მთავარი > ახალი ამბები, თეატრი > გორის თეატრის მსახიობები: ,,სტურუას გათავისუფლება ქართული თეატრის ტრაგედიაა”

გორის თეატრის მსახიობები: ,,სტურუას გათავისუფლება ქართული თეატრის ტრაგედიაა”


გორის თეატრის მსახიობები რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის რობერტ სტურუას გათავისუფლების ფაქტს ქართული თეატრის დასამარებას უწოდებენ. გორის თეატრი ერთ-ერთი უძველესი თეატრია საქართველოში და იმ პიროვნების სახელს ატარებს, რომელმაც საქართველოში პირველი პროფესიული თეატრი დააარსა. გიორგი ერისთავის სახელობის გორის დრამატული თეატრის მსახიობები რუსთაველის თეატრის მსახიობებს მხარდაჭერას უცხადებენ.

რესპუბლიკის დამსახურებული არტისტი დარეჯან ჭამაური თვლის, რომ საქართველოს მთავრობის მხრიდან სტურუას მიმართ გამოხატული ამგვარი აგრესია ეროვნული თეატრის განადგურებას უწყობს ხელს.

,,არა მგონია, ვინმეს დადებითი აზრი ჰქონდეს, ამართლებდეს ან უხაროდეს რობერტ სტურუას გათავისუფლება. როგორც სუხიშვილებმა გაიტანეს ქართული ცეკვა მსოფლიოში და გააცნეს, სტურუამ თითქმის პირველმა ქართული თეატრი გააცნო მსოფლიოს. რატომაა ასე აგრესიულად, მტრულად, ბოროტულად განწყობილი მთავრობა ქართული თეატრის მიმართ? ეროვნული თეატრის მიმართ? არ ვიცი. მე ვგრძნობ რომ მტრულად არიან განწყობილი, რატომ ვეჯავრებით არ ვიცი. ავიღოთ ჩვენი თეატრი, კაცი შვილს არ აინტერესებს თეატრი, ალბათ ინგლისური უნდა ვისწავლოთ, სპექტაკლები ინგლისურად უნდა დავდგათ, რომ მაშინ მოგვხედონ?” – ამბობს დარეჯან ჭამაური.

სახალხო არტისტი ლეო ოზგებაშვილი აღნიშნავს, რომ სტურუას გათავისუფლება და მისი წასვლა ქართული თეატრიდან დიდი ტრაგედიაა.

,,მე მინახავს მისი დადგმული სპექტაკლები, მისი შემოქმედებიდან არავითარი ქსენოფობიური მინახავს, ასეთ ხალხს უნდა ვუფრთხილდეთ და მისი წასვლა ეს არის უდიდესი ტრაგედია და ამის მომსწრენი ვართ” – განაცხადა ლეო ოზგებაშვილმა.

გორის თეატრის მომდევნო თაობის წამყვანი მსახიობი კახა ბერიძე, რომელსაც ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი უკავია გორის თეატრში, წუხს, რომ ასეთი დონის ადამიანებს არ უფრთხილდებიან:

,,სოფელში ვიყავი ეს ამბები რომ გავიგე. რაც მოვისმინე ტელევიზიებით სტურუას მიმართ, ეს არის მიუღებელი. ვერ წარმომიდგენია ქართული თეატრი სტურუას გარეშე, უბრალოდ წარმოუდგენელია. ის არ დაიკარგება, აგერ ვხედავთ, რომ მიწვევები აქვს სხვადასხვა ქვეყანაში. როგორც მოვისმინე, სამეფო თეატრშიც კი მიიწვიეს. ეჭვიც არ მეპარება რომ მას ბევრი თეატრი მიიწვევს, მაგრამ მას ჩვენ დავკარგავთ, ქართული თეატრი დაკარგავს” – ამბობს კახა ბერიძე.

ღირსების ორდენის კავალერი, იაკობ გოგებაშვილის პრემიის ლაურეატი; პროფესიით მსახიობი, ქორეოგრაფი, ტელე და დრამის რეჟისორი ანზორ გვაძაბია სტურუას გათავისუფლებას ასე აღწერს:

,,წარმოიდგინეთ სანდრო ახმეტელი რომ მოეხსნათ რუსთაველის თეატრიდან, რობერტ სტურუას გათავისუფლებას სწორედ ასე აღვიქვამ” – ამბობს ანზორ გვაძაბია.

ზაზა ცარულაშვილი: ,,ვფიქრობ, ვერ დააჩოქეს რობერტ სტურუა და ეს ვერ აპატიეს”

მაია ტურაშვილი: ,,სტურუას გათავისუფლებით ჩემი აზრით ხერხემალი გამოაცალეს რუსთაველის თეატრს. ნაცვლად იმისა, რომ საქართველო ამაყობდეს ამ დონის მაესტროთი, თეატრიდან უშევებენ. მე მგონი, საქართველოს გარდა ასეთი რამ არც ერთ ქვეყანაში მომხდარა და არც მოხდება. ვუერთდები რუსთაველის თეატრის მსახიობებს”

გვანცა დადიანიძე: ,,ვუერთდები რუსთაველის თეატრის მსახიობებს. რობერტ სტურუა ჩემთვის როგორც ქართველისთვის, არის სიმბოლო ქართული თეატრისათვის! მის გარეშე წარმოუდგენელია!”

მზია ტურაშვილი: ,,ფაქტი სამწუხაროა და სამარცხვინო. ამით ბევრს ვერაფერს დააკლებენ ბატონ რობიკოს. განაჩენი გამოუტანეს საკუთარ თავს და ქართულ ხელოვნებას.”

მერაბ ჭანკოტაძე: ,,მკვეთრად ნეგატიური განწყობა მაქვს რობიკო სტურუას გათავისუფლების ფაქტზე, მეტი აზრი არც უნდა იყოს.”

,,ქართლის ხმა” გორის თეატრის მმართველს ნოდარ მდინარაძეს დაუკავშირდა. მისი თქმით, ხელოვანმა პოლიტიკაში არ უნდა შეტოპოს. იგულისხმა რობერტ სტურუა.

,,ჩემი აზრით, ხელოვანმა პოლიტიკაში არ უნდა შეტოპოს. მე ძირითადად ტელევიზიით გავიგე სტურუას გათავისუფლების ამბავი, ვერც იმას გეტყვით რატომ გაათავისუფლეს, ვერც იმას გეტყვით უნდა გაეთავისუფლებინათ, თუ არა. მე მოვიწვევ დამსახურებულ მსახიობებს თეატრში და შეგახვედრებთ. ზოგიერთმა არც იცის.” – ამბობს ნოდარ მდინარაძე.

სოციალური ქსელების მეშვეობით დავუკავშირდით თეატრისს მმართველის მოადგილეს ზურაბ ნიჟარაძეს (ტელეკომპანია ,,იმედის” სერიალში – ,,შუა ქალაქი” – ბუნიკეთის გამგებლის როლის შემსურლებელს), რომელმაც პასუხი არ გაგვცა.

გორის თეატრში თბილისიდან, თეატრალური უნივერსიტეტიდან ჩამოყვანილ სტუდენტ-მსახიობებს ვერ დავუკავშირდით. ისინი სეზონის გახსნამდე ისვენებენ.

სამაგიეროდ, კომენტარებს აკეთებენ ის გორელი მსახიობებიც, რომლებიც გორის თეატრიდან გაათავისუფლეს, ხოლო მათ ნაცვლად სტუდენტი-მსახიობები ჩამოიყვანეს.

2010 წელს, ,,თეატრალური საზოგადოების” მიერ, ქალის როლის საუკეთესო შემსრულებლად აღიარებული ნარგიზა სალუქაშვილიც ამბობს, რომ რობერტ სტურუა მსოფლიო მნიშვნელობის ხელოვანია. ,,ის დააკლდება ჩვენს კულტურას, ჩვენს თეატრს” – ამბობს გორის თეატრიდან შემცირებული ნარგიზა სალუქაშვილი.

მსახიობი საშა ტატიშვილი თვლის, რომ საქართველოში დრამატული თეატრის მოსპობა უნდათ.
,,ერთი ანეგდოტი დადიოდა ბრეჟნევის დროს. თუკი ვინმეს ეკითხებოდნენ ბრეჟნევის ვინაობის შესახებ, პასუხობდნენ – ლეონიდ ილიას ძე იყო პოლიტიკური მოღვაწე ალა პუგაჩოვას დროს.. ასე იქნება სააკაშვილიც. ანალოგიურად დაამახსოვრდება მომავალ თაობას სააკაშვილი. მასზე იტყვიან – სააკაშვილი იყო პოლიტიკური პირი რობიკო სტურუას მოღვაწეობის დროს. სტურუას გათავისუფლებით საქართველოში დრამატული თეატრის მოკვლა უნდათ. აღარ უნდათ დრამატული ჟანრი, ქართული თეატრი აღარ სჭირდებათ. თუ შიში არ მოვიცილეთ და დავძლიეთ, ფსკერზე დავრჩებით.” – ამბობს საშა ტატიშვილი.

Advertisements
კატეგორიები:ახალი ამბები, თეატრი
  1. No comments yet.
  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: