მთავარი > ახალი ამბები, თეატრი > რატომ გამოგზავნა ნიკა რურუამ არმენოფობიური გამონათქვამებით ცნობილი მსახიობი გორში

რატომ გამოგზავნა ნიკა რურუამ არმენოფობიური გამონათქვამებით ცნობილი მსახიობი გორში


კრიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ თაკო აბაშიძე ,,ქსენოფობიით დაავადებულია"

კრიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ თაკო აბაშიძე ,,ქსენოფობიით დაავადებულია"

გორის თეატრი ახალ სკანდალში ეხვევა. ადგილობრივი გაზეთი ,,ქართლის ხმა” დაინტერესდა ეთნიკურად სომხების მიმართ გორის თეატრის მსახიობის და პიარ-მენეჯერის თაკო აბაშიძის ქსენოფობიური გამონათქვამებით. როგორც ცნობილია, ტელეკომპანია ,,იმედმა” გასულ წელს აღნიშნულ თემას ვრცელი სიუჟეტი მიუძღვნა. ის ჟურნალ ,,რეიტინგისთვის” მიცემული ინტერვიუს გამო სასტიკად გააკრიტიკეს. მას ,,ქსენოფობიით დაავადებული” უწოდეს. აბაშიძის თქმით, ქობულეთში ყოფნის დროს სომხებით გარშემორტყმული ვერც კი გრძნობდა, რომ საქართველოში ისვენებდა.

2011 წლის ნოემბრის დასაწყისში გორის თეატრში საკადრო ცვლილებები განხორციელდა. თეატრის მმართველის მოადგილედ ზურაბ ნიჟარაძე (სერიალ შუა ქალაქიდან ბუნიკეთის გამგებელი) დაინიშნა. ზურაბ ნიჟარაძის რეკომენდაციით კი თეატრის პიარ-მენეჯერად თაკო აბაშიძე ჩამოიყვანეს. დანიშვნის პერიოდში არავის გახსენებია თაკო აბაშიძის ქსენოფობიური გამონათქვამები სომხების მიმართ. აბაშიძე იმ ქალაქში გამოგზავნეს (ან გამოარიდეს), რომელიც ოდითგანვე ისტორიკოსების მიერ ქართულ-სომხური ურთიერთობების კლასიკურ მაგალითად იყო მიჩნეული. გორი თავისი მრავალეთნიკური მოსახლეობით გამოირჩეოდა და ფაქტობრივად დავით აღმაშენებლის მმართველობის პერიოდიდან მნიშვნელოვანი სავაჭრო ქალაქის ფუნქცია ჰქონდა.

სწორედ ამ ქალაქში დანიშნული მსახიობის და პიარ-მენეჯერის ინტერვიუ აღმოაჩინა ,,ქართლის ხმამ” ჟურნალ ,,რეიტინგში”. ამ ინტერვიუში აბაშიძე ქობულეთში მომრავლებული სომეხი ეროვნების მოქალაქეებით შეწუხებული საუბრობს.

ციტატები თაკო აბაშიძის გამონათქვამებიდან:

,,თუ მომავალ წელსაც ქობულეთში ბევრი სომეხი იქნება, მაშინ მე ერევანში წავალ…იმან აღმაშფოთა, რომ ზღვისპირეთში ჩამოსული სომხები ქირაობდნენ სახლებსა და სასტუმროებს, შემდეგ კი ისეთ ფასებში აქირავებდნენ, რომ ამხელა თანხის გადახდას ხალხი ვერ ახერხებდა. ქობულეთში რომ ჩავედი, მეგობარი გამყვა სასტუმროს შესარჩევად და ყველა მათგანიდან გამოდიოდა ადამიანი, რომელიც ქართულად ვერც კი გვიხსნიდა, რამდენი უნდა გადაეხადა ადამიანს სასტუმროში გაჩერებისთვის. ჩემთვის, როგორც ქართველისთვის, ეს ძალიან გამაღიზიანებელია. ვერც კი ვგრძნობდი რომ საქართველოში ვისვენებდი.”

აღნიშნულ ინტერვიუს რესპონდენტს ტელეკომპანია ,,იმედმა” ქსენოფობიით დაავადებული უწოდა. აბაშიძის გამონათქვამები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, თეოლოგმა ნოდარ ლადარიამ და შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის კურსდამთავრებულმა, ჟურნალისტმა, კინოკრიტიკოსმა ნინია კაკაბაძემ გააპროტესტეს. სიუჟეტის გასვლის შემდეგ კვლავ ქვეყნდება თაკო აბაშიძეს ინტერვიუ, რომელიც საკუთარი გამონათქვამების ინტერპრეტირებას ახდენს:

თაკო აბაშიძე: – ,,აქამდე მეგონა, რომ მამაჩემის ტოლ კაცს, ნოდარ ლადარიას უფრო მნიშვნელოვანი საქმეები ჰქონდა, ვიდრე 26 წლის გოგონას ნათქვამის გაკრიტიკება. რაც შეეხება ნინაია (სწორედ ამ სახელით მოიხსენია რესპონდენტმა ნინია – ავტ.) კაკაბაძეს, მასზე არაფერს ვიტყვი, რადგან ცოტა ხანში შეიძლება თავადვე შეეცვალოს აზრი ამ საკითხთან დაკავშირებით. სიუჟეტში ისიც აჩვენეს, თითქოს მე პლაჟზე სომხებთან ერთად ყოფნის პრობლემა მქონდა, რაც სიცრუეა. მყავს სომეხი მეგობრები, ძალიან მიყვარს ისინი და არაჩვეულებრივი ურთიერთობა მაქვს მათთან. გეტყვით, ისევე გამაღიზიანებელი იქნებოდა, მარტო ფრანგები ან მარტო ინგლისელები რომ მენახა საქართველოში. ისიც აღვნიშნე, მეეჭვება, ერევანში ქართველებს ამდენი უფლებები მიანიჭონ-მეთქი. მე ჩემი აზრი გამოვხატე და ამის არ მრცხვენია, რამხელა სიუჟეტიც უნდა მიუძღვნან ჩემს ნალაპარაკევს, აზრს მაინც არ შევიცვლი, როგორც ეს ბევრს სჩვევია.”

,,ქართლის ხმა” დაუკავშირდა ნინია კაკაბაძეს იმის გასარკვევად, შეეცვალა თუ არა აზრი ქობულეთში მომრავლებულ სომხებთან დაკავშირებით, როგორც ამას თაკო აბაშიძე ვარაუდობდა:

ნინია კაკაბაძე

ნინია კაკაბაძე

ნინია კაკაბაძე: ,,აზრი არ შემიცვლია და არასდროს ვიფიქრებ, რომ ეთნიკურად ქართველი ჯობია ეთნიკურად სომეხს. და ძალიან მიხარია, რომ აჭარის სანაპირო სავსეა სომეხი ტურისტებით”

გორის თეატრის საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელ პირს თაკო აბაშიძეს ადგილობრივი გაზეთი ,,ქართლის ხმა” ინფორმაციის დამალვისთვის სასამართლოში უჩივის და ამ საქმიანობიდან მის ჩამოცილებას ითხოვს. 5 ივლისს ადმინისტრაციული საჩივრით თეატრის მმართველს ნოდარ მდინარაძეს მიმართა კიდეც. მდინარაძემ ადმინისტრაციული საჩივარი საერთოდ არ განიხილა. სასამართლოს პარალელურად, ,,ქართლის ხმა” მიმართავს კულტურის სამინისტროს დააყენოს თვით თეატრის მმართველის ნოდარ მდინარაძის პასუხისმგებლობის საკითხიც, რომელმაც კანონი ღიად და დაუფარავად დაარღვია ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველობის გამო. ადგილობრივი მედია ნიკოლოზ რურუასგან მოითხოვს ასევე თაკო აბაშიძის გათავისუფლებას გორის თეატრიდან საერთოდ.

საბა წიწიკაშვილი

Advertisements
კატეგორიები:ახალი ამბები, თეატრი
  1. George
    August 18, 2011, 8:11 am

    თაკო აბაშიძე ეხება სომეხ გადამყიდველებზე, რომლებიც ქართულადაც კი ვერ ლაპარაკობენ.

    ნინია კაკაბაძე კი შეგნებულათ უცვლის აზრს და სომეხ ტურისტებზე ლაპარაკობს.

    არმენიაფობიის არავითარ ნიშანს მე ვერ ვხედავ. სომეხ გადამყიდველებს ალბათ ვინმე მფარველობს. თქვენ რა შუაში ხართ, საბა?

  2. August 18, 2011, 9:06 am

    მართლა არაფერი მაკავშირებს სომეხ გადამყიდველებთან:))))))
    ყურადღება მიაქციეთ პირველივე წინადადებას – თუ მომავალ წელს ამდენივე სომეხი იქნებოდა ქობულეთში, ის ერევანში წავიდოდა. დანარჩენი რაც თქვენ მოიყვანეთ, არის ,,რეიტინგის” მომდევნო ნომერში ხელახლა ჩაწერილი ინტერვიუდან ამონარიდი. ამდენად, ჩვენი მთავარია მიზანია საზოგადოებას ვაცნობოთ ქსენოფობიურ გამონათქვამების ავტორებთან სახელმწიფოს მიერ გამოყენებული შერჩევითი სამართლის მაგალითები. იმ დროს როდესაც ადგილი აქვს ერთ-ერთ თეატრში ამ ბრალდებით რეჟჳსორის გათავისუფლების ფაქტს, შესაბამისად პრეტენზიები ჩნდება სხვა ფაქტებთან. ეს არის და ეს.

    • George
      August 18, 2011, 9:47 am

      1. დააყენეთ აქ ქართული კლავიატურა. ეს ძნელი არაა. თუ არ იცით როგორ დააყენოთ, მიმართეთ სპეციალისტს – უფასოთ დაგიყენებენ. არაა კარგი, რომ სხვაგან ტექსტს ვკრიფავ და აქ ვსვავ. და არც მოხერხებულია.

      2. “თუ მომავალ წელსაც ქობულეთში ბევრი სომეხი იქნება, მაშინ მე ერევანში წავალ” – ეს უკვე არმენოფილიაა! არ მიაქციეთ ყურადღება?))

      • August 18, 2011, 12:52 pm

        George
        1. იქნებ საკუთარ კომპიუტერში დააყენოთ ქართული შრიფტი. ამით უფრო გაგიადვილდებათ სხვა ქართულ საიტებზეც მუშაობა.
        2.არის თუ არა ეს წინადადება არმენოფობიური ან/და ქსენოფობიური, ჩემი აზრით, ეს აშკარაა და აბსოლუტურად მიუღებელია ჩემთვის როგორც ჟურნალისტისთვის და ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენლისთვის. არამგონია, სომხეთში მსგავსი წინადადებები საზოგადოების წარმომადგენლებმა ქართველების მიმართ მოიწონონ. ეს მოსაზრებები და განწყობები შეუძლიათ დაიტოვონ საკუთარ გულში და კერძო საუბრებში, მაგრამ ამის აფიშირებას არავითარ შემთხვევაში დავუშვებ. ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გვავალდებულებს, რომ არავითარ შემთხვევაში მედიამ არ უნდა დაუშვას და ხელი შეუწყოს რასობრივ, ეთნიკურ თუ რელიგიური დისკრიმინაციის წახალისებას. გარდა ქსენოფობიური განცხადებებისა, ეს წინადადებები შეიცავს ,,სიძულვილის ენის” ნიშნებს. ესეც ერთ-ერთი სერიოზული პრობლემაა.

  3. George
    August 18, 2011, 1:36 pm

    1. ჩემ კომპიუტერში 18 წელია ქართული შრიფტი აყენია. და სხვა ქართულ საიტებზე არა მაქვს ქართულად წერის პრობლემა. თქვენ wordpress.com გიყენიათ და მანდ გათვალისწინებულია ქართული კლავიატურა ფორმის შესავსებათ. თანაც ეს პრობლემა სხვა მკითხველებსაც აღარ ექნებათ.

    2. 26-სი წლის არტისტი გოგო ემოციური გამოთქმისთვის მოდით და გავაძევოთ საქართველოდან! სადაც პრეზიდენტი უნდა გახდე, რომ რასისტული და ქსენოფობიური გამოთქმები არ შეამჩნიონ.
    ზღვისპირეთში შექმნილ სიტუაციაზე თუ პრესა ვერ იღებს ხმას, ეს პრესის სისუსტეა და არა იმიტომ რომ “ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გვავალდებულებს”.

    3. “არამგონია, სომხეთში მსგავსი წინადადებები საზოგადოების წარმომადგენლებმა ქართველების მიმართ მოიწონონ” – რა 26-წლის არტისტი გოგოს დასასვენებლად ჩასვლის “მუქარაზე” ლაპარაკობთ?

    4. რამე სერიოზული რომ იყვეს, მეც არ მივიღებდი. არასერიოზულზე რომ ხდება ამდენი ხმაური ეგ იწვევს გაკვირვებას. თქვენთან კი თხოვნა მაქვს, სანამ სასამართლო თქვენ საჩივარს განიხილავს, ჩბრძანდით ქობულეთში დასასვენებლათ.
    დღეს მე თქვენ მხარს ვერ დაგიჭერთ!

  4. George
    August 19, 2011, 9:14 am

    1. აი აქა წერია, როგორ დააყენოთ ქართული კლავიატურა ფორმის შესავსებად http://www.code.ge/geokbd-wp
    მე დავაყენებდი, მაგრამ არ მიცნობთ და მართვის პანელში და ხოსტზე ჩემი დაშვება არ იქნება კორექტული.
    2. მხარდაჭერა ყველას უნდა. გაზეთს მკითხველების. და აქ რაოდენობასაც აქვს მნიშვნელობა.
    მხარდაჭერაზე იმიტომ დავიწყე ლაპარაკი, რომ აქამდის გიჭერდით მხარს. ამის მერეც დაგიჭერთ. დღეს კი ვერ დაგეთანხმებით.
    3.ვერ დაგეთანხმებით აი ამაში აი ამაში “გაზეთი ,,ქართლის ხმა” ინფორმაციის დამალვისთვის სასამართლოში უჩივის და ამ საქმიანობიდან მის ჩამოცილებას ითხოვს.” თბილისიდან გააძიეს. გორიდან გინდათ გააძევოთ. გამოდის რომ საქართველოდან აძევებთ. ეხლა ეგ თუ სომხებს ერევანში გაუხარდებათ ეგ უკვე თქვენ უკეთესათ იცით:)))
    და ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ამას გვავალდებულებთ?
    გავიმეორებ, სასამართლო საჩივარს არ ვეთანხმები. და არა სტატიას. სტატია რა? ხან სუსტი იქნება, ხან ძლიერი. მაგის გამო კომენტარით არ შეგაწუხებდით.
    4. როგორც გამოცდილი მკითხველი, რომელსაც არა ერთ მთავარ რედაქტორთან ჰქონია საუბარი (ქართულ პრესას არ ვგულისხმობ), ერთ რამეს გაუსვამ ხაზს. როგორც მხითხველს, მე მაინტერესებს იმ ინტერვიუს სხვა მხარეც: თუ გადამყიდველები ქართულად ვერც ლაპარაკობენ, ე.ი. საქართველოს მოქალაქეები არ არიან. თან ჩანს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ბიზნესს აწარმოებენ. კითხვა მიჩნდება (რატომ პრესას არ გაუჩნდა ეს კითხვა ძალიან მაკვირვებს) აქვთ ლიცენზია ბიზნესისი წარმოების და ვინ გასცა? სად იხდიან გადასახადს ან ვინმეს ჯიბეში უდებენ ფულს? ეს იმიტომაც მაინტერესებს მკითხველს, რომ ჩემთვის ხარჯები იზრდება. ზოგისთვის მიუწვდომელიც ხდება. აი აქ ისმის ის შიდა კითხვა, რომელიც ამოძრავებს მკითხველს: რა უფრო აწუხებს პრესას მე, მკითხველი და ჩემი ინტერესები, თუ ერევნელები და ერევნელების ინტერესები?
    თუ პასუხი აქაა http://qartia.org.ge/, მაშინ კიდევ ერთხელ გამგზანეთ იქით :)))
    5. მაპატიეთ თუ ფუჭეთ დაკარგეთ დრო ჩემთან!

    • August 19, 2011, 6:34 pm

      დიდი მადლობა ბატონო გიორგი რომ ისევ ჩვენს მხარდამჭერად რჩებით და ასევე იმისთვის მადლობა, რომ ამდენ დროს ხარჯავთ ჩვენს საიტზე სტუმრობის გამო.
      1. ვეცდები ქართული შრიფტი დავაყენო, თუმცა ძალიან მიკვირს თქვენს კომპიუტერში რატომ ჭირს ქართულით წერა. მე თავისუფლად ვწერ ქართული შრიფტით
      2.კიდევ ერთხელ მადლობა მხარდაჭერად დარჩენის გამო.
      3. საჯარო ინფორმაციის დამალვის კუთხით სასამართლოში დავა არა უშუალოდ ქსენოფობიურ გამონათქვამებს გულისხმობს ამ შემთხვევაში, არამედ მან როგორც საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირმა, ჩვენს მედია-საშუალებას მნიშვნელოვანი ინფორმაციები დაუმალა – ფინანსური დოკუმენტაცია გორის თეატრის. ქსენოფობიურ გამონათქვამებთან მიმართებაში სხვა აქტივობებს ვგეგმავთ.
      4.გარწმუნებთ, მე რომ აჭარის რეგიონში ვმუშაობდე, ამ თემებით აუცილებლად დავინტერესდებოდი. ოღონდ არა ისე, რომ ზიზღით მოვიხსენიო ეთნიკურად სომხები. თუ მათ ამის თავი აქვთ და გასდით, მე მგონი ქართული საზოგადოების სხვა სისუსტეებზე უნდა ვისაუბროთ. როგორც ვიცი, წელს სომხები შედარებით მცირე რაოდენობით არიან და ქობულეთელები დამწუხრებულები არიან ამით. ალბათ, გაიგეს 26 წლის გოგონას (როგორც ის თავის თავს უწოდებს) შეშფოთების ამბავი და წავიდნენ:))))
      5.მე მაპატიეთ რომ დღეს გვიან გამოგეხმაურეთ.

  5. George
    August 20, 2011, 7:53 am

    1. კომპიუტერი არაფერ შუაშია. wordpress-ი არის ძრავა, “დვიჟოკი”. სადაც თქვენ შედიხართ ადმინისტრატორის ფუნქციებით, მკითხველები კი მომხმარებლის, “იუზერების” ფუნქციებით. ადმინისტრატორისთვის wordpress რამდენიმე ათეული ენა აქვს წინასწარ დაყენებული და ქართული მათ შორის. მომხმარებლისთვის კი ქართულ ლოკალიზაციას ცალკე უნდა დაყენება. ადმინისტრატორისთვის თქვენ აირჩიეთ ქართული ენა. მომხმარებლებისთვის, მკითხველებისთვის კი დასაყენებელია.
    2. თუ საჯარო ინფორმაციის არ გაცემის გამო უჩივით, მაშინ სხვა საქმეა.
    3. ცენტრალურ და აჭარულ პრესას ხომ შეეძლო ყურადღება გაემახვილებინა სომხების არალეგალურ ბიზნესსზე. ყველაფერზე თქვენ ხომ არ დაწერთ?
    და კიდევ. ტურისტების რაოდენობა მთელ მსოფლიოში დაეცა. აი რა ძალა ჰქონია თაკო აბაშიძეს! 🙂 ქობულეთელები გადამყიდველების თუ ტურისტების სიმცირით არიან შეწუხებულები? მარტო სომხები დააკლდათ თუ ყველა ეროვნების ტურისტები?
    4. ინტერესით დაველოდები მომავალ თქვენ სტატიებს!

  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: