მთავარი > ახალი ამბები > შოთა ჩოჩიშვილის ვაჟი ,,სახალხო კრებასთან” კავშირის გამო დაკავებულია

შოთა ჩოჩიშვილის ვაჟი ,,სახალხო კრებასთან” კავშირის გამო დაკავებულია


შოთა ჩოჩიშვილის გამარჯვება 1972, მიუნხენი

შოთა ჩოჩიშვილის გამარჯვება

უკვე 17 დღეა წინასწარი დაკავების იზოლატორში ადმინისტრაციულ პატიმრობაში იმყოფებიან  პირველი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონის – შოთა ჩოჩიშვილის ვაჟი რეზო ჩოჩიშვილი და ასევე ოჯახის უახლოესი ნათესავი (კერძოდ, შოთა ჩოჩიშვილის დის სიძე) თამაზ სიდამონიძე.  გორის რაიონულმა სასამართლომ წერილობით დაგვიდასტურა, რომ სასამართლოში რეზო ჩოჩიშვილის და თამაზ სიდამონიძის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ მასალები გორის შს სამმართველომ 2011 წლის 1 ივნისს გადაგზავნა. ორივე მათგანს 30 დღიანი პატიმრობა პოლიციის წინააღმდეგონის გაწევის ბრალდებით შეეფარდათ. ,,ქართლის ხმის’ ინფორმაციით, დაკავება მოხდა მათ საცხოვრებელ სახლებში. რეზო ჩოჩიშვილი ტელევიზიებმა, სახალხო კრების აქციების დროს, ბადრი ბიწაძის გვერდით დააფიქსირეს.

შოთა ჩოჩიშვილი 2009 წლის 1 სექტემბერს გარდაიცვალა. ის ,,ვარდების რევოლუციის” დროს ადგილობრივი ,,ნაცინალური მოძრაობის”  დამფუძნებელი იყო. 2003 წლის მაისში გორის ცენტრში ,,მოქალაქეთა კავშირის” წევრების და მოკრივეების მიერ დარბეულ ნაციონალური მოძრაობის წევრებს სწორედ ოლიმპიური ჩემპიონის შეგირდები, მოჭიდავეები იცავდნენ. ეს ცნობილი შერკინება გორში ,,მოკრივეებისა” და ,,მოჭიდავეების” შერკინებით არის ცნობილი.

ნოემბრის ,,რევოლუციის” პერიოდში, 2003 წლის მიწურულს, ანუ მაშინ როდესაც საქართველის პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას ნინო ბურჯანაძე ასრულებდა, შიდა ქართლის გუბერნატორად შოთა ჩოჩიშვილი მოიაზრებოდა.  მოულოდნელად, შიდა ქართლის გუბერნატორობის სურვილი იმ პერიოში მიხეილ სააკაშვილის უერთგულესმა კადრმა ირაკლი ოქრუაშვილმა ,,გამოთქვა”.  ოქრუაშვილის დანიშვნის შემდეგ, ჩოჩიშვილის კანდიდატურად დღის წესრიგიდან მოიხსნა. ოქრუაშვილის ინტერესში საერთოდ არ შედიოდა შოთა ჩოჩიშვილი და მისი გარემოცვა.  სწორედ ამ პერიოდში ჩანდა აშკარად  შოთა ჩოჩიშვილის ურთიერთობა ბადრი ბიწაძის და ნინო ბურჯანაძის ოჯახთან.

შოთა ჩოჩიშვილი

შოთა ჩოჩიშვილი

სამაგიეროდ, ვანო მერაბიშვილის უწყებამ შიდა ქართლის საპატრულო პოლიციის უფროსად შოთა ჩოჩიშვილის უმცროსი ვაჟი რამაზ ჩოჩიშვილი დანიშნა. ეს არის საპატრულო პოლიციის ჩამოყალიბების პირველი პერიოდი. რამაზ ჩოჩიშვილი ამ უწყების ჩამოყალიბების პროცესს უშუალოდ ხელმძღვანელობდა. ჩოჩიშვილების ოჯახის წევრები ვანო მერაბიშვილის წარმომადგენლებმაც (განსაკუთრებით საპატრულო პოლიციის შემდგომი უფროსი – დავით ტაბუცაძე, რომელიც ამჟამად ლადო ვარძელაშვილის მეჯვარეა) შეავიწროვეს. ეს მოხდა 2006 წელს.  საპატრულო პოლიციის ახალ უფროსს დავით ტაბუცაძეს თანამშრომელმა მამუკა იმერლიშვილმა სამუშაო კაბინეტში 7 ტყვია დაახალა. მამუკა იმერლიშვილზე შემდგომში ძებნა გამოცხადდა, ხოლო რეზო ჩოჩიშვილის მიმართ შს სამინისტროს გენინსპექციამ ადმინისტრაციული სასჯელი გამოიტანა და თანამდებობიდან გაათავისუფლა. რეზო ჩოჩიშვილი  პატრულის უფროსის მიმართ სროლის ფაქტს შეესწრო და უმოქმედობაში დაადანაშაულეს.

ტაბუცაძეს 7 ტყვია ააცილეს…
(ამონარიდი ,,ქართლის ხმა”, 2006 წლის 5 დეკემბერი)
შიდა ქართლის საპატრულო პოლიციის უფროსს დავით ტაბუცაძეს ერთ-ერთი განყოფილების  უფროსი მამუკა იმერლიშვილი კაბინეტში იარაღის სროლით შეუვარდა. მამუკა იმერლიშვილმა იარაღის მჭიდი მთლიანად დაცალა. ნასროლი ტყვიები პატრულის უფროსის კაბინეტის კედლებს და ჭერს მოხვდა. საპატრულო პოლიციის უფროსი დავით ტაბუცაძე გადარჩა.

მამუკა იმერლიშვილზე ამჟამად ძებნაა გამოცხადებული. გორის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით დაუსწრებლად მას პატიმრობა შეუფარდა. გავრცელებული ცნობით, პოლიციელებს მამუკა იმერლიშვილის ადგილზე ლიკვიდაციის უფლებაც მისცეს.

შიდა ქართლის საპატრულო პოლიციის ამჟამინდელი უფროსი დავით ტაბუცაძე სულ ახალი დანიშნულია. მანამდე იგი კახეთის საპატრულო პოლიციის უფროსი იყო. ბოლო ერთი წელიწადია შიდა ქართლის სტრუქტურებში კახეთში მომუშავე კადრები გადმოჰყავთ.
მაგალითად, კახეთის საპატრულო პოლიციის უფროსად მუშაობდა პაატა გიორგაძე, რომელიც 2005 წლის ზაფხულში შიდა ქართლში გადაიყვანეს, შემდეგ კი თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსად, ხოლო ამჟამად მშობლიურ იმერეთის საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელად გაგზავნეს. კახეთში პაატა გიორგაძეს ,,ბაში-აჩუკი” შეარქვეს იმერული წარმომავლობის გამო.

შიდა ქართლში პაატა გიორგაძე ჯერ დავით ბორდაველმა შეცვალა. შემდეგ კი – დავით ტაბუცაძემ. უფრო სწორად ბორდაველმა და ტაბუცაძემ ადგილები გაცვალეს. ბორდაველი ამჟამად კახეთის პირველი პატრულია. შიდა ქართლიდან კახეთში მისი გაწვევა ხაშურელი პატრულის თანამშრომლის გიორგი ხაჩიძის დაკავებას დაემთხვა, რომელიც იარაღის ვაზნების უკანონო რეალიზაციაში ამხილეს. კახეთის პირველი პატრული დავით ტაბუცაძე კი შიდა ქართლის საპატრულო პოლიციის უფროსი გახდა. ეს ის დავით ტაბუცაძეა, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა შარშან პარლამენტის სხდომათა დარბაზში მტკვარში გადავარდნილი მოქალაქის გადარჩენის გამო გმირად გამოაცხადა. დავით ტაბუცაძეს კახელებმა ,,ეფენდი” შეარქვეს, რაც სპარსულად ,,ბატონს” ნიშნავს.

2006 წლის ნოემბრის დასაწყისში ახალმა საპატრულო პოლიციის უფროსმა დავით ტაბუცაძემ მთელი პირადი შემადგენლობა კადრების განკარგულებაში აიყვანა. ცოტა ხანში კი 21 ნოემბერს პატრულის უფროსს ერთ-ერთი განყოფილების უფროსმა კუთვნილი პისტოლეტიდან კაბინეტშივე სროლა აუტეხა, შვიდივე ტყვია მამუკა იმერლიშვილმა უფროსის კაბინეტში დაცალა. შემდეგ გამოვიდა ოთახიდან და  დატოვა საპატრულო პოლიციის შენობა. მომხდართან დაკავშირებით შს სამინისტროს გენერალურ ინსპექციას თვითონ პატრულის უფროსმა ამცნო. საქმეს შიდა ქართლის პროკურორი ზურაბ ეგაძე იძიებს. ზურაბ ეგაძე შიდა ქართლის საპატრულო პოლიციის ზედამხედველი პროკურორია. ინციდენტის დროს მასაც გარკვეული სახის შელაპარაკება მოუვიდა შიდა ქართლის პატრულის უფროსთან.

ყველაფერი ასე დაიწყო. მთავარანგელოზობის საღამოს, იმ დროს როდესაც სამუშაო საათები დამთავრებული იყო, ,,ძმობის დუქანში” მამუკა იმერლიშვილი და რამდენიმე მისი ნაცნობი რელიგიური დღესასწაულის აღსანიშნავად შევიდნენ.ეს ის დუქანია, სადაც 2006 წლის სექტემბერში პრეზიდენტმა და ირაკლი ოქრუაშვილმა იქეიფეს, როდესაც სამხედრო ჰოსპიტალის გახსნა საზეიმოდ მოეწყო.  ცოტა ხანში მამუკა იმერლიშვილს თავზე პატრულის უფროსის მოადგილე წაადგა თავს. ტაბუცაძის მოადგილემ თანამშრომელი დატუქსა იმის გამო, თუ რატომ ქეიფობდა. ,,ძმობის დუქანში” გაშლილი სუფრა მალევე აალაგეს. მამუკა იმერლიშვილი რამდენიმე წუთში დაბრუნდა საპატრულო პოლიციის შენობაში და ,,ძმობის დუქანში” მომხდარი ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიწოდება თავადვე გადაწყვიტა. თუმცა უფროსის კაბინეტში შესულმა იმერლიშვილმა იარაღის სროლა ატეხა.

ეს საღამო ამ ინციდენტით არ დასრულებულა. შემთხვევის ადგილზე მისულ საპატრულო პოლიციის ზედამხედველ პროკურორ ზურაბ ეგაძეს საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის მანქანაში ჩაჯდომა არ აპატიეს. როგორც გავარკვიეთ, ზურაბ ეგაძემ პატრულის ეკიპაჟს პროკურატურაში გადაყვანა სთხოვა. პატრულის უფროს არ მოეწონა ,,ციმციმებიან” მანქანაში პროკურორის ჩაჯდომა და: ,,რა უნდა სამოქალაქო ფორმიან მოქალაქეს პატრულის მანქანაშიო” – აყვირდა დავით ტაბუცაძე. ეგაძემ პროკურორის საბუთები აჩვენა, თუმცა პატრულის უფროსს ძირითადად აინტერესებდა ის, თუ რატომ არ ეცვა პროკურორ ეგაძეს ფორმა.

ერთი სიტყვით, შიდა ქართლის ძალოვან სტრუქტურაში დიდი არეულობაა. ხუმრობენ კიდეც ,,ეფენდიმ” ,,ბაში-აჩუკის” ხალხი გაყარაო. დავით ტაბუცაძის უწყებაში ახალი კადრების მიღებას ელიან.

არსოშვილი ჩოჩიშვილის ოჯახს სწყალობს

(,,ქართლის ხმა”, 2011 წლის აპრილი)

გორის სასპორტო სკოლას, რომელსაც გასულ წლებში 70 000 ლარი ჰქონდა დაფინანსება, 2011 წლიდან 783 ათას ლარამდე გაეზარდა. ამავე დროს, ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით აღნიშნულ სკოლას საქართველოს პირველი ოლიმპიური ჩემპიონის შოთა ჩოჩიშვილის სახელი მიენიჭა.

აღნიშნული ფაქტი გორში ზურაბ არსოშვილის ჩამოსვლას უკავშირდება. წინამორბედ გუბერნატორს ლადო ვარძელაშვილს საკმაოდ დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა შოთა ჩოჩიშვილის ოჯახთან. ჩამოსვლისთანავე ლადო ვარძელაშვილმა ის სფერო, რომელსაც შოთა ჩოჩიშვილის ვაჟი რამაზ ჩოჩიშვილი ხელმძღვანელობდა, საკუთარ მეგობარს – გიორგი ავალიანს ჩააბარა.

გიორგი ავალიანის ადგილს რამაზ ჩოჩიშვილი იკავებდა და ვიცე-გუბერნატორს წარმოადგენდა.

ლადო ვარძელაშვილმა შოთა ჩოჩიშვილის ვაჟი დაიბარა და განცხადების დაწერა ,,სთხოვა” – ერთმანეთს ვერ ვეწყობითო. ფეხბურთელი ვარძელაშვილი და მოჭიდავე რამაზ ჩოჩიშვილი ერთმანეთს ვერ შეეწყვნენ.

მას შემდეგ გორის მუნიციპალიტეტის 2009 წლის ბიუჯეტში სპორტისა და დასვენების სფეროსთვის კოლოსალური თანხა გაითვალისწინეს. ხოლო მანამდე გორის საკრებულოს თავმჯდომარე ზვიად ხმალაძე სპორტის სფეროსთვის ძალიან ცოტა თანხებს ითვალისწინებდა. რამაზ ჩოჩიშვილს ვერც საკრებულოს თავმჯდომარე იტანდა. ვიდრე რამაზ ჩოჩიშვილი ვიცე-გუბერნატორი გახდებოდა, მანამდე მუნიციპალიტეტის გამგებელი იყო. საკრებულოს თავმჯდომარე ზვიად ხმალაძე, რომელიც რეგიონული მართვის მინისტრის დავით ტყეშელაშვილის შვილის ნათლიაა, საკმაოდ დაპირისპირებული იყო რამაზ ჩოჩიშვილთან.

ამ დაპირისპირებას გაზეთ ”ქართლის ხმასთან” საუბარში არც ერთი მათგანი უარყოფდა. ადგილობრივი გაზეთი ”ქართლის ხმის” ჟურნალისტი პირადად შეესწრო ინციდენტს; შეკამათებისას გამგეობის აპარატის უფროსმა ალიკა მარიამიძემ საკრებულოს ხელმძღვანელობა ”კორუმპირებული” უწოდა. საკრებულოს თავმჯდომარე ცდილობდა გამგეობის აპარატი დაეყოლიებინა ”კორუფციულ გარიგებაში” ერთ-ერთ კომპანიასთან, თუმცა ეს გარიგება ჩაიშალა. ლადო ვარძელაშვილმა სათავისოდ გამოიყენა ჩოჩიშვილისა და ხმალაძის დაპირისპირება. მან ჩოჩიშვილი გამგებლის პოსტიდან მოახსნა, თუმცა მის ადგილზე არათუ ზვიად ხმალაძის სასურველი კანდიდატი დანიშნა, არამედ ”სოდთან” დაახლოებული დავით ხმიადაშვილი.

ყოფილი გამგებელი რამაზ ჩოჩიშვილი ცოტა ხანს ვიცე-გუბერნატორად დანიშნა, თუმცა ვარძელაშვილმა 2008 წლის გაზაფხულზე რამაზ ჩოჩიშვილიც ჩამოიშორა.

დღესაც არსებობს კადრები იმისა, თუ როგორ იცავდნენ ჩოჩიშვილის მოჭიდავეები გორის ცენტრში, 2003 წლის მაისში, ნაციონალური მოძრაობის მიერ გამართულ აქციას.  ამ აქციას ,,მოქალაქეთა კავშირის” მიერ დაქირავებული მოკრივეები არბევდნენ.

სხვათა შორის, დღევანდელი რაიონის გამგებელი დავით ხმიადაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე ზვიად ხმალაძე ყოფილი ,,მოქალაქეთა კავშირის” წევრები იყვნენ და ვარდების რევოლუციამდე სხვა ,,მოქკავშირელების” მსგავსად ,,ნაციონალურ მოძრაობაში” შესვლას არც ფიქრობდნენ.

კატეგორიები:ახალი ამბები
  1. eGeo
    June 18, 2011 at 12:30 pm

    წყალის ბრუნვა ბუნებაში? )

  1. June 29, 2011 at 6:44 pm

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: