მთავარი > თეატრი > პიროვნება რომელიც მსახიობს აშანტაჟებდა, არსოშვილის მეგობრებში ამოიცნეს

პიროვნება რომელიც მსახიობს აშანტაჟებდა, არსოშვილის მეგობრებში ამოიცნეს

June 5, 2011

ბუნიკეთის გამგებელი (სერიალ ,,შუა ქალაქიდან) - ზურაბ ნიჟარაძე

ბუნიკეთის გამგებელი (სერიალ ,,შუა ქალაქიდან) - ზურაბ ნიჟარაძე

გორის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა სოსო ნემსაძემ და მმართველის მოადგილემ ზურაბ ნიჟარაძემ მსახიობ საშა ტატიშვილს, თეატრიდან წასვლის შესახებ, განცხადება იძულების წესით დააწერინეს. ამის შესახებ ,,ქართლის ხმა” იუწყებოდა, თუმცა იმ პერიოდისთვის უცნობი იყო იმ პიროვნების ვინაობა, რომლის თანდასწრებით ეს მოხდა. ტელეკომპანია ,,მაესტროს” მიერ გავრცელებულ კადრების მეშვეობით კი მსახიობმა საშა ტატიშვილმა ზურაბ არსოშვილის გვერდით ამოიცნო პიროვნება, რომელიც ზურაბ ნიჟარაძეს მსახიობის დაშანტაჟებაში ეხმარებოდა. ეს პიროვნება, რომელიც საშა ტატიშვილმა გვაჩვენა, შიდა ქართლის რწმუნებულის-გუბერნატორის აპარატის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი – დავით ჭანტურია აღმოჩნდა. 

თეატრის მმართველის მოადგილე ზურაბ ნიჟარაძე ,,ქართლის ხმას”-სთან საუბარში აცხადებდა, რომ საშა ტატიშვილმა განცხადება მართლაც კაბინეტში ორ უცხო პიროვნებასთან ერთად დაწერა, რომელთაგან ერთ-ერთი მისი მეგობარი იყო. ,,მაგ დროს კაბინეტში ჩემი მეგობარი იმყოფებოდა, რომელსაც თან ახლდა თავისი ნაცნობი. იყო თუ არა ის პოლიციელი, არ ვიცი” – ამბობს ზურაბ ნიჟარაძე ჩვენთან საუბარში.

საშა ტატიშვილი (მსახიობი) ,,იმ დღით 4-ჯერ დამირეკეს თეატრიდან, უშუალოდ დირექტორის კაბინეტიდან, გადავედი. კაბინეტში დამხვდნენ დირექტორის მოადგილე ზურაბ ნიჟარაძე, და სამხატვრო ხელმძღვანელი სოსო ნემსაძე, როგორც კი შევედი, მაშინვე გადარეკეს პოლიციაში ასეთი ფრაზებით: ,,მოდით სასწრაფოდო”. თითქოს რაღაც პრობლემა არსებობდა. ორი პოლიციელი მოვიდა. ეს დანამდვილებით ვიცი და ასეც წარმომიდგინეს. მათი თანდასწრებით მომთხოვა ნემსაძე განცხადების დაწერა. ოღონდ განცხადების დაწერის მიზეზი უნდა ყოფილიყო – ოჯახური პირობები.” – აცხადებს საშა ტატიშვილი.

– თვითონ პოლიციელების ქმედება რაში გამოიხატებოდა?

– თვითონ ის ფაქტი, რომ დირექტორის კაბინეტში ჩემს შესვლას პოლიციაში ზარის დარეკვა მოჰყვა, აშკარად მივხვდი, რომ პროვოკაციას მიწყობდნენ. სიტუაცია შექმნეს თითქოს ისეთი, რომ განცხადების დაწერის დროს წინააღმდეგობას გავუწევდი. თუმცა ჩემთვის ამას აზრი აღარ ჰქონდა. საერთოდ თეატრში, მწერლებში, მხატვრებში ხდება საკამათო მომენტები, მაგრამ თეატრში პოლიციის გამოძახება და მათი თანდასწრებით განცხადების დაწერა, მიუღებელია. უბრალოდ მოვერიდე გართულებას და დავწერე განცხადება.

– რა უძღოდა ამ ყველაფერს წინ?

– გორის თეატრში დაიწყო შემცირებები, მასიურად დაითხოვეს ყველა თაობის მსახიობები. მათ სანაცვლოდ სამხატვრო ხელმძღვანელმა სოსო ნემსაძემ თავისი სტუდენტები ჩამოიყვანა და დაასაქმა. ამასთან დაკავშირებით გამიჩნდა პროტესტი, როგორც ყველა ნორმალურ ადამიანს. ვითომ კასტინგი ჩატარდა, მსგავსი არაფერი მომხდარა. მე თვითონ პრობლემა არ მქონდა. უბრალოდ გათავისუფლებული ხალხი შემეცოდა,. ერთი იქით ტირის, მეორე იქით ტირის. ასაკთანაც არ იყო დამოკიდებული. ორი დიპლომიანი გოგონა გაუშვა ნემსაძემ, რომელ ასაკზე მელაპარაკება? ვინც არ უნდოდა, გაუშვა. ამ სიტუაციას რომ შევხედე, შემეცოდნენ. ერთად ვართ შეზრიდლები თითოეული მათგანი. სწორედ ამან გამოიწვია ეს პროტესტი. პროფესიული სოლიდარობის უნარი უნდა გვქონდეს მსახიობებს. მაშ რატომ ვდგავართ სცენაზე? აქ რა, ნემსაძემ თაფლის ქოთანი ნახა? თავისი სტუდენტები რომ ჩამოიყვანა, აქ ახალგაზრდა მსახიობები არ არიან? ერთმანეთს უნდა გავუფრთხილდეთ მსახიობები. სწორედ ამასთან დაკავშირებით მქონდა სიტყვიერი შელაპარაკება როგორც მმართველთან, ასევე მის მოადგილესთან და სამხატვრო ხელმძღვანელთან. პირველ დღეს გამოიძახეს პოლიცია და დამიბარეს ახსნა-განმარტების მისაცემად. მე პოლიციასთან არაფერი საპრეტენზიო მაქვს, გამოიძახეს ორჯერ და ორჯერვე მოვიდნენ. ეს მათი საქმე იყო. მე ამათთან მაქვს საქმე. იცოდეს ნემსაძემ, რომ მაგის ყველა სპექტაკლს გავარჩევ დეტალურად, რევიზორიდან დაწყებული ,,ტოპაზის სისტემით” დამთავრებული. ჩვენ აუცილებლად დავბრუნდებით თეატრში.

– თქვენი ინფორმაციით, თუ არის საქმის კურსში თეატრში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით, რეგიონის ხელმძღვანელობა?

– პირადად ჩემს შესახებ საკმაოდ უარყოფითი ინფორმაცია აქვს გუბერნატორს, ბატონ ზურაბ არსოშვილს. და საერთოდ, არა მარტო ჩემს შესახებ აქვს ასეთი აზრი, ზოგადად თეატრის შესახებ. ეს რა თქმა უნდა, მომდინარეობს იმ ხალხისგან, ვისაც ჩვენი დაუმსახურებლად დაჩაგვრა უნდა.”

როგორც გითხარით, თეატრის მმართველის მოადგილე ზურაბ ნიჟარაძე, რომელიც ტელესერიალში ,,შუა ქალაქი” სოფელ ბუნიკეთის გამგებლის როლს თამაშობს, აცხადებს, რომ კაბინეტში მყოფი ორი უცხო პიროვნება მისი მეგობრები იყვნენ.

– ბატონო ზურაბ, რით დაგვიმტკიცებთ, რომ ისინი პოლიციელები არ იყვნენ?

– არ ვიცი, როგორ დაგიმტკიცოთ, დედას ვფიცავარ, პოლიცია არ გამოგვიძახებია.”

საშა ტატიშვილი აცხადებს, რომ ზურაბ ნიჟარაძემ და სოსო ნემსაძემ აღნიშნული პიროვნება მასზე ფსიქოლოგიური ზეწოლის მოსახდენად გამოიძახეს.

ამ ეტაპზე ,,ქართლის ხმამ” შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის პოზიცია ვერ მოოპოვა, რასაც უახლოეს ხანებში შემოგთავაზებთ.

რაც შეეხება ზურაბ ნიჟარაძეს, ის მას შემდე მოვიდა გორის თეატრში, როდესაც კულტურის სამსახურის უფროსად ლევან შავლიაშვილი დაინიშნა. შავლიაშვილი მანამდე ქვემო ქართლის საპატრულო პოლიციის უფროსად მუშაობდა. პოლიციაში მუშაობდა ასევე თეატრიის მმართველის მოადგილეც.

როდესაც გუბერნატორი ზურაბ არსოშვილი შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა, მის იმედად გორში დარჩენილი ჩინოვნიკები, მათ შორის ლევან შავლიაშვილი და სხვები, რესტორან ,,ნაჭარმაგევში” ქეიფობდნენ და კუდის თანამშრომლებთან ჩხუბი ქალის გამო მოუვიდათ.  ჩხუბის დროს ლევან შავლიაშვილთან ერთად არსოშვილის ადმინიტრაციის სხვა წევრებიც იმყოფებოდნენ. არსოშვილმა შეერთებული შტატებიდან ტელეფონის ზარის მეშვეობით, თანამდებობიდან შავლიაშვილის მოხსნა ბრძანა, ხოლო დანარჩენების გათავისუფლება არ მომხდარა. ნაჭარმაგევის ინციდენტიდან რამდენიმე ხანში კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა არსოშვილის ის ერთ-ერთი მოადგილე დააკავეს, რომელიც ასევე იმ სუფრაზე იმყოფებოდა. დაკავების შესახებ ყველა სახელისუფლებლო არხი იუწყებოდა, თუმცა რამდენიმე საათში დაკავებული გაათავისუფლეს. რესტორან ,,ნაჭარმაგევის” ისტორიის გავრცელების შემდეგ ,,ქართლის ხმა” ინტერნეტით მუქარის მესიჯებს იღებს. კომპიუტერების აიპიკოდების შედარება აჩვენებს, რომ მუქარის წერილები გორის თეატრის მმართველის მოადგილის  ნიჟარაძის კომპიუტერის აიპიკოდებს ემთხვევა. ,,ქართლის ხმა” მოუწოდებს შიდა ქართლის გუბერნატორს შეწყვიტონ მისმა მეგობრებმა (ყოფილმა პოლიციელებმა) მუქარის და ცილისმწამებლური შეტყობინებების გავრცელება, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩაითვლება, რომ თეატრის მმართველის მოადგილის, პიარ-მენეჯერის და სხვათა მხრიდან გამოჩენილი აქტივობა არსოშვილის ინტერესში შედის.

კატეგორიები:თეატრი
%d bloggers like this: