთს თოხებით და ბარებით დაერივნონ.
სტატია #2 –

 

,,მტკვარი-ემ” სარწყავი წყალი შუა გვალვაში გადაკეტა

22.07.2010
საბა წიწიკაშვილი
გორის რაიონის სოფლებში: ხიდისთავი, უფლისციხე, ქვახვრელი და დოესი შპს ,,მტკვარი ემ”-ს   სარწყავი წყალი ორი კვირის განმავლობაში გადაკეტილი ჰქონდა. ,,მტკვარი-ემ“-ის ხელმძღვანელობა ამბობს, რომ ამ პერიოდში წყალი თავისით დაშრა.
,,ადამიანის უფლებათა ცენტრის” გორის ოფისის მიერ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, ,,მტკვარი ემ”-მა სოფლებს წყლის მიწოდება აღუდგინა.
გოგი მირუაშვილი, სოფელი ქვახვრელი: ,,ასეთ დროს წყლის ჩაკეტვა დანაშაულის ტოლფასია. გვალვისას, ორი კვირის განმავლობაში არ მოდიოდა არხში წყალი. ,,მტკვარი-ემ“-მა გადაკეტა, რადგან თურმე მათ მიერ დაწესებულ ახალ გადასახადს არ ვიხდიდით”.
გორის წყალსამმართველოს ასოციაციის თავმჯდომარე დავით მეჩითიშვილი ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ მართლაც ორი კვირის განმავლობაში კომპანია ,,მტკვარი ემ”-ს სარწყავი სისტემა გადაკეტილი ჰქონდა.
,,საკმაოდ ხმამაღალი საუბარი მქონდა მათთან და უნდა გითხრათ, რომ მათი პოზიცია  მიუღებელია. ერთ მეასედზე  ერთ ლარს ითხოვენ, მაშინ როდესაც ოფიციალურად დაფიქსირებულია, რომ ერთ მეასედზე 0,75 ლარია გადასახდელი”, – ამბობს დავით მეჩითიშვილი.
ჩვენ დავუკავშირდით კომპანია ,,მტკვარი ემ”-ის დირექტორს დავით მუჯირიშვილს. მან კატეგორიულად უარყო ის ფაქტი, რომ მტკვრის მარცხენა სანაპიროს ქართულ სოფლებს სარწყავი წყალი გადაეკეტა.
,,მაგ სოფლებში წყალი  თვითდინებით მიდის მტკვრის სანაპიროდან. აღნიშნულ პერიოდში მტკვრის დონე დაკლებულია და შესაბამისად, არხში საკმაოდ ცოტა რაოდენობის წყალი მიედინებოდა. სწორედ ამან გამოიწვია უწყლობა ამ სოფლებში”, – ამბობს დავით მუჯირიშვილი.
თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ მტკვარში წყლის დონე ახლაც დაბალია, წყალი სოფლებს ამჯერად უკვე უპრობლემოდ მიეწოდება – თუ როგორ ამაზე  დავით მუჯირიშვილს პასუხი არ აქვს.
და ბოლოს, გთავაზობთ იმ ხალხურ ლექსს, რომელიც დავით მუჯირიშვილს სოფელ ყელქცეულში დაუწერეს:
ქართლში მოფუძნე შეპესეს
მუჯირიშვილი დათოსი
სარწყავი წყალის შხეფებზე
შეუჩნდა ფულის პათოსი
იფიქრა – ნადავლს ნახავდა,
სად ხაშურ-ქარელ-გორია;
როგორც ამბობენ: ,,ბრმა ქათამს
ყველგან საკენკი ჰგონია”.
შეპესეს შეგირდ ამქრები
ალბათ, ასოცი კაცია,
ჰგავს ბეგარების ამკრეფი
რაღაც ასოციაცია.
რასაც აქვს ვალდებულება;
დაბეგვრის ეგზეკურება
არარა რა დებულება,
არცა რა – ხელშეკრულება!
შეპესეს სულ არ ეხება
გარანტიები, წესრიგი,
სარწყავ რუებთან გლეხებმა
ბევრჯერ გამართეს წელს რინგი!
ფულს ითხოვს ძალით, საჩქაროდ,
სჭირს მისი ციებ-ცხელება,
გინდ ერთმანეთიც დაჭამონ
წყალზე დავაში მრწყველებმა.
დაყრდნობით მფარველ შხეფებზე
დათო გადიქცა ბატონად,
ფხვენისის არხსაც შეპესე
დრაკონად დაეპატრონა.
მუდამ შაშზე სვამს კამათელს,
კრესლო მოირგო ჯერ რბილი
და არხზეც უცებ გამართეს
იაფი საკეტ-ჯებირი.
ოქტომბერს დრაკონ-ურჩხული
არხის თავს დაჯდა, დაკეტა.
ნურც ბაღ-ნათესი, ნურც ხნული
მორწყონო – გასცა დაკვეთა.
ხის ფოთოლთ არც ცა ორთქლავდა
კვირტებში ჩაჭკნა ყვავილი,
გულს კლავდა გაბმულ მოთქმა და
მწყურვალ პირუტყვთა ბღავილი.
ხალხი კვლავ შფოთავს გამწყრალი,
ეს წყრომა ზღვაში წვეთია.
ჯერ შვიდ თვეს წყალი სარწყავი
არავის დაუწყვეტია.
სოფელში გაჩნდა ხანძარი
სტიქია რამ საპანიკო.
ხელთ შერჩათ ბინა დამწვარი,
წყალი რომ არსად არ იყო.
დათოს დუხჭირი ყოფითი
არ გაეგება, ვერ ზომავს.
არარად აგდებს კონფლიქტის
მიდამოებს და ცხელ ზონას.
არც ხალხი სწამთო, არც ღმერთი, –
თურმე რუისი მწურალობდა.
სოფელს რომ დიდ რუს დაწყვეტით
წყლებიც დაუშრა წყაროთა.
ფხვენისმა წყალის სათხოვრად
ურჩხულს მიმართა გულჩვილმა,
გაღმა სადავოდ დათომ ამ
სოფლის მკვიდრებს უჩივლა.
დასმენილ 7 კაცს უცოდველს
აწვნიეს ლამის საკანი,
თუმცა არაფერს უწყოდნენ –
სად იყო დავის საგანი.
თავის დაზღვევად იჩივლა,
თითქოს ის ბრალი არ არი,
შეპესემ მუჯირიშვილმა
სოფელს რას მისცეს ზარალი.
რაზედას სოფლის უსტარი
ადარეს კატის კნავილსა,
ხალხის ბრალდება უმცდარი –
იგავს მგლისა და კრავისა.
გლეხს წელი უჟმურ-ჟამური
უდგას, აწვნიეს ბრიყვი დრო,
ამბობს, წყალიო მამულის
დათოსგან როგორ ვიყიდო.
როცა მსურს, დავასტაბილო,
დავცეო ფასი საზარი.
კილოს ექვს ლარად სტაფილოს
არ გვიფასებდეს ბაზარი.
აღარ გვიმტკიცონ, თუ თითო
ჰექტრისა რაც ღირს რწყვა მინდვრის,
იმას ზღავთ ერთი ყუთითო
იქ მოწეული პამიდვრით.
მსგავსი აზრები არც მიკვირს
ტელეთერში ნათქვამი,
თუთიყუშისა და ჩხიკვის
ხმებად მიმოფენს მათ ქარი.
ვიღაცა ცინიზმ-ხითხითის
ხასიათს ლესავს, არა და
ერთ ყუთ პომიდორს ვით ჰყიდის
ფხვენელი დღეს ას ლარადა?
ასე განმსჯელი პარლამენტს
ჰყოლია, ღმერთმა არასდროს
მივცემთ არა ას, არამედ
ხუთ ლარად ერთ ყუთ პომიდორს.
პრეზიდენტს, ფხვენისს გამავალს
თურმე ელოდა დათო და
აფრინა შიკრიკთ ამალა.
არხები გახსნეს ფართოდა.
მანამ ლიახვში მიუშვეს
წყალი სულ ყველა არხიდან
ერთ დღეში მათსავ სიურჩეს
ისევა ჰგმობდა ხალხი და
მჯერა, შეასმენს მათ ყურებს
მართლის მოყვარე მეპრესე
რათა თქვას როგორ ატყუებს
ქვეყანას არხთა შეპესე.”
2007 წელი, ფხვენისელები
კატეგორიები:სტატიები
  1. ზურა
    February 10, 2011 at 6:59 am

    ,,ცისკარას” კინოს მაგონებს…….

  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: