მთავარი > ახალი ამბები > ,,სავარაუდო პოლიტიკური პატიმრები შიდა ქართლში”

,,სავარაუდო პოლიტიკური პატიმრები შიდა ქართლში”


ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გორის ოფისში შეკრებილ ჟურნალისტებს, არასამთავრობო ორგანიზაციის და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს ის კვლევა წარუდგინეს, რომელიც სავარაუდოდ პოლიტიკური მოტივაციის მქონე სისხლის სამართლის და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების ანალიზს წარმოადგენს. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ეკა ფოფხაძემ განაცხადა, რომ ორგანიზაცია სიფრთხილით მოეკიდა ,,პოლიტიკურ პატიმრებს”. ,,ჩვენს ორგანიზაციას არ ვანიჭებთ იმხელა მანდატს, რომ ამ ადამიანებს პოლიტიკური პატიმრები ვუწოდოთ” – ამბობს ეკა ფოფხაძე. თუმცა, იმ ჯგუფმა, რომელმაც კვლევა ჩაატარა და რომელსაც ეკა ფოფხაძე ხელმძღვანელობდა, დაასკვნა, რომ გამოვლინდა სერიოზული ხარვეზები მართლმსაჯულების განხორციელებისას იმ პირთა მიმართ, რომლებიც საკუთარი ან უახლოესი გარემოცვის პოლიტიკური საქმიანობის ან საზოგადოებრივი აქტივობის გამო, ხელისუფლების შესაძლო ოპონენტებად ითვლებიან.

წარდგენილ კვლევაში, ძირითად, 2009 წლის გაზაფხულზე საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას და შემდგომ პერიოდში დაკავებულ ან დაპატიმრებულ პირთა საქმეებია განხილული. ,,აღნიშნული კვლევის განხორციელების აუცილებლობა სწორედ მას შემდეგ დავინახეთ, რაც საზოგადოების და საერთაშორისო წრეებში აქტიურად დაიწყო საუბარი საქართველოში პოლიტიკური პატიმრების არსებობის შესახებ” – წერია აღნიშნული კვლევაში.

საიამ (ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია) აღნიშნული კვლევა ნიდერლანდების სამეფოს დაფინანსებით განახორციელა. კვლევისას 24 საქმე შეარჩიეს. აქედან 6 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის და 18 სისხლის სამართლის საქმე. შესწავლილი იქნა საქმეები შიდა ქართლიდან, თბილისიდან, ქვემო ქართლიდან, სამეგრელოდან, კახეთიდან და გურიიდან. ჩვენს შემთხვევაში სამ საქმეზე შევრჩერდებით, რომლის მთავარი მოქმედი პირები შიდა ქართლიდან არიან. ესენია: თამაზ ტლაშაძის, დავით გუდაძის და რომან კაკაშვილის საქმეები.

თამაზ ტლაშაძე გორის ,,რესპუბლიკური პარტიის” აქტივისტია და არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ჩვენი ქალაქი”-ს დამფუძნებელია. იგი მონაწილეობდა 2009 წლის გაზაფხულზე მიმდინარე საპროტესტო აქციებში და ,,კარვების ქალაქის” ბინადარი იყო.

ის 2009 წლის 15 ივნისს დაახლოებით ღამის 12-ის ნახევარზე დააკავეს. ბრალად ნარკოტიკების შეძენა/შენახვა დასდეს და გორის სასამართლომ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. თბილისის სააპელაციო სასამართლომ ვადა 6 წლამდე შეამცირა. 2009 წლის 14 დეკემბერს ის პატიმრობიდან გათავისუფლდა.

თავდაპირველად სასამართლო სხდომაზე არ მომხდარა მტკიცებულებების გამოკვლევა. არავის უანახავს თვალით ის ერთი აბი (0,00418 გრ ბუპრენორფინი), რომელზეც აგებულია მთელი გამოძიება და სასამართლოს გადაწყვეტილებები. შესაბამისად, მონიტორის ჯგუფს გაუჩნდა ეჭვი, რეალურად არსებობდა თუ არა ეს აბი.

კვლევაში აღნიშნულია, რომ თამაზ ტლაშაძის დაკავება და ჩხრეკა მოხდა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე. მონიტორების აზრით, ოპერატიული ინფორმაცია არ წარმოადგენს საკმარის გარანტიას იმისათვის, რომ ადამიანის უფლებრივ სფეროში კანონიერად ჩაერივნონ. ჩხრეკა ასევე ჩატარდა გადაუდებელი აუცილებლობის რეჟიმში მოსამართლის ნებართვის გარეშე. პოლიციამ ვერ დაამტკიცა გადაუდებელი ჩხრეკის აუცილებლობა. ასევე მოწვეული არ იყო მოწმე. ბრალდების მხარის იგივე პროკურატურის პოზიცია გამყარებული იყო ძირითადად ჩხრეკის ჩამტარებელი პოლიცილების მიერ. ნარკოტიკულ საშუალებას კი ,რომელიც ნივთმტკიცებად ითვლება და პროცესზე თვალით არავინ უნახავს, დაქტილოსკოპიური ესქპერტიზა არ ჩაუტარეს.

ზუსტად იმავე დღეს სამართალდაცავებმა იმავე რესპუბლიკური პარტიის კიდევ ერთი წევრი დავით გუდაძე დააკავეს. მას საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა, შენახვა და ტარება დასდეს ბრალად. ჩატარდა რამდენიმე სასამართლო. მისჯილი ჰქონდა ჯერ 4 წელი, შემდეგ ჯარიმა 3 000 ლარი, საბოლოოდ ჯარიმა 2000 ლარამდე ჩამოვიდა.

დავით გუდაძის მიმართაც ჩხრეკა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარდა. სისხლის სამართლის საქმეში გამომძიებელ მიხეილ პაპელიშვილის პატაკი დევს, რომლის მიხედვით, ,,არსებობს ოპერატიული ინფორმაცია, რომ ავტომობილში ინახევა ხელყუმბარა”. ამის შემდეგ, გადაუდებელი აუცილებლობით, ჩხრეკა ჩაატარეს. ხოლო ოპერატიული ინფორმაციის წყარო არ იქნა გამჟღავნებული.

სასამართლომ გადაუდებელი ჩხრეკის დაკანონების დროს ყურადღება არ მიაქცია იმ ფაქტს, თუ როდის გახდა ცნობილი ეს ინფორმაცია პოლიციელებისთვის. წარმოდგენილი ინფორმაცია არ შეიცავდა ინფორმაციის მიღების დროსა და თარიღს. დავით გუდაძეს დამსწრეთა მოწვევის უფლება არ მიეცა. საქმეში მის წინააღმდეგ ჩვენებები მხოლოდ პოლიციელებმა მისცეს.

არც ერთ სასამართლო პროცესზე მტკიცებულების გამოკვლევა არ მოხდა. არ ჩატარებია ამოღებული იარაღს დაქტილოსკოპიური ექსპერტიზა.

ქარელის რაიონის სოფელ რუისში 2009 წლის 17 ივნისს პარტია ,,თავისუფლების” აქტივისტი რომან კაკაშვილი დააკავეს. ის ,,კარვების ქალაქის” ბინადარი იყო. მას დაკავებისას ცეცხლსასროლი იარაღი და 9 მმ ვაზნა ამოუღეს. მან საბოლოოდ 5 თვე გაატარა პატიმრობაში და ჯარიმა 2000 ლარი გადაიხადა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ 2010 წლის 24 ივნისს გამოიტანა განჩინება, რომლის ძალითაც გაუქმდა მსჯავრდება 9 მ-იანი ვაზნის ნაწილში.

საქმის მასალების მიხედვით, ჯერ მოხდა რომან კაკაშვილის დაკავება, შემდეგ – ჩხრეკა. პოლიციელების განმარტებით, კაკაშვილს დანაშაულზე წაასწრეს. დაკავებისას რომან კაკაშვილის ურემზე იჯდა. სასამართლო სხდომაზე არც კაკაშვილის საქმეზე იქნა მტკიცებულებები გამოკვლეული. არ ჩატარებია ამოღებულ მასალებს დაქტილოსკოპიური ექსპერტიზა. მთ ვარი მოწმეები პოლიციელები არიან, ხოლო ერთ-ერთი თვითმხილველის ჩვენება საერთოდ არ გაითვალისწინეს.

,,ქართლის ხმამ” მოკლედ გაგაცნოთ შიდა ქართლიდან 2009 წლის საპროტესტო აქციებზე მყოფი პირების მიამრთ წარმოებული საქმეების ანალიზი. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში სხვა პირებზეც იმსჯელეს. მონიტორებს მიაჩნიათ, რომ ის ხალხი ვინც დღეს უკვე თავისუფალია და პატიმრობაში აღარ იმყოფება, საერთაშორისო საზოგადოების ზეწოლის შედეგია.

კატეგორიები:ახალი ამბები
  1. No comments yet.
  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: