მთავარი > ახალი ამბები > არსოშვილისა და ოპოზიციის შეხვედრას რეგიონული პრესის ჟურნალისტებიც ესწრებოდნენ

არსოშვილისა და ოპოზიციის შეხვედრას რეგიონული პრესის ჟურნალისტებიც ესწრებოდნენ


მრგვალი მაგიდა

მრგვალი მაგიდა

15 მარტს შიდა ქართლის გუბერნატორმა ზურაბ არსოშვილმა, გორში,  საზოგადოების და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. მას ადგილობრივი პრესის – ,,ქართლის ხმის” და ,,ხალხის გაზეთის” რედაქტორებიც ესწრებოდნენ. მხარეების შეთანხმებით, შეხვედრა ტელევიზიების ვიდეო-კამარების გარეშე მიმდინარეობდა. მონაწილეთა თქმით,   ტელევიზიების მხრიდან ამ შეხვედრის საკუთარი ინტერპრეტაციით და ინტერესების გათვალისწინებით გაშუქების საფრთხე არსებობდა. კერძოდ, რესპუბლიკელი დავით რაზმაძისთვის  განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო  ცენტრალური არხების არდასწრება, რადგან ამ ტელევიზიების მეშვეობით ხელისუფლება გარკვეულ პიარს გაიკეთებდა.  საგულისხმოა, რომ  ეს შეზღუდვა ადგილობრივი, დამოუკიდებელი პრესის წარმომადგენლებზე არ გავრცელდა. ზოგიერთის შეფასებით, ადგილობრივი გაზეთები უფრო მეტი ნდობით სარგებლობს.

აღნიშნულ შეხვედრასთან დაკავშირებით, ტელეკომპანია ,,თრიალეთმა” , რომლის მფლობელი ბადრი ნანეტაშვილი წლების განმავლობაში ჯერ პარლამენტარი და შემდეგ გუბერნატორის მოადგილე იყო,  პროტესტი გამოთქვა. მათი შეფასებით, შეხვედრა მედიის გარეშე ჩატარდა და მხოლოდ ის ადამიანები ესწრებოდნენ, რომლებიც მწვავე კითხვებს არ დასვამდნენ. მათ არც უცდიათ იმ ჟურნალისტების აზრის გაგება, ვინც ამ შეხვედრაზე იმყოფებოდა.  ამით კი ტელეკომპანია ,,თრიალეთმა”  საქართველოს ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიის ის მუხლები დაარღვია, რომელიც ზუსტ ინფორმაციის გავრცელებას და ინფორმაციის განზრახ დამახინჯებას განსაზღვრავს.

შეხვედრას ასევე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, აქტიური მ ოქალაქეები და დამოუკიდებელი ჟურნალისტები  ესწრებოდნენ.  ამ მხრივ გამოირჩეოდნენ სოციალური ქსელებში  აქტიური გორელი მოქალაქე თეა გიგუაშვილი, ასევე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელი შალვა ტლაშაძე  და დამოუკიდებელი ჟურნალისტი არინა თავაქარაშვილი.

არინა თავაქარაშვილი  წინამორბედი გუბერნატორების მიერ გამართულ თითქმის ყველა შეხვედრას არის დასწრებული. ,,მე ერთი რამ შევამჩნიე, ამჟამინდელმა გუბერნატორმა სხვებთან შედარებით დანიშვნიდან გარკვეული დროის შემდეგ  გააკეთა შეხვედრა. ამას ჩემი აზრით თავისი მიზეზები აქვს.  მან ამ რამდენიმე თვის განმავლობაში შეისწავლა ადგილობრივი სიტუაცია და ხვდება იმ ადამიანებს,  რომლებსაც საზოგადოების წუხილი  ამოძრავებს. მე დარწმუნებული ვარ, ის სხვა ღირსეულ წარმომადგენლებსაც შეხვდება. ამის პირობა დადეს”  – ამბობს არინა თავაქარაშვილი.

პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებიდან იყვნენ ეროვნული ფორუმიდან, რესპუბლიკური პარტიიდან, თავისუფალი დემოკრატებიდან, ეროვნული ხსნის ფრონტიდან და ქრისტიან დემოკრატებიდან. შეხვედრაზე მათ შედარებით ბევრი ისაუბრეს და თითქმის ყველა საკითხს შეეხნენ.

რაც შეეხება პრესის წარმომადგენლებს, მათ ძირითადად რეგიონში არსებულ თავისუფალი სიტყვის და აზრის გამოხატვის შეზღუდვის ფაქტებზე ისაუბრეს. არ დავიწყებიათ ადმინისტრაციულ შენობაში ჟურნალისტებისთვის  აკრედიტაციების გაცემის  საკითხი, რაზედაც შიდა ქართლის გუბერნატორმა ზურაბ არსოშვილმა უპასუხა, რომ ნუ ვისაუბრებდით იმ ჟურნალისტებზე, რომლებსაც  ჟურნალისტის მოწმობა არა აქვთ,  ისინი ჟურნალისტის სახელით არ უნდა საუბრობდნენო.

,,როგორც ჩანს, ზოგიერთ მედია-კომპანიას თუ ტელევიზიას იმიტომ არ  სურს ჟურნალისტის მოწმობების გაცემა, რომ  არ აქვთ მათთან ხელშეკრულებები გაფორმებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ცდილობენ გადასახადები დამალონ. ყველა ვინ კამერას დაიჭერს, ჟურნალისტია?” – იკითხა არსოშვილმა.  მოწმომების არსებობის შემთხვევაში ჟურნალისტებს საშვთა ბიუროსთან ურიგოდ გაატარებენ. რაც შეეხება პრესის ჟურნალისტებს, მისი თქმით, ის ადგილობრივ პრესას (როცა გამოდის)  ეცნობა და ამავე დროს  კომენტარი გააკეთა ,,ქართლის ხმის”  მიერ აგორებულ კამპანიაზე პრემიების შესახებ:

,,რაც შეეხება პრემიებს, შეიძლება ამჩნევთ, რომ ჩემი გუბერნატორობის პერიოდში ყველა ადამიანი აღარ იღებს პრემიას. პრემიებს იღებენ ის ადამიანები, ვინც გადაწყვეტილებას იღებს და გარკვეული პასუხისმგებლობა აქვს აღებული. ეს მათთვის სტიმულია, რადგან ასეთი ანაზღაურების პირობებში სხვა რამეზე არ წაუცდეთ ხელი” – თქვა ზურაბ არსოშვილმა. ,,ქართლის ხმის” რედაქტორმა საბა წიწიკაშვილმა განუცხადა, რომ ეს სადავო საკითხია, რადგან იმისათვის რომ ჩინოვნიკს ხელი არ ,,წაუცდეს” , ამისთვის მაღალ ანაზრაურებას იღებს ხელფასის სახით. რასაც ეროვნული ფორუმის წარმომადგენელი სოსო ვახტანგაშვილი დაეთანხმა.

,,ქართლის ხმის” რედაქტორმა ისიც დაამატა, რომ უმჯობესია ხელისუფლების წარმომადგენლებმა რეაგირება მოახდინონ მოქალაქეების მიერ გაზეთით გამოქვეყნებულ მასალებზე, რაც აქტიური მოქალაქეების სტიმული იქნება  და დასახული პრობლემების გადაჭრაშიც დაეხმარება.

შეხვედრაზე ისაუბრეს სარწყავ სისტემაზე, კულტურულ ცხოვრებაზე, თეატრში არსებულ მდგომარეობაზე, ზოგიერთი მედია-მფლობელის პირად ინტერესზე, კერძოდ ბიუჯეტიდან მათთვის დიდი რაოდენობით თანხების ჩარიცხვის სიტემის მისი მხრიდან დანგრევაზე. ასევე საზღვრისპირა სოფლების მდგომარეობაზე და ა.შ.

მოქალაქე თეა გიგუაშვილმა აღნიშნა, რომ საზოგადოების მთავარი საწუხარი დღეს დამოუკიდებელი სასამართლოს არ ქონა დაუცველობის შეგრძნებაა, რაც ბუნებრივია რწმუნებულის კომპეტენციის სფეროს სცილდება.

ზურაბ არსოშვილის თქმით, რეგიონში საზოგადოების სხვა წარმომადგენლებიც არიან როგორც პოლიტიკაში, ასევე არასამთავრობო სექტორში და კულტურულ სამყაროში. ის მსგავს შეხვედრებს გააგრძელებს ისევე ღიად და გამჭირვალედ, როგორც ამ შეხვედრაზე მოხდა პრესის თანდასწრების კუთხით.

კატეგორიები:ახალი ამბები
  1. eGeoo
    მარტი 20, 2011, 11:29 AM

    გუბერნატორს სააკაშვილი ნიშნავს და გუბერნატორი სააკაშვილის წინაშე აგებს პასუს და არა ხალხის წინაშე!
    ამერიკაში გუბერნატორებს ხალხი ირჩევს. რუსეთში და საქართველოში პრეზიდენტი ნიშნავს.
    რა თქვა აროსაშვილმა რუსულ დემოკრატიას ვბაძავთ თუ ამერიკულსაო? ჰე-ჰე…

  1. No trackbacks yet.

დატოვე კომენტარი