მთავარი > ახალი ამბები > გორში წიგნის კითხვას მანდატურების ნებართვა სჭირდება

გორში წიგნის კითხვას მანდატურების ნებართვა სჭირდება


დღეს გორის საკრებულოში ბიბლიოთეკების შესახებ იმსჯელეს. დეპუტატებმა ორი განკარგულება დაამტკიცეს. ერთი განკარგულებით, გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული წიგნადი ფონდი, მთლიანად სკოლებს და სასწავლო უნივერსიტეტს გადაეცემა, ხოლო მეორე განკარგულებით, ქალაქის ცენტრში, მოძველებულ და თანაც სადავო შენობაში ერთადერთი ბიბლიოთეკა იარსებებს. მას მიმზიდველი სახელი ,,საჯარო ბიბლიოთეკა” დაარქვეს. საკრებულოს თავმჯდომარის ზვიად ხმალაძის სპეციალურ განკარგულებას არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ,,გორის მუნიციპალიტეტის საბიბლიოთეკო გაერთიანების” სახელწოდების შეცვლისა და წესდების ახალი რედაქციით დამტკიცების თაობაზე, საკრებულოს უმრავლესობამ მხარი დაუჭირა. ,,გაერთიანებას” შეეცვალა სახელი და ,,გორის საჯარო ბიბლიოთეკა” ეწოდა – ესაა ხმალაძის 8 ივლისის ერთ-ერთი განკარგულების ძირითადი არსი.

გორის ,,საჯარო ბიბლიოთეკის” წესდებაში იურიდიულ მისამართად მითითებულია დიმიტრი ამილახვრის ქუჩა #24. ამერიკის საელჩოს მიერ გარემონტებული და განახლებული ცენტრალური ბიბლიოთეკა კი სტალინის ცენტრალურ გამზირზე მდებარეობს.  ,,ადამიანის უფლებათა ცენტრის” გორის ოფისის წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ ადგილობრივი ხელისუფლება ამ კარგად გარემონტებულ შენობას საპრივატიზაციო ნუსხაში შეიტანს, ხოლო ,,საჯარო ბიბლიოთეკა” ძველ, ,,ცენტრალურ ბიბლიოთეკად” წოდებულ შენობას დაუბრუნდება. ყოფილი ცენტრალური ბიბლიოთეკის შენობა სადავოა, რადგან იგი თავის დროზე გორის საკონსერვო ქარხანას ეკუთვნოდა. ამჟამად, საკონსერვო ქარხანა იგივე შპს ,,კულა”  საკრებულოს წევრს ივანე გოგლიძეს (სოდის რეგიონული სამმართველოს უფროსის ძმას) ეკუთვნის. ჯერ-ჯერობით, ,,ქართლის ხმას”, აღნიშნული შენობის თაობაზე, რაიმე ახალი დავის შესახებ ინფორმაცია არ გააჩნია.

ახალ წესდებაში ასევე აღნიშნულია, რომ გორის ,,საჯარო ბიბლიოთეკის” მიზანია ინტელექტუალური დონის ამაღლება მოსახლეობაში. მის დირექტორს კვლავ გამგებელი დანიშნავს, რომელთან შეთანხმებით საშტატო ნუსხის დამტკიცება მოხდება.

დღესვე გორის საკრებულომ დაამტკიცა ზვიად ხმალაძის სხვა ახალი განკარგულება სახელწოდებით – ,,გორის მუნიციპალიტეტების ბიბლიოთეკებში არსებული წიგნადი ფონდიდან წიგნების გორის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებისათვის და გორის სასწავლო უნივერსიტეტისათვის უსასყიდლო სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ”.

,,2011 წლის ივნისის თვეში გორის მუნიციპალიტეტში შემოსულია გორის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების და გორის სასწავლო უნივერსიტეტის განცხადებები, რომლითაც მოგვმართავენ თხოვნით გორის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების წიგნადი ფონდიდან უსასყიდლო სარგებლობის უფლებით წიგნების მათთვის გადაცემას” – წერია განკარგულებაში.

საკრებულომ ,,დააკმაყოფილა საჯარო სკოლებისა და სასწავლო უნივერსიტეტის მოთხოვნები” და მათ სასარგებლოდ წიგნადი ფონდის უფასოდ გაცემა დაიწყო. აღნიშნული პროცესი გორის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე არსებული ბიბლიოთეკების გაუქმებას და იქ დასაქმებული ბიბლიოთეკარების გათავისუფლებას იწვევს.

განკარგულების მეოთხე პუნქტი ასე ამთავრებს დოკუმენტს:

,,დაევალოს საბიბლიოთეკო გაერთიანებას, წიგნადი ფონდიდან წიგნების გორის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა საჯარო სკოლებისათვის და გორის სასწავლო უნივერსიტეტისათვის უსასყიდლო სარგებლობის უფლებით გადაცემიდან 2 სამუშაო დღის განმავლობაში, წარმოადგინოს ახალი საშტატო განრიგი გორის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან შესათანახმებლად” – წერია განკარგულებაში.

თუ შევადარებთ ჩვენს მიერ ზემოთ ნახსენებ 2 განკარგულებას, უერთიერთგამომრიცხავ მომენტებს ვნახავთ. პირველი განკარგულებით, საბიბლიოთეკო გაერთიანებას სახელი ეცვლება და საჯარო ბიბლიოთეკა ხდება, ხოლო მეორე განკარგულებით ,,საბიბლიოთეკო გაერთიანებას” (რომელიც უკვე აღარ არსებობს) დავალებული აქვს სკოლების და გორის სასწავლო უნივერსიტეტის სასარგებლოდ  წიგნების გადაცემა და ამავე დროს ახალი საშტატო ნუსხის დამტკიცება.

დაცარილებულ შენობებს ბიბლიოთეკარებს ან ყარაულებს დაუნიშნავენ, ეს უკვე ახალი საშტატო ნუსხით განისაზღვრება. რაც შეეხება ინტელექტუალური დონის ამაღლებას, თითქმის 150 000-იან გორის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ერთი საჯარო ბიბლიოთეკა ექნება დიმიტრი ამილახვრის ქუჩაზე. სკოლებში მანდატურები უცხო პირებს არ უშვებენ, ხოლო გორის სასწავლო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკისთვის პრიორიტეტი პირველ რიგში იქ მყოფი  სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები არიან.

კატეგორიები:ახალი ამბები
  1. No comments yet.
  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: