მთავარი > თეატრი > მთვრალი მსახიობი გოგო-ბიჭები და ჩაშლილი სპექტაკლი გორში

მთვრალი მსახიობი გოგო-ბიჭები და ჩაშლილი სპექტაკლი გორში

June 1, 2011

ტოპაზის სისტემა და შემდგომში მისი მთვრალი მსახიობები

ტოპაზის სისტემა და შემდგომში მისი მთვრალი მსახიობები


რა მოუტანა გორის თეატრს ძველი მსახიობების გაყრამ და ,,რეფორმამ”

გორის თეატრში სპექტაკლი ჩაიშალა. ამის მიზეზი არც მეტი არც ნაკლები მთვრალი მსახიობების მისვლა გახდა. თეატრის დარბაზში შეკრებილი ისედაც მცირე რაოდენობის მაყურებელს თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ეს არც დაუმალა. როგორც თვითმხილველები ამბობენ, ის თავადაც ნასვამი იყო. გორის თეატრის მმართველი ნოდარ მდინარაძე აღშფოთებული გვიდასტურებს ფაქტს. მას მთვრალი მსახიობი პირადად ,,შეეფეთა” და იმავე დღესვე დაიხთოვა თეატრიდან. რაც შეეხება სპექტაკლს, მისი სახელწოდებაა ,,ტოპაზის სისტემა”, რომელიც გორის თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელმა თბილისის თეატრიდან გადაიტანა. როლებს, მათ შორის მთავარს, ძირითადად მიწვეული მსახიობები – თბილისიდან და თეატრალური უნივერსიტეტის მეორე მესამე კურსელები ასრულებენ.

,,ძალიან დიდ ბოდიშს გიხდით, ერთ-ერთი მსახიობი გახლავთ ნასვამი და შესაბამისად, სპექტაკლი არ იქნება” – განუცხადა გორის თეატრის მცირე დარბაზში შეკრებილ სულ რამდენიმე მაყურებელს სამხატვრო ხელმძღვანელმა სოსო ნემსაძემ, რომელიც თვითმიხლველების თქმით, თვითონაც ნასვამი იყო. თავდაპირველად ეს ინფორმაცია ფეისბუქზე გავრცელდა. ერთ-ერთმა მოქალაქემ, რომელიც ამ პროცესს შეესწრო, ფეისბუქზე ასეთი ინფორმაცია გაავრცელა:

“ბოდიშს გიხდით ტექნიკური მიზეზების გამო სპექტაკლი მოხსნილია….. “,უკვე მეორე სპეკტაკლია ასე მპასუხობს სპექტაკლის დაწყებამდე 15 წუთით ადრე სალაროში გოგონა და ბილეთებს იბრუნებს. წინა სპექტაკლზე (“ყოფილების სარეცელი”) რომელზეც ანალოგიური პასუხი გამცა ვერაფერს ვიტყვი მაგრამ დღევანდელ სპექტაკლზე(“ტოპაზის სისტემა”) ჩემს გარდა უამრავმა ხალხმა დაინახა თეატრის სკვერში რა “ტექნიკურ მიზეზს” ჰქონდა ადგილი. ბევრი რომ აღარ გავაგრძელო მოკლედ გეტყვით რა იყო მიზეზი დღევანდელი სპექტაკლის მოხსნის. დაწყებამდე 15-20 წუთით ადრე იღება მთავარი შესასვლელი კარი და გამოდის რამდენიმე მსახიობი ნასვამ მდგომარეობაში მათ შორის გოგოც, რომელიც ამავე სპექტაკლში ერთ-ერთ მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ძალიან მალევე ბრუნდებიან ყველა ერთად შიგნით მაგრამ რამდენიმე წუთში ერთი მსახიობი ბიჭი გამდის,იქვე სკამზე ჯდება და იძინებს.დაახლოებით ნახევარ საათში გამოდის თეატრიდან თაკო აბაშიძე რამდენიმე მსახიობთან ერთად და შეჰყავთ ეს მძინარე.ამის შემდეგ კი სალაროში მპასუხობენ იმას რაც დასაწყისში აღვნიშნე. ჩემი აზრით ეს არის ძალიან დიდი სირცხვილი, როცა მსახიობს არა აქვს იმდენი პასუხისმგებლობა რომ დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე არ დალიოს და სპექტაკლის ჩაშლა მისი მიზეზით არ მოხდეს. ეს არის ასევე მაყურებლის დიდი შეურახყოფა.გორის თეატრის მსახიობმა იმის მაგივრად რომ მაქსიმუმი გააკეთოს მაყურებლის მოსაზიდად(ყველამ კარგად ვიცით რა მდგომარეობა თეატრში მაყურებელთა მხრივ) პირიქით ყველას დასანახად დადის ნასვამ მდგომარეობაში სკვერში და იძინებს. ს ი რ ც ხ ვ ი ლ ი ა!!!!!!!!!!!!!!”

აღნიშნული ინფორმაციით დაინტერესდა ,,ქართლის ხმა” და რეაგირებისთვის გორის თეატრის ადმინისტრაციას მიმართა. თეატრის მმართველმა ნოდარ მდინარიძემ დაგვიდასტურა მსახიობის ნასვამობის ფაქტი და აქედან გამომდინარე სპექტაკლის ჩაშლის აუცილებლობა: ,,მე სანამ ვიქნები გორის თეატრის მმართველი, არც ერთი მსახიობი ვერ მოვა ნასვამი, ხოლო თუკი ასეთი რამ მოხდება, არ დასჯება დაუსჯელი. ეს იყო აღმაშფოთებელი ფაქტი, რაც მოხდა. ეს მე ჩემი თვალით ვნახე და თავს შეურაცხყოფილად ვგრძნობ. შესაბამისად, მივიღეთ ზომები და ეს მსახიობი ზურაბ თედელური, რომელიც არის ახალგაზრდა, ვადაზე ადრე გავუშვით გორის თეატრიდან” – გვითხრა თეატრის მმართველმა

,,ქართლის ხმა” დაინტერესდა იმით, თუ როგორ მოხვდა ეს ახალგაზრდა გორის თეატრში. ის, 2011 წლის იანვარში, კასტინგის საფუძველზე, თეატრიდან გაშვებული ასაკიანი მსახიობების ნაცვლად საშტატო ნუსხაში დაამტკიცეს. საერთოდ, თბილისის თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტებმა, (მათი ,,პროფესორი” გორის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი სოსო ნემსაძეა), გორის თეატრის ძველი თაობის მსახიობები შეცვალეს. სოსო ნემსაძე თავის დროზე გვიყვებოდა, რომ ჩამოყვანილი ახალგაზრდების წაყლობით, გორის თეატრის იმიჯის აღდგენა, პოპულარობა და და გამოცოცხლება მოხდებოდა. შესაბამისად, სახეზეა თეატრის სკვერში სახალხოდ მძინარე მსახიობები და ამ ამბით გაპოპულარულებული დასი.

ჩვენს კითხვაზე, თუ რატომ სხვა მსახიობები არ დასაჯა გორის თეატრის მმართველმა, ამ უკანასკნელმა განგვიცხადა, რომ მან ერთ-ერთი მსახიობი პირადად ნახა მთვრალ მდგომარეობაში, ხოლო დანარჩენები არ უნახია. ,,იმ შემთხვევაში თუ დანარჩენი ფაქტი დადასტურდა, მათ მიმართაც აუცილებლად გამოვიყენებ ზომებს.” – გვითხრა ნოდარ მდინარიძემ.

ვინ იყო ის მთვრალი გოგო, რომლის შესახებ ფეისქბუქზე ჰყვებიან? ტოპაზის სისტემაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან როლს თეატრის პიარ-მენეჯერი თაკო აბაშიძე ასრულებს. ის კატეგორიულად უარყოფს სიმთვრალის ფაქტს: ,,იცი, მე ოჯახი მაქვს, ძმა მყავს, ახლობლები მყავს. თუ ასეთ ინფორმაციას გაუშვებთ, პრობლემები შეგექმნებათ” – დაიმუქრა თაკო აბაშიძემ. მიუხედავად ამისა, ის არ ამბობს, თუ ვინ იყო მთვრალი გოგო, რომელიც ასევე ,,მნიშვნელოვან” როლს თამაშობს ტოპაზის სისტემაში.

,,ქართლის ხმა” გთვაზობთ თეატრის მმართელის ნოდარ მდინარაძის განმარტებას აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით. ის გვპირდება, რომ თუ დადასტურდა სხვა მსახიობების სიმთვრალის ფაქტიც, ზაზა თედელურის გზას გაუყენებს.

ავტორი: საბა წიწიკაშვილი

კატეგორიები:თეატრი
%d bloggers like this: