მთავარი > ახალი ამბები, ჟურნალისტური გამოძიებები > საკრებულოს თავმჯდომარე ,,ფასადების” აფიორაში

საკრებულოს თავმჯდომარე ,,ფასადების” აფიორაში


საკრებულოს თავმჯდომარე ზვიად ხმალაძე

ზვიად ხმალაძის გადასარჩენად  მასთან ,,დაახლოებული” ენჯეობის წარმომადგენლები  ,,დარბაზობას” ქმნიან

საბა წიწიკაშვილი (ჟურნალისტური გამოძიება)

გორში ,,ფასადების” ამბავს იხსენებენ. გუბერნატორად ზურაბ არსოშვილის დანიშვნის შემდეგ, შპს ,,იბერიას” ანგარიშზე  ბიუჯეტიდან 300 000 ლარის უსაფუძვლოდ გადარიცხვის ფაქტი ამოტივტივდა. აღნიშნულ კომპანიას საკრებულოს თავმჯდომარე ზვიად ხმალაძე ლობირებს. მან ეს ჩვენთან საუბარში ღიად თქვა.

2009 წელს გორის საკრებულომ შპს ,,იბერიას” 300 000 ლარი გადაურიცხა. კომპანიის მტკიცებით,  2005 წელს, ფასადების შეღებვისას, გორის ხელისუფლებამ საჭირო თანხა არ აანაზღაურა. სინამდვილეში ფასადების დამკვეთი ,,გორის განვითრების ფონდი” იყო და არა მუნიციპალიტეტი. ამ საქმეში ,,ეჭვმიტანილი” საკრებულოს თავმჯდომარე ზვიად ხმალაძეა. გუბერნიაში ფიქრობენ, რომ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ასეთი დიდი რაოდენობის თანხის გაცემა იმ კომპანიაზე, რომლის დამკვეთიც საკრებულო არ იყო, სისხლის სამართლის დანაშაულია. საკრებულოს თავმჯდომარის დასახმარებლად  ე.წ. ,,ენჯეოები” საზოგადოებრივი დარბაზის შესაქმნელად ერთიანდება, რომელსაც   რეგლამენტის მიხედვით, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდრომარე განკარგულების საფუძველზე ქმნის. ,,დარბაზი” ძირითადად ,,მესამე სართულის” (ადმინისტრაციული შენობაში მესამე სართულზე რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციაა)  წინააღმდეგ აპირებს გალაშქრებას, საიდანაც მათი თქმით, ზეწოლა ხდება თვითმმართველობაზე. ვინ გაიმარჯვებს ამ დავაში – არსოშვილი თუ ხმალაძე, ამას მომავალი გვიჩვენებს.

რაც შეეხება ფასადების ამბავს, ,,ქართლის ხმამ” აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჟურნალისტური მოკვლევა ჩაატარა.

საქმე იმაშია, რომ მას შემდეგ რაც გორის საკრებულოს თავმჯდომარედ ზვიად ხმალაძე ,,აირჩიეს”, (2007 წლის სექტემბერს, ირაკლი ოქრუაშვილის გუნდის წევრების დაპატიმრების დროს) შპს ,,იბერიამ” განცხადებით მიმართა გორის მუნიციპალიტეტის ახლად დაკომპლექტებულ გამგეობას, რათა თითქოსდა შპს ,,იბერიას” მიერ 2005 წელს შესრულებული სამუშაოების საზღაური  – 300 000 ლარი გადარიცხონ.  2005 წელს შპს ,,იბერიამ” ქალაქ გორში ფასადების სამღებრო სამუშაოები ჩაატარა. იმ დროინელი ადგილობრივი ხელისუფლების აზრით, შპს ,,იბერიამ” დაკისრებული ვალდებულება ვერ შეასრულა. ამის გამო ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა არ გადაურიცხეს. შპს ,,იბერიას” თანხის აღების შანსი 2007 წელს გაუჩნდა, როდესაც გორის ხელისუფლება შეიცვალა.

თანხის მიღების მოთხოვნით, შპს ,,იბერიას” ხელმძღანელმა ვინმე რევაზიშვილმა  გორის მუნიციპალიტეტის გამგეობას 2007 წლის ოქტომბერს მიმართა. მუნიციპალიტეტის იმ დროინდელმა გამგებელმა რამაზ ჩოჩიშვილმა მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და განცხადების ავტორები უარით გაისტუმრა.

ამის შემდეგ, საკრებულოს თავმჯდომარე ზვიად ხმალაძე გამგეობის აპარატის უფროსთან ალიკა მარიამიძესთან შევიდა და  თანხის გადარიცხვის საკითხზე გარიგება შესთავაზა. ალიკა მარიამიძემ მის კაბინეტში შესული საკრებულოს თავმჯდომარე ზვიად ხმალაძე კაბინეტიდან ხმამაღალი ყვირლით ,,დაითხოვა”. მისაღებში იმ დროს სწორედ ჩვენ ვიცდიდით და  სახეშეცვლილ ხმალაძეს თვალებში ,,ჩავხედეთ”. ამის შემდეგ, ჩვენ დეტალურად დავიწყეთ ამ საქმის გამოძიება და მეტად საინტერესო დეტალებს მივაგენით.

ზვიად ხმალაძემ გვითხრა:  ,,გორის მთავრობა ,,იბერიას” თანხას არ უხდიდა. დღეს ისინი თანხას ითხოვენ და გეკითხებით, არ ეკუთვნის?!“,  – გვეუბნება ხმალაძე.

შპს ,,იბერია”-ს კვალს ზვიად ხმალაძესთან მივყავართ. რა ინტერესი იყო, რომ გორის ცენტრალური, სტალინის სახელობის ქუჩა  2005 წელს თბილისელ „მალიარებს“ შეეღებათ? ხომ არ იყო აქ თბილისის მერის, მისი კეთილმოწყობის სამსახურის ან დავით ტყეშელაშვილის ნათლიმამის ზვიად ხმალაძის ინტერესი? რატომ არ უნდა შეეღებათ გორის ფასადები გორელ მშენებლებს?

2005 წელს, როდესაც ამ კორპუსების შეღებვა დაიწყო, ჩვენ სამუშაოების შემსრულებელი ორგანიზაციის ძებნა დავიწყეთ.  ხელთ გვაქვს 2005 წელს გორის გამგებლის კოტე თავზარაშვილის, რაიონის გამგებლის ნუკრი პაპუნაშვილის და მხარის გუბერნატორის მიხეილ ქარელის აპარატის უფროსების პასუხები, რომლებიც გვწერდნენ, რომ არ იცოდნენ ვინ ღებავდა ფასადებს…

გორის გამგეობის აპარატის კაბინეტში მომხდარი ინციდენტის შემდეგ გავარკვიეთ, რომ  2005 წელს სტალინის ქუჩაზე ფასადების შეღებვა კერძო კომპანია შპს ,,იბერიას” დაავალა არა რაიონის და ქალაქის გამგეობამ, არამედ ,,გორის განვითარების ფონდმა”. გორის განვითარების ფონდი კი 2005 წლიდან ლიკვიდირებულია.

,,ქართლის ხმამ” იმ პერიოდში აპარატის უფროსთან ალიკა მარიამიძესთან გასაუბრება მოახერხა, მისგან შევიტყვეთ, რომ საკრებულო ცდილობდა გამგეობის დარწმუნებას იმაში, რომ შპს ,,იბერიის” მოთხოვნა დაკმაყოფილებულიყო. ,,ჩვენ ვუთხარით, რომ მსგავს გარიგებაში არ შევიდოდით, რის სანაცვლოდ ,,იბერიას” შეეძლო სასამართლოში ეჩივლა. ახალი შემოთავაზებით კი გამგეობა არც სასამართლოში უნდა შეწინააღმდეგებოდა ,,იბერიას”, რომლის დაშვება ჩემის მხრიდან შეუძლებელი იყო” – გვითხრა მაშინ აპარატის უფროსმა ალიკა მარიამიძემ.  აღნიშნული ინციდენტიდან ცოტა ხანში, გორის გამგებელი რამაზ ჩოჩიშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლეს, რომელსაც აპარატის უფროსი ალიკა მარიამიძეც მიჰყვა. ამის შემდეგ, შპს ,,იბერია:”-მ ისე მოიგო სარჩელი სასამართლოში, რომ გორის გამგეობის იურისტი არც კი ესწრებოდა სხდომებს. საკრებულომ  შპს ,,იბერიას” 300 000 ლარი გადაურციხა.

რას წარმოადგენს შპს ,,იბერია“?

2007 წლის 8 ოქტომბერს გორის სასამართლოში გორის მუნიციპილიტეტის წინააღმდეგ შპს ,,იბერიის“ დირექტორის ზურაბ რევაზიშვილის სარჩელი შევიდა.
შპს ,,იბერიას” იურიდიული მისამართია: თბილისი, ფანასკერტელის 20, ფაქტიური მისამართი კი – საბურთალოს ქ. 33/14. სასარჩელო მოთხოვნაში შპს ,,იბერია“ ითხოვს, რომ გორის მუნიციპალიტეტის გამგეობას გორში, სტალინის ქუჩაზე მდებარე 20 საცხოვრებელი კორპუსის ფასადების სარემონტო სამუშაოების ღირებულების 307 912 ლარი და სახელმწიფო ბაჟის 9 237 ლარის გადახდა დაეკისროს. სულ მთლიან თანხას 317 149 ლარი შეადგენს.

ჩვენ ყურადღება მივაქციეთ სასარჩელო განცხადების ადრესატს. სასარჩელო განცხადებაში შპს ,,იბერია” გორის სასამართლოს თავმჯდომარეს ბონდო ვათიაშვილს მიმართავს, მაშინ როდესაც სარჩელის შეტანის დროს ბონდო ვათიაშვილი უკვე ერთი თვის განთავისუფლებული იყო.

ვათიაშვილი გორის სასამართლოდან 2007 წლის 13 სექტემბერს გაუშვეს. სარჩელი კი 8 ოქტომბერს შევიდა. ჩნდება ეჭვი, რომ შპს ,,იბერიას“ დირექტორს საჩივარი ბონდო ვათიაშვილის თავმჯდომარეობის პერიოდში ჰქონდა გამზადებული. ვათიაშვილის ,,იმედი“ ყოველთვის ჰქონდათ სხვადასხვა მოსარჩელეებს, მითუმეტეს, ხელისუფლებასთან დაახლოებულებს. 8 ოქტომბერს სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობას მამია ფხაკაძე ასრულებდა. ფაქტია, სხვის სახელზე შეტანილი განცხადება მამია ფხაკაძემ უპრობლემოდ მიიღო.
2005 წლის 6 ივლისს შპს ,,იბერიასა” და გორის რაიონის განვითარების ფონდს შორის (რომლის მაშინდელი დირექტორი შპს ,,ახალ ბაღის“ დირექტორი, რამაზ ცაციაშვილი იყო) დაიდო ხელშეკრულება ქ. გორში სტალინის ქუჩაზე მდებარე 20 საცხოვრებელი კორპუსის ფასადების სარემონტო სამუშაოების წარმოებაზე.

ხელშეკრულების შესაბამისად, როგორც მოსარჩელე მიუთითებს, გაწეული სამუშაოების ჯამურმა ღირებულებამ შეადგინა 450 417 ლარი, მხარეებს შორის საბოლოო ანგარიშსწორება სამუშაოების შესრულების შემდეგ შედგენილი საბოლოო ხარჯთაღრიცხვისა და სამუშაოთა შესრულებაზე მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერიდან 2 საბანკო დღის განმავლობაში უნდა მომხდარიყო.

როგორც შპს ,,იბერიას” დირექტორი ზურაბ რევაზიშვილი სარჩელში უთითებს, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ძირითადი სამუშაოები 2005 წლის ნოემბერში დასრულდა. ხოლო დანარჩენი სამუშაოები დღეის მდგომარეობით, სრულადაა დასრულებული

შპს ,,იბერია” აცხადებს, რომ ,,გორის რაიონის განვითარების ფონდმა”, შესასრულებელი სამუშაოების დაწყების წინ, მხარეთა შორის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, შპს ,,იბერიას” ანგარიშზე 2005 წლის 8 ივლისს ავანსის სახით 140 000 ლარი გადარიცხა, ხოლო გადასახდელი 307 912 ლარი დარჩა.

პირველი აფიორა

როგორც საქმის მასალებიდან ჩანს, შპს ,,იბერია” გორის განვითარების ფონდის დირექტორს რამაზ ცაციაშვილს 450 417 ლარის სამუშაოების შესრულებაზე ისე დათანხმდა, რომ იმ დროისათვის 2005 წლის 6 ივლისს გორის განვიითარების ფონდის პირად ანგარიშზე მხოლოდ 1 500 ლარი იდო. საინტერესოა, რა გარანტია გააჩნდა შპს ,,იბერიას” დირექტორს იმისა, რომ 1 500 ლარის ანაბარა მყოფი გორის განვითარების ფონდი მას გადაუხდიდა შესასრულებელი სამუშაოების ღირებულების 450 417 ლარს?

მეორე აფიორა

მოულოდნელად, ხელშეკრულების დადებიდან 2 დღეში, 2005 წლის 8 ივლისს, ჯერ ,,გორის რაიონის განვითარების ფონდის” ანგარიშზე თბილისის სხვადასხვა უბნებიდან ჩნდება 140 000 ლარი. ეს 140 000 ლარი შემდეგ ირიცხება შპს ,,იბერიას“ ანგარიშზე როგორც შესასრულებელი სამუშაოების ავანსად გადახდილი თანხა.
,,ქართლის ხმის”  მკითხველს კარგად ემახსოვრება 2006 წლის სტატია ,,მიხეილ ქარელის ფონდის შავი ლაქები” (ეს სტატია მაშინ რეგიონულ მედიაში გამოქვეყნებულ საუკეთესო სტატიად შეფასდა), სადაც საუბარი გვქონდა სწორედ ,,გორის რაიონის განვითარების ფონდის“ შესახებაც. ციტატა ამ სტატიიდან:

,,ჯერ-ჯერობით ვერ მივაკვლიეთ იმ ოფიციალურ დოკუმენტს, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ ,,გორის რაიონის განვითარების ფონდიც“ უქმდებოდა. საქმე ისაა, რომ 2005 წლის 20 ივნისს გორის რაიონის გამგეობის დადგენილებით შეიქმნა ,,გორის რაიონის განვითარების ფონდი”. იგი წარმოადგენს კერძო სამართლის იურიდიულ პირს. 20 ივნისს ამ ფონდში გორის რაიონის გამგეობა დამფუძნებლის სახით შევიდა. გარდა ამისა, დადგენილებაში წერია, რომ ,,გორის რაიონის განვითარების ფონდის“ გამგეობის წევრად შპს ,,ახალ ბაღის“ (კულტურისა და დასვენების პარკი) დირექტორი რამაზ ცაციაშვილიც შევიდა…. საინტერესოა ,,გორის რაიონის განვითარების ფონდის” შესახებ გორის რაიონის გამგეობის იურიდიული განყოფილების უფროსის – რევაზ გოგიაშვილის კომენტარი: ,,ეს ფონდი სულ ახლახან ჩამოყალიბდა. ძირითადად ჩვენი ქონების საფუძველზე ჩამოვაყალიბეთ. ამ ფონდის საშუალებითხდება  ქალაქში ფასადების შეღებვა, შუქნიშნების დაყენება და ა.შ ამ ფონდში ფული შემოაქვთ როგორც იურიდიულ, ასევე კერძო პირებს. თუ მაგალითად, რომელიმე პირი უარს განაცხადებს, დაასახელოს ფონდში შეტანილი თანხის წარმომავლობა, ჩვენ იძულებული ვიქნებით, უარი გითხრათ თანხების შემომტანების სახელებისა და გვარების დასახელებაზე” (ციტატის დასასრული).

როგორც ხედავთ, ჯერ კიდევ ორი წლის წინ მუნიციპალიტეტის ამჟამინდელმა და მაშინდელმა რაიონის გამგეობის იურიდიული სამსახურის უფროსმა რეზო გოგიაშვილმა გვითხრა, რომ ფონდში თანხები იურიდიულ და კერძო პირებს (ანუ მეწარმეებს) შემოაქვთ. საინტერესოა, 2 დღეში – 2005 წლის 6 ივლისიდან 8 ივლისამდე საიდან გაჩნდა ასე უცებ შეწირული 140 000 ლარი? როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, 2005 წლის 6 ივლისს როდესაც გორის რაიონის განვითარების ფონდმა შპს ,,იბერიასთან“ ხელშეკრულება გააფორმა, ფონდის ანგარიშზე სულ რაღაც 1 500 ლარი იდო. სწორედ 8 ივლისს შპს ,,იბერიას“ ანგარიშზე ავანსად გადარიცხული 140 000 ლარი გახდა საფუძველი მშენებელ კომპანიას დაეწყო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება. მოცემულ შემთხვევაში შპს ,,იბერიას“ და გორის რაიონის განვითარების ფონდს შორის ფულის გათეთრების ეჭვის აღმძვრელი წინასწარი შეთანხმება სერიოზულ ვარაუდს ბადებს.

მესამე აფიორა

არ არსებობს შესრულებული სამუშაოების მიღებაჩაბარების და ექსპლუატაციაში მიღების აქტები. ანუ რეალურად ხელშეკრულებით ნაკისრი სამუშაოების შესრულება დოკუმენტალურად არ დასტურდება. საინტერესოა რატომ? ამას ჩვენ ამჟამინდელ საკრებულოს თავმჯდომარესთან ზვიად ხმალაძესთან ვარკვევდით, რომელიც 2004-2005 წლებში რწმუნებულ მიხეილ ქარელის მოადგილე იყო, ხოლო 2006 წელს გორის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი (მას შემდეგ რაც ქალაქის მანამდელი გამგებელი კოტე თავზარაშვილი იძულებით გაათავისუფლეს).
მეოთხე აფიორა

ის 20 საცხოვრებელი კორპუსი მოსახლეობის კერძო ან კიდევ, კოოპერატიულ საკუთრებას წარმოადგენს. ,,იბერიას” საჩივრის დროს კორპუსები მუნიციპალიტეტის ბალანსზე არ იმყოფებოდა. ამდენად, რა შუაში იყო მოპასუხის რანგში გორის მუნიციპალიტეტის გამგეობა, როცა ხელშეკრულება ,,იბერიამ“ გორის რაიონის განვითარების ფონდს დაუდო, რომელმაც მოგვიანებით მართლაც რომ ლიკვიდაცია განიცადა?.

შპს ,,იბერია“ იმასაც ამტკიცებს, რომ 2005 წლის 20 ივნისის დადგენილებით, გორის რაიონის განვითარების ფონდში დამფუძნებლის სახით გორის რაიონის გამგეობა შევიდა. თუმცა გორის რაიონის გამგეობამაც ლიკვიდაცია 2006 წლის დეკემბერში განიცადა. შპს ,,იბერიასდირექტორი ერთმანეთისგან ვერ ასხვავებს გორის მუნიციპალიტეტსა და გორის რაიონის გამგეობას.

2008 წლის 15 იანვარს მოსამართლე თეა ძიმისტარაშვილმა გორის საკრებულოს დაავალა ინფორმაციის მიწოდება, რომელიც 2006 წელს გორის რაიონის გამგეობის ლიკვიდაციის შემდეგ გამგეობის ქონების სამართალმემკვიდრის ვინაობის დადგენას ეხებოდა. სასამართლოს განჩინებით, საკრებულოს ეს ინფორმაცია სასამართლოსთვის 25 იანვრამდე უნდა მიეწოდებინა. საკრებულომ 4 თებერვალს მხოლოდ გორის რაიონის ბალანსზე არსებული ქონების ნუსხა მიაწოდა. ნუსხაში არსად წერია ,,გორის რაიონის განვითარების ფონდი“ და კორპუსები. ისე, რომ გორის რაიონის გამგეობა 2006 წლის დეკემბერში, გამგეობის  ლიკვიდაციის შემდეგ, მუნიციპალიტეტს ვერანაირად ვერ გადასცემდა ,,განვითარების ფონდს“ ან კორპუსებს, რადგან არც ერთი მის ბალანსზე არ იყო. საკრებულოში ვერ მოიძებნა საბუთი იმისა, რითაც დადასტურდებოდა საერთოდ გადაეცა თუ არა რაიმე ქონება მუნიციპალიტეტს გამგეობისგან. ამის დამადატურებელი არანაირი დოკუმენტი არ არსებობს. საკრებულოს იურიდიული კომისიის უფროსი ნიკა ადიკაშვილი გვეუბნება, რომ ეს დოკუმენტი არსებობს, თუმცა არ ჩანს, „იმიტომ, რომ, ალბათ, საგამოძიებო მოქმედების ჩატარების დროს პროკურატურაში ან სადმე დევს“.

სამოქალაქო კანონმდებლობის თანახმად, ლიკვიდირებული ფონდის მთელი ქონება უნდა გადასცემოდა მსგავსი მიზნებისათვის შექმნილ სხვა ფონდს, ან ასეთი ფონდის არარსებობის შემთხვევაში სახელმწიფოს, კონკრეტულად კიეკონომიკის სამინისტროს. გორის მუნიციპალიტეტი კი არის ხალხის თვითმმართველობა და არა სახელმწიფო მმართველობა. ამდენად, ,,ადამიანის უფლებათა ცენტრის“ გორის ოფისის წარმომადგენლების შეფასებით, არსებული დოკუმენტების მიხედვით გორის მუნიციპალიტეტი არ შეიძლება მივიჩნიოთ ,,გორის რაიონის განვითარების ფონდის“ და გორის რაიონის გამგეობის სამართალმემკვიდრედ.

დავუშვათ 2005 წლის ზაფხულშივე გორის რაიონის გამგეობამ დადგენილებით ,,გორის რაიონის განვითარების ფონდის“ ლიკვიდაცია გამოაცხადა. რატომ არსად ჩანს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო და მისი ამონაწერი ,,გორის რაიონის განვითარების ფონდის“ ლიკვიდაციასთან დაკავშირებით. სწორედ იმ პერიოდში, როდესაც 2005 წლის ზაფხულში გორის რაიონის გამგეობამ ფონდის ლიკვიდაციის საკითხი დააყენა, საქართველის იუსტიციის სამინისტრო ვალდებული იყო შეექმნა კომისია, რომელიც უზრუნველყოფდა ფონდის ლიკვიდაციის სამართალწარმოებას. უნდა დადგენილიყო, ფლობდა თუ არა ფონდი რაიმე ქონებას; გაერკვია ლიკვიდაციის საჭიროება და მოეძებნა სამართალმემკვიდრე. არც ერთი მსგავსი სახის პროცედურა არ ჩატარებულა.

იმ დროს როცა გამგეობის აპარატის უფროსი ალიკა მარიამიძე იყო, გორის მუნიციპალიტეტის გამგეობა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, მოსამართლე თეა ძიმისტარაშვილის წინაშე შუამდგომლობდა, რომ არასათანადო მოპასუხე შეცვალოს სათანადო მოპასუხით ანუ ფონდის სამართალმემკვიდრის დადგენამდე და საქმეში ჩაბმამდე შეეჩერებინა საქმის წარმოება. თუმცა სასამართლომ ეს არ გააკეთა.
,, მაგ ხალხმა იმუშავა, შეღება ფასადები და ფულიც უნდა მისცე. თუ ვინ მისცემს თანხას ეს სასამართლოს გადასაწყვეტია. თუ დაგვაკისრა სასამართლომ, გადავუხდით რასაკვირველია.” – აუღელვებლად ამბობს ხმალაძე.

ბატონო ზვიად, აკი გვწერდით 2005 წელს, რომ ფასადების სამუშაოებს არც გუბერნია. არც გამგეობა და არც საკრებულო ასრულებსო?
– მოსულიყავით ჩემთან და მე გეტყოდით, ვინც ასრულებდა. დარბოდით სხვებთან. ჩემთან მოსულიყავით და გეკითხათ.
ახლა გეკითხებით.
– ვინ ასრულებდა და შპს ,,იბერია”. ის აწარმოებდა მოლაპარაკებას ადგილობრივ მთავრობასთან.
საიდან იცით?
– საიდან ვიცი და იმ ადგილობრივ მთავრობაში ვმუშაობდი.
თქვენ მზად ხართ, თანხა გადაუხადოთ?
– თუ დაგვაკისრეს, გადავუხდით. გავაფორმებთ მიღება-ჩაბარების აქტს და მოხდება ანგარიშსწორება.
ხომ იცით, რომ შპს ,,იბერიასხელშეკრულება გორის განვითარების ფონდმა გაუფორმა. ბიუჯეტმა რატომ უნდა გადაუხადოს?
– თქვენ რა გინდათ? გინდათ, რომ არ გადაუხადონ ფირმას, რომელმაც სამუშაოები გასწია?
გასარკვევია, მართლა იმ თანხის სამუშაოები გასწიეს თუ არა და მეორეც ისიც გასარკვევია, ვინ უნდა გადაუხადოს?
– აბა მე ხომ არ გადავუხდი, დუქანი კი არა მაქვს.”
კომენტარს არ აკეთებს თვითონ შპს ,,იბერიას“ დირექტორი ზურაბ რევაზიშვილი. ჩვენ მას ტელეფონით დავუკავშირდით.
ჩვენ ვნახეთ ის ნუსხა, სადაც ჩამოთვლილია თუ რა სამუშაოები აქვს ჩატარებული შპს ,,იბერიას“. დედაქალაქის თითქმის ყველა ცენტრალური ქუჩა შპს ,,იბერიას“ მიერაა შეღებილი.

  1. No comments yet.
  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: