მთავარი > ახალი ამბები > რა კითხვები დაუსვეს არსოშვილს გორელმა სტუდენტებმა

რა კითხვები დაუსვეს არსოშვილს გორელმა სტუდენტებმა


ზურაბ არსოშვილი

ზურაბ არსოშვილი

14 აპრილს გორის უნივერსიტეტში დაწყებული ,,სტუდენტური დღეები” შიდა ქართლის გუბერნატორმა ზურაბ არსოშვილმა გახსნა. სასწავლებლის ფოიეში სტუდენტებსა და გუბერნატორს შორის შეხვედრა ტელეკამერების გარეშე შედგა. კითხვა-პასუხის რეჟიმში წარმართულ დიალოგს პრესის ჟურნალისტებიც ესწრებოდნენ. დღევანდელი ფაქტი იმ კამპაანის ნაწილია, რა დროსაც გუბერნატორი საზოგადოების წარმომადგენლებთან, კამერების გარეშე, შეხვედრებს აწყობს.

მოსაწვევებით მისული სტუდენტები  პირველ რიგში ტურისტულ პოტენციალს შეეხნენ. არსოშვილმა აქაც განაცხადა, რომ პრეზიდენტის ინიციატივით, ქალაქის ძველ უბანში ,,სიღნაღიზაცია” დაიწყება. ,,ეს ამ ქალაქს ბევრ ტურისტს მოუზიდავს” – თქვა გუბერნატორმა. შემდეგ თქვა, რომ სავარაუდოდ წლის განმავლობაში გორს 77 000 ტურისტი ეყოლება. ,,თუკი თითოეული ტურისტი აქ 10 დოლარს დახარჯავს, ეს იმას ნიშნავს, რომ დაახლოებით 700 000 დოლარი შემოვა ბიუჯეტში” – დაარწმუნა სტუდენტები არსოშვილმა.

ამის შემდეგ, კითხვები სტუდენტებმა დასვეს. პირველი კითხვა გოგონამ დასვა. ის მდინარე ლიახვისა და მტკვარის შესართავთან არსებული ნაგავსაყრელითაა შეწუხებული. თავდაპირვლად, სტუმრებს და მასპინძლებსაც ეგონათ, რომ იგულისხმებოდა ,,ახალ ბაღის” ტერიტორია.

,,იქ რა გინდოდათ?” – შეუტრიალა კითხვა არსოშვილმა. ,,ახალ ბაღის” ტერიტორია, სხვათა შორის, ქალაქში ითვლება ისეთ ადგილად, სადაც უამრავი ახალგაზრდა იყრის თავს დღისითაც და ღამითაც.

,,არაფერი, უბრალოდ გადავწყვიტეთ მოგვენახულებინა ქალაქის სხვადასხვა ტერიტორია. ეს ნაგავსაყრელი ნამდვილად არ მდებარეობს ახალ ბაღის ტერიტორიაზე. ეს არის ლიახვის მარჯვენა სანაპირო და არა მარცხენა” – დააზუსტა კითხვა სტუდენტმა გოგონამ.

არსოშვილმა უპასუხა, რომ კონკრეტულად ამ ადგილზე მას არ მოეპოვება რამე ინფორმაცია და აუცილებლად დაინტერესდებოდა. ,,შემიძლია გითხრათ, რომ ამ ადგილთან დაკავშირებით ჯერ-ჯერობით არავითარი გეგმა გვაქვს” – განმარტა არსოშვილმა.

ამის შემდეგ კითხვა სტუდენტმა ლადო ციცაგმა დასვა, რომელიც ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტია. ის ამავე დროს სოფელ ციცაგიანთ კარიდანაა, რომელიც კონფლიქტის ზონასთან ახლოს მდებარეობს. ციცაგი დაინტერესდა, სოფლის მეურნეობისთვის გამოყოფილი 150 მლნ ლარიდან რამდენი ერგება შიდა ქართლს. ,,მე ამჟამად ზუსტად ვერ გეტყვით, თუ რამდენი პროცენტი დაიხარჯება შიდა ქართლისთვის, მაგრამ გეტყვით, რომ ეს თანხა სხვადასხვა პროექტებისთვისაა გათვალისწინებული, მათ შორი მექანიზაციისთვის, ასევე  ხილის და ბოსტნეულის ახალი ჯიშების გამოყვანისთვის” – თქვა არსოშვილმა.

არსოშვილმა გორის ვაშლის მნიშვნელობაზე განავრცო თემა. როგორც მან გაიხსენა, რამდენიმე ხნის წინ მათთან სტუმრად მყოფ აზერბაიჯანულ დელეგაციასაც მოუკითხებია გორის ვაშლი.

,,ჩემთან სტუმრად მყოფი ერთ-ერთი აზერბაიჯანელი მეუბნებოდა, რომ თურმე თავიანთ ქვეყანაში არის ბაზარი, სადაც შესაძლებელია გორის ვაშლის ყიდვა. მამამისს წლებია, კომუნისტების დროიდან ეს ვაშლი ჰყვარებია და სწორედ ამიტომ მუდმივად ამ ადგილზე მიდის საყიდლად და ენატრება ჩვენი ვაშლი. ჩვენი მიზანია, რომ რეგიონში ახალი ჯიშის ვაშლები შემოვიტანოთ, რომელიც უფრო კარგი ხარისხის იქნება, რადგან ის ძველი ჯიშები მოძველებული და გადაჯიშებულია. კარგ ხარისხის ვაშლს გავიტანთ არა მართო ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებში, არამედ ევროპულ ბაზრებზეც.” – უპასუხა კითხვას არსოშვილმა.

ერთ-ერთმა სტუდენტმა ინატრა უნივერსიტეტში ხალხური საკრავების გუნდის შექმნა, რომელიც ამავე დროს დასასვენებლად ტურებს მოაწყობს. ეს კითხვა გორის უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი სოსიაშვილმა შეასწორა და განაცხადა, რომ აქ იგულისხმება არა თუ დასვენება, არამედ გასტროლებზე გასვლა. ,,მაგალითად შარშან ჩვენი გუნდი იყო წასული თურქეთში და საკმაოდ წარმატებული ტური ჰქონდათ”- თქვა სოსიაშვილმა.

პირველი კურსის სტუდენტი  გიორგი გიორგაძე დაინტერესდა იმით, რომ ქალაქის ცენტრში, კერძოდ ,,ყავის სახლთან” დაგებული ფილები დაზიანებულია და წვიმიან ამინდში იქ ფეხის დადგმისას წყალი ასხავს. არსოშვილმა განმარტა, რომ რაც კი ქალაქში ინფრასტრუქტურა კეთდება, ადგილობრივი ხელისუფლება იბარებს გარანტიით. ,,ანუ ვიდრე არ დავრწმუნდებით, რომ სამუშაოები ხარისხიანად არის შესრულებული, მას გაკეთებულად არ ვთვლი. თუ ასეთი დეფექტები სადმე არსებობს, მას გამოვასწორებთ” – განაცხადა არსოშვილმა. თუმცა უნდა ითქვას, რომ ,,ყავის სახლის” წინ ფილები დაგებულია 2006 წელს.

შემდეგი კითხვა სტუდენტმა გოგონამ დასვა. ის დაინტერესდა ქალაქში ლიტერატურული კაფეების არსებობით. ,,კი ყველაფერი კარგია, მაგრამ წიგნის ფასი რომ არ დაიკარგოს, იქნებ რამე ამდაგვარი არსებობდეს ამ ქალაქში” – იყო კითხვა.

არსოშვილის თქმით, ქალაქში სახელმწიფო ბალანსზე არსებული ბევრი უფუნქციო შენობაა და შესაძლებელია, ამ შენობების ამ კუთხით გამოყენება. ,,თუმცა ჯერ-ჯერობით ბიუჯეტში ასეთ პროექტებზე არ არის გათვალისწინებული თანხა, მაგრამ სამომავლოდ ვიფიქრებთ” – იყო პასუხი არსოშვილისგან.

ერთ-ერთი სტუდენტი დაინტერესდა იმით, თუ რატომ დააგვიანა გორის უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ ,,კავეენის” დაფინანსება და რატომ არ არის ადგილი უნივერსიტეტში იმისა, რომ მხიარულთა და საზრიანთა კლუბმა მუსიკალური ცენტრი დადგას. უნივერსიტეტის რექტორმა განაცხადა, რომ კავეენის ხალხმა განაცხადი გვიან შემოიტანა, რაც ფაქტობრივად ადმინისტრაციის ბრალი არ არის, ხოლო რაც შეეხება მათთვის სპეციალურ ადგილს, რექტორმა განმარტა, რომ დარბაზი რემონტდება და სამუშაოების დასრულების შემდეგ შეეძლებათ იქ განთავსება.

ხაშურელმა სტუდენტმა გულისტკივილით აღნიშნა, რომ ხაშურში ქალაქის ცენტრში ფანტანი არ მუშაობს. ხოლო ხაშურის კინოთეატრში არა თუ ფილმებს აჩვენებენ, არამედ სალონებია გახსნილი. ხოლო სტალინის ძეგლი ნაწილ-ნაწილ დააზიანეს იქ და საბოლოოდ აიღეს.

შეხვედრის ბოლოს, კითხვის დასასმელად მიკროფონი აიღო ისევ იმ სტუდენტმა გოგონამ, ვინც  პირველი კითხვა დასვა. მისი თქმით, გორის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულ სტუდენტებს ყურადღება არ ექცევათ.

,,მინდა ვთქვა, რომ ჩვენს უნივერსიტეტში სწავლება უმაღლეს დონეზეა. ერთ-ერთმა ჩემმა მეგობარმა თქვა, რომ აქ უფრო კარგი სწავლებაა, ვიდრე ილიას უნივერსიტეტში. ის იქიდანაა გადმოსული. მიუხედავად ამისა, ყოველთვის იმ ადამიანებით ინტერესდებიან, რომლებიც სხვა უნივერსიტეტებში სწავლობენ, თუნდაც კერძოში. იქნებ ამას მიექცეს ყურადღება”

ამ კითხვას არსოშვილი არ დაეთანხმა და უპასუხა: ,,ჩემთან ვინც კი მუშაობს ადგილობრივი, ყველას გორის უნივერსიტეტი აქვს დამთავრებული.”

,,ქართლის ხმა” შეისწავლის ამ ადამიანების ბიოგრაფიებს და დეტალურ და გადამოწმებულ  ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით, უახლოეს ხანებში მოგაწოდებთ.

სტუდენტებისა და არსოშვილის შეხვედრა დამთავრდა საერთო სურათის გადაღებით და იაკობ გოგებაშვილის ძეგლის ყვავილებით შემკობით.

კატეგორიები:ახალი ამბები
  1. No comments yet.
  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: