მთავარი > თეატრი > ჩვენ ყველანი ნიჭიერები ვართ…

ჩვენ ყველანი ნიჭიერები ვართ…


ლაშა ჩხარტიშვილი

ლაშა ჩხარტიშვილი

ლაშა ჩხარტიშვილი

თეატრმცოდნე

ასეთი სათაური ჰქონდა პროზაიკოს ალი სამსონიას ერთ მოთხრობას, მხოლოდ ,,ნიჭიერი” სხვადასხვა კონტექსტში სხვადასხვა მნიშვნელობას იძენდა. იმედია, ამჯერადაც გამგები კარგად გაიგებს! სწავლა სიბერემდეაო… დიახ, მე კიდევ ვსწავლობ! პირველად სტუდენტი 1998 წელს გავხდი და დღემდე სტუდენტი ვარ, ოღონდ არა იმიტომ, რომ კურსიდან კურსზე ვერ გადავედი და ნიშნები ვერ მივიღე უმაღლესი სასწავლების დასამთავრებლად, არა! ორი უნივერსიტეტი დავამთავრე და ორივე ე.წ. “წითელ დიპლომზე”, მერე კავკასიის საგაზაფხულო სკოლაშიც ვსწავლობდი და საერთაშორისო ურთიერთობებს ხელოვნებაში და სახელოვნებო სფეროს მარკეტინგს და ბიზნეს დაგეგმარებას ვეუფლებოდი. დავამთავრე ხელოვნებთამცოდნეობის, ფილოლოგიის და თეატრმცოდნეობის ფაკულტეტები. საბაკალავრო და სამაგისტრო განათლების მიღების შემდეგ, თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტურანტურაშიც ჩავირიცხე სახელწიფო გრანტით მსოფლიო თეატრის ისტორიისა და თეორიის მიმართულებაზე, ახლა კი ერთდროულად ვარ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტიც და ხელოვნების სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის მკვლევარი.

ვფიქრობ, ეს გზა სრულიადაც არ აკნინებს არც ჩემს პერსონას და არც გამოცდილების სიმწირეზე მიუთითებს. იდარდონ იმათ, ვინც მხოლოდ ბაკალავრიატი დაამთავრა და უმალ გახდა პროფესორი, ისე, რომ ერთი თეორიული შრომაც არ შეუქმნია დარგში, რომლის მეტრებადაც დღეს (მოგვწონს, თუ არ მოგვწონს) ბევრნი გვევლინებიან. ამ შემთხვევაში ტენდენციაზე ვსაუბრობ და არა ერთ რომელიმე პერსონაზე. ერთ კონკრეტულ შემოქმედზე ვერც ვისაუბრებ, რადგან სამწუხაროდ, დღევანდელ მოქმედ, ,,ახალგაზრდა” რეჟისორთა დიდი ნაწილი მხოლოდ 5 წელი ეუფლებოდა პროფესიას და უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ბევრ მათგანს, ჩემგან განსხვავებით, არც მიხეილ თუმანიშვილი ასწავლიდა, არც ლილი იოსელიანი, არც რობერტ სტურუა და არც თემურ ჩხეიძე. ჩემი პედაგოგები იყვნენ `მცოდნეობაში~ მეტრებად აღიარებული ვასილ კიკნაძე, მანანა კორძაია, ოლღა თაბუკაშვილი, ლევან ხეთაგური…

წერილი, რომელსაც ახლა კითხულობთ, წარმოადგენს ერთგვარ პასუხს გაზეთ ,,ქართლის ხმაში~ (1-15 თებერვალი, 2011) გამოქვეყნებულ წერილზე: `ნემსაძის შემოსავლიანი სისტემა გორის თეატრში~, რომლის ავტორიც საბა წიწიკაშვილია. ამ საჯარო პასუხის მიზანი სულაც არ გახლავთ გორის თეატრის სადადგმო ხარჯების მიზნობრივი, თუ არამიზნობრივი ხარჯვის გარკვევა. არც ამ თეატრის მმართველის, მსახიობ ნოდარ მდინარიძის კომენტარები იმსახურებს ჩემს ყურადღებას. მისი პერსონა ჩემთვის ცნობილი 2009 წლის 14 იანვრის ქართული თეატრის დღისადმი მიძღვნილი ბანკეტიდან გახდა, როცა საკუთარ ლექსებს კითხულობდა და თანაბრად უზიარებდა თავის სიყვარულს შიდა ქართლის მაშინდელ ხელმძღვანელობასაც და იმ პერიოდის საქართველოს თეატრალური საზოგადოების თავმჯდომარეს გიგა ლორთქიფანიძესაც. მე უფრო ჩემი მეგობრის, გორის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის _ სოსო ნემსაძის შემოქმედება და მისი პერსპექტივა მაღელვებს. ასეთ შემთხვევაში სულ ვხელმძღვანელობ ცნობილი კრიტიკოსის ბესარიონ ჟღენტის მეთოდით – `ნიჭიერი უნდა აკრიტიკო, თორემ უნიჭოს არაფერი ეშველებაო”. მადლობა ღმერთს, გარეგნულად, თუ ობიექტურად სოსო ნემსაძე არასდროს გაუღიზიანებია ჩემს საჯარო შეფასებებს მის სპექტკლებზე და არც პირად ურთიერთობებზე ასახულა ჩემი, თუნდაც, მწვავე კრიტიკა. ამის შესახებ ერთხელ დავწერე კიდეც პრესაში. იმედია, წერილი, რომელიც მისთვის `სიურპრიზი~ იქნება, მის გაღიზიანებას არ გამოიწვევს. კიდევ უფრო გულწრფელი რომ ვიყო, იმასაც დავსძენ, რომ მისი გულისწყრომა ნაკლებად მაღელვებს, რადგან იმედი მაქვს გაბრაზების მიუხედავად, ის აუცილებლად დაფიქრდება ჩემს `სუბიექტურ~ (როგორც ამას თავად უწოდებს) მოსაზრებებზე. რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე, რაზეც ამ წერილშიც გავამახვილებ ყურადღებას, მან უკვე პირადად ჩემგან იცის.

რაკი ფინანსებზე ჩამოვარდა სიტყვა, რომელზედაც სტატიაშია საუბარი, აქვე ჩემს პოზიციასაც გამოვხატავ. ამჟამინდელმა ხელისუფლებამ, ცენტრალურ თუ რეგიონალურ დონეზე, ყველა მოქმედ თეატრს სამი-ოთხჯერ გაუზარდა ბიუჯეტები. გარდა ამისა, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში უკვე რამდენიმე წელია მოქმედებს მიზნობრივი პროგრამა თეატრებისათვის სადადგმო, საგასტროლო და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებისათვის. თითო გრანტის ლიმიტი 7000 ლარია. სადადგმო ხარჯებში 7000 ლარი თანადაფინანსებას წარმოადგენს და ის არ ასახავს მთლიანი სპექტაკლის ბიუჯეტს. ასე რომ, თუ თეატრს მენეჯმენტში განსწავლული მმართველი ჰყავს, მისი მუშაობა ეფექტური და შედეგიანიც იქნება. სამწუხაროდ, რეგიონალურ თეატრთა უმრავლესობის მმართველები, როგორც მენეჯერები, არაპროფესიონალები არიან. ისინი, მონდომების მიუხედავადაც კი, ფეხს ვერ უბამენ თანამედროვე დროის მოთხოვნებს. არ ფლობენ მენეჯმენტის, მარკეტინგისა და ე.წ. `პიარის~ მეთოდოლოგიას. რამდენიმე მათგანს სურვილიც არ აქვს არსებული სიტუაციის შეცვლის, რადგან არ ჰყოფნით ენთუზიაზმი, მოტივაცია. შესაბამისად, რეგიონალურ თეატრთა უმრავლესობა, რომლებიც ფაქტობრივად ერთადერთ კულტურულ კერას წარმოადგენენ, არაეფექტურად მუშაობენ. თეატრების ხელმძღვანელები ხშირად წუწუნებენ მცირე ბიუჯეტზე. მართალია, ბევრი თეატრისთვის არსებული ბიუჯეტი არ კმარა, მაგრამ მმართველები არც იმაზე იწუხებენ თავს, რომ მოიძიონ სპონსორები, განახორციელონ ბარტერული, კორპროდუქციული პროექტები… ხელოვნების შესაქმნელად ფული უდავოდ საჭიროა, მაგრამ არა გადამწყვეტი. უამრავი მაგალითი არსებობს ქართულ თეატრში მცირებიუჯეტიანი სპექტაკლებისა, რომლებმაც თეატრალურ საგანძურში საპატიო ადგილი დაიკავეს. მაგალითისთვის ავთანდილ ვარსიმაშვილის მიერ თავისუფალ თეატრში 179 ლარად დადგმული `კომენდიანტებიც~ კმარა…

იყო დრო, არც ისე შორეულ წარსულში, როცა სოსო ნემსაძე მინიმალური ხარჯებით დგამდა სპექტაკლებს, რომლებიც სხვადასხვა ფესტივალების გამარჯვებული და პრიზიორი ხდებოდა. ისიც მახსოვს, როცა მისი მცირებიუჯეტიანი სპექტაკლები სხვადასხვა პრემიით აღინიშნებოდა. სოსო ნემსაძე არ არის ერთადერთი გამონაკლისი, რომელიც კომფორმიზმმა “შთანთქა”. ის მალევე გახდა მისაღები რეჟისორი საქართველოს ბევრი თეატრისათვის, რადგანაც ახერხებდა იმას, რასაც ვერ ან არ ახერხებდნენ სხვები: უმოკლეს ვადებში დგამდა სპექტაკლებს, ხშირად იმეორებდა უკვე დადგმულს. მას დრო აღარ ეხარჯებოდა ახალი პიესის არჩევაში, ექსპლიკაციის მომზადებაში, კონცეფციაზე ფიქრში. ბუნებრივია, ყველა რეჟისორი თავისუფალია თავის არჩევანში ლიტერატურულ ტექსტთან მიმართებასა და ვადებში, მაგრამ მის სპექტაკლებში საგრძნობლად იკლო მხატვრულმა ხარისხმა (ბოლო წლების პრესაში არ შემხვედრია არც ერთი თეატრმცდონის პროფესიული რეცენზია მის სპექტაკლებზე). დადგმების გამეორება, რომელიც გარეგნულადაა სხვაგვარი (რადგან იცვლება მსახიობები), ამუხრუჭებს მხოლოდ რეჟისორის შემოქმედებით, ინდივიდუალურ ევოლუციას. მას აღარ უწევს იმაზე ფიქრი, რაზეც უკვე ათასჯერ იფიქრა. ამ დროს რეჟისორი საკუთარი თავის გავლენის ქვეშ ექცევა. ეს თეორია არ ვრცელდება რობერტ სტურუაზე, რომელმაც `ჰამლეტის~ და `დარისპანის გასაჭირის~ სცენური ვერსიები მაყურებელს სერიებად შესთავაზა, რომელიც პრინციპულად განსხვავდებოდა ერთმანეთისაგან.

მისასალმებელია სოსო ნემსაძის სურვილი დასის განახლებასთან დაკავშირებით. ადამიანურად, ბუნებრივია, მტკივნეულია ნებისმიერი რეფორმა, მით უმეტეს, თეატრში, სადაც ვნებები და ემოციები ბობოქრობს, მაგრამ ეს პროცესი გარდაუვალი და შეუქცევადია. რეგიონის თეატრებში დასის წევრთა უმრავლესობა არაპროფესიონალია, მაშინ როცა უამრავი ახალგაზრდა მსახიობია დაუსაქმებელი. ვინც დედაქალაქში ჩავიდა სასწავლებლად ყველა იქ დარჩა, ისინი მოწყდნენ საკუთარ ქალაქს, საკუთარ თეატრს. გორის თეატრის არა ერთი სპექტაკლი მინახავს. ამ თეატრში ყველა თაობაში მოიძებნებიან კარგი მსახიობები, მაგრამ `ბალასტსაც~ ვხვდებით. საშუალო და უფროსი თაობის მსახიობებიდან გარდასახვის უნარს და ოსტატობას რომ თავი დავანებოთ, მათი მეტყველება არ ისმის მცირე სცენიდანაც კი… თეატრი მუდმივი კონკურენციაა, ბრძოლაა, შეჯიბრია… აქ დაწერილი კანონები სამწუხაროდ არ მოქმედებს და ყველაფერი სუბიექტურია. მსახიობის ბედი მუდამ რეჟისორზეა დამოკიდებული და მას ვერავინ შეედავება ვინ დააკავოს და ვინ არა. ასეთ დროს ნიჭიერება პირობითი ცნებაა და რეჟისორის მიერ ინდივიდუალურად აღიქმება (არავინ დავობს ეროსი მანჯგალაძის ნიჭიერებაზე, მაგრამ ის ვერ მოერგო რობერტ სტურუას ესთეტიკას). დასის განახლების პროცესი უნდა იყოს რადიკალური და თანმიმდევრული, ეტაპობრივი და არა ნაწილობრივი. თუ რეფორმაა, ის ბოლომდე უნდა გატარდეს და რაც შეიძლება მაქსიმალურად ობიექტურად.

სტატიაში საუბარია სამხატვრო ხელმძღვანელის, მთავარი რეჟისორისა და რეჟისორის ფუნქციების გამიჯვნაზეც. თუმცა არც ერთი მხარის მიერ (ვგულისხმობ რესპოდენტს და წერილის ავტორს) არ არის განმარტებული მათი უფლებამოსილება ჰონორარის მიღებასთან დაკავშირებით. მკითხველისთვის რამე რომ არ დარჩეს ბუნდოვანი, აუცილებელია აღინიშნოს, რომ სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი რეჟსიორი არის თანამდებობა. ის ხელფასს იღებს თეატრის შემოქმედებითი კურსის და პროცესების წარმართვაში და სავსებით შესაძლებელია რეჟისორის ამპლუაშიც მოგვევლინოს. ამ შემთხვევაში მას ეკუთვნის საავტორო ჰონორარი თეატრის ფინანსური და თავად რეჟისორის მორალური შესაძლებლობებიდან გამომდინარე. ამ წესს არეგულირებს `კანონი მომიჯნავე და საავტორო უფლებების შესახებ~.

სტატიის დასასრულს სოსო ნემსაძე მცირე კომენტარს აკეთებს ჩემზე, რომელიც რამდენიმე თვალსაზრისით არის ჩემთვის საგულისხმო:

1. მადლობის მეტი რა მეთქმის ჩემი ნიჭიერად მონათვლისთვის, ახალგაზრდად მოხსენიებისთვის, მაგრამ ცოტა გამიკვირდა, რადგან არც სოსო ნემსაძეა ჩემთან შედარებით ხანდაზმული და ღვაწლმოსილი მაესტრო. თუმცა, რეჟისორის მიერ ჩემი `ახალგაზრდად~ და `სტუდენტად~ მოხსენიება, ვფიქრობ, ჩემივე მოსაზრებების შესარბილებლად (თუ არა გაბათილებისათვის) და ეჭვქვეშ დასაყენებლად არის მოხმობილი. იმ უნივერსიტეტში, სადაც სოსო ნემსაძეს აკადემიური თანამდებობა უჭირავს, უმრავლესობა პროფესორ-ასისტენტ ჩემს კოლეგას არ აქვს იმდენი სამეცნიერო შრომა გამოქვეყნებული, რამდენიც მე, ამ ახალგაზრდა თეატრმცოდნეს. კრიტიკოსი ხომ სტატიებით და თავისი ნაშრომებით, აქტივობით ფასდება და არა დიპლომით, როგორც რეჟისორები თავისი სპექტაკლებით.

2. მე, რომელიც 7 წელი სოსო ნემსაძის მიერ ხსენებული ვასილ კიკნაძის სტუდენტი ვიყავი, არასდროს/ვერასდროს გავხვდები ვასილ კიკნაძე. არც მინდა და რომც მოვინდომო მაინც ვერ გავხვდები, რადგან ჩვენ სხვადასხვა თაობის წარმომადგენლები ვართ და სხვაგვარად ვაფასებთ/ვხედავთ მოვლენებს. მაგრამ ქართულ თეატრში მიმდინარე პროცესების შეფასება თუ სანდრო ახმეტელისა და დიმიტრი ალექსიძის ეპოქის გადასახედიდან გვინდა, მაშინ, კი ბატონო!

3. სოსო ნემსაძე არ ტყუის, როცა ამბობს, რომ სპექტაკლებზე მეპატიჯებოდა. არ მახსოვს მისი არც ერთი პრემიერა მას რომ არ მივეწვიე, მაგრამ ვერ ვახერხებდი ჩასვლას სხვადასხვა ქალაქში, რადგან ჩვენ, კრიტიკოსებს თქვენგან, რეჟისორებისგან გასხვავებით, ჰონორარი ძალიან მცირე, ხშირ შემთხვევაში საერთოდ არ გვაქვს. ყველაფერი კი ხარჯებთანაა დაკავშირებული. თუმცა უფრო გულწრფელი რომ ვიყო, თავს ვიკავებდი, შეგნებულად არ ვნახულობდი და ამის ობიექტური მიზეზიც მქონდა.

და ბოლოს, ჩემს სუბიექტურობაზეც ვიტყვი ორ სიტყვას: კრიტიკოსი ადამიანია, ინდივიდია და ის თავისებურად, სუბიექტურად აღიქვამს მხატვრულ ნაწარმოებსაც და მოვლენებსაც, რაც ჩვენს გარშემო ხდება, მაგრამ ციტატები ჩემი სხვადასხვა სტატიებიდან, რომელიც საბა წიწიკაშვილმა ზემოთ აღნიშნულ წერილში მოიხმო, არ არის ანალიზი და შეფასება კონკრეტული სპექტაკლის, სადაც შეიძლება მე სუბიექტური ვიყო. ჩემი მოსაზრება ეხება ტენდენციას, რომელიც მხოლოდ ფაქტებს ეფუძნება. იგი ეხება მომრავლებულ შემთხვევას, როცა ერთი რეჟისორი იმეორებს ერთი და იმავე დრამატურგის ერთი და იმავე პიესის დადგმას. არც ერთი პროფესიონალი თეატრმცოდნე და ისინიც კი, რომლებიც დაავადებულნი არიან კომპლექსით _ იყვნენ თეატრმცდონეები, ვერ მოიწონებენ ამ ტენდენციას, რადგანაც ის მხოლოდ რეჟისორს ვნებს და არავის სხვას (რადგან რეჟისორის უკვე დადგმული სპექტაკლი სხვა თეატრისთვის ახალია, ამ შემთხვევაში მხოლოდ რეჟისორი იყინება ერთ ადგილას. რაც მისი შემოქმედებით წინსვლისთვის საზიანოა).

აქვე მოვიყვან სტატისტიკასაც:

1.       ვინ არის დამნაშავე-კულტურისა და ხელოვნების უნივერსიტეტი, თეატრი „გლობუსი“, ჭიათურის დრამატული თეატრი2.       თეთრი საყელო – ახმეტელის თეატრი, თეატრი „გლობუსი“, გორის დრამატული თეატრი

3.       გუშინდელნი – კულტურისა და ხელოვნების უნივერსიტეტი, თავისუფალი თეატრი (2 ვერსია)

4.       ტოპაზის სისტემა – თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი, ახმეტელის თეატრი, გორის დრამატული თეატრი

5.      უბედურება- თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი, ახმეტელის თეატრი

ჩემი უმთავრესი პროფესიული ვალი და ფუნქცია მხოლოდ დახმარება ხელოვანისადმი და გარკვეულ შეცდომათა მხილებაა, ხოლო მისი გათვალისწინება კრიტიკის ობიექტისთვის სულაც არ არის აუცილებელი. მერწმუნეთ, არც ერთ თეატრმცოდნეს, მით უმეტეს მეგობარ კრიტიკოსებს, არ უხარიათ წარუმატებელი, ან ერთი რეჟისორის მიერ უკვე განხორციელებული პიესის ხელმეორედ ნახვა.

დარწმუნებული ვარ სოსო ნემსაძეს კარგად აქვს გაცნობიერებული რას ნიშნავს რეჟისორისთვის საკუთარი თეატრი, სადაც ნებისმიერ ფანტაზიას და ექსპერიმენტს მიეცემა გასაქანი, შეიქმნება საკუთარი დასი და გამოვლინდება საკუთარი ხელწერა, თუკი რეჟისორის მხრიდან ამის ადამიანური რესურსი და კეთილი ნება არსებობს. არჩევანი კვლავ რეჟისორზეა – გზა კომფორმიზმისკენ, თუ შემოქმედებითი სრულყოფისაკენ!

კატეგორიები:თეატრი
  1. No comments yet.
  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: