მთავარი > სტატიები > ,,სტალინის როლი მენშევიკების მიერ გატაცებული ეროვნული განძის დაბრუნებაში”

,,სტალინის როლი მენშევიკების მიერ გატაცებული ეროვნული განძის დაბრუნებაში”


გოგი დალაქიშვილი

გოგი დალაქიშვილი

(წერილი რედაქციას)

გოგი დალაქიშვილი

ამ საკითხზე, ასეთი შინაარსის წერილის დაწერისაგან დიდი ხნის განმავლობაში ვიკავებდი თავს. ვფიქრობდი, ერთი-ორჯერ თქვეს და იკმარებენ, მაგრამ რაც დრო გადის, მით უფრო ძლიერდება საქართველოს საზოგადოების “ელიტარული” ნაწილის მხრიდან თავდასხმები საკვირველი ის კი არ არის, რასაც სტალინს აბრალებენ, არამედ ის, რაც აქამდე ჯერ არ დაუბრალებიათ:

იუდეველთა დევნა და გაწყვეტა შუა საუკუნეებში და შემდგომ პერიოდში ევროპის ისეთ ცივილიზებულად მონათლულ ქვეყნებში, როგორებიცაა დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, პორტუგალია, ესპანეთი, გერმანია და სხვები; 120 მილიონზე მეტი ინდიელების გაწყვეტა ამერიკის კონტინენტზე; ინგლისის მიერ ინდოეთიდან კოლოსალური რაოდენობით ბრინჯისა და ხორბლის გაზიდვით გამოწვეული შიმშილობით სამოც მილიონზე მეტი ადგილობრივი მოსახლეობის გაჟლეტა; 1938 წლის სექტემბერში ჩეხოსლოვაკიის სუვერენული რესპუბლიკის წინააღმდეგ ჩემბერლენის, დალადიეს, მუსოლინისა და ჰიტლერის მიერ შეთქმულების განხორციელება, რამაც გამოიწვია ჩეხოსლოვაკიის რესპუბლიკის დამხობა. ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ინტერვენციების ჩატარება: 1948-53 წლებში ფილიპინებზე, 1950-53 წლებში კორეაში და სხვა მრავალ ქვეყნებში, რომელთა ჩამოთვლაც ძალზე შორს წაგვიყვანს.

ამჯერად მკითხველის ყურადღება მინდა შევაჩერო სტალინის იმ დიდ დამსახურებაზე საქართველოსა და ქართველი ერის წინაშე, რომლის უგულვებელყოფასაც ბოლო წლებში ანვითარებენ. საქმე ეხება 1921 წლის ნოე ჟორდანიას მენშევიკური მთავრობის მიერ, ქართული ეროვნული განძის სამუზეუმო და სახელმწიფო ქონების გატაცებას, მის საზღვარგარეთ გატანას და 1945 წელს საბჭოთა ხელისუფლების, პირადად სტალინის უშუალო ქმედების შედეგად მის დაბრუნებას საქართველოში. განძის დაცვის, მისი გადარჩენის და სამშობლოში დაბრუნების ორგანიზატორად ცდილობენ წარმოაჩინონ ცნობილი ქართველი მოღვაწე, ისტორიკოსი, არქეოლოგი ბატონი ექვთიმე თაყაიშვილი, რომელიც სინამდვილეში იყო ერთ ერთი აქტიური მოღვაწე სამუზეუმო განძისა და სახელმწიფო შერჩევა გატანაში. მინდა წინასწარ გავაფრთხილო მკითხველი, რომ არავითარი ავი ზრახვები და მიზანი არა მაქვს ბატონი ექვთიმე თაყაიშვილის სამეცნიერო სფეროში მისი ღვაწლის და მიღწევების უგულვებელსაყოფად და დასაკნინებლად. ის, რომ იგი იყო დიდი მოჭირნახულე და თვალსაჩინო მეცნიერი, ისტორიკოსი და არქეოლოგი, ეჭვგარეშეა, დამტკიცებას არ საჭიროებს. ამის დასტურად მის მიერ დამუშავებულ და გამოქვეყნებულ სამასზე მეტი მეცნიერული ნაშრომი მეტყველებს, მაგრამ რაც შეეხება მას, როგორც “განძის გუშაგს” მის დამცველს და სამშობლოში დამბრუნებელს, საქმე სხვაგვარად იკვეთება.

ამ საკითხთან დაკავშირებით საკმარისია გულდასმით გავეცნოთ შალვა ამირანაშვილის, ელიზბარ უბილავას ნაშრომებს და აგრეთვე ბატონ სერგო ქავთარაძის ნაწერებს და განცხადებებს და აღმოვჩნდებით სულ სხვა რეალობის წინაშე. მივყვეთ მოვლენებს თანმიმდევრობით განვითარებას. იმის გამო, რომ ე.თაყაიშვილმა თვით ჟორდანიაზე და მისი მთავრობის წევრებზე უკეთესად იცოდა თბილისის მუზეუმის გარდა, რომელ ქალაქების მუზეუმებში, ეკლესია მონასტრებში და ძველი მთავრების სასახლეებში რა განძიც იყო განთავსებული, ამიტომ იგი უშუალოდ ჟორდანიას მიერ იყო გამოყოფილი მთავარ ფიგურად განძეულის გადარჩევა-აღწერის და საზღვარგარეთ გატანისათვის მოსამზადებლად, რაც მან წარმატებით შეასრულა. მუზეუმების გარდა ბორჯომის, ლიკანის და ზუგდიდის სასახლეებთან, აგრეთვე გელათისა და სხვა ეკლესია-მონასტრებიდან გამოიტანა უძვირფასესი ექსპონატები და მისცა გზა საზღვარგარეთ გასატანად. 1921 წლის 11 მარტს განძეულობით დატვირთული გემი გავიდა ბათუმიდან და ამავე წლის 10 აპრილს გადმოტვირთული იქნა ქალაქ მარსელში. სპეციალური კომისიის ე.თაყაიშვილის, ი.ელიგულაშვილის, ზ.ავალიშვილის და ა.დეკანოზიშვილის მიერ შემოწმებისა და დალუქვის შემდეგ, 39 ყუთი, მენშევიკური მთავრობის წევრ აკაკი ჩხენკელის სახელზე ჩაბარდა საფრანგეთის ბანკის მარსელის განყოფილებას, შენახვისათვის ერთი წლის საფასურის 2500 ფრანკის წინასწარი გადახდით. დანარჩენი ყუთები ზ.ავალიშვილის მიერ ჩაბარდა პარიზის “გარდენბილში”.

პარიზში ჩასვლისას ჟორდანია მიიღო საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა ბრაიანმა, რომელიც დაინტერესდა ქართველი ემიგრაციის საარსებო სახსრებით, რაზედაც ჟორდანიამ უპასუხა: “თან მოგვაქვს მთავრობის ხაზინა, ცოტა ხანს ამით გავიტანთ თავს. ვაპირებთ არასამუზეუმო ვერცხლის გადადნობას და გაყიდვას, ერთ ხანს ესეც შეგვეშველება”-ო. (ე.უბილავა “განძეულის გუშაგი გვ.76) და ი.ელიგულაშვილმა პარიზის “გარდენბელიდან” გამოიტანეს არასამუზეუმო განძეულობა, გადაადნეს სახელმწიფოს კუთვნილი ვერცხლეული და გაყიდეს მილიონ ორასი ათასად. ამ თანხიდან კიდევ ერთი ხელი შეიტანეს ხაზინაში განძეულის შენახვისათვის ყოველწლიური გამოსაღები 2500 ფრანკი, იყიდეს ლევილის მამული თავიანთი მომავალი რეზიდენციისათვის”. (ე.უბილავა,”განძეულის გუშაგი”გვ81).

არსებულ გამოქვეყნებულ ცნობებში არსად არ არის მითითებული გადამდნარი ვერცხლეულის რაოდენობა, ნივთების დასახელება, არ არის ცნობილი ვერცხლის გარდა, ხელოვნების რა ნივთები იქნა გატანილი და გაყიდული, რა თანხა გადაიხადეს ემიგრანტების პარიზის სასტუმროებში ცხოვრებისათვის, ვიდრე ლევილში გადავიდოდნენ და შემდეგ, რა თანხა დარჩათ. არის მხოლოდ ოფიციალური ცნობა, რომ ლევილი შეიძინეს 1992 წელს.

დაკვირვებული მკითხელი იკითხავს: სად იყო ამ დანაშაულებრივი ქმედების დროს “განძეულის გუშაგად” მონათლული ბატონი ექვთიმე? ხომ არ იყო თვითონაც ამ დანაშაულებრივ ქმედების აქტიური მონაწილე?! ალბათ იყო. “განძეულის გუშაგის” გარეშე განძს ვერ გაყიდიდნენ. ემიგრანტ მთავრობისა და განძის შენახვის მდგომარეობა შემდეგში უფრო დამძიმდა. უსახსრობისა თუ დაუდევრობის გამო მომდევნო 13 წლის განმავლობაში ჟორდანიას მთავრობამ და “განძეულის გუშაგმა” ექვთიმემ ვერ შეძლეს განძის შენახვისათვის თანხის გადახდა, რამაც გადაუხდელობის და მასზე საურავის დარიცხვით ძალზე დიდი თანხა შეადგინა და 1935 წელს საფრანგეთში, იმდროინდელი მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე, განძი გამოცხადდა უპატრონოდ და მთავრობამ მოახდინა მისი სრული კონფისკაცია.

ამ დღიდან საქართველოს ემიგრანტ მენშევიკურ მთავრობას და მასთან ერთად ბატონ ექვთიმეს საქართველოს განძთან აღარაფერი ესაქმებოდათ და არც არავინ ასაქმებდა. საქართველოს რესპუბლიკისათვის იგი დაკარგული იყო. (ე.უბილავა “განძეულის გუშაგი” გვ 155). მომხდარი ფაქტით სცადა ესარგებლა საფრანგეთში მცხოვრებმა სამეგრელოს მთავრის ნიკოლოზ დადიანის ასულმა სალომე დადიანმა-ობოლენსკაიასამ და აღძრა საჩივარი საფრანგეთის სასამართლოში ზუგდიდის სასახლიდან გამოტანილი მამის კუთვნილი განძეულის დასაბრუნებლად, როგორც კანონიერმა მემკვიდრემ. სასამართლოს მოწმის სახით ესწრებოდა თაყაიშვილიც. სასამართლომ მათ განუმარტა, რომ განძი, რომელზედაც ქალბატონი სალომე აცხადებდა პრეტენზიას, როგორც კანონიერი მემკვიდრე “საქართველოს მენშევიკური მთავრობის 1920 წლის 21 დეკემბრის, სამეგრელოს მთავარს ნიკოლოზ დადიანს მთელი ქონება ჩამოერთვა და გამოცხადდა საქართველოს რესპუბლიკის საკუთრებად”, (ე.უბილავა “განძეულის გუშაგი” გვ 102), რომელიც საფრანგეთის მთავრობის მიერ იყო კონფისკირებული.

მომდევნო პერიოდში განძთან დაკავშირებული მოვლენები ასე განვითარდა. 1940 წელს ფაშისტური გერმანიის მიერ საფრანგეთის ოკუპაციით შეშინებულმა საფრანგეთის მთავრობამ მთელი განძეულობა, მათ შორის საქართველოს ყოფილი განძიც, მოსალოდნელი დაკარგვის შიშით, გადამალა საიდუმლო ადგილას. 1944 წელს საბჭოთა ჯარების მიერ გამანადგურებელი დარტყმებისა და მოკავშირეთა მიერ მეორე ფრონტის გახსნის შედეგად, რეიხი სულს ღაფავდა. საფრანგეთში გაძლიერდა ანტიფაშისტური მოძრაობა, რომელსაც სათავეში ედგა გენერალი დე-გოლი.

იგი 1944 წელს 2 ივლისს არჩეულ იქნა საფრანგეთის დროებითი მთავრობის თავმჯდომარედ. 1944 წლის 23 ოქტომბერს გენერალ დე-გოლის მთავრობა საბჭოთა კავშირმა და მისმა მოკავშირეებმა კანონიერად ცნეს. 1944წლის 2 დეკემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით, გენერალი დე-გოლი სტალინის მოწვევით ჩავიდა მოსკოვში პოლიტიკური საკითხების გადასაწყვეტად, კერძოდ ომის დამთავრების შემდეგ, საფრანგეთის სტატუსის განსაზღვრისთვის. ამ შეხვედრის დროს, სტალინმა აუწყა დე-გოლს საქართველოს განძეულობის შესახებ და სთხოვა მისი დაბრუნება ქართველი ერისათვის. ამ მომენტამდე დე-გოლს საქართველოს განძის შესახებ არაფერი სცოდნია და დაპირდა სტალინს, როგორც კი დაბრუნდებოდა პარიზში, გაარკვევდა განძთან დაკავშირებულ ვითარებას და მიიღებდა ყველა ზომებს განძის დასაბრუნებლად.

გენერალმა დე-გოლმა დაპირება პირნათლად შეასრულა. 1944 წლის დეკემბრის ბოლოს საქართველოს განძი გადაიტანეს საბჭოთა კავშირის საელჩოში საფრანგეთში. 1945 წლის იანვრის დამდეგს ორი ქართველი მეცნიერი ამირანაშვილი და შარია გაემგზავრნენ საფრანგეთში. პარიზში ჩაფრინდნენ 21 იანვარს და ჩაატარეს განძეულობის გადამოწმება და შედარება სიებთან. ამ ოპერაციაში მონაწილეობის მისაღებად მიიწვიეს ე.თაყაიშვილი, მაგრამ ორიოდე დღის შემდეგ ავადმყოფობის მიზეზით ჩამოცილდა განძის გადამოწმების ოპერაციებს. 1945 წლის 15 თებერვალს დაიწყეს განძეულის ყუთებში შეფუთვა, გამომგზავრებისათვის მზადება. იმასთან დაკავშირებით რომ ომი ჯერ კიდევ მძვინვარენდა, 5 აპრილამდე გამოფრენა ვერ მოხერხდა, 1945 წლის 5 აპრილს განძით დატვირთული ორი თვითმფრინავი, თანმხლები პირებით, მათ შორის, ე.თაყაიშვილიც გამოფრინდა თბილისისაკენ. გრძელი მარშუტის შემდეგ, თვითმფრინავები თბილისის აეროდრომზე დაეშვნენ. მხოლოდ 11 აპრილს. ამ დღიდან 1921 წელს მენშევიკური მთავრობის მიერ გატაცებული საქართველოს კუთვნილი განძეულობა, სტალინის უშუალო ძალისხმევით, დაუბრუნდა კანონიერ პატრონს, მაშინდელ სოციალისტურ საქართველოს რესპუბლიკას.

ბოროტი ენების მიერ გავრცელებული ჭორები, თითქოს საბჭოთა საქართველოს მთავრობამ ჯეროვნად არ დაუფასა ე.თაყაიშვილს ამაგი, განძეულის შენახვა დაცვაზე და მის დაბრუნებაზე საქართველოში, არის მტკნარი სიცრუე. ნაცვლად განძის გატაცებაში აქტიური მონაწილეობისა და მისი გარკვეული ნაწილის საფრანგეთში განიავებისათვის სასჯელის მიღებისა, მიაგეს ზომაზე მეტი პატივი და მის მიმართ საბჭოთა მთავრობამ გამოიჩინა დიდი ჰუმანურობა. პარიზიდან სამშობლოში თაყაიშვილის დაბრუნება განხორციელდა სახელმწიფო ხარჯებით.

თბილისში ჩამოსვლისთანავე ქალაქის პრესტიჟულ რაიონში გამოუყვეს ავეჯითა და ყველა საჭირო საოჯახო ივენტარით და ნივთებით გაწყობილი ბინა. 1945 წლის 11 თებერვალს დაბრუნებული თაყაიშვილი უკვე ამავე წლის 10 მაისს არჩეული იქნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორად და 1946 წლის დასაწყისში აირჩიეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსად. საფრანგეთში დამუშავებული ყველა მეცნიერული ნაშრომი, რომელთა გამოცემაც პარიზში უსახსრობის გამო ვერ შეძლო, საქართველოში უკლებლივ სახელმწიფოს ხარჯებით გამოსცეს. მითი თითქოს უშიშროების სახელმწიფო კომიტეტი ახორციელებდა თვალყურს და დევნას, სიცრუეა. თვალყური ხორციელდებოდა მხოლოდ და მხოლოდ მოსალოდნელი ექსცესებისა და ავანტურის თავიდან ასაცილებლად.

1963 წელს, დაბადებიდან 100 წლისათვის თარიღთან დაკავშირებით, მისი ნეშთი (გარდაიცვალა 1953 წლის 21 თებერვალს 90 წლის ასაკში), გადაასვენეს საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში, ხოლო რამოდენიმე წლის შემდეგ მისი ადრე გარდაცვლილი მეუღლის ნეშთი, ლევილის სასაფლაოდან სახელმწიფოს ხარჯებით თბილისში გადმოასვენეს და დიდუბის პანთეონში მეუღლის, ექვთიმე თაყაიშვილის გვერდით, დაკრძალეს.

ასეთი დიდი პატივი არა თუ სახელმწიფო დამნაშავეს, არამედ ბევრ დამსახურებულ, ერთგულ მოღვაწეს არა რგებია. ქართველმა ხალხმა, განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობამ უნდა იცოდეს სინამდვილე ექვთიმე თაყაიშვილის, როგორც სამეცნიერო სარბიელზე მისი დიდი ღვაწლის შესახებ, ასევე საქართველოდან მენშევიკური მთავრობის მიერ ეროვნული განძის საზღვარგარეთ გატაცება-განიავებაში მისი აქტიური მონაწილეობის ირგვლივ და აგრეთვე სინამდვილე, ვისი ძალისხმევითაც მოხდა მენშევიკების მიერ გატაცებული ეროვნული განძეულის დაბრუნება საქართველოში, კერძოდ სტალინის დამსახურების შესახებ. საჭიროდ მიმაჩნია საქართველოს საზოგადოება იცნობდეს ერმიტაჟის დირექტორის, აკადემიკოს იოსებ ორბელის წერილებს, ერმიტაჟიდან უძვირფასესი აღმოსავლური, მათ შორის ქართული ხელოვნების უნიკალური ნიმუშების გატანა-გაყიდვის მცდელობების აღკვეთის შესახებ იოსებ სტალინის მიერ. მტკიცება იმისა, რომ ნოე ჟორდანიას მენშევიკური მთავრობის მიერ საზღვარგარეთ გატაცებული ეროვნული განძი, რაშიც ექვთიმე თაყაიშვილს აქვს აქტიური მონაწილეობა მიღებული, უდანაკარგოდ დაუბრუნდა საქართველოს, არის მტკნარი სიცრუე. ეს არის ცალკეულ მოღვაწეთა, მენშევიკური იდეებით გაჟღენთილთა მცდელობა მიჩქმალონ ნოე ჟორდანიას და მის თანამზრახველთა დანაშაულებრივი ქმედებანი. ზემოთ აღვნიშნე, რომ თვით ნოე ჟორდანიამ საფრანგეთის პრემიერმინისტრს ბრაიანის შეკითხვაზე, საარსებო სახსრების ირგვლივ, პირდაპირ განუცხადა: – “წამოღებული გვაქვს სამთავრობო ხაზინა, ჯერ-ჯერობით ამით გავიტანთ თავს, აგრეთვე წამოღებულ ვერცხლეულს გადავადნობთ და გავყიდით”-ო, რაც განახორციელა კიდეც. მაგრამ არავინ არ ახერხებს და არ კითხულობს- რა იქნა და სად გადაიკარგა თამარ მეფის ოქროს ქოშები ??? და განა მარტო ეს!!!

კატეგორიები:სტატიები
  1. February 27, 2011 at 11:53 am

    სტალინი რომ არა რა გვეშველებოდა ხალხოოოოოოოოო…. ავოიეეეეე. აი ამ სტატიიის პასუხია მარტო ეგ. ავოიეეეეეეეეეე.

  2. temur
    March 25, 2011 at 1:29 pm

    მართლაც რომ ავოეეეეე!

  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: