მთავარი > თეატრი > გორის თეატრი მალიარებმაც კი დაივიწყეს…. (ჩაშლილი ტენდერი)

გორის თეატრი მალიარებმაც კი დაივიწყეს…. (ჩაშლილი ტენდერი)


დღეს 8 ივნისს, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ოთახში სატენდერო კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა. შეხვედრაზე გორის დრამატული თეატრის მცირე დარბაზის ჭერის შესაკეთებელი სამუშაოებზე გამოცხადებული ტენდერის მასალები განიხილეს. სხდომას ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების ელიტარული წარმომადგენლები – გამგებელი დავით ხმიადაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ზვიად ხმალაძე, გამგებლის მოადგილე – ვანო ხორგუაშვილი, ეკონომიკის სამსახურის უფროსი  – ნუკრი აბალაკი, საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი ნანა ბიბილური, სოციალური სამსახურის ხელმძღანელი ხათუნა კაკაურიძე, იურიდიული სამსახურის უფროსი მაია სურამელი და შესყიდვების სამსახურის უფროსი ლევან ხალიშვილი. საკმაოდ წარმომადგენლობითი კომისიის სხდომაზე გაირკვა, რომ გორის თეატრის მცირე დარბაზის ჭერის შერემონტების მსურველი არავინ გამოჩნდა.

იმისათვის რომ ჭერი შერემონტებულიყო (თუმცა ოფიციალური დოკუმენტებით უცნობია, თუ რა უნდა შეკეთებულიყო, შეღებილიყო თუ სხვა რამ) გორის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ადგილობრივი ბიუჯეტიდან  5 565 ლარი გამოყო, ის თავის მხრივ საწყის ფასს წარმოადგენდა. ის ვინც უფრო რემონტის ხარჯის ნაკლებ ფასს შესთავაზებდა, გამგეობა მზად იყო მისთვის გადაეხადა ფული.

პარალელურად,  8 ივნისს დილით გორის თეატრის ხელმძღვანელობამ დასი შეკრიბა და კატეგორიულად მოსთხოვა შინაგანაწესის დაცვა. სხდომა თეატრის მმართველის მოადგილემ ზურაბ ნიჟარაძემ წარმართა, რომელსაც ხელფასი 900 ლარი აქვს, თუმცა მისი ფუნქციები თეატრში განსაზღვრული არაა. მაგალითად, ბოლო ორკაციან სპექტაკლზე ,,ყოფილების სარეცელი”, სადაც არც ერთი გორელი მსახიობი თამაშობს, ზურაბ ნიჟარაძის როლი შემოიფარგლა ვიდეო-რგოლის შექმნაში.

900 ლარიანმა საჯარო მოხელემ დასთა შეკრებაზე განაცხადა, რომ თეატრში უნდა დასრულდეს მთვრალი მსახიობების მისვლა. ბოლო ინციდენტი 27 მაისს მოხდა, როდესაც თბილისელი მსახიობები თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის მანქანით, მთვრალ მდგომარეობაში, თეატრში მივიდნენ. მანქანიდან გადმოსვლისას ერთ-ერთი  გოგონა  კიბეებზევე დაეცა. ხოლო მთვრალი მამაკაცი მსახიობი კი ხალხით სავსე თეატრის სკვერში გავიდა და სკამზე დაიძინა.

აღნიშნული ინფორმაცია პირველად ,,ქართლის ხმამ” გააშუქა. გაზეთმა თვითმხილველის ნაამბობიც მოიყვანა, რომელმაც პირადად დაინახა ეს ფაქტი. თვითმხილველი  კონკრეტულად ,,მთვრალ გოგოს” ახსენებდა, თეატრის ხელმძღვანელობა დღემდე არ აკონკრეტებს მის ვინაობას. თვითმხილველმა ეს ინფორმაცია ,,ფეისბუქზეც” დადო.  თეატრის მმართველმა აღიარა, რომ მსახიობი ზაზა თედელური ნასვამ მდგომარეობაში იყო. თედელური გაათავისუფლეს თეატრიდან, თუმცა არაფერს ამბობენ  ნასვამ გოგოზე, რომელსაც სხვათა შორის, თვითმხილველის თქმით, მნიშვნელოვანი როლი უკავია სპექტაკლში ,,ტოპაზის სისტემა”.

,,ტოპაზის სისტემაში” კი  ძირითადად თბილისელი მსახიობები თამაშობენ, მათ შორის თეატრის მენეჯერი თაკო აბაშიძე და ტელევიზიებით გაპიარებული დიზაინერის – ,,ბიჭოლას” ალალი და. ამ ორ გოგონადან ერთ-ერთი იყო ის, რომლის გამოც სპექტაკლი ჩაიშალა.

საგულისხმოა, რომ კრებაზე გამართულ საუბარში, რომელიც მთვრალ მსახიობებს ეხებდა, არ ჩარეულა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი სოსო ნემსაძე. მთვრალი მსახიობები სწორედ მისი მანქანით  ჩავიდნენ იმ დღით თეატრში. თეატრის შესახებ ,,საქართველოს კანონის” და ,,დებულების” მიხედვით ნემსაძეა პასუხისმგებელი  სპექტაკლების და შემოქმედებითი  კოლექტივის მუშაობაზე და ეფექტურობაზე. თვით სოსო ნემსაძეც მთვრალი მივიდა თეატრში, თუმცა ამაში თეატრის მმართველი დარწმუნებული არაა, რადგან ,,ამის შესახებ ჩემთვის არაფერი უთქვია ტექნიკურ რეჟისორს და ადმინისტრატორს” – განმარტა მმართველმა მდინარიძემ. ის დაგვპირდა, რომ გამოძიებას გააგრძელებს სხვა პირთა დადგენა გამოვლენის მიზნით.

,,ქართლის ხმა” დაინტერესდა, თუ რატომ გამოყო გორის მუნიციპალიტეტის გამგეობამ დამატებით თანხა იმისათვის, რომ თეატრის მცირე დარბაზის ჭერს კოსმეტიკური სამუშაოები ბიუჯეტიდან გაუკეთდეს? თეატრის ადმინიტრაცია 2011 წლის მარტში აცხადებდა, რომ თეატრში მიმდინარეობს ფესტივალი ,,თეატრი თეატრისთვის”, რა დროსაც საქართველოს თეატრების მსახიობები ჩამოვიდნენ, საკუთარ სპექტაკლები დადგეს და შემოსავალიც გორის თეატრს დაუტოვეს.

გორის თეატრიდან მიღებული წერილის მიხედვით ვგებულობთ, რომ 2011 წლის მარტის თვეში საქველმოქმედო აქციის შედეგად თეატრმა  შემოსავლის სახით სულ 7655 ლარი მიიღო. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ თითოეული სპექტაკლის ფასი 10 ლარი ღირდა, გამოდის, რომ მთელი თვის განმავლობაში ფესტივალს სულ 765 მაყურებელი ჰყავდა. თუმცა აქ გასათვალისწინებელია ის , რომ არსებობს ერთი და იგივე მაყურებელი.  დარბაზი 200 კაცზეა გათვლილი. მაყურებელთა ეს რაოდენობა აშკარად მიუთითებს ფესტივალის ,,მასშტაბურობაზე”…. სპექტაკლებს რუსთაველის, მარჯანიშვილის, ახმეტელის, სოხუმის, ქუთასის და ა.შ. თეატრების დასები თითქმის ყოველდღე დგამდა.

რაც შეეხება ხარჯებს, თეატრის მმართველი ნოდარ მდინარიძე გვწერს, რომ ფესტივალის ხარჯმა შეადგინა 4 800 ლარი. არადა სულ 7 655 ლარი შემოვიდა. ამ ხარჯში  ჩამოსული მსახიობების მგზავრობა, რესტორანში ქეიფი, რომელსაც წარმომადგენლობით ხარჯს უწოდებს თეატრი, აფიშის ხარჯები და ა.შ.) შედის. ნოდარ მდინარიძე ირწმუნება, რომ დარჩენილი ნაშთით 2855 ლარით კი  კომუნალური ხარჯები დაიფარა, შეძენილ იქნა რამდენიმე ნათურა განათებისთვის და ნაყიდი იქნა ბანერი… გორის ბიუჯეტი კი გორის თავის მხრივ გორის თეატრს უფინანსებს როგორც კომუნალურხარჯებს, ასევე ხელფასებს.

ასე რომ მარტის ფესტივალმა რა შემოსავალი მოუტანა გორის თეატრს, ვნახეთ. თეატრის პიარ-მენეჯერი თაკო აბაშიძე, რომელიც პიარისთვის 700 ლარს იღებს ( ხოლო როგორც მსახიობი – 350 ლარს), მარტის თვეში ავრცელებდა ინფორმაციას, რომ შემოსული თანხა მოხმარდებოდა თეატრის რეაბილიტაციას…

კატეგორიები:თეატრი
  1. No comments yet.
  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: