მთავარი > თეატრი > ,,რამდენად არიან ეს ადამიანები მსახიობები, რა”

,,რამდენად არიან ეს ადამიანები მსახიობები, რა”


ნარგიზა სალუქაშვილი და ჯაბა კილაძე

ნარგიზა სალუქაშვილი და ჯაბა კილაძე

ნარგიზა სალუქაშვილი

მსახიობი

გორის თეატრის ახალმა ხელმძღვანელობამ მსახიობები სასიკვდილოდ გაწირა. წაართვა საარსებო საშუალება, დარჩნენ ულუკმაპუროდ, უწამლოდ. ხელფასის გარდა მსახიობებს არავითარი სხვა შემოსავალი არ გააჩნიათ. ,,ცრემლითა და ტირილით შევხვდით ახალ წელს, შობას, ძველ ახალ წელს. 15 მსახიობი გაუშვეს თეატრიდან, ყოველი მსახიობის უკან დგას ოჯახი, შვილები, შვილიშვილები, მშობლები. რამდენი ადამიანი გაამწარეს. ,,არავინ გაგვინთავისუფლებია, გამოძახებით არიან!”. ასეთია მათი პასუხი. იცით რას ნიშნავს გამოძახებით მსახიობი? როდესაც ხელფასი აღარ გაქვს. თვეში ორჯერ, სამჯერ გამოგიძახებენ, ითამაშებ სპექტაკლში, მოგცემენ 5-10 ან 20 ლარს. ამით შეიძლება ორჯახმა იარსებოს ერთი თვე? ისინი ამას ,,რეორგანიზაციას” , ხან ,,კასტინგს” უწოდებენ. ,,ვისაც პროფესიული დიპლომი აქვთ, ისინი დავტოვეთ” – ამბობს მმართველი მდინარიძე და სამხატვრო ხელმძღვანელი ნემსაძე.

ტყუიან, ეს არავის სჯერა, არავითარი კასტინგი არ ჩატარებულა. წინდაწინ იცოდნენ, ვის დატოვებდნენ და ვის გაუშვებდნენ.. როდესაც კრება კასტინგის ჩასატარებლად გამოაცხადეს, ატყდა აურ-ზაური, ყვირილი, ჩხუბი. ,,შენ რა გაყვირებს, დაჯექი მანდ!” – ,,ნუ ყვირი, შენ არ გეხება~ – ,,შენ დაჯექი და დამშვიდდი”. აი ასე მიმართავდა ნემსაძე მსახიობებს. ვინც უნდა დაეტოვებინა. მას სხვა გეგმა და მიზანი ჰქონდა. მოეყვანა თეატრში თავისი სტუდენტები, უმუშევარი მეგობარი მსახიობები, საჭირო იყო შტატების განთავისუფლება. ეს ,,კასტინგი” ამიტომ მოიგონეს. თბილისში, ყოველი ფეხის ნაბიჯზე თეატრია. თუ ასეთი ნიჭიერები არიან, რატომ არ იწვევენ სამუშაოდ, თეატრის ასაღორძინებლად? ბევრ რეჟისორს ჩამოუყვანია გორში მსახიობები, აქ დარჩენილი არავინ გვინახავს. არც ესენი აპირებენ აქ დარჩენას. ისევ წავლენ თბილისში. თქვენ კი, მდინარიძე, შეცდით, გორის ადგილობრივი კადრი რომ გაწირეთ საშიმშილოდ. ,,ჩვენ პროფესიული დიპლომიანი მსახიობები გვჭირდება, თეატრი უნდა ,,ავაღორძინოთ”, არ გიხარიათ?” – რომ სწერთ გაზეთში, ესეც ტყუილია. ვინც დატოვეთ თეატრში, მსახიობების უმეტესობას არაპროფესიული დიპლომი აქვთ, ზოგს დიპლომი სულაც არა აქვს. ზოგს კი სცენაზე წლებია ფეხიც არ დაუდგამს და 5 წლის განმავლობაში ერთი ან ორი როლი აქვს ნათამაშები. ვინც გაუშვეს, უმეტესობა პროფესიულ დიპლომიანები არიან. თეატრის 98%-ს მდინარიძე მმართველად არ უნდოდა. სასტიკი წინააღმდეგები იყვნენ. მხოლოდ 3-4 კაცს უნდოდა..

,,გორელი კაცია, მოგვხედავს” – ამბობდნენ ისინი. კულტურის სამსახურის უფროსმა ლევან შავლიაშვილმა, პროტესტის მიუხედავად, გამოიძახა დასი და მდინარიძე და ნემსაძე ტეატრის ხელმძღვანელებად წარგვიდგინა. ამის შემდეგ ყოველ შეკრებაზე გვპირდებოდნენ ,,ნუ გეშინიათ, არავის გავუშვებთ”. ,,მე გორელი კაცი ვარ, ჩემგან ურჩხულს ნუ ქმნით, ჩემზე უკეთ ვინ მოგეფერებათ? – აი მათი სიტყვები, მოგვატყუეს. მასხარად აგვიგდეს.

,,წყლის გადასახადი მოგვივიდა წელიწადში 12 000 ლარი, რა გვექნა? როგორ გადაგვეხადა, გადავწყვიტეთ მსახიობების შემცირება.” – წერს გაზეთში მდინარიძე. რა ვაჟკაცური გადაწყვეტილებაა, წყლის გადასახადში გაცვალეთ 15 მსახიობი. ეს ურჩხულს შეეძლო მხოლოდ მოეფიქრებინა.

ხომ შეიძლებოდა უმტკივნეულოდ, ადამიანურად მოქცეულიყავით? მოგეკლოთ თქვენი ხელფასებიდან, მსახიობების, ყველა თანამშრომლის ხელფასებიდან და გადაგეხადათ. მაინც და მაინც მსახიობები უნდა მოგესროლათ თეატრიდან?

თეატრში მსახიობის ასაკი განსაზღვრული არ არის, მსახიობი რომელიც აზროვნებას ხედავს, ესმის, აქვს მეხსიერება, ჯანმრთელია, თეატრში უნდა დარჩეს და იმუშაოს. ასეთია თეატრის დაუწერელი კანონი. თქვენ კი 61-65-70 წლის მსახიობები ,,მოხუცებად” ჩათვალეთ და ამბობთ – ,,ათი პენსიონერი გავუშვით მხოლოდ”. ტყუით, მხოლოდ 4 პენსიონერი გაუშვით, რომლებიც დაკავებულები იყვნენ მიმდინარე რეპერტუარში და ხუთი წლის განმავლობაში ნათამაშები ჰქონდათ 16-12-8 როლები (ალბათ, ანკეტებში არ ჩაგიხედავთ).

მე თავს მოხუცებულად არ ვთვლი,, მერე რა რომ 70 წლის ვარ, სიცოცხლით და ენერგიით ვიყავი სავსე, სანამ ესენი განაჩენს არ გამოგვიტანდნენ. 52 წელიწადი სცენაზე ვარ, თეატრია ჩემი ოჯახი, 19 წლისამ შემოვდგი ფეხი ამ თეატრში, როდესაც მსახიობს ჰკრავ ხელს და სცენიდან უშვებ, ეს მსახიობისთვის სიკვდილის ტოლფასია. ამის გაგება მხოლოდ მსახიობს შეუძლია. გასული წლის 14 იანვარს, თეატრის დღეს, რუსთაველის თეატრში ჩემი შემოქმედების 70/50 წ. აღსანიშნავად ქალის როლების საუკეთესო შესრულებისათვის დამაჯილდოვეს სიგელით და ფულადი ჯილდოთი. მე, გორის თეატრის მსახიობი, ვიდექი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ტაშს მიკრავდნენ ხელოვანი ხალხით სავსე დარბაზი, სიხარულისა და სიამაყისაგან ვტიროდი. ეს იყო ჩემთვის დამსახურებაც და სახალხობაც.

დღეს ამათ არსებობის საშუალება წამართვეს, საარსებო მინიმუმიც არ დაგვიტოვეს. ოჯახიდან ორივე, დედა-შვილი გაგვიშვეს. უფროსი თაობის მსახიობებიდან ქალი  მარტო მე ვარ, არავითარ კასტინგში მონაწილეობა არ მიმიღია. ჩამონათვალში ვინც მონაწილეობდა წლების მიხედვით,  70 წლის ზემოთ ქალი არ იყო დასახელებული, მარტო ერთი კაცი იყო – ლ. ოზგებაშვილი.  მოვითხოვე კასტინგის დასკვნა, ჟიურის წევრების ოქმი, თუ ვინ იყო ჩემი ქალი – კონკურენტი? ვისთან დავმარცხდი?

,,მარტო  ლ. ჯავახიშვილი და ნ. სალუქაშვილი არიან უკმაყოფილოები” – წერს მდინარიძე გაზეთში. სინამდვილეში, მათი კასტინგით ყველა უკმაყოფილოა, განთავისუფლებულებიც და დარჩენილებიც. არაფერს ამბობენ, ჩუმად არიან, ეშინიათ, ჩვენსავით დევნილებად რომ არ იქცნენ.

,,ია სალუქაშვილს დაწყებითი პედაგოგოიური უნივერსიტეტი აქვს დამთავრებული, წავიდეს თავისი პროფესიით იმუშაოს” – ბრძანებენ ნემსაძე და მდინარიძე. რაღა მაინც და მაინც, იას დიპლომი ახსენდებათ, რატომ სხვა მსახიობების დიპლომი არ ახსოვთ? უმრავლესობას, გორის ეკონომიური ინსტიტუტი რომ აქვთ დამთავრებული.

თქვენ, მდინარიძე, ადრე თეატრში რომ მუშაობდით მსახიობად, გქონდათ პროფესიული დიპლომი? ამის გამო თეატრში პრობლემა გქონდათ? ან ახლა თეატრის მმართველად რომ მუშაობთ, გაქვთ პროფესიული დიპლომი?

3 წლიდან სცენაზეა ია, თეატრში გაიზარდა, მსახიობები თეატრის შვილობილს ეძახიან. 28 წელიწადია გორის თეატრშია. ეს მისი ოჯახია, ყოველთვის იყო დაკავებული პატარ-პატარა როლებით საბავშვო სპექტაკლებში. 16 წელია ,,წითელქუდას” თამაშობს. ამ სპექტაკლზე თაობები გაიზარდა. მიუხედავად იმისა, რომ იას პროფესიული დიპლომი არა აქვს, ამჟამინდელი წითელქუდას როლის შემსრულებელთან შედარებით, ძალიან დიდი პროცენტით, უფრო მეტად ღირსეულია. დღეს ბავშვები კითხულობენ, სად არის წითელქუდა? დევი, მელა, კურდღელი? ეს სპექტაკლი ამოიღეთ რეპერტუარიდან. (რედაქციისგან: მართლაც წლევანდელ წითელქუდაში ჭარბობდნენ თოფიანი კაცები, პატრულები, ჯარისკაცები. ბევრ ბავშვს ამ სპექტაკლის ყურების შემდეგ შიშები დაეწყო).

თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი სოსო ნემსაძე

თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი სოსო ნემსაძე

სანამ ვითომ კასტინგი ჩატარდებოდა, ნემსაძეს ვთხოვე, ია სხვა სამუშაოეზე გადაეყვანა. იას მაინც ჰქონოდა ხელფასი წამლის და პურის საყიდლად.  ნემსაძეს გაეხარდა, შტატს ვუთავისუფლებდით. შეგვპირდა, ან ტექ-რეჟისორად გადაიყვანდა, ან გარდერობში. ,,სპექტაკლებშიც დავაკავებ და ხელფასი შეევსება”. ეს მისი სიტყვებია, ამის მოწმე ბევრი მსახიობია – მოგვატყუა.

,,დაიგვიანე, მარტო ერთი 60 ლარიანი შტატი გვაქვს, სხვებივით რატომ არ შეგვაწუხე” – უთხრა ნემსაძემ. დაპირებულ თითო სპექტაკლში 15 ლარი რომ უნდა გადაეხადა, სამ სპექტაკლში გადავუხდი ამ თანხასო. აქაც მოატყუეს. 5 ლარი მისცეს თითო სპექტაკლში, მასხარად აიგდეს. თვითონ 1000, 900 ლარი აქვთ ხელფასი. რატომ ხდება ასე? შემთხვევით, გარედან მოსულ გოგო-ბიჭებს უძებნიან შტატს, ეფერებიან. მფარველობით უნიშნავენ 150-120 ლარს ხელფასს, ხოლო თეატრში გაზრდილს, რომელიც 28 წელია სცენაზეა – 60 ლარს უნიშნავენ? თან ეუბნებიან, არ გინდა და რაც გინდა ის ქენიო.

ღმერთის არ გეშინიათ? არ შეიძლება ხელმძღვანელი ორმაგი სტანდარტით მოქმედებდეს. გაშვებული 15 მსახიობიდან 6 მსახიობი დააბრუნეთ უკან – მრეცხავად, რეკვიზიტში, გარდერობში, ტექ-რეჟისორად. ზოგს შტატი გაუყავით,  ყველას 150-120 ლარი დაუნიშნეთ. ბრძანეთ, არავითარი შტატი აღარ გვაქვსო. თუ არ გქონდათ შტატი, საიდან მიიღეთ 2 ადამიანი რეკვიზიტში? ერთი მსახიობი, მეორე – არამსახიობი. ერთი შტატი ორად გაყავით და ხელფასს აძლევთ ორივეს. გაგეკეთებინათ კეთილი საქმე. არტო მურადოვისთვის მიგეცათ. ისიც ხომ მსახიობია, უფროსი თაობის, ავად არის, წამლის ფული არა აქვს. რაღა არამსახიობს მიეცით ნახევარი შტატი?

თქვენ სწერთ და ბრძანებთ, პატარა სცენაა, 3-4  კაციანი სპექტაკლები უნდა დავდგა, თეატრს უჭირს, გადასახადებს ვერ ვიხდით. გეკითხებით, რაში სჭირდება პატარა სცენას პატარა სპექტაკლებს 3 რეკვიზიტორი. ყველა დიდ თეატრს 2 რეკვიზიტორი ჰყავს. ვიყავით 35 მსახიობი შტატში, გაუშვით – 15, ადგილობრივი კადრი. ახლა შტატში 36 მსახიობია. 3 თვე ხელფასს აძლევთ მსახიობებს, რომლებსაც ორი-სამის გარდა, ჯერ არაფერი უთამაშიათ გორის თეატრში. ჩვენ დაგვტოვეთ დევნილებად, წაგვართვით არსებობის საშუალება, მეორე მსოფლიო ომი გადაგვატანინეთ. ჩვენი ხელფასით თბილისის უმუშევარი თქვენი სტუდენტობა დააფინანსეთ. გორის თეატრის მსახიობებს არაპროფესიონალებს უწოდებთ შემდეგი სიტყვებით: ,,რამდენად არიან ეს ადამიანები მსახიობები რა?” ვის აყენებთ შეურაცხყოფას, ცინიკურად მოიხსენიებთ იმ ღვაწლმოსილ მსახიობებს, რომლებიც თეატრსი დაარსებიდან მუშაობენ.მ, რომლებაც თეატრის ისტორია შექმნეს. უფროსი თაობიდან, ერთის გარდა ყველა გაუშვით, თქვენ მხოლოდ თბილისელი მსახიობები მოგწონთ. ისინი აკმაყოფილებენ თქვენს მოთხოვნებს.

ჩვენს გემოვნებას აკმაყოფილებდა ისეთი დიდი რეჟისორები, როგორებიც იყვნენ: შ. ქაროხნიშვილი; ლ. იოსელიანი; ი. კაკულია; გ. მაცხონაშვილი; გ. სიხარულიძე; ზ. წაქაძე. მათმა დადგმულმა სპექტაკლებმა უმაღლესი შეფასება მიიღეს. გაიმარჯვეს მრავალ ფესტივალზე. 11 მსახიობმა მიიღო მარჯანიშვილის პრემია; ხ. პოპოვის პრემია; ყოველ ორშაბათს მარჯანიშვილის თეატრში ვთამაშობდით სპექტაკლებს, ხშირად დავდიოდით გასტროლებზე, ყოველთვის ქუხდა გორის თეატრი. დიდი წარმატებით ჩამოვდიოდით გასტრილებიდან.

7-8 წლის წინ, ახალგაზრდა, ნიჭიერმა, პროფესიონალმა რეჟისორმა ზ. წაქაძემ დადგა გრანდიოზული, საოცრად ბრწყინვალე სპექტაკლი ,,მაცი ხვიტია” – გორელებს დღესაც ახსოვთ და ხშირად იხსენებენ ამ სპექტაკლს. საოცრად მუშაობდა მსახიობებთან. პატარა ეპიზოდიც კი ახსოვს მაყურებელს. ჰქონდა საოცარი დისციპლინა. პატივს სცემდა, აფასებდა როგორც დიდ ასევე პატარა თუ ,,მასოვკა” სცენაზე მყოფ მსახიობს.

იცით, ვინ თამაშობდნენ მის სპექტაკლებში? ყველა, ვინც კი სოსო ნემსაძემ დაიწუნა და არაპროფესიონალები უწოდა ამ სიტყვებით: ,,რამდენად არიან ეს ადამიანები მსახიობები, რა?”, ხოლო ნოდარ მდინარიძე ალბათ ახალ ლექსებს დაწერს მსახიობების იმ მდგომარეობის შესახებ, რომელშიც სოსო ნემსაძემ ჩააყენა.

ქალბატონი ლილი იოსელიანი დღესაც დიდი სიყვარულით იხსენებს თეატრში გატარებულ  8 წელიწადს . მსახიობებს, ტექ-პერსონალს. იგი წერს: ,,გორის თეატრში ჩემს მუშაობას და იქ დადგმულ სპექტაკლებს ოქროს ხანას ვუწოდებ. თეატრში მთავარი მსახიობია, ჩემგან დაწყებული, კარისკაცით დამთავრებული. ყველანი ვემსახურებით მსახიობებს.!”

ღმერთი სამართლიანია, გადაგიხდით სამაგიეროს ამ ბოროტებისთვის.

კატეგორიები:თეატრი
  1. eGeo
    March 9, 2011 at 1:43 pm

    ეხლა, როცა ეს კონფლიქტი გასცდა შიდა სათეატრო სამზარეულოს, როცა გასცდა გორის ფარგლებს და ინტერნეტის სივრცეში გავრცელდა. ეხლა ყოველმა მხარემ უნდა გამოთქვას თავისი მოსაზრება და პოზიცია.
    კარგია, თუ ფორუმივით კამათი იქნება და გამოჩნდება ვინ იტყუება ან მცდარ პოზიციაზე დგას.
    რახან ფორუმი არა გვაქვს გორელებს, იქნებ ამ სტატიის კომენტარებში მაინც გამოთქვან თავიანთი პოზიცია კონფლიქტის მხარეებმა?
    აღარ არსებობს ჩაკეტილი, ინტერნრტს მოწყვეტილი, ცხოვრება. და ამის აშკარა მაგალითი არაბულ სამყაროში გაჩაღებული საპროტესტო გამოსვლებია.

  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: