მთავარი > თეატრი > კორუფციული და შემოსავლიანი სისტემა რეგიონების თეატრებში

კორუფციული და შემოსავლიანი სისტემა რეგიონების თეატრებში


სოსო ნემსაძე

საბა წიწიკაშვილი

(ჟურნალისტური მოკვლევა)

,,ისინი შემოქმედებით ძიებებს და ექსპერიმენტებს თითქმის არ მიმართავენ. გაზარმაცდნენ, გახდნენ კომფორმისტები, ჩამოყალიბდნენ ნამდვილ ხალტურშიკებად, რამაც მათი ნაადრევი დაშტამპვა და შემოქმედებითი რეგრესი გამოიწვია.” – ეს სიტყვები ეკუთვნის თეატრმცოდნე ლაშა ჩხარტიშვილს, რომელიც რეგიონების თეატრებში თბილისიდან გამოგზავნილ რეჟისორების, მათ შორის გორის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს სოსო ნემსაძის შემოქმედებას ახასიათებს.

რას ნიშნავს საჯარო ინფორმაცია გორის თეატრისთვის?

,,შენ რომ გინდა, ეგრე სად არის, შენ არაფერი არ ხარ, ნუ გადამრიე კაცო” – ასეთი რეაქცია ჰქონდა გორის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს სოსო ნემსაძეს მაშინ, როდესაც ჩვენ თეატრის დაფინანსების შესახებ საჯარო ინფორმაცია მოვითხოვეთ. ,,ამის დამწერს თავში ტვინი აქვს? წაიღეთ წერილი, შეასწორეთ და შესწორებული ვარიანტი მოიტანეთ, თეატრს შეურაცხყოფას ნუ აყენებთ” – ეს სიტყვები კი მან  ,,ქართლის ხმის” ჟურნალისტებს მაშინ უთხრა, როდესაც წერილობით განცხადებას, რედაქტორის ხელმოწერით, თეატრის კანცელარიაში ვაბარებდით. სოსო ნემსაძე სწუხს, რომ ჩვენ მოვითხოვეთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვინ იმყოფება ხშირად თეატრში ნასვამ მდგომარეობაში და ამის გამო რომელი სპექტაკლები ჩაიშალა.

მიმდინარე წლის დასაწყისში თეატრის ახალმა მმართველმა ნოდარ მდინარიძემ წარდგენისას დასს განუცხადა  – აღარ დავუშვებთ თეატრში ლოთობას. ნოდარ მდინარაძემ ინტერვიუში დაგვიდასტურა, რომ ერთ-ერთი სპექტაკლი სწორედ მსახიობის სიმთვრალის გამო ჩაიშალა. თუ რომელი მსახიობი და სპექტაკლი იყო ეს, არ გვითხრა. ,,მოითხოვეთ წერილობით და მოგაწოდებთ” – იყო მისი პასუხი. ჩვენ ამის შემდეგ წერილობით მივმართეთ თეატრს. თვით თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა სოსო ნემსაძემ კი ამ განცხადების ხილვისას აღშფოთება ვერ დამალა. ინტერვიუში კი გვითხრა, რომ თეატრში სპექტაკლი არასდროს ჩაშლილა  ვინმეს სიმთრვალის გამო. თეატრის მიერ მოწერილ პასუხში იგივე წერია. მაშ რა მოხდა? რატომ გააკეთეს აქცენტი თეატრის მმართველმა მდინარიძემ და სამხატვრო ხელმძღვანელმა სოსო ნემსაძემ წარდგენისას იმაზე, რომ მათი მმართელობის შემდეგ თეატრში ეს მანკიერება აღმოიფხვრება? თუ ასეთი ქაოსი და მანკიერება არ არსებობდა თეატრში, რატომ გახდა საჭირო ამ თემით სპეკულირება და ყოფილი მმართველის შეცვლა?

ვინ არის სოსო ნემსაძე?

 

სოსო ნემსაძე ამჟამად თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის პროფესორია. ჩვენ ჯერ-ჯერობით ვერ დავადგინეთ, თუ რამდენს შეადგენს მისი ხელფასი აღნიშნულ უნივერსიტეტში. 2004 წელს ის გორის თეატრში მაშინდელმა მმართველმა და სამხატვრო ხელმძღვანელმა რამაზ იოსელიანმა რეჟისორის რანგში მოიწვია. მას შემდეგ ის თეატრში რეჟისორად დარჩა და თითოეული სპექტაკლიდან ჰონორარებს იღებს. 2010 წლის შემოდგომიდან თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი გახდა.

სოსო ნემსაძე იმ კატეგორიის და თაობის რეჟისორებს ეკუთვნის, რომლებსაც რეგიონების თეატრებში ფესვი აქვთ გადგმული და, ფაქტობრივად, თეატრის სახეს წარმოადგენს. მაგალითისთვის გეტყვით, რომ ის არა მარტო გორის თეატრშია მიწვეული, არამედ სხვადასხვა პერიოდში სპექტაკლებს დგამს ზუგდიდის, ბათუმის, ჭიათურის, ახალციხის და ა.შ. ქალაქებში.  ამასთან დაკავშირებით საინტერო მოსაზრებას გამოთქვამს თეატრმცოდნე ლაშა ჩხარტიშვილი, რომელმაც ამ ტენდენციას სპეციალური სტატია მიუძღვნა. აღნიშნულ სტატიაში სოსო ნემსაძე მოხსენიებულია ,,ხალტურშიკ” რეჟისორად და ეს სტატია მთლიანობაში წარმოგვიდგენს იმ რეალობას, რაც არსებობს რეგიონების თეატრებში. (იხ. სტატია სრულად: – http://lashachkhartishvili.blogspot.com/2010/03/blog-post.html)

,,ციტატის დასასწყისი: ,,რაც შეეხება მომდევნო თაობის რეჟისორებს, მათი უმრავლესობა დღეს თბილისის და რეგიონების თეატრებს ხელმძღვანელობენ. მიუხედავად იმისა, რომ მათ ხელშია ყოველგვარი ბერკეტი თავისუფალი შემოქმედებითი ძიებების, სივრცე ექსპერიმენტებისთვის და ფული იდეების რეალიზებისთვის, ისინი შემოქმედებით ძიებებს და ექსპერიმენტებს თითქმის არ მიმართავენ. გაზარმაცდნენ, გახდნენ კომფორმისტები, ჩამოყალიბდნენ ნამდვილ ხალტურშიკებად, რამაც მათი ნაადრევი დაშტამპვა და შემოქმედებითი რეგრესი გამოიწვია.

 

ვიდრე აღნიშნულ სტატიაში ნემსაძის შესახებ სხვა ციტატებს მოვიყვანთ,  დავადასტურებთ, რომ ამჯერად გორის თეატრის მმართველებს და ხელმძღვანელებს დაფინანსების პრობლემა მოეხსნათ. მათი ხელფასი საკმაოდ სოლიდურია. ხოლო არც იმის პრობლემა აქვთ, რომ ეს სარგო დაუგვიანდეთ. უფრო მეტიც, შიდა ქართლის გუბერნატორის ყოფილი მოადგილის გიორგი ავალიანის გაცემული ცნობით, 2010 წლის მაისში 4 კაციან სპექტაკლის დადგმისთვის, პატრიოტთა ბანაკის კულტურული ღონისძიებების ყოფილ ორგანიზატორს ლაშა ჯოხაძეს 500 ლიტრი დიზელის საწვავის ტალონები გადაეცა, რათა თბილისიდან გორში მგზავრობაში დაბრკოლება არ შეხვედროდა. ოფიციალურ ცნობაში პირდაპირ წერია, რომ ჯოხაძეს  ეს საწვავი უნდა გამოეყენებინა იმისთვის, რომ თბილისიდან გორში ჩამოსვლისას ხელი არ შეშლოდა 4 კაციანი სპექტაკლის რეპეტიცებზე დასასწრებად. სინამდვილეში კი ჩვენს ხელთ არსებული ოფიციალური დოკუმენტებით, გორის თეატრის ბალანსზე არ ირიცხება ავტომანქანა, რომელიც დიზელზე მუშაობს. გორის თეატრის მიერ მოწერილ პასუხში კი ვკითხულობთ: ,,რაც შეეხება შიდა ქართლის გუბერნატორის პირველი მოადგილის მიერ 500 ლიტრი დიზელის საწვავის გადაცემას, გაცნობებთ, რომ თეატრის ბუღალტერიაში აღნიშნული საწვავის მიღების და ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ მოგვეპოვება”.

რამდენად საჭირო იყო მოსახლეობის სახნავ-სათესი მიწების დასამუშავებლად  გამოყოფილი დიზელის საწვავის გადაცემა თეატრის რეჟისორისთვის, ამის გარკვევა რა თქმა უნდა, სამართალდამცავების საქმეა, მაგრამ ამით იმის თქმა შეიძლება, რომ რეგიონებში რეჟისორებს (კარგსაც და ცუდსაც) ადგილობრივი ხელისუფლებებისგან მხარდაჭერა აქვთ როგორც ფინანსური, ასევე მატერიალური.

სწორედ ასეთ პირობებში მუშაობს  ამჟამად თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი სოსო ნემსაძეც, მას მართალია აღარ აქვს სურვილი ლაშა ჯოხაძისნაირი რეჟისორები მიიწვიოს, (ლაშა ჯოხაძე ვიცე-გუბერნატორის გიორგი ავალიანის რეკომენდაციის მიიწვიეს გორის თეატრში). თუმცა არც იმას აპირებს, რომ  გორის თეატრში რეჟისორები კონკურსის წესით მიიღოს.

,,გამაგებინეთ, როგორ მოვიწვიო მე ისეთი რეჟისორი, რომელიც ჰონორარს იღებს 20 000 ლარს? 25 000 ლარს? ჩვენ ამას ვერ შევწვდებით. ყველა რეჟისორს თავისი ფასი აქვს. რა თქმა უნდა, თუ შევძლებთ, ჩვენ ასეთი რეჟისორებიც გვჭირდება, მაგრამ ამჯერად ამის საშუალება არ გვაქვს” – ამბობს სოსო ნემსაძე ჩვენთან საუბარში.

საინტერესოა, თვითონ რამდენს იღებდა სოსო ნემსაძე ჰონორარის სახით გორის თეატრში რეჟისორის რანგში? მაგალითად, სპექტაკლში – ,,ცხელი აგვისტო”, რომელსაც ერთ-ერთმა იქ მიწვეულმა ჟურნალისტმა ფეისბუქზე პროპაგანდისტული სპექტაკლი უწოდა სააკაშვილის მხარდამჭერი სიტყვების გამო, სოსო ნემსაძემ კულტურის სამინისტროდან გამოყოფილი 7 000 ლარიდან, ჰონორარის სახით 6 000 ლარი მიიღო, ხოლო დანარჩენი 1 000 ლარი – ხმის გამხმოვანებელმა წაიღო. ამ თანხებთან დაკავშირებით ნემსაძემ გვითხრა, რომ ნორმალური სპექტაკლის დასადგმელად ეს თანხაა საჭირო რეჟისორისთვის. ჩვენ ზუგდიდში არსებულ მედია-საშუალებაში, სააგენტო ,,სი-ეიჩ-ენი” ასეთ ინფორმაციას წავაწყდით სოსო ნემსაძესთან დაკავშირებით. აღნიშნული ინფორმაცია 2010 წლის 24 დეკემბერს გამოქვეყნდა – რა ჯდება ერთი სპექტაკლი ზუგდიდის თეატრში”, სადაც საუბარია თბილისიდან მიწვეულ სოსო ნემსაძის მიერ დადგმულ სპექტაკლზე – ,,ყვარყვარე თუთაბერი.”. ზუგდიდის თეატრის მმართველი  მაია კალანდია ნემსაძისთვის გადაცემულ ჰონორარს კონფიდენციალურ ინფორმაციას უწოდებს, ხოლო ჟურნალისტმა საკუთარი წყაროებით მოიპოვა ინფორმაცია, რომ სოსო ნემსაძემ ,,ყვარყვარე თუთაბერში” 6-7 ათასი ლარი აიღო ჰონორარი. მთლიანობაში კი ეს სპექტაკლი 11 000 ლარი დაჯდა. შეგახსენებთ, რომ ,,ყვარყვარე თუთაბერი” საკმაოდ ცნობილი და კლასიკური შედევრია ქართულ თეატრში. თეატრმცოდნე ლაშა ჩხარტიშვილი საკუთარ სტატიაში აღნიშნავს, რომ ,,ხალტურშიკი” რეჟისორები სწორედ ამ მრავალჯერ გადამღერებულ და გაკეთებულ სპექტაკლებს დაატარებენ რეგიონებში.

კვლავ ციტატა ლაშა ჩხარტიშვილის სტატიიდან: ,,კომფორმიზმში ჩაძირული რეჟისორები ახალ პიესებზე ფიქრით და მათი სპექტაკლებად ქცევით თავს აღარ იწუხებენ, მათ ურჩევნიათ უკვე დადგმული სპექტაკლები გაიმეორონ. ამ საშიშმა ტენდენციამ იმდენად იმძლავრა ჩვენში, რომ უკვე სერიოზულ პრობლემად იქცა. მისი მიზეზი ფანტაზიის სიმწირეში უნდა ვეძიოთ, რაც ლოგიკურად გულისხმობს ხალტურას და თითქმის გამორიცხავს ყოველგვარ მხატვრულ ექსპერიმენტს, რადგანაც ასეთ შემთხვევაში არ იცვლება სპექტაკლის კონცეფცია და რეჟისორული გადაწყვეტა. ამ მხრივ ლიდერები ჩვენს თანამედროვეობაში სამწუხაროდ, ბევრნი არიან. მოვიყვანთ რამოდენიმე მაგალითს: …… სოსო ნემსაძემ ნინო ნაკაშიძის ,,ვინ არის დამნაშავე? ჯერ თეატრში ,,გლობუსი წარმოადგინა, ხოლო შემდეგ ჭიათურის სცენაზე. იგივე რეჟისორმა მიხეილ ჯავახიშვილის ,,თეთრი საყელოს და შალვა დადიანის ,,გუშინდელნის სამსამი ,,ვერსიაშექმნა. პირველი დაიდგა თეატრში ,,გლობუსი, ახმეტელის და გორის თეატრებში, ხოლო მეორე თეატრალურ უნივერსიტეტში, ,,გლობუსში და თავისუფალ თეატრში.

 

როგორც ვხედავთ, სოსო ნემსაძე ერთი და იგივე სპექტაკლებს, მათ შორის მსახიობებიანად, არა მარტო თბილისის თეატრებში, არამედ რეგიონების სხვადასხვა თეატრებში დაატარებს. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ თითოეული თეატრი ცალ-ცალკე იხდის ჰონორარს, გამოდის რომ საკმაოდ შემოსავლიანი ადგილი ყოფილა ნემსაძისთვის რეგიონული თეატრები. გორისა და ზუგდიდის თეატრების მაგალითებით ვადასტურებთ მის საჰონორარო სისტემას და ჰონორარების რაოდენობას, მაგრამ მის მიერ თბილისში დადგმული სპექტაკლებით მიღებულ შემოსავლებს ჯერ-ჯერობით ვერ ვითვლით. სამაგიეროდ, ახლა ვნახოთ, მისი შემოქმედების პერიოდში რამდენი შემოსავალი მიიღო გორის თეატრიდან. ჩვენ გვაქვს როგორც 2009 წლის მონაცემები, ასევე 2010 წლის მონაცემები. ცალკე ისტორია აქვს ამ დოკუმენტების მოძიებას. ჩვენ ამ მონაცემების შეგროვება დავიწყეთ მას შემდეგ, როდესაც თეატრის მმართველმა ნოდარ მდინარიძემ მსახიობების დათხოვნის შესახებ ინფორმაცია მოგვაწოდა,. მისი თქმით, ,,გორის თეატრს წყლის გადასახადი გაეზარდა, წელიწადში გვჭირდება 12 000 ლარი, აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ თეატრიდან ის თანამშრომლები და მსახიობები გავუშვათ, რომლებსაც სპექტაკლებში მონაწილეობა არ მიუღიათ და არ არიან აქტიურები”. ჩვენ გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის სამსახურისგან გამოვითხოვეთ დეტალური  ინფორმაცია 2008 წლიდან დღემდე თეატრის სცენაზე ჩატარებული სპექტაკლების და მასში მონაწილე მსახიობების შესახებ.

მოწოდებული ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ გორის თეატრს აქვს 19 მოქმედი(!) სპექტაკლი. ამათგან თვით თეატრის მმართველს აღნიშნულ პერიოდში ნათამაშები აქვს მხოლოდ ერთ სპექტაკლში ,,ჟორჟ დანდენი”. სხვა სპექტაკლებში მას მონაწილეობა არ მიუღია. ამის მიზეზად ნოდარ მდინარიძე მის სამსახურებრივ მდგომარეობას ასახელებს: ,,მე მეკავა მმართველის მოადგილის პოსტი იმ პერიოდში, ამდენად დროის სიმცირის გამო, შეუძლებელი იყო დავკავებულიყავი სხვადასხვა სპექტაკლებში”.

ნოდარ მდინარიძე მართლაც ყოფილი მმართველის, გიორგი მაჭარაშვილის მოადგილე იყო. ამჟამინდელმა მმართველმა მდინარიძემ და სამხატვრო ხელმძღვანელმა სოსო ნემსაძემ ამბოხებულ მსახიობებთან შეხვედრის დროს აღნიშნეს, რომ წინა პერიოდში თეატრში ქაოსი და ლოთაობა იყო. თუ ასეთი უმოქმედობა სუფევდა გორის თეატრში, იბადება კითხვა, თუ რა საქმიანობას ეწეოდა მმართველის მაშინდელი მოადგილე მდინარიძე, რაც თურმე სპექტაკლებში მონაწილეობაში ხელს უშლიდა?!

ნემსაძის და გორის თეატრის  ,,შემოსავლები”

 

გუბერნატორად ზურაბ არსოშვილის დანიშვნის პერიოდში კულტურის სამსახურის უფროსად 2010 წლის ზაფხულში, ლევან შავლიაშვილი დაინიშნა. მან თეატრის მმართველი გიორგი მაჭარაშვილი თეატრიდან დაითხოვა, რასაც თეატრში პროტესტი და ამბოხი მოჰყვა. ამბოხებული მსახიობები აცხადებდნენ, რომ მათ არ უნდოდათ ახალი მმართველის პოსტზე ნოდარ მდინარიძის დანიშვნა, რადგან მდინარიძეს დავალებული აქვს მსახიობების შემცირება. შავლიაშვილის ეს დავალება წინანდელმა მმართველმა გიორგი მაჭარაშვილმა არ შეასრულა. მიუხედავად პროტესტისა, კულტურის სამსახურის უფროსმა თეატრის მმართველად მაინც ნოდარ მდინარიძე დანიშნა. იქვე მანაც და მმართველმაც განმარტეს, რომ თეატრში არავითარი შემცირებები იგეგმება. რამდენიმე თვის შემდეგ, ნოდარ მდინარიძის მიცემული პირობა დაირღვა. თეატრიდან მსახიობები დაითხოვეს. ჩვენს კითხვაზე, ნიშნავს თუ არა ეს პირობის დარღვევას, მდინარიძემ აღიარა, რომ მან პირობა დაარღვია.

,,წყლის გადასახადი მოგვივიდა ძალიან ბევრი. თვეში ნაცვლად 36 ლარისა, უკვე გვჭირდება 1 200 ლარი. საიდან მოვიტანოთ ეს ფული? ამიტომ დღის წესრიგში დადგა საკითხი იმისა, რომ მსახიობები დამსახურებისა და ასაკის მიხედვით მივიღოთ” – ამბობს მდინარიძე. მართლაც, 2011 წლის იანვარიდან ხელშეკრულებების გარეშე 15 მსახიობი დარჩა.

რატომ არ მოითხოვა თეატრმა წყლის გადასახდელად თანხა მოეძია ისე, რომ მსახიობების შემცირება არ გამოწვეულიყო? ნოდარ მდინარიძე ამბობს, რომ მათ ამის შესახებ გამგეობას აცნობეს, თუმცა გამგეობიდან შემოუთვალეს, იმ 300 000 ლარში ჩაეტიეთ, რასაც გაძლევთო. ,,ჩვენი შემოსავლები კი არ გვაქვს. ამიტომ გვინდა, რომ ისეთი სპექტაკლები გავაკეთოთ, რომელიც შემოგვიტანს შემოსავალს” – ამას ამბობს როგორც მმართველი, ისე სამხატვრო ხელმძღვანელი, რომელიც გორის თეატრში თითქმის 5 წელია სპექტაკლებს დგამს და მაყურებლიდან შემოსავლები არ ჩანს.

ახლა ვნახოთ, მოგების სახით რა შემოსავლები ჰქონდა გორის თეატრს საკუთარი რეპერტუარიდან 2009-2010 წლის განმავლობაში. ამისათვის ჩვენ გვაქვს ორი აუდიტორული დასკვნა, ერთი მიღებული 2010 წლის იანვარში, სადაც 2009 წლის მდგომარეობაზეა საუბარი, ხოლო მეორე დასკვნა შედგენილია 2010 წლის 13 სექტემბერს. ეს უკანასკნელი დოკუმენტი წარმოადგენს შუალედურ ანგარიშს 2010 წლის ფინანსური მდგომარეობის შესახებ.

2009 წლის შესახებ აუდიტორულ დასკვნაში ვკითხულობთ: ,,თეატრის მიერ 2009 წელს განხორციელდა 8 ახალი სპექტაკლის დადგმა (არ არის მითითებული, რომელი? – ავტ;). თუმცა კი დიდი დარბაზის უფუნქციობისა და ბილეთების დაბალი ფასების გამო ამ საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები ერთობ მწირია და მხოლოდ 7 ათასი ლარი შეადგინა. დანარჩენი 14 600 ლარი მიღებულია იჯარებიდან და დარბაზის გაქირავებიდან.”

რაც შეეხება 2010 წლის 9 თვის მონაცემებს, აქ აღნიშნულია, რომ თეატრმა ბილეთების რეალიზაციიდან, იჯარებიდან და დარბაზის გაქირავებიდან მიიღო 13 400 ლარი.

როგორც ვხედავთ, 2009 წლის განმავლობაში თეატრში მაყურებლისგან 7 ათასი ლარი შევიდა., მაშინ როდესაც რეჟისორი სოსო ნემსაძე ერთი სპექტაკლის დადგმისთვის 5 ათას ლარზე ნაკლებს ჰონორარის სახით არ იღებს.  ჩნდება კითხვა, თუკი ასეთი მწირ შემოსავლიანია გორის თეატრის სპექტაკლები, რატომ უნდა იღებდეს ასეთ დიდ ჰონორარს მისი რეჟისორი? ,,მე ასე მიღირს, 20 000 ლარიანი და 25 000 ლარიანი რეჟისორი აქ არ ჩამოვა” – გვეუბნება ნემსაძე. ჩვენს კითხვაზე, გამოაცხადოს თეატრმა  კონკურსი რეჟისორების შესარჩევად, სადაც გათვალისწინებული იქნება შედარებით ნაკლები თანხა და სადაც სამხატვრო საბჭოს შესაძლებლობა ექნება მათთვის სასურველი და საინტერესო შემოთავაზებას დაუჭიროს მხარი, ამაზე ნემსაძე გვპასუხობს:

,,რა თქმა უნდა, რასაკვირველია ასეც გავაკეთებთ” – დაგვპირდა ნემსაძე, თუმცა იმ გამოცდილებით, როდესაც მსახიობებისთვის მიცემული პირობა საკადრო შემცირებების არ გატარების თაობაზე უმალ დაირღვა, ჩვენთვის, რა საკვირველია, ამ პირობას არანაირი იურიდიული ძალა აქვს.

ნემსაძემ ბოლო ხანებში გორის თეატრში დადგა სპექტაკლები: ,,ცხელი აგვისტო”. ,,დევნილნი”, ,,ტოპაზის სისტემა”, ,,თეთრი საყელო”.

სპექტაკლი ,,ცხელი აგვისტო” სოციალურ ქსელში ,,ფეისბუქი” შეფასდა როგორც პროპაგანდისტული დადგმა, სადაც რადიო ,,თავისუფლების” ჟურნალისტის კომენტარით შევიტყვეთ, რომ ისმოდა პრეზიდენტის საქებარი სიტყვები. ,,მტრები გვყავს, მტრები” – გვითხრა ქირქილით სოსო ნემსაძემ. ,,იქ არავითარი მსგავსი არაფერია, ჩვენ კიდევ ერთხელ აღვადგენთ ამ სპექტაკლს და ნახავ, რომ იქ პრეზიდენტის საქებარი სიტყვები არ გვაქვს” – გვითხრა სოსო ნემსაძემ. მისი კომენტარიდან ჩვენთვის ყველაზე საინტერესოა სიტყვა ,,აღდგენაა”. ,,ცხელი აგვისტო” სულ ახლახანს აჩვენეს გორის თეატრის სცენაზე და რამდენიმე თვეში  ამ სპექტაკლს ,,აღდგენა” ჭირდება?. სპექტაკლის აღდგენის დროს ხომ რეჟისორი ახალ ჰონორარს იღებს. მოქმედი სპექტაკლი კი საკუთარი შემოსავლის მრავალჯერ მიღების საშუალებას რეჟისორს არ აძლევს. 2010 წლის 25 ივნისს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ ,,ცხელი აგვისტოს” დასადგემლად 7 000 ლარი გადმოურიცხა გორის თეატრს. აქედან 6 000 ლარი გადაერიცხა მთავარ რეჟისორს სოსო ნემსაძეს ჰონორარის სახით, ხოლო 1 000 ლარი – მუსიკალურ გამფორმებელს. სპექტაკლში კი 6 მსახიობია დაკავებული. დანარჩენებს გადმორიცული თანხიდან არაფერი შეხვდათ.

საინტერესოდ გამოიყურება სპექტაკლის ,,დევნილები” ხარჯები.  2011 წლის 3 თებერვალს მოწოდებულ ინფორმაციაში წერია, რომ აღნიშნულ სპექტაკლში ნემსაძემ ჰონორარის სახით აიღო 4 000 ლარი. ხოლო 1000 ლარი მუსიკალურმა გაფორმებამ წაიღო(!). დამატებით 2054 ლარი – სადადგმო ხარჯია. ჩვენ მოთხოვნილი გვქონდა დეტალური ინფორმაცია მათ შორის სადადგმო ხარჯის შესახებ, თუ რა დეტალებს გულისხმობს ეს სადადგმო ხარჯი,  გორის თეატრის გარდერობი ხომ დიდი ხანია არ განახლებულა და ისევ ძველი კოსტიუმები და ძველი ფეხსაცმელები ალაგია. ამის დამადასტურებელი დოკუმენტები თეატრმა არ წარმოგვიდგინა. საიდან გაჩნდა მუსიკალური გაფორმებისთვის 1 000 ლარი? თეატრის მაშინდელი მმართველის გიორგი მაჭარაშვილის #1/10ა ბრძანების მიხედვით, წარმოებაში ჩაშვებულ ,,დევნილების” სიაში მუსიკალურ გამფორმებლად არავინ ჰყავთ მოწვეული და არც არავინ ჩანს მუსიკალურ გამფორმებლად. ყოფილი მმართველის გიორგი მაჭარაშვილის მიერ გამოცემულ სხვა ბრძანებაში #1/2 სოსო ნემსაძე სპექტაკლის ,,თეთრი საყელო”, მოხსენიებულია როგორც დამდგმელი რეჟიროსი და მუსიკალური გამფორმებელი. ანუ ნემსაძე იღებდა როგორც რეჟისორის ჰონორარს, ასევე მუსიკალური გამფორმებლის ჰონორარს. ჩვენ სამწუხაროდ არ გვაქვს ,,თეთრი საყელოს” ხარჯების შესახებ სხვა დეტალური ინფორმაცია.

ბოლო სპექტაკლი, რომელმაც ასე თუ ისე საკმაოდ მღელვარება გამოიწვია ადგილობრივ ხელისუფლებაში, ეს ,,ტოპაზის სისტემაა”. სოსო ნემსაძემ ,,ტოპაზის სისტემაში” 4 375 ლარი მიიღო ჰონორარის სახით, მხატვრულ გაფორმებაში 625 ლარი დაუჯდათ. დეკორაციებში კი – 1430 ლარი წავიდა. ამჯერადაც ვერ გავიგეთ, რა იგულისხმება ,,ტოპაზის სისტემის” სადადგმო ხარჯში?. ეს ინფორმაცია არ გაგვიშალეს. უფრო მეტიც, თეატრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა თაკო აბაშიძემ გვირჩია, წერილობითი ფორმის ნაცვლად, ,,იმეილით” კონტაქტი გამოგვეყენებინა. ელექტრონული სისტემით კი ამ ეტაპზე თეატრს გაუჭირდება ცოცხალი დოკუმენტების ასლების მოწოდება, რადგან ჯერ-ჯერობით სკანერი არ აქვთ შეძენილი. თუმცა არც წერილობითი ფორმით ინფორმაციის მოთხოვნამ გაჭრა, რადგან თეატრის ადმინისტრაციამ არ მოგვაწოდა არც ერთი დოკუმენტი იმისა,  სადაც ნემსაძის ხელმოწერა იქნებოდა დაფიქსირებული; ასევე არ მოგვაწოდეს ნემსაძესთან გაფორმებული ხელშეკრულებების ასლები, სადაც ასევე ჩაწერილი იქნება, თუ რა უფლება-მოვალეობანი ჰქონდა და აქვს ნემსაძეს გორის თეატრში.

ამჯერად, ნემსაძე სამხატვრო ხელმძღვანელი გახდა, რომლის უფლება-მოვალეობანს კანონი ,,სახელმწიფო თეატრის შესახებ” არეგულირებს.  აღნიშნული კანონის მერვე მუხლში გარკვევით წერია, რომ ,,სახელმწიფო თეატრს შეიძლება ჰყავდეს მთავარი რეჟისორი იმ შემთხვევაში, თუ თეატრის სამხატვრო ხელმძღანელი ან თეატრის მმართველი შესაბამისად არ არის რეჟისორი”. გორის თეატრის ამჟამინდელი სამხატვრო ხელმძღვანელი სოსო ნემსაძე კი წლების განმავლობაში რეჟისორია, მიუხედავად ამისა, სხვადასხვა რეჟისორების მოწვევას თბილისიდან აპირებს. ამით იბადება კითხვა, რა საჭიროა დამატებითი რეჟისორების მოწვევა და ხარჯების გაღება, მაშინ როდესაც სამხატვრო ხელმძღვანელი ისედაც რეჟისორია?

რაც შეეხება ,,ტოპაზის სისტემას”, აღნიშნულის თაობაზე ადგილობრივი ხელისუფლების წარდმომადგენლებმა უარყოფითი პოზიცია დააფიქსირეს. გარდა იმისა, რომ 3 საათიან სპექტაკლში ერთგან ეროტიული სცენაა, ზოგადად სპექტაკლის გმირებმა თანამედროვე ცხოვრების და მმართველობის მანკიერი მხარეები გამოავლინეს. ჩვენს კითხვაზე, საკუთარი თავი ხომ არ დაინახეს მმართველებმა სპექტაკლში, ნემსაძემ გვიპასუხა: ,,სპექტაკლი სწორედ ეგაა, რომ ადამიანმა თავისი თავი დაინახოს. ის კი არა და მე თვითონაც ვხედავ ხოლმე ჩემს თავს სპექტაკლში. სცენაზე მეფე არის მსახიობი, ხოლო დანარჩენები, მაყურებლები, თუნდაც ჩინოვნიკები, არიან ყველა თანასწორნი” – ამბობს ნემსაძე.

,,ტოპაზის” სისტემის” წარმატებად თვლიან მთავარი გმირის შემსრულებლის ილია ქორქაშვილის მიერ პრიზის მიღებას საუკეთესო დებიუტისთვის. თეატრალური საზოგადოების მიერ გადაცემულ პრიზში აღნიშნულია, რომ ილია ქორქაშვილს პრიზი მიენიჭა გორის თეატრის სახელით, მაშინ როდესაც ილია ქორქაშვილი თბილისელი მსახიობია და სოსო ნემსაძემ ის ახმეტელის თეატრის სცენაზე დადგმული ,,ტოპაზის სისტემიდან” სპექტაკლიანად გადმოიყვანა გორში. გორის  თეატრის მმართველი ნოდარ მდინარიძე ამბობს, რომ ეს გორის თეატრის წარმატებაა. თუ რამდენად წარმატებაა ,,ახმეტელის თეატრის” სცენაზე დადგმული ,,ტოპაზის სისტემა” გორის თეატრისთვის”, ამაზე კარგი პასუხი აქვს თეატრმცოდნეს ლაშა ჩხარტიშვილს, რომლის მოსაზრებები სტატიის დასაწყისში უკვე მოვიყვანეთ. ჩვენ იმავე ავტორის სხვა წერილიდანაც – ,,ქალი წარსულიდან 2″  მოვიყვანთ ციტატას:  ,, ახალგაზრდა რეჟისორების უმრავლესობა თითქმის ყოველთვის კარგად იწყებენ, მაგალითისთვის დავით დოიაშვილის პირველი დადგმებიც კმარა, ასევე ამ მაგალითის არგუმენტად სოსო ნემსაძის და ირაკლი გოგიას სპექტაკლებიც გამოდგება, რომლებმაც სტუდენტობის დროს მიიქციეს ფართო თეატრალური საზოგადოების ყურადღება. მართალია მათი ერთ კატეგორიაში განხილვა არსწორია, მაგრამ მათი ადრინდელი პერიოდის სპექტაკლები გაცილებით ატარებდა ექსპერიმენტის და ძიების ხასიათს, ვიდრე დღეს.”

ასე, რომ შევეცადეთ გვეცნობებინა მკითხველისთვის ის დაფარული მოქმედებები, რომლებსაც ახორციელებენ რეჟისორები და მმართველები, სხვათა შორის, მსახიობების მიღმაც. ნემსაძის ჰონორარები უკვე მასშტაბებს სცდება, მაშინ როდესაც 12 000 ლარის გამო, გორის თეატრიდან მსახიობები მასიურად დაითხოვეს. მათ ნაცვლად კი თბილისიდან სტუდენტები ჩამოიყვანეს. ნემსაძის თქმით, დაახლოებით 6-7 სტუდენტი ჩამოვა, რომელსაც კონკურსი პრაქტიკულად არ გაუვლიათ. კონკურსის პირობებში მითითებული იყო ბოლო 5 წლის განმავლობაში ნათამაშები როლები, ასევე დამსახურებები, რაც ბუნებრივია სტუდენტებს არ გააჩნიათ. აქედან გამომდინარე, ნემსაძის გამოცხადებული კონკურსის პირობები შეეხო მხოლოდ და მხოლოდ გორის თეატრის მსახიობებს და არა ნემსაძის სტუდენტებს.

და ბოლოს, სოციალურ ქსელ ,,ფეისბუქზე” რამდენიმე თვის წინ, გორის თეატრს საკუთარი გვერდი ჰქონდა. ,,ქართლის ხმამ” ამ გვერდზე წარმოშობილ დისკუსიის დროს თეატრის მმართველობას შესთავაზა გიორგი ერისთავის ,,გაყრის” დადგმა, რომელიც ამ ქალაქის და ამ თეატრის სახედ შეიძლება ქცეოდა. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, სოსო ნემსაძემ მსახიობებთან თათბირის დროს, გადაწყვიტა ,,გაყრის” დადგმა.

პ.ს. რაც შეეხება ნემსაძის ჰონორარებს, სტატია მზადების პერიოდში იყო, როდესაც თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა მსახიობები წინდაწინ შეამზადა. ერთ-ერთ თათბირზე, სადაც ჟურნალისტები არ ესწრებოდნენ, ნემსაძემ განაცხადა, რომ ის მართლაც იღებდა დიდძალ ჰონორარებს, ოღონდ ნაწილს მაჭარაშვილი მართმევდაო.

კატეგორიები:თეატრი
  1. February 14, 2011 at 2:50 pm

    კარგი იქნება “share” ღილაკს თუ ჩასვამთ ბლოგზე. თქვენს მკითხველს ასე უფრო გაუადვილდება სოც.ქსელებზე გაუზიაროს ინფორმაცია სხვებს.

  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: