მთავარი > სტატიები > სადავო ეკლესიები სომხებსა და ქართველებს შორის გორის რაიონში

სადავო ეკლესიები სომხებსა და ქართველებს შორის გორის რაიონში


ქვახვრელის ეკლესია

ქვახვრელის ეკლესია

სომხეთსა და საქართველოში სომხური და ქართული ეკლესიებისათვის იურიდიული სტატუსის მინიჭების, აგრეთვე, სადაო ეკლესიების საკითხის მოგვარებაზე მუშაობა დაიწყება. ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე და ყოველთა სომეხთა კათოლიკოსი გარეგინ მეორე შეთანხმდნენ. საპატრიარქოში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ გარეგინ II, თანმხლებ პირებთან ერთად, დღეს მიიღო. როგორც სააგენტო ინტერპრესნიუსი იტყობინება, მიღებამდე , ორი ეკლესიის წინამძღოლები დახურულ კარს მიღმა შეხვდნენ. ოფიციალურ შეხვედრაზე ყოველთა სომეხთა კათოლიკოსმა სომხური ეკლესიისთვის საქართველოში იურიდიული სტატუსის მინიჭების და სომხური ეკლესიების დაბრუნების საკითხი დასვა. 


შესაბამისად, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა სომხეთის კათოლიკოსისგან სომხეთში ქართული ეკლესიის სტატუსის მინიჭება და იქ არსებული ქართული ეკლესიების დაბრუნების საკითხი დააყენა. საკითხის ასეთ განხილვაზე ორივე ეკლესიის წინამძღოლები შეთანხმდნენ. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ბრძანა, რომ საქართველოში სადაო ეკლესიების თემაზე მეცნიერთა კომისიას მოიწვევს. ილია მეორემ, ასევე, აღნიშნა, რომ ეკლესიების კუთვნილებაზე პრობლემები სომხეთშიც არსებობს და ორ ქვეყანას შორის სამაგალითო ურთიერთობებისთვის არ შეიძლება, მოძრაობა მხოლოდ ცალმხრივი იყოს.

თავის მხრივ მიღწეული შეთანხმების გამო მადლიერება გამოთქვა უწმინდესმა გარეგინ II-მ. მან აღნიშნა, რომ სომხეთში ქართულ თემს იურიდიული სტატუსის მისანიჭებლად პრობლემები არასდროს ჰქონია და მომავალში არ შეექმნება. ასევე, განიხილება იქ არსებული ქართული ეკლესიების დაბრუნების საკითხი. უწმინდესმა გარეგინ II-მ აღნიშნა, რომ ძალ-ღონეს არ დაიშურებს, რათა ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ სომხეთში წარმატებით განახორციელოს საქმიანობა. დღევანდელ შეხვედრაზე პატრიარქებმა ერთმანეთს საჩუქრებიც გადასცეს. ყოველთა სომეხთა კათოლიკოსმა უწმინდესა და უნეტარეს ილია მეორეს წმინდა ნინოს ხატი აჩუქა, ხოლო უწმინდესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა კი – მომინანქრებული ხატი.ყოველთა სომეხთა კათოლიკოსი გარეგინ II საქართველოში 6-დღიანი ოფიციალური ვიზიტით პირველად იმყოფება. იგი თბილისში გუშინ ჩამოვიდა და საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილსაც შეხვდა.

სომხური ეკლესიები გორის რაიონში

ისტორიკოსთა მოსაზრებით, მე-19 საუკუნის განმავლობაში გორსა და გორის რაიონში მასობრივად ხდებოდა გვარების გადაკეთება სომხურად. სომხური გავლენა თავის მხრივ ასევე აისახებოდა ეკლესიაზეც. გაჩნდა ისეთი სომხური დღესასწაულები, როორიცაა ,,სურბსარქისობა” და ა.შ. რამდენიმე სოფელში ეს ტრადიციები და გვარები დღემდე შემორჩენილია, თუმცა მოსახლეობა დარწმუნებულია, რომ ეს ეთნიკურად სომეხი, ე.წ. ტერტერა მღვდლების წყალობით  მოხდა.

გორის რაიონის სოფელ ქვახვრელში მოელიან, რომ გარეგინ მეორის ვიზიტი  მათი ეკლესიის საკითხის საბოლოო გარკვევას შეუწყობს ხელს. ამჟამად ამ ეკლესიას კვირაცხოვლის სახელითაა ცნობილი, თუმცა 20-30 წლის წინ მას ,,სურბ-ნიშანს” უწოდებდნენ, რაც სომხურად ,,წმინდა ნიშს” ნიშნავს. ეკლესიის კედლებზე მრავალი სომხური წარწერაა, ხოლო საკურთხეველიც ასევე სომხური ეკლესიის საკურთხევლის მსგავსადაა მოწყობილი.

სოფელში დიდი მღელვარება ჯერ კიდევ 2009 წელს დაიწყო, როდესაც ეკლესიას სომხური მომლოცველები ეწვივნენ. მაშინ ქვახვრელები ამბობდნენ, რომ ეკლესიას სომხები ისაკუთრებენ, თუმცა არც ერთ მართლმადიდებელს ეკლესიაში შესვლის პრობლება ჯერ-ჯერობით არ აქვს და არც არის მოსალოდნელი. საბოლოო ჯამში სოფელში დღემდე შიშობენ, რომ ამ ეკლესიის საკითხს როდისმე მაინც წამოწევენ.

ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა დახმარებისათვის გორისა და სამთავისისი ეპისკოპოსს მეუფე ანდრიას უკვე მიმართეს. ,,ქართლის ხმა” რამდენჯერმე შეეცადა დასწრებოდა გრიგორიანი მორწმუნეების ლოცვას და გასაუბრებოდა მათ, თუმცა ჩვენთვის დღემდე გაურკვეველი დარჩა, თუ როდის ხდებოდა მათ მიერ წირვა-ლოცვის ჩატარება.

ქვახვრელის გამოქვაბულების კომპლექსი

ქვახვრელის გამოქვაბულების კომპლექსი მდებარეობს სოფლის აღმოსავლეთით, მდინარე მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, უფლისციხის სამხრეთით. თარიღდება ადრინდელი ფეოდალური ხანით. ისტორიულ წყაროებში ქვახვრელი პირველად მოიხსენიებულია XI საუკუნეში, ფეოდალური საქართველოს გაერთიანებისათვის ბრძოლის პერიოდში.

როგორც ივანე ჯავახიშვილი ,,ქართველი ერის~ ისტორიაში წერს, ქვახვრელი X საუკუნის საქართველოს გაერთიანების მოვლენებთან დაკავშირებით ,,მატიანე ქართლისაი~-შია მოხსენიებული. აღნიშნულ პერიოდში ქართლის გამგებლად აფხაზეთის სამეფოს დიდი ფეოდალი იოანე მარუშისძე იყო დანიშნული. მან 976 წელს დავით კურაპალატს შესთავაზა ან თვითონ შემოეერთებინა ქართლი, ან კიდევ კურაპალატს თავისი შვილობილი ბაგრატი დაესვა ქართლის გამგებლად. მართლაც, 978 წელს იოანე მარუშისძემ ქართლის სატახტო ქალაქი უფლისციხე ბაგრატს გადასცა. ,,მატიანე ქართლისაი~ წერს, რომ იოანე მარუშისძემ უფლისციხის გასაღები ბაგრატს ქვახვრელში გადასცა…

ქვახვრელი ქვიშაქვის კლდეშია გამოკვეთილი. კომპლექსში შედის: სამრეკლო, კორიდორები, ეკლესია, დაბალი და ერდოიანი სადგომები.
სამრეკლოს, რომელიც გამოქვაბულების კომპლექსის შესასვლელზე მოგვიანებითაა მიშენებული, არაწესიერი სწორკუთხედის ფორმა აქვს, ნაგებია ნატეხი ქვით. ნაგებობა დასრულებულია გუმბათით, რომელიც დაბალი, შიგნით და გარეთ გეგმით წრიული ცილინდრული ყელისა და კონუსისმაგვარი სახურავისაგან შედგება.

სამრეკლო უკავშირდება ბნელ კორიდორს, რომლის ღერძი ჩრდილოეთიდან სამხრეთჳსკენაა მიმართული. კორიდორის აღმოსავლეთ კედლის ცენტრში გაჭრილია ეკლესიის შესასვლელი. ამ შესასვლელის მოპირდაპირე მხარეს გამოკვეთილია რამდენიმე საფეხურით ამაღლებული ერდოიანი სადგომი, რომელიც უკავშირდება ღია კორიდორს (III) I კორიდორის ბოლოს, მარცხნივ, მიემართება II კორიდორი, რომელიც უკავშირდება დამხმარე სადგომს. III კორიდორი დანარჩენ კორიდორებს უერთდება მათი გადაკვეთის ადგილთან (ამჟამად ამოქოლილია).

ეკლესია კომპლექსის სხვა სადგომებთან შედარებით უფრო დიდია. მას ორი სწორკუთხა კარი აქვს. ერთი, ფართო კარი გაჭრილია ჩრდილოეთი კედლის შუა ნიშში და წარმოადგენს დარბაზის განათების ძირითად წყაროს. მეორე სამხრეთი კედლის აღმოსავლეთ მონაკვეთშია. ეს კარი II კორიდორში გადის. ეკლესიას აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდი აქვს. საკურთხეველი დარბაზის იატაკის დონიდან 1 მ-ითაა შემაღლებული. საკურთხეველში ორი თაღოვანი ნიშია. უფრო ფართო სამხრეთ ნიშში გაჭრილია დამხმარე სადგომში ჩასასვლელი ვიწრო თაღოვანი გასასვლელი. საკურთხეველი კანკელით ყოფილა გამოყოფილი, რომლის კლდეში ნაკვეთი მცირე ნაწილები შემორჩენილია აფსიდის გვერდებთან.

აღსანიშნავია, რომ XVIII საუკუნეში ამ რეგიონში მომხდარა სომეხი ხალხის მიგრაცია. აქ გამოქვაბულის კედლებზე სომხებს 17 ხაჩკარი ამოუკვეთიათ: 15 _ I კორიდორის აღმოსავლეთ კედლებზე, ხოლო 2 – ეკლესიის საკურთხეველში. (ტექსტი აღებულია წიგნიდან: საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, თბ., 1990, ტ.5, გვ. 113-114)

მოგვიანებით მე-14 საუკუნეში სოფელ ქვახვრელის შესახებ საინტერესო ცნობებს გვაწვდის იოანე ბატონიშვილი, როდესაც იგი ციციშვილების საგვარეულო ისტორიას სწავლოდა. ეს ცნობები აკადემიკოსმა შოთა ხანთაძემ შეაგროვა და სპეციალური ნაშრომი მიუძღვნა: ,,ციციშვილები, ფეოდალური საგვარეულო საქართველოში, ფანასკერტელების ჩამომავლები არიან. მე-14 საუკუნის მეორე ნახევარში მეფე ბაგრატ V-ს ტაოდან ქართლში გადმოუსახლებია ფანასკერტის მფლობელი ზაზა და მძოვრეთის ხეობაში (მდ. ძამაზე) მამულები უბოძებია. მის განაყოფთ მამულები ნიჩბისის ხეობაში მიუღიათ. შემდეგ ზაზამ ნასისხლად მიიღო ორბოძლელთა მამულები ხვედურეთში. 1467 წ., ჯერ კიდევ უფლისწულობაში ქართლის მეფე კონსტანტინემ ზაზა (II) ფანასკერტელს გაუახლა მამულების მფლობელობა და დამატებით უბოძა უფლისციხე, ქვახვრელი და კარალეთი ეკლესიითურთ; უფრო გვიან კი ზაზას შვილს, ციცის, თავადობა უბოძა. ციცის შთამომავლები უკვე ციციშვილებად იწოდებოდნენ, მათი სათავადო კი – საციციანოდ. მე-18 საუკუნეში ციციშვილებს მამულები ჰქონდათ ხვედურეთში, ძამისა და გუჯარეთის ხეობებში, გვერდისძირში. რუსეთის იმპერიის მიერ საქართველოს ანექსიის შემდეგ ციციშვილები კეთილშობილთა რიგებში აღირიცხნენ და შესაბამისი პრივილეგიებით სარგებლობდნენ.(წყარო შ. ხანთაძე, „ციციშვილები”. ქსე, ტ. 11, გვ. 235. თბილისი, 1987 ციციშვილი, იოანე ბატონიშვილის „შემოკლებით აღწერა საქართველოსა შინა მცხოვრებთა თავადთა და აზნაურთა გვარებისა”-ს მიხედვით).
კატეგორიები:სტატიები
  1. June 12, 2011 at 6:27 am

    სომხური დელეგაცია 2010წელში უფლისციხეში გვეწვივნენ, სადაც კვირაცხოველის საკითხი განვიხილეთ მაშინ მათ გარკვევით და ყველანაირი ისტორიული წყაროებით გავაგებინეთ და დავუმტკიცეთ რომ ძეგლი არის მე-7-ე საუკუნის და არავითარი შეხება არ ჰქონია სომხურ (გრიგოლიანურ) სარწმუნოებასთან, თუმც მე-19-ე საუკუნეში ესადგილები მათ შორის გორის რაიონის გარკვეული ნაწილი სოფლებისა ტერტერების მიერ გაგრიგოლიანდა, ასე რომ გორის რაიონში მათ არავითარი პრეტენზიები ამ საკითხთან დაკავშირებით არ უნდა ჰქონდეთ. (თუმც მათ მხრიდან ისტორიის მისაკუთრების მცდელობა აშკარად შეინიშნება)

  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: