მთავარი > ახალი ამბები, ჟურნალისტური გამოძიებები > კასპის საკრებულოში მსჯავრდებული დეპუტატი ჰყავთ

კასპის საკრებულოში მსჯავრდებული დეპუტატი ჰყავთ


კასპის საკრებულო

კასპის საკრებულო

საბა წიწიკაშვილი

კასპის ამჟამინდელი საკრებულო 2010 წლის თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატების ნაკრებია. ,,ქართლის ხმა”-ს მიაწოდეს დოკუმენტები იმის შესახებ, თუ როგორ მიიღო  საკრებულოს ამჟამინდელმა დეპუტატმა, ალექსანდრე ბიძინაშვილმა არჩევნებში მონაწილეობა იმ პერიოდში, როდესაც მის მიმართ გამოტანილი განაჩენი კანონიერ ძალაში იყო შესული, ხოლო განაჩენის მოქმედების ვადა არ იყო ამოწურული. ალექსანდრე ბიძინაშვილი ამავე დროს საკრებულოს  ფრაქცია ,,დამოუკიდებელის” თავმჯდომარეა და  ,,მრეწველების” მანდატით სარგებლობს.

განაჩენი გამოტანილია 2006 წლის 2 ნოემბერს კასპის რაიონული სასამართლოს მოსამართლის გენადი მილაძის მიერ. მოსამართლის გადაწყვეტილებით,  დაკმაყოფილდა პროკურორ ნოდარ ცინცაძის შუამდგომლობა. კერძოდ:

,,დამტკიცდეს 2006 წლის 24 ოქტომბერს პროკურორ ცინცაძის და განსასჯელ ალექსანდრე ბიძინაშვილს შორის გაფორმებული საპროცესო შეთანხმება. ალექსანდრე იორამის ძე ბიძინაშვილი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით და მიესაჯოს თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ალექსანდრე ბიძინაშვილის მიმართ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 4 (ოთხი)  წელი პირობითი მსჯავრი. მის ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალოს პრობაციის სამსახურს მსჯავრდადებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის თანახმად, ალექსანდრე ბიძინაშვილს დამატებით სასჯელად დაეკისროს ჯარიმა 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით” – წერია გადაწყვეტილებაში.

ალექსანდრე ბიძინაშვილი ,,ქართლის ხმა”-სთან საუბარში აღნიშნავს, რომ ამ განაჩენის მიუხედავად, არჩევნებში მონაწილეობით კანონი არ დარღვეულა. მართლაც, საქართველოს საარჩევნო კოდექსის 116-ე მუხლის მიხედვით, საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს პარტიას, საარჩევნო ბლოკს, პარტიის, საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილ კანდიდატს, რომელიც რეგისტრირებულია შესაბამის საარჩევნო კომისიაში. ხოლო იმავე კოდექსის 119-ე მუხლი განსაზღვრავს საკრებულოს წევრობის კანდიდატთა წარგენას მაჟორიტარულ ოლქში. ამ მუხლის მიხედვით,  საარჩევნო კომისიაში შეტანილ განცხადებას უნდა ერთვოდეს კანდიდატის ორი ფოტო-სურათი და მის მიერ ხელმოწერილი სააღრიცხვო ბარათი, რომელიც კანდიდატის საანკეტო მონაცემებთან (სახელი, გვარი, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის, პასპორტის პირადი ნომრები, რეგისტრაციის ადგილი და თარიღი, დაბადების თარიღი) ერთად მითითებული უნდა იყოს მისი საქართველოში 5 წლის განმავლობაში მუდმივად ცხოვრების ფაქტი და თანხმობა მოცემულ საარჩევნო ოლქში კენჭისყრაზე” – წერია კოდექსი.

თუკი ალბათობა არსებობდა იმისა, რომ საარჩევნო კომისიას წარდგენილი საბუთების მიხედვით ვერ დაედგინა კანდიდატის ბრალეულობის საკითხი, ამის გარკვევა შემდგომში თვით საკრებულოს შემადგენლობას შეეძლო და ევალებოდა. ასე მაგალითად,  კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ 2010 წლის 5 აგვისტოს მიღებულ რეგლამენტში ცალსახად წერია საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ცნობის და უფლებამოსილების შეწყვეტის წესის შესახებ.

ციტატა რეგლანენტის მე-13 მუხლიდან:

,,1. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ცნობა ხდება საკრებულოს მიერ შესაბამისი საარჩევნო კომისიის წარდგინებისა და საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის (ხოლო მუდმივი კომისიის შექმნამდე სამანდატო დროებითი კომისიის) დასკვნის საფუძველზე. 2. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ცნობის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება, როგორც წესი, ღია კენჭისყრით. 3. საკრებულოს წევრის უფლებამოსილება იწყება საკრებულოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისთანავე. 4. საკრებულოს წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება: ა) უფლებამოსილება მოეხსნა პირადი განცხადებით – პირადი განცხადების საკრებულოს აპარატში ჩაბარების რეგისტრაციისთანავე; ბ) მის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი – სასამართლოს კანონიერ ძალაში შესვლისთანავე;”

კასპის საკრებულოს აპარატის უფროსმა აკაკი ბერიანიძემ როგორც კი გაიგო ვინ ვიყავით, დაუყოვნებლივ ალექსანდრე ბიძინაშვილისკენ გადაგვრთო და ჩვენთან საუბრისგან თავის არიდება სცადა. ჩვენგან კითხვის დასმას საკრებულოში მსჯავრდებული დეპუტატის არსებობისა და მისი სამართლებრივ საკითხთან დაკავშირებით, არ დაელოდა და შემდგომ კომუნიკაციაზე უარი თქვა.

კასპის სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენის მიხედვით კი ალექსანდრე ბიძინაშვილს პირობითი მსჯავრი 2006 წლის 2 ნოემბერს 4 წლის ვადით დაედო, რომელიც 2010 წლის 2 ნოემბრამდე გრძელდებოდა, რადგან განაჩენი კანონიერ ძალაში გამოქვეყნებისთანავე შევიდა..

ახლაც რაც შეეხება იმას, თუ რის გამო დაედო მსჯავრი ალექსანდრე ბიძინაშვილს.

განაჩენის მიხედვით, 2006 წლის 22 თებერვალს, კასპი-ახალქალაქის-ჩოჩეთის უბანზე, კასპის მიმართულებით 51 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით მოძრაობდა ავტომანქანა ,,ოპელ-ასტრა”, რომელსაც მართვის მოწმობის გარეშე ალექსანდრე ბიძინაშვილი მართავდა. პროკურატურის მტკიცებით, სოფლის გზაზე თავისი მართვის ქვეშ მყოფი მანქანით დრო და დრო გადადიოდა საპირისპირო მოძრაობის ზოლში, რათა აერიდებინა ავტომანქანა ორმოებისთვის. ამ დროს მას უკნიდან წამოეწია დაუდგენელი ჯიპის მარკის ავტომანქანა, რომლის მფლობელმა ალექსანდრე ბიძინაშვილს ხმოვანი სიგნალითი გზის დათმობა ანიშნა. ,,ნაცვლად იმისა, რომ ალექსანდრე ბიძინაშვილს გზა დაეთმო უკან მიმავალი ავტომანქანისათვის და შეემცირებინა საჩქარე, მან მოუმატა სიჩქარეს და იმავდროულად შევიდა მკვეთრ მოსახვევში, რა დროსაც მოხრეშილ გზაზე საჭე ვეღარ დაიმორჩილა, დაამუხრუჭა და მართვადაკარგული ავტომანქანა შეეჯახა ხის მესერს, რის შედეგადაც მისი მგზავრი გიმზერ მჭედლიშვილი ადგილზევე გარდაიცვალა. ასეთი ქმედებისათვის ბიძინაშვილი მიცემულ იქნა პასუხისმგებაში 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით” – წერია ბრალდებაში.  თავდაპირველად აღკვეთის ღონისძიების სახით ბიძინაშვილს შეეფარდა გირაო 5 000 ლარის ოდენობით, ხოლო 2006 წლის 2 ნოემბერს მასთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა.

ინფორმაციის გამოყენება შესაძლებელია ავტორი მედია-საშუალების მითითებით და ნებართვით.


  1. No comments yet.
  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: