მთავარი > სტატიები > საზოგადოების ჩართულობის გარეშე გაფორმებული ,,სავაჭრო” გარიგებები

საზოგადოების ჩართულობის გარეშე გაფორმებული ,,სავაჭრო” გარიგებები


 

ზვიად ხმალაძე(საკრებულოს თავმჯდომარე), ზურაბ ჩხეიძე (გუბერნატორის პირველი მოადგილე)

რატი უფლისციხელი

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულომ აგრარული ბაზრის ტერიტორიის ირგვლივ არსებული სკვერები შპს ,,სავაჭრო ცენტრს” სასყიდლიან სარგებლობაში  გადასცა. გთავაზობთ ამ საკითხზე, საკრებულოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას და კერძო კომპანიასთან დადებული ხელშეკრულების სრულ ტექსტს. სანაცვლოდ, ბაზარი  40 000 კვ.მ ფართს, ქალაქის რომელიმე ტერიტორიაზე, საკუთრებაში მიიღებს.. სავაჭრო ცენტრს მიწის შეძენაში დახმარებას საკრებულოს თავმჯდომარე  ჰპირდება. ამ გარიგებას გარემოვაჭრეების უშედეგო ამბოხი მოჰყვა. 

ამ ამბებამდე, ქალაქში ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია  სატელეფონო გამოკითხვას ატარებდა. თბილისის ნომრიანი ტელეფონით, მათ შორის, რედაქციაში დაგვირეკეს და გვკითხეს, თქვენ რომ გუბერნატორი იყოთ, რას გააკეთებდით ქალაქში უპირველეს ყოვლისაო. თან საკუთარი ვარიანტი შემოგვთავაზეს: კანალიზაციას, გზებს, სკვერებს თუ ბაზრის მიმდებარე ტერიტორიის მოწესრიგებას. დღემდე უცნობია ჩვენთვის, თუ რომელი ორგანიზაცია ატარებდა ამ გამოკითხვას და რა შედეგი მიიღეს.

ამბოხებულებს ვიცე-გუბერნატორი ავთანდილ მეტივიშვილი ამშვიდებს

ამბოხებულებს ვიცე-გუბერნატორი ავთანდილ მეტივიშვილი ამშვიდებს

,,ქართლის ხმამ” მოიძია დოკუმენტები ბაზრის გარშემო არსებული მდგომარეობის ირგვლივ. ჩვენ ხელთ გვაქვს როგორც საკრებულოს განკარგულება, ასევე საიჯარო ხელშეკრულება. ამ ინფორმაციას სრულად გთავაზობთ.

განკარგულება:

,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ი” ქვეპუნქტის და 43-ე მუხლის მესამე პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტის, საფუძველზე:

1. გორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რიცხული ქ. გორში გურამიშვილის ქუჩაზე შპს ,,სავაჭრო ცენტრთან” მდებარე სკვერი. 2. მზეჭაბუკის მონუმენტის ირგვლივ მდებარე სკვერი. 3. შპს ,,სავაჭრო ცეტრის”-სთან არსებული გამწვანების ზონა, გადაეცეს სასყიდლიან სარგებლობაში შპს ,,სავაჭრო ცენტრს” და გაფორმდეს იჯარის ხელშეკრულება.

2. იჯარის ხელშეკრულებაში სავალდებულო წესით გათვალისწინებულ იქნას შემდეგი პირობები:

ა)მოიჯარეს ქონება სარგებლობაში გადაეცემა მხოლოდ ქონების პირდაპირი ფუქნციური დანიშნულების აღდგენისა და კეთილმოწყობის მიზნით და აღნიშნული ქონება გამოყენებულ უნდა იქნას მხოლოდ მათი პირდაპირი დანიშნულებით (რეკრეაციული და ქალაქის ესთეტიკური იერსახის გაუმჯობესება), კომერციული ინტერესების გამორციხვით;

ბ) მოიჯარე იღებს ვალდებულებას შეიძინოს შესაბამისი ტერიტორია და მასზე მოაწყოს გორის ახალი აგრარული ბაზარი და მისი ფუნქციონირებისათვის აუცილებელი სხვა ინფრასტრუქტურა.

გ) ამ განკარგულების მე-2 პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტით მოიჯარის ნაკისრი ვალდებულების განხორციელების მიზნით, მოიჯარე კისრულობს ვალდებულებას, კანონით დადგენილი წესით, უზრუნველყოს გორის ახალი აგრარული ბაზრისა და მისი ფუნქციონირებისათვის აუცილებელი სხვა ინფრასტრუქტურის მოსაწყობად შესაბამისი ტერიტორიის (დაახლოებით 40 000 კვ.მ ) ხელმისაწვდომობა პოტენციური ინვესტორებისათვის.

დ) მოიჯარე იღებს ვალდებულებას ამ განკარგულების მე-2 პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი ფართის შეძენა მოახდინოს მეიჯარის მიერ ამ განკარგულების მე-2 პუნქტის ,,გ” ქვეპუნქტში მითითებული ვალდებულების შესრულებისთანავე.

ე) ამ განკარგულების მე-2 პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული ახალი აგრარული ბაზარი და მისი ფუნქციონირებისათვის აუცილებელი სხვა ინფრასტრუქტურის  მოწყობა და ესქპლუატაციაში მიღება დასრულებულ უნდა იქნას ამ განკარგულების მე-2 პუნქტის ,,გ” ქვეპუნქტში მითითებული ფართის შეძენიდან 17 თვის განმავლობაში.

ვ) იმ შემთხვევაში, თუ მეიჯარის მიერ ამ განკარგულების მე-2 პუნქტის ,,გ” ქვეპუნქტით განსაზღვრული ვალდებულების შესრულება გამოიხატა აუქციონის ფორმით, მოიჯარის მიერ ამ განკარგულების მე-2 პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტით განსაზღვრული შესაბამისი ტერიტორიის შეძენის ვალდებულების შესრულება ჩაითვლება აუქციონში მონაწილეობა და საწყისი ფასის შეთავაზება.

3. გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ უზრუნველყოს იჯარის ხელშეკრულების გაფორმება მოიჯარესთან”

4. განკარგულება ძალაში შევიდეს კანონდმებლობით დადგენილი წესით;

5. განკარგულების გასაჩივრება შესაძლებელია მისი გამოქვეყნების დღიდან ერთი თვის ვადაში, გორის რაიონული სასამართლ;ოს მეშვეობით.

საკრებულოს თავმჯდომარე – ზვიად ხმალაძე,

2010 წლის 21 დეკემბრი.”

აღნიშნული განკარგულების არსებობა გორის ბაზრის გარემოვაჭრეებმა ,,ქართლის ხმისგან” და ,,ადამიანის უფლებათა ცენტრის” გორის ოფისისგან 2011 წლის იანვრის 10 რიცხვში შეიტყვეს. მათ ჩვენი დახმარებით 11-12 იანვარს ჩაიბარეს განკარგულება, რომლის გასაჩივრების ვადა 21 იანვრამდე ჰქონდათ. თუმც მატერიალური პირობების გამო მათ ეს განკარგულება ვერ გაასაჩივრეს, შესაბამისად 21 იანვარს მოხდა გარემოვაჭრეების აყრა და უშედეგო პროტესტი. ბაზრის ადმინიტრაციამ გარემოვაჭრეების მხოლოდ 30%-ს მისცა ალტერნატიული ფართი, თუმცა როგორც გარემოვაჭრეები აცხადებენ, ეს ახალი ტერიტორია სავაჭროდ გამოუსადეგარია.

,,ქართლის ხმამ” ასევე გამოითხოვა მუნიციპალიტეტსა და ,,სავაჭრო ცენტრს” შორის გაფორმებული ხელშეკრულების ასლი. საიჯარო ხელშეკრულება გაფორმებულია 2010 წლის 27 დეკემბერს, სადაც ვკითხულობთ:

საიჯარო ხელშეკრულება

,,გორის მუნიციპალიტეტი, შემდგომში ,,მეიჯარედ” წოდებულმა, რომელსაც წარმოადგენს გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ზვიად ხმალაძე, ერთის მხრივ, და შპს ,,სავაჭრო ცენტრი”, შემდგომში ,,მოიჯარედ” წოდებულმა, რომელსაც წარმოადგენს მისი დირექტორი გოგი ბოჭორიშვილი მეორეს მხრივ, დავდეთ ხელშეკრულება შემდეგზე:

1. ხელშეკრულების პირობები:

1.1 მეიჯარე იღებს ვალდებულებას გადასცეს მოიჯარეს ამ ხელშეკრულების 1.2 პუნქტში მითითებული ქონება დროებით სარგებლობაში, ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით, ხოლო მოიჯარე იღებს ვალდებულებას შეასრულოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები.

1.2. მეიჯარე იღებს ვალდებულებას გადასცეს მოიჯარეს დროებით სარგებლობაში შემდეგი ქონება; ა) გორში, გურამიშვილის ქუჩაზე (შპს ,,სავაჭრო ცენტრთან”) მდებარე სკვერი; ბ) მზეჭაბუკის მემორიალის ირგვლივ მდებარე სკვერი; გ) შპს ,,სავაჭრო ცენტრი”-სთან არსებული გამწვანების ზონა, შემდგომში ქონება;

1.3. ამ ხელშეკრულების 1.2 პუნქტში მითითებული ქონება ეკუთვნის მეიჯარეს საკუთრების უფლებით (ქონებაზე რეესტრის ამონაწერები და საკადასტრო ნახაზები თან ერთვის წინამდებარე ხელშეკრულებას და წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს).

1.4. ქონება უნდა გადაეცეს მოიჯარეს წინამდებარე ხელშეკრულების ხელმოწერისთანავე.

1.5. ქონება გამოყენებული უნდა იქნეს, მხოლოდ მათი პირდაპირი დანიშნულებით (რეკრეაციული და ქალაქის ესთეტიკური იერსახის გაუმჯობესება.)

2. მხარეთა ვალდებულებები:

2.1. მეიჯარე ვალდებულია:

დროულად გადასცეს მოიჯარეს ქონება და არ დაუშვას მოიჯარის მიერ ამ ხელშეკრულების ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ხელშეშლა.

2.2. მოიჯარე ვალდებულია 4 თვის ვადაში, უზრუნველყოს იჯარით აღებული ქონების კეთილმოწყობა, ქონების ფუნქციური დანიშნულების აღდგენის მიზნით. გორის მუნიციპალიტეტთან კანონმდებლობით გათვალისწინებულ შეთანხმებული პროექტის მიხედვით; ამასთან უზრუნველყოს მთლიანი ტერიტორიის შემოღობვა კეთილმოწყობის სამუშაოების დასრულებამდე.

2.2.2. შეინარჩუნოს ქონება გამართულ მდგომარეობაში, აწარმოოს მიმდინარე რემონტი საკუთარი ხარჯებით.

2.2.3. გასწიოს ხარჯები ქონების შენახვაზე.

2.2.4. გამორიცხოს, იჯარით აღებული ქონების საკუთარი ან სხვა პირის პირდაპირი კომერციული მიზნებისათვის გამოყენება 2011 წლის 2 იანვრიდან.

2.2.5. წინამდებარე ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის შემდეგ დაუბრუნოს ქონება მეიჯარეს.

3. ანგარიშსწორება

3.1. საიჯარო ქირა შეადგენს 1 689 (ათას ექვსას ოთხმოცდაცხრა) ლარს ყოველთვიურად.

3.2. საიჯარო ქირის შეტანა მოიჯარის მიერ ხდება ყოველთვიურად მეიჯარის ანგარიშზე თანხის გადარიცხვის გზით, არაუგვიანეს ყოველი თვის 30 რიცხვისა.

4. დამატებითი პირობები

4.1. მოიჯარე იღებს ვალდებულებას, შეიძინოს შესაბამისი ტერიტორია და მასზე მოაწყოს გორის ახალი აგრარული ბაზარი და მისი ფუნქციონირებისათვის აუცილებელი სხვა ინფრასტრუქტურა.

4.2. წინამდებარე ხელშეკრულების 4.1. პუნქტით მოიჯარის ნაკისრი ვალდებულების განხორციელების მიზნით, მეიჯარე კისრულობს ვალდებულებას, კანონით დადგენილი წესით, უზრუნველყოს გორის ახალი აგრარული ბაზრისა და მისი ფუნქციონირებისათვის აუცილებელი სხვა ინფრასტრუქტურის მოსაწყობად შესაბამისი ტერიტორიის შეძენის ხელმისაწვდომობა პოტენციური ინვესტორებისათვის.

4.3. მოიჯარე იღებს ვალდებულებას 4.1. პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი ფართის შეძენა მოახდინოს მეიჯარის მიერ 4.2. პუნქტში მითითებული ფართის შეძენიდან 17 თვის განმავლობაში.

4.5. იმ შემთხვევაში, თუ მეიჯარის მიერ ხელშეკრულების 4.2. პუნქტით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულება გამოიხატა აუქციონის ფორმით, მოიჯარის მიერ 4.1. პუნქტით განსაზღვრული შესაბამისი ტერიტორიის შეძენის ვალდებულების შესრულებად ჩაითვლება აუქციონში მონაწილეობა და საწყისი ფასის შეთავაზება.

5. მხარეთა პასუხისმგებლობა.

5.1. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობა შეიძლება გახდეს ხელშეკრულების მოშლის საფუძველი.

5.2. მხარეთა შორის, წარმოშობილი უთანხმოებანი, რაც არ არის მოწესრიგებული ამ ხელშეკრულებით, გადაწყდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

6. ხელშეკრულების მოქმედების ვადა

6.1. ქონების იჯარის ვადა იწყება მხარეთა მიერ ხელმოწერისთანავე და მთავრება 4.3. პუნქტით გათვალისწინებული 17 თვიანი ვადის ამოწურვისთანავე.

6.2. მას შემდეგ რაც მოიჯარე უზრუნველყოფს იჯარით აღებული ქონების კეთილმოწყობას რეკრეაციული მიზნების გათვალისწინებით მოიჯარე უფლებამოსილია სხვისი შეხედულებისამებრ, ცალმხრივად, მეიჯარის თანხმობის გარეშე შეწყვიტოს წინამდება ხელშეკრულება იჯარის ნაწილში, რაც არ გამოიწვევს წინამდებარე ხელშეკრულების შეწყვეტას მოიჯარის ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ნაწილში.

7. დავათა გადაჭრის წესი

7.1. ამ ხელშეკრულების შესრულების დროს წარმოშობილი დავები და უთანხმოებანი გადაიჭრება მხარეთა შორის მოლაპარაკებების გზით. წინააღმდეგ შემთხვევაში მხარეები მიმართავენ სასამართლოს.

8. დასკვნითი დებულებები

8.1. ეს ხელშეკრულება შეიძლება გაუქმდეს მხარეთა შეთანხმებით.

8.2. ამ ხელშეკრულების ნებისმიერი ცვლილება და დამატება ძალაშია მხოლოდ იმ პირობით, თუ ის შესრულებულია წერილობითი ფორმით და ხელმოწერილია მხარეთა მიერ. ამ ხელშეკრულების დანართები მის განუყოფელ ნაწილს შეადგენენ.

ხელშეკრულებას ხელს აწერენ: საკრებულოს თავმჯდომარე ზვიად ხმალაძე და შპს ,,სავაჭრო ცენტრის” დირექტორი გოგი ბოჭორიშვილი.

ცოტა ხანში ცნობილი ხდება საიჯარო ხელშეკრულებაში ცვლილებები უკვე შევიდა. ჩვენ ეს დოკუმენტიც გვაქვს ხელთ. იჯარის ხელშეკრულებებში შეიტანეს შემდეგი ცვლილებები:

,,1.1.2 პუნქტში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

.1.2. მეიჯარე იღებს ვალდებულებას გადასცეს მოიჯარეს  დროებით სარგებლობაში შემდეგი ქონება: ა. გურამიშვილის ქუჩაზე )შპს ,,სავაჭრო ცენტრთან”) მდებარე სკვერი, 3 723 კვ.მ; ბ) მზეჭაბუკის მემორიალის ირგვლივ მდებარე სკვერი, 8 350 კვ.მ; გ) ,,სავაჭრო ცენტრი”-სთან არსებული გამწვანების ზონა – 2 647 კვ.”

2. ცვლილება შევიდეს ხელშეკრულების 3.1. პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

3.1. საიჯარო ქირა შეადგენს 1 724 (ათას შვიდას ოცდაოთ) ლარს ყოველთვიურად.

მუხლი 2. ცვლილება ძალაში შევიდეს 2011 წლის 5 იანვრიდან”.

Advertisements
კატეგორიები:სტატიები
  1. კომენტარები ჯერ არ არის.
  1. No trackbacks yet.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: