მთავარი > ჟურნალისტური გამოძიებები, სტატიები > 40 ტონა დიზელის საწვავი სოფლის მიღმა

40 ტონა დიზელის საწვავი სოფლის მიღმა


მოძიებული მასალებით დასტურდება, რომ შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციისთვის გადაცემული 48 800 ლიტრი დიზელის საწვავიდან საგაზაფხულო სამუშაოებს მხოლოდ 700 ლიტრი ,,მოხმარდა” ისიც იმ დროს როდესაც საგაზაფხულო სამუშაოები უკვე დამთავრებული იყო.. აღმოჩნდა, რომ შიდა ქართლის გუბერნიამ ეს საწვავი გახარჯა სხვა და სხვა კულტურული ღონისძიებების, ექსკურსიების და იმ სახის სამუშაოების დასაფინანსებლად, რომელსაც მუნიციპალიტეტების ბიუჯეტები ისედაც ითვალისწინებს.. მივყვეთ დეტალურად:

შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციამ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსგან  48 800 ლიტრი დიზელის საწვავი მიიღო. ამის დასტურია ამ სააგენტოს გენერალური დირექტორის მოადგილის დავით ჩქარეულის ბრძანება, საიდანაც ვიგებთ აღნიშნული დიზელის საწვავის წარმომავლობას.

აღნიშნული ბრძანებიდან ვიგებთ, რომ შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციას 40 ტონა დიზელის საწვავი გადაეცა. ამის საფუძველზე 2009 წლის 15 სექტემბერს შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელსაც გუბერნატორის პირველი მოადგილე ზურაბ ჩინჩილაკაშვილი ჩაუდგა სათავეში. კომისიას დაეკისრა გარკვეული ვალდებულება დიზელის საწვავის განსაკარგავად. გუბერნატორის #59 განკარგულებაში ვკითხულობთ: ,,კომისიას დაევალოს შიდა ქართლის რეგიონში მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე განიხილოს მათი განცხადებები და შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტების საფუძველზე მოახდინოს დიზელის საწვავის უსასყიდლოდ გადაცემა” (ციტატა დასასრული).

დიზელის გაცემა ოფიციალურად 2009 წლის 21 ოქტომბერს დაიწყო. 2009 წლის 31 დეკემბრამდე 8 940 ლიტრი საწვავი გაიხარჯა. 2009 წლის საშემოდგომო სამუშაოებისთვის კი საერთოდ ერთი თეთრიც არ გახარჯულა. ასე მაგალითად:

პირველი ვინც სამხარეო ადმინისტრაციაში დიზელის მოთხოვნის თაობაზე განცხადება შეიტანა, ანსამბლ ,,ჩუქურთმას” ხელმძღვანელი თემურ ტატიშვილია. მან 400 ლიტრი დიზელის საწვავის ტალონი მოითხოვა იმისათვის, რომ გორში მიმდინარე ფოლკლორის ფესტივალზე თურქეთიდან ჩამოსულ სტუმრების ტრანსპორტირებისთვის გამოეყენებინა და მიიღო კიდეც რაც მოითხოვა.

გორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით ხმიადაშვილმა  26 ოქტომბერს ვარძელაშვილს მისწერა, რომ მდინარე მეჯუდასა და თორთლას კალაპოტში გამწმენდითი სამუშაოებია ჩასატარებელი და ამისთვის 4 ტონა დიზელია საჭირო.

ციტატა გამგებლის წერილიდა: ,,აღნიშნული სამუშაოების ჩატარება გარკვეულწილად აგვაცილებს მომავალი გაზაფხულის წყალდიდობის შედეგებს” – არწმუნებს გამგებელი ხმიადაშვილი გუბერნატორს. ხმიადაშვილის ეს მოთხოვნა იმავე დღეს შესრულდა და იმავე დღესვე გადაეცა საწვავის ტალონები.

გორის მუნიციპალიტეტის გამგეობამ აღნიშნულთან დაკავშირებით გვაცნობა, რომ მეჯუდასა და თორთლას კალაპოტის გაწმენდა,  საწვავის ტალონების ჩაბარებიდან, ერთი თვის შემდეგ, 2009 წლის 1-25 დეკემბერს განხორციელდა.  გამგეობის ცნობით, სოფელ მეჯვრისხევთან და თორტიზასთან გაიწმინდა 11 400 კუბ.მ კალაპოტი, რომელიც ერთმა კაცმა ზერტელმა ნიკოლოზ ტურაშვილმა შეასრულა. ჩვენს ხელთ არსებული დოკუმენტებით, რომელსაც ნიკოლოზ ტურაშვილი თავად აწერს ხელს, სამუშაოებს, 1 დეკემბრიდან 25 დეკემბრის ჩათვლით, ყოველდღე ასრულებდა. ტრაქტორით ეულად მომუშავე ტურაშვილი დღეში 220-230 ლიტრს იყენებდა და ხელფასის სახით ამ 25 დღეში 1 000 ლარი მიიღო. გორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით ხმიადაშვილმა ნოემბრის ბოლოს კიდევ ერთხელ მისწერა გუბერნატორს მეჯუდასა და თორთლას კალაპოტის გასაწმენდად დამატებით 1 700 ლიტრი საწვავი მიგვეცითო. საბოლოო ჯამში, ამ კალაპოტის გაწმენდას 5 700 ლიტრი დასჭირდა. ,,ქართლის ხმის” შესაძლებელობებს აღემატება აღნიშნული კალაპოტებში გამწმენდითი სამუშაოების ექსპერტიზის ჩატარება.

როგორც კი ზამთარი გავიდა, სამ თვეში, მომდევნო წლის გაზაფხულზე, მდინარე მეჯუდას და ტორტლას საქართველოს მთავრობის განკარგულებით (#418, 30.03.2010) ჩაუტარდა კალაპოტის გამწმენდი სამუშაოები. ესენი განახორციელეს შპს ,,ლლლ ჯგუფმა” 3 000 ლარად და ასევე კომპანია ,,ნიუ კონტრაშენმა” – 54 900 ლარად.

გარდა ამისა, 2009 წლის  9 ნოემბერს სოფელ თორტიზის მცხოვრებმა ეკა მაისურაძე-სირბილაძემ გუბერნატორს შემდეგი შინაარსის წერილი გაუგზავნა: ,,მოგახსენებთ, რომ ჩვენი რეგიონიდან მონაწილეობას ღებულობს ჯეო-სტარის კონკურსში მაკა სირბილაძე. მოგმართავთ თხოვნით, რომ ჯეოსტარზე დასასწრებად გულშემატკივრების გადასაყვანად გვესაჭიროება ტრანსპორტი. გუბერნატორმა განცხადებას იმავე დღესვე მისცა რეაგირება და ავტობუსების პარკს შპს ,,გორიტრანსავტოს” 200 ლიტრის ტალონები გადასცა. ავტობუსების პარკის დირექტორი გელა ომანაძე.

დიზელის საწვავის არსებობა კასპის გამგებელმაც შეიტყო. ოღონდ გორის მუნიციპალიტეტის მსგავსად, არც აქედან გვხდება მოსახლეობის განცხადება. კასპიდანაც იქაური გამგებელი აქტიურობს. კასპის გამგებელმა კახა ხაჩირაშვილმა გუბერნატორს მისწერა იმის შესახებ, რომ მაღალმთიან სოფლებში: ცხავერი, გოსტიბე, გუდალეთი – მისასვლელი გზების გასუფთავებისათვის 2 ტონა დიზელის საწვავია საჭირო. კახა ხაჩირაშვილი წერილში უთითებს, რომ გზების გასუფთავება იმისთვისაა საჭირო, რომ: ,,ზამთრის პერიოდში ნამქერის გამო აღნიშნულ სოფლებში სამოქალაქო სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება შეუძლებელი ხდება”. კასპის გამგეობას ჯერ კიდევ 16 თებერვალს წერილობით მივმართეთ, თუმცა დღემდე (ორი თვის შემდეგ) პასუხი არ მიგვიღია.

2009 წლის 21 დეკემბერს კომისიის ხელმძღვანელობა ზურაბ ჩინჩილაკაშვილს ჩამოაშორეს და ეს უფლებამოსილება გიორგი ავალიანს გადასცეს. ამავე დღეს, გორის დავით ჩუბინიშვილის სახელობის კულტურის სახლის უფროსმა გურამ მამუკაშვილმა 300 ლიტრი დიზელის საწვავი მოითხოვა. მისი წერილის შინაარსი ასეთია: ,,დავით ჩუბინიშვილის სახელობის გორის კულტურისა და ტურიზმის ცენტრის შემოქმედებითი კოლექტივი 2009 წლის დეკემბრის თვეში მიწვეულია თბილისში საახალწლო ღონისძიებებში მონაწილეობისათვის, ასევე დაგეგმილი გვაქვს სხვა და სხვა კულტურული ღონისძიების ჩატარება გორის რაიონის სასოფლო კლუბებში” (ციტატის დასასრული).

გორის კულტურის სახლმა საერთოდ არ გაგვცა პასუხი ჩვენს მიერ გაგზავნილი წერილის შემდეგ, სადაც დეტალურად ვითხოვდით, თუ რა ღონისძიებებს გულისხმობდნენ და ასევე რომელ სასოფლო კლუბში ჩაატარეს გასვლები, მაშჳნ როდესაც სოფლის კლუბები პრაქტიკულად არ არსებობს. კულტურის სახლმა ჩვენი წერილი ჯერ კიდევ 2011 წლის 13 იანვარს ჩაიბარა, გასულია 3 თვე.

2009 წლის 21 დეკემბერს, გორის მინიფეხბურთის კავშირის თავმჯდომარემ მიხელ ჩიხლაძემ 200 ლიტრი დიზელის საწვავი მოითხოვა, რადგან მისი თქმით, მინიფეხბურთის რაიონულ გუნდს სამჯერ უხდებოდა გასვლა სხვადასხვა ტურნირებზე, კერძოდ ეს ტურნირები ქუთაისსა და თბილისში, ჩიხლაძეს მტკიცებით, 10-25 დეკემბერს ტარდებოდა. ჩიხლაძეს დაუყოვნებლივ გადაეცა 200 ლიტრი.

2009 წლის 28 დეკემბერს 140 ლიტრი მოითხოვა გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ბალანსზე რიცულმა ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრმა. ისინი ამ საწვავს გამოიყენებდნენ იმისათვის, რომ ხაშურის რაიონის სოფელ ტაშისკარში მდებარე ობოლ და მზრუნველობამოკლებულთა სახლში ჩასვლას შესძლებდნენ.

2010 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის ,,საცავში”, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, დარჩენილი იყო 39 400 ლიტრის დიზელის  საწვავის ტალონი. გაიხარჯა 8 900 ლიტრი. ამ წელს დიზელის ხარჯვა კვლავ მუნიციპალიტეტის გამგებელმა დაიწყო.

2010 წლის 21 იანვრს გამგებელმა დავით ხმიადაშვილმა  გუბერნატორს შემდეგი შინაარსის წერილი გაუგზავნა: ,,ჭალის დასახლებაში რაგბის კომპლექსის მშენებლობისათვის ტერიტორიის მოსასწორებლად, გთხოვთ, გამოგვიყოთ 11 000 ლიტრი დიზელის საწვავი”. 29 იანვარს ეს თხოვნა დაკმაყოფილდა და ხმიადაშვილს ტალონები გადაეცა.

დავით ხმიადაშვილმა თავის მხრივ გვაცნობა, რომ აღნიშნული ტალონები გასცა შპს ,,არქმშენსტუდია 2002″-ის დირექტორს ალიკა მაკრახიძეს. ჩვენს გვაქვს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი ანუ მიღება-ჩაბარების აქტი, სადაც ერთის მხრივ ხელს აწერს გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი გივი ხუროშვილი, ხოლო მეორეს მხრივ შპს ,,არქმშენსტუდია 2002″-ის დირექტორი ალიკა მაკრახიძე. მხარეები ადასტურებენ, რომ ეს საწვავი ალიკა მაკრახიძეს რაგბის სტადიონის ასაშენებლად გადასცეს. ,,ქართლის ხმის” საგამოძიებო ჯგუფმა მოიარა ჭალის დასახლება, მაგრამ იქ რაგბის სტადიონი ვერსად აღმოაჩინა. დასახმარებლად გორის მუნიციპალიტეტის გამგეობას მივმართეთ. გამგეობის პრესსამსახურის უფროსმა ელზა მიქელაძემ გვითხრა, რომ ამ დიზელით რაგბის სტადიონი კი არ აშენდა, არამედ სტადიონისთვის ადგილი მოსწორდა. ,,თითქმის ერთი თვე იმუშავა ტექნიკამ და ის ადგილი მოასწორეს, სადაც ეს სტადიონი უნდა აშენდეს. რაც შეეხება სტადიონის აშენებას, ეს რაგბის ფედერაციამ უნდა გააკეთოს” – გვითხრეს გამგეობაში. ასეა თუ ისე, ადგილის მოსწორებიდან ერთი წელი გავიდა და იმავე ადგილის მოსწორებას ხელახალი სამუშაოები სჭირდება.

2010 წლის 10 თებერვალს მინიფეხბურთის კავშირმა 240 ლიტრი მოითხოვა, რათა საფეხბურთო გუნდი ,,ქართლი” თელავში გასამართ ტურნირში მონაწილეობის მისაღებად წასულიყო.

2010 წლის 18 თებერვალს, გორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით ხმიადაშვილმა შიდა ქართლის  სხვადასხვა ტერიტორიაზე დასაწყობებული სამასალე და საშეშე მერქნის გორში ჩასატანად 3 500 ლიტრი დიზელის საწვავი მოითხოვა. მას ამ რაოდენობის ტალონები გადასცეს, თუმცა გამგებელმა მოგვწერა, რომ ეს ტალონებიც შპს ,,არქმშენსტუდია 2002″-ის დირექტორს ალიკა მაკრახიძეს გადასცა. სხვა ინფორმაცია, სრულად შესრულებული სამუშაოების შესახებ, გამგებამ არ მოგვაწოდა.

2010 წლის 24 მარტს გორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით ხმიადაშვილმა 2 500 ლიტრი დიზელის საწვავის ტალონი მოითხოვა. წერილობით მიმართვაში აღნიშნავს, რომ ეს საწვავი 15-16 მარტს მოსული ჭარბნალექიანობის შედეგების სალიკვიდაციოდ სჭირდება. ხმიადაშვილმა მიიღო ეს ტალონები და დაურიგა 5 სოფლის – ხიდისთავის, ბერბუკის, სკრის, ზეღდულეთის და შავშვების რწმუნებულებს. თითოს 500-500 ლიტრი შეხვდა. ჩვენ დავუკავშირდით თითოეული სოფლის რწმუნებულს და მათი პასუხები ერთმანეთს ჰგავდა: ,,თანხა მოხმარდა მდინარეების სათავე ნაგებობებს, გაწმენდით სამუშაოებს, საუბნო არხებს”.. ერთი სიტყვით, ამ ხუთივე საკრებულოში, სადაც თითეულში3-4 სოფელი შედის, ამ 2500 ლიტრით სოფელი აშენებულა. ხიდისთავის გამგებელმა რეზო გიორგაძემ გვითხრა, რომ ეს 500 ლიტრი გამოიყენა როგორც არხებისთვის, ასევე ნაგავსაყრელების გასატანად.

სკრის გამგებელმა თევდორე ხოსრუაშვილმა აღნიშნა, რომ არხის გაწმენდასთან ერთად 8 ნაგავსაყრელი გაიტანა სოფლიდან. ბერბუკის გამგებელმა სოსო ბეჟანიშვილმა თქვა, რომ 500 ლიტრი ძირითად არხის გაწმენდებს მოახმრა სოფელ რეხაში და ხელთუბანში. ,,მაგ დროს დიდი წყალი მოვარდა და ეგ ამბავი ტელევიზორშიც იყოო” – შეგვახსენა ბერბუკის საკრებულოს რწმუნებულმა.  ზეღდულეთის აწ უკვე ყოფილმა გამგებელმა გიორგი შიუკაშვილმა კი აღნიშნა, რომ დიზელის საწვავი გახარჯა ისე, რომ  მის საკრებულოში შემავალ სამივე სოფელზე გაანაწილა. რაც შეეხება შავშვების საკრებულოს, მისმა გამგებელმა როინ ფოლადაშვილმა გვითხრა, რომ არხი გაჭრა შავშვები-ნაწრეტის მიმართულებით, ხოლო გზისპირა ტერიტორია შავშვებიდან-კასპამდე ნაგავსაყრელებისგან გაასუფთავა.

როგორც ვნახეთ, სოფლის რწმუნებულმა 500-500 ლიტრი არხების გასაწმენდად იმ დროს გამოიყენეს, როდესაც წყალდიდობამ ჩაიარა. გლეხები სოფლად არხებს როგორც წესი მანამდე წმენდდნენ, ვიდრე თოვლი დნება და კალაპოტებში წყალი დგება, ხოლო რაიონის გამგებელი დავით ხმიადაშვილი მოთხოვნის წერილში საერთოდ არ უთითებდა, რომ ამ საწვავით სოფლის რწმუნებულები ნაგავსაყრელების გასატანად გამოიყენებდნენ. უნდა აღინიშნოს. რომ შპს ,,არქმშენსტუდია 2002″-ს გორის მუნიციპალიტეტის გამგეობა წელიწადში 870 000 ლარს ურიცხავდა იმისათვის, რომ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიური ნაგავსაყრელები მოესპო.

,,ქართლის ხმამ” ასევე გამოითხოვა გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ანგარიში, რომელიც 2010 წელს ეხება. აღნიშნულ დოკუმენტში წერია, რომ სოფელ რეხის სარწყავი არხის სამუშაოები შეასრულა შპს  ,,აგროტექსერვისმა” 11 400 ლარად. ეს თანხა მთავრობის #41 გნაკრგულებით 2010 წლის 13 იანვარს გადმოეცა გორის მუნიციპალიტეტს. იმავე განკარგულებით გაწმენდილი უნდა ყოფილიყო ბერბუკის არხი. ბერბუკის არხის გაწმენდა შპს ,,ემჯითბილისს” დაევალა.

2010 წლის 23 მარტს შიდა ქართლის გუბერნიამ 3 000 ლიტრი დიზელის საწვავი ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებელს ილია ბუჯანაძეს გადასცა. ილია ბურჯანაძე ასევე შეწუხებულია 15-16 მარტის წყალდიდობით. წყალდიდობის სალიკვიდაციო ხარჯებისთვის 2 000 ლიტრი კასპის გამგეობასაც გადაეცა. ,,ქართლის ხმა”-ს არ მოეპოვება ქარელში განხორციელებული სამუშაოების ნუსხა. ხოლო კასპის გამგეობას წერილობით მიმართვაზე საერთოდ რეაგირება არ ჰქონია.

2010 წლის 16 აპრილს ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრს 160 ლიტრი გადაეცა იმისათვის, რომ ცენტრის ბავშვები თბილისსა და ბოდბეში ექსკურსიაზე წასულიყვნენ. ცენტრის დირექტორი ლელა მერებაშვილი ,,ქართლის ხმას”თან საუბარში აღნიშნავს, რომ ყველანაირი დოკუმენტაცია გააჩნია აღნიშნული ტალონების მიზნობრივად გამოყენების.

2010 წლის 22 აპრილს ფეხბურთის რეგიონულ ფედერაციას  200 ლიტრი გადაეცა. ახალგაზრდული ნაკრები ,,გორი” ქუთაისში გაემგზავრა, რათა რესპუბლიკურ ტურნირში მონაწილეობა მიეღო.

2010 წლის 3 მაისს გორის თეატრის მმართველმა მოითხოვა 500 ლიტრი დიზელის საწვავი თეატრის მიწვეული რეჟისორისთვის. მიწვეული რეჟისორი ლაშა ჯოხაძე მაისის თვისთვის ემზადებოდა პრემიერისთვის (თუმცა სპექტაკლი რომელსაც პრემიერა დაარქვეს, ჯერ კიდევ 2009 წელშიც იდგმებოდა გორის თეატრში). 500 ლიტრი დიზელის საწვავის ტალონი გუბერნატორის პირველმა მოადგილემ გადასცა თეატრს და მის რეჟისორს, თუმცა აღნიშნულ საწვავთან დაკავშირებით გორის თეატრში ბუღალტერიაში არანაირი ცნობები მოიპოვება. ეს წერილობით გვაცნობა გორის თეატრის ადმინისტრაციამ.

2010 წლის 3 მაისს გორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით ხმიადაშვილმა დარჩენილი მარაგიდან 5 400 ლიტრი მოითხოვა. საინტერესოა ის გარემოება, რომ მხოლოდ გაზაფხულის მიწურულს გაიხსენეს სოფლად საჭირო სახნავ-სათესი და სხვა და სხვა სამუშაოები. გორის მუნიცპალიტეტის გამგებელმა დავით ხმიადაშვილმა გვაცნობა, რომ 5400 ლიტრი დიზელის ტალონი სოფელ ტირძნისის რწმუნებულს თემურ ტეტუნაშვილს გადასცა ერგნეთში ჩასატარებელი სამუშაოებისთვის.

ტირძნისის რწმუნებული თემურ ტეტუნაშვილი გვიდასტურებს, რომ მან მიიღო დიზელის საწვავის ტალონები და ასევე გვიდასტურებს, რომ ეს ტალონები გამოიყენა სახნავ-სათესი მიწების მოსახნავად: ,,ერგნეთში დაახლოებით 100-ზე მეტი ჰა მიწა მოვხანით. ამხანაგობებს ვუსხავდით საწვავს და ისინი იყენებდნენ. ამას თავად ისინი ითხოვდნენ. აბა რა გვექნა, ხალხს სჭირდებოდა” – ამბობს თემურ ტეტუნაშვილი. ჩვენს კითხვაზე, დაგვიაებული ხომ არ იყო 3 მაისს საგაზაფხულო ხვნა-თესვა, ტეტუნაშვილმა გვითხრა, რომ მას სხვა ძალა არ ჰქონდა. რადგან ამას მოსახლეობა ითხოვდაო. ასევე საგულისხმოა ის ფაქტი, რომ მიუხედავად იმისა, რომ ერგნეთის ტერიტორიის დიდი ნაწილი ოსების კონტროლირებად ტერიტორიაზე მოხვდა, ქართულ სოფელს დარჩა იმ რაოდენობის ტერიტორია, რომ 5400 ლიტრი დიზელის საწვავი აეთვისებინა.

2010 წლის 4 მაისს ანსაბლ ,,ჩუქურთმას” დირექტორს თემურ ტატიშვილს გადაეცა 1200 ლიტრი დიზელის საწვავის ტალონი.  ამ პერიოდში გორში ფესტივალი ტარდებოდა და ჩამოსული სტუმრების ტრასნპორტირებისთვის ითხოვდა თემურ ტატიშვილი საწვავს. ჩვენ წერილობით ვცადეთ მიგვემართა ანსამბლ ,,ჩუქურთმასთვის”. როგორც გორის მესამე საჯარო სკოლაში გვაცნობეს, ,,ჩუქურთმას” რეზიდენცია ამ სკოლაში მდებარეობს. შესაბამისად, წერილი გადასაცემად ამ სკოლაში დავტოვეთ. თუმცა როგორც მესამე საჯარო სკოლიდან გვაცნობეს, ,,ქართლის ხმის” წერილი ,,ჩუქურთმას” დირექტორმა არ ჩაიბარა.

2010 წლის 4 მაისს 1500 ლიტრი ხაშურის გამგებელმა როინ მახარობლიძემ მიიღო. მოტივი არ არის მითითებული დოკუმენტებში.

7 მაისს 400 ლიტრი გადაეცა გორის მუნიციპალიტეტის გამგეობას სოფელ კარალეთში სახნავ-სათესი სამუშაოების ჩასატარებლად. გამგებელმა ტალონები უშუალოდ სოფლის რწმუნებულს ზურაბ ბერიანიძეს გადასცა. ბერიანიძე ამჟამად ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებულია და საპროცესო შეთანხმდება გაფორმდა.

2010 წლის 11 მაისს ტინისხიდის საჯარო სკოლის დირექტორს სოსო ალიმბარაშვილს 160 ლიტრი გადაეცა იმისათვის, რომ სკოლის მე-8 კლასელები ექსკურსიაზე ქუთაისში და გელათში წასულიყვნენ. 11 მაისს გადაცემული ტალონები 17 ივნისს გამოიყენეს ანუ მაშჳნ, როდესაც უშუალოდ მოეწყო ექსკურსია. სკოლამ არ მოგვაწოდა მიკროავტობუსის მძღოლთან გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტი. სკოლიდან მოწერილ პასუხში ასევე არ არის განმარტებული თუ რა დაიმსახურეს ტინისხიდის მე-8 კლასის მოსწავლეებლა და იგივე ტალონი არ გადაეცა სხვა კლასს.

2010 წლის 13 მაისს დავით ხმიადაშვილმა დამატებით კიდევ 4 000 ლიტრი მოითხოვა. ამჯერად ის სადგურის დასახლებაში და ხიდისთავში წვიმის შედეგად ჩამოტანილი ქვა-ღორღისთვის გასატანად ითხოვდა. ეს ტალონები კვლავ შპს ,,არქმშენსტუდია 2002″-ს გადაეცა.

13 მაისს გოგონათა საფეხბურთო გუნდი 240 ლიტრით რუსთავში ტურნირზე წავიდნენ.

18 მაისს ფეხბურთის ახალგაზრდული ნაკრები 320 ლიტრით ლაგოდეხში წავიდა.

17 მაისს ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრს 440 ლიტრი გადაეცა, რადგან დევნილთა ჩასახლებებში გასულიყვნენ.

18 მაისს ლიახვის ხეობის მაჟორიტარმა დეპუტატმა რევაზ კახნიაშვილმა 300 ლიტრი მიიღო იმისათვის, რომ გაზაფხულის მიწურულს სოფელ სკრაში და საქაშეთში დევნილებს სახნავ-სათესი მიწების დასამუშავებლად გამოეყენებინათ.

19 მაისს მეღვრეკისის საჯარო სკოლამ 180 ლიტრი მიიღო. დირექტორი ვერიკო ბაკურაძე წერილობით გვატყობინებს, რომ სკოლის მერვე კლასელები ექსკურსიაზე იყვნენ გარეჯში. სკოლამ არ წარმოგვიდგინა მძღოლთან მიღება-ჩაბარების აქტი.

16 მაისს სამთავისისა და გორის ეპარქიის მმართველის მდივანმა, დეკანოზმა ღვთისომ (სეხნიაშვილმა) გუბერნატორს 540 ლიტრი დიზელი მოსთხოვა 17 ივნისს სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძრის და 25 ივნისს სამთავისის საკათედრო ტაძრის მოსალოცად. გუბერნიამ გვაცნობა, რომ დეკანოზის მოთხოვნა დაკმაყოფილდა.  ეპარქიამ ჩვენს წერილობით განცხადებას პასუხი არ გასცა.

21 მაისს ბავშვების ექსკურსიებზე წასაყვანად დიცის სკოლამ 180 ლიტრი მიიღო. დირექტორმა ასევე არ წარმოგვიდგინა მძღოლთან საწვავის გადაცემის მიღება-ჩაბარების აქტი. უფრო მეტიც, სკოლის დირექტორი ელიზავეტა ხაბაზიშვილი გვწერს, რომ მძღოლის სახელია გოჩა, ხოლო მისი სახელი და ავტობუსის ნომერი არ ახსოვს.

24 მაისს ტირძნისის საჯარო სკოლას 180 ლიტრი გადაეცა. საგულისხმოა, რომ მაისს-ივნისის თვეში ტირძნისის სკოლამ 10-მდე ექსკურსია განახორციელა. გუბერნიისგან გადაცემული ტალონებით კი ისარგებლა მხოლოდ ორმა კლასმა. ერთ-ერთი კლასის დამრიგებელია ნანა ხმიადაშვილი. ტირძნისის სკოლის დირექტორმა ასევე არ მოგვაწოდა მძღოლთან საწვავის გადაცემის დამადასტურებელი მიღება-ჩაბარების აქტი.

24 მაისს კარბის საჯარო სკოლის დირექტორს ნინო კოლოტაშვილს 160 ლიტრი საწვავის ტალონი გადაეცა. წერილობით მიმართვის შემდეგ, არც კარბის სკოლამ მოგვაწოდა მძღოლთან გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტი.

საწვავის გაცემა დასრულდა 27 მაისს. ამ დღეს რაგბის კლუბი ,,ლომები”, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდს წარმოადგენს, იღებს 240 ლიტრს.

საბა წიწიკაშვილი

  1. No comments yet.
  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: