მთავარი > ახალი ამბები, სტატიები > გორელ ექიმთა საქმე

გორელ ექიმთა საქმე


ესკულაპი - მკურნალობის მითოლოგიური ღმერთი

ესკულაპი - მკურნალობის მითოლოგიური ღმერთი

2010 წლის შემოდგომაზე, შიდა ქართლის პროკურატურამ, გორის პოლიკნილიკის და საავადმყოფოს ექიმების დაპატიმრების კამპანია გააჩნია. ექიმების მიმართ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეებს საოლქო პროკურატურა იძიებს, დამთავრებული საქმეები კი გორის რაიონულ სასამართლოში გადაგზავნა. რამდენიმე მცდელობის შემდეგ, ,,ქართლის ხმამ” შეძლო გარკვეული მასალების მოპოვება და ამ ბურუსით მოცული ისტორიის დეტალების გარკვევა. ,,ექიმების საქმეში” პოლიციის და პროკურატურის თანამშრომლები მოწმეებად ძირითადად დევნილებს იყენებენ.

გორის პოლიკნილიკის მთავარი ექიმი სვეტა კასაევა 2010 წლის 19 ოქტომბერს 16;30 წუთზე დააკავეს. მას ბრალად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის II  ნაწილის ,,ა” და ,,ბ” ქვეპუნქტით, III ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული წარედგინა. აღნიშნული მუხლები კი ასე კვალიფიცირდება: ,,თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია”. ამ შემთხვევაში, პროკურატურამ საქმის მასალებში სულ 7 ეპიზოდი მიუთითა.

სვეტა კასაევას დაკავებამდე და დაკავების შემდეგ, სხვა და სხვა დროს, პროკურატურამ სხვა ექიმებიც – ინგა აბისონაშვილი, მარინა თვაური, ვარინკა ჭიღლაძე, ნიკა გურგენიძე… დააკავა.  თითოეულ საქმესთან დაკავშირებით მთავარ დაზარალებულ პირებად დევნილები ჩანან. ეს კი უფლებადამცველებში სერიოზული კითხვებს ბადებს.

პროკურატურის პოზიციით, სვეტა კასაევამ განიზრახა შპს ,,ესკულაპში” შესაძლებლობის სტატუსით დასადგენად მისული მოქალაქეების კუთვნილი ფულადი თანხის დაუფლება. ასე მაგალითად:

,,2009 წლის 15 აპრილს შპს ესკულაპის” ექიმ-ქირურგს მარინა თვაურს შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის დასადგენად მოქალაქე ნინო ვალიაურმა მიმართა. მარინა თვაურმა სვეტა კასაევასთან ერთად განიზრახა ნინო ვალიაურის კუთვნილი თანხის დაუფლება. ნინო ვალიაურს მათ განუცხადეს, რომ მისი ავადმყოფობიდან გამომდინარე ეკუთვნოდა სტატუსის მინიჭება და შესაბამისად სახელმწიფო პენსია. ჩატარებული გამოკვლევებისათვის გადასახდელი თანხა 300 ლარი დასჭირდებოდა. 2009 წლის აპრილში, ზუსტი თარიღი დაუდგენელია, ნინო ვალიაურმა 300 ლარი მარინა თვაურს სამსახურში მიუტანა. აღნიშნული თანხიდან 20 ლარი შეტანილ იქნა ,,ესკულაპი”-ს სალაროში, ხოლო დარჩენილი 280 ლარი თვაურმა და კასაევამ თანაბრად გაინაწილეს.” – ირწმუნება პროკურატურა.

,,2009 წლის 13 მაისს ექიმ-ქირურგს მარინა თვაურს შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მისაღებად მიმართა მოქალაქე მავრა ახალკაცმა. 2009 წლის მაისში, ზუსტი დრო დაუდგენელია, მავრა ახალკაცმა მარინა თვაურს 300 ლარი მიიტანა ,,ესკულაპიში”. აქედან 20 ლარი გადახდილ იქნა სალაროში, ხოლო 280 ლარი თვაურმა და კასაევამ ერთმანეთში გაინაწილეს.

2009 წლის 8 აპრილს კი მოქალაქე ზაზა ხაჭაპურიძემ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დასადგენად მიმართა ესკულაპის ექიმს ინგა აბისონაშვილს. ზაზა ხაჭაპურიძემ 300 ლარი მიუტანა ინგა აბისონიშვილს, რომელმაც 20 ლარი შეიტანა სალაროში, ხოლო დანარჩენი 280 ლარი გაინაწილა დირექტორთან სვეტა კასაევასთან ერთად” – კვლავ ასკვნის პროკურატურა.

დაახლოებით ანალოგიური ხდება ვინმე გიორგი ხაჭაპურიძის შემთხვევაში, რომელიც შპს ,,ესკულაპიში” 2009 წლის 5 ოქტომბერს მივიდა. გიორგი ხაჭაპურიძემ ამჯერად 450 ლარი გადაუხადა ინგა აბისონაშვილს. ამ თანხიდან კი სვეტა კასაევას, პროკურატურის მტკიცებით, 100 ლარი შეხვდა. ,,დანარჩენი თანხა ინგა აბისონაშვილმა მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა.” – წერია საბრალდებო დაკსვნაში.

2009 წლის 12 ოქტომბერს, გიორგი კობერიძემ თავისი მეგობარი ზურაბ დათაშვილი შეზღუდული სტატუსის მინიჭებისთვის მიიყვანა ,,ესკულაპიში”, რომელსაც ასევე 450 ლარი გადაუხდია. 13 ოქტომბერს კი გიორგი კობერიძემ თავისი ძმა მალხაზ კობერიძე მიიყვანა. დაზარალებულად ცნობილი კობერიძეც ირწმუნება, რომ სტატუსის მისაღებად 450 ლარი გადასცა ინგა აბისონაშვილს, საიდანაც ამ უკანასკნელმა 100 ლარი მისცა სვეტა კასაევას”

შემდეგი ეპიზოდი ეხება 2010 წლის 2 თებერვალს ,,ესკულაპი”-ში მისულ მოქალაქე გურამ ბეგაშვილს, რომელსაც შეზღუდული სტატუსის მისაღებად 200 ლარის გადახდა დასჭირდა. სხვა ეპიზოდები სვეტა კასაევის მიმართ გამოტანილ განაჩენში არ ჩანს. ამ ბოლო ფაქტიდან 9 თვის შემდეგ პოლიციის თანამშრომლები სვეტა კასაევას აკავებენ. გორის სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით, თავდაპირველად, პატიმრობა შეუფარდა, ხოლო 2010 წლის დეკემბერში სვეტა კასაევასთან გაფორმდა  საპროცესო შეთანხმება, რომლის ძალითაც პატიმრობა 6 თვით შეეფარდა, ხოლო თანხა – 30 000 ლარი.

რაც შეეხება შპს ,,ესკულაპის” დანარჩენ ექიმებს – მარინა თვაურს და ინგა აბისონაშვილს, თავდაპირველად მათ პატიმრობა შეუფარდეს, თუმცა რამდენიმე დღეში პატიმრობა არასაპატიმრო სანქციით შეიცვალა, მოგვიანებით კი მათთანაც საპროცესო შეთანხმება გაფორმდა.

გარდა ,,ესკულაპის” ექიმებისა, საქმეში შპს ,,გორმედის” ექიმ-ნევროპათოლოგის ვარინა ჭიღლაძის მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმეც გამოჩნდა. პროკრუატურამ შპს ,,გორმედის” ექიმ-ნევროპათოლოგი ვარინა ჭიღლაძეც დააკავა. როგორც პროკურატურამ გაარკვია, ,,ესკულაპიდან” ელექტროენცეფალოგრამის დასკვნის ასაღებად პაციენტებს ,,გორმედში” აგზავნიდნენ.

პროკურატურის მტკიცებით, 2009 წლის მარტის თვეში ვარინა ჭიღლაძეს დაუკავშირდა შპს ,,ესკულაპის” ექიმ-ნევროპათოლოგი ინგა აბისონიშვილი და სთხოვა,  რომ მის პაციენტ ალექსანდრე დათაშვილზე გაეცა შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დასადგენად საჭირო ელექტროენცეფალოგრამის დასკვნა და შესაბამისი ცნობა ჯანმრთელობის  მდგომარეობის შესახებ, ისე რომ ალექსანდრე დათაშვილი არ გამოცხადდებოდა. ამასთან გადასცა მისი ანკეტური მონაცემები და გამოსაკვლევად საჭირო თანხა სალაროში შესატანად.” – წერია სასამართლოს განაჩენში.

იგივე სიტუაციაა აღწერილი ჩვენს მიერ ზემოთმოყვანილ მოქალაქე ზურაბ ხაჭაპურიძის და კიდევ ერთი მოქალაქის დავით დოკაძისთვის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მინიჭების საქმეზე.

სულ ეს არის ის საქმე, რომელიც ,,ქართლის ხმამ” გორელ ექიმების დაკავებების შესახებ მოიპოვა. ყველა განაჩენი გამოთხოვნილ იქნა გორის სასამართლოს კანცელარიიდან. ჩვენთვის გადმოცემულ განაჩენებში აბსოლუტურად ყველა დაკავებულის გვარი და სახელი შეგნებულად გადაშლილია. სასამართლოს მტკიცებით, ჟურნალისტებს არა აქვთ უფლება იმ ადამიანების ნებართვის გარეშე, ვისაც ეხება გადაწყვეტილება, სრული ინფორმაცია მიიღოს. ინფორმაცია სრული სახით კი მხოლოდ განაჩენების შედარებით და უერთიერთგამორიცხვის მეთოდით მოვიპოვეთ. გარდა ამისა, არც ერთ განაჩენში ,,დაზარალებულად” ცნობილი მოქალაქეების (ძირითადად დევნილების) საიდენტიფიკაციო ნომრები არ არის მითითებული. ეს კი იმის დასადგენად გვჭირდებოდა, ამჯერად რა სტატუსით სარგებლობენ ისინი  სოციალური სუბსიდიების სააგენტოში. თუკი მათ აღნიშნული სტატუსები უკანონოდ ეკუთვნოდათ, შესაბამისად მათი სოციალური მდგომარეობა არ უნდა იყოს ასახული სუბსიდიების სააგენტოს მონაცემებში.

აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმება სოციალური სუბსიდიების სააგენტოში ვცადეთ. სააგენტოს გორის ოფისის ხელმძღვანელის გივი კობახიძის თქმით, მხოლოდ გვარისა და სახელის მითითებით, შეუძლებელია მონაცემების გაცემა, რადგან შესაძლოა მაგალითად მოქალაქე ,,ზურაბ ხაჭაპურიძე” მრავალი იყოს. როგორც გითხარით, სხვა მონაცემები ,,ქართლის ხმას” აღნიშნული პიროვნებების გადასამოწმებლად, რაც დაგვეხმარებოდა სამართალდამცავებთან მათი უერთიერთობის საკითხის გარკვევაში, არ გაგვაჩნია. რაც შეეხება ექიმებს, ისინი ჟურნალისტებთან რაიმე კომენტარის გაკეთებისგან და საერთოდ უერთიერთობისგან თავს იკავებენ.

  1. No comments yet.
  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: