მთავარი > ახალი ამბები > ,,გორკონის” უკანასკნელი და ,,კულას” პირველი დღეები

,,გორკონის” უკანასკნელი და ,,კულას” პირველი დღეები


საქართველოს შემოსავლების სამსახური გორის საკონსერვო ქარხნის შპს ,,გორკონის” ქონებას დარჩენილი ვალების ამოსაღებად კვლავ ნაწილ-ნაწილ ჰყიდის. შიდა ქართლის სააღსრულებო ბიურომ მოსამართლის გადაწყვეტილება მიმდინარე კვირის ორშაბათს ჩაიბარა. სახელმწიფო ბიუჯეტის სასასრგებლოდ ,,გორკონს” 900 000 ლარიდან 300 000 ლარიღა აქვს გადასახდელი. მისი დირექტორის ივანე გოგლიძის თქმით, აღნიშნული დავალიანება წინამორბედი დირექტორის ელისო ჩიტუაშვილის დროიდან მოდის. ელისო ჩიტუაშვილი კი ქარხნის დირექტორად მაშინდელმა გუბერნატორმა მიხეილ ქარელმა დანიშნა.

შიდა ქართლის სააღსრულებლო ბიურომ უკვე ჩაიბარა მოსამართლე დავით პაპუაშვილის გადაწყვეტილება ქარხნის რეალიზაციის თაობაზე. როგორც ვანო გოგლიძემ თქვა, ქარხანა ამ ვალებს გაყიდული ქონებიდან დაფარავს. ამით დასრულდება ,,გორკონის” არსებობა.. საჯარო რეესტრში ,,გორკონის” შესახებ მონაცემები უკვე აღარ დევს.

შპს ,,გორკონს” 2004 წლამდე მარინა ქიტიაშვილი ხელმძღვანელობდა. იგი ყოფილი გუბერნატორის დავით ქობლიანიძის სიდედრია. ოქრუაშვილი და ქარელი ჯერ კიდევ ვარდების რევოლუციამდე იმუქრებოდნენ ქარხნის წართმევით, რაც წარმატებით განახორციელეს. ეს პროცესი ქარხნის საბოლოო განადგურებით დამთავრდა. საკონსერვო ქარხანაში კომუნისტების პერიოდში მთელი გორის მოსახლეობა იყო დასაქმებული. ამ ქარხნის მუშაობასთანაა დაკავშირებული წმინდაწყლის დასახლების გაშენება, სადაც ძირითად ქარხანაში მომუშავე ადამიანები დააბინავეს.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ და ვარდების რევოლუციამდე საკონსერვო ქარხანა მუშაობდა და ძირითადად, ვაშლის გადამუშავებით იყო დაკავებული. ვარდების რევოლუციის შემდეგ მარინა ქიტიაშვილმა ქარხანა ,,საჩუქრად” გორის მუნიციპალიტეტის გამგეობას გადასცა. გამგეობამ ქარხნის დირექტორად ელისო ჩიტუაშვილი, ხოლო სამეთვალყურეო საბჭოს წევრად ივანე გოგლიძე დანიშნა.

2005-2006 წლებში, სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა ივანე გოგლიძემ სხვა და სხვა რაოდენობის თანხა ასესხა შპს ,,გორკონს”. ადგილობრივ გაზეთ ,,ქართლის ხმის” რედაქციაში ინახება ვანო გოგლიძესთან 2007 წლის 11 სექტემბერს ჩაწერილი აუდიო-ინტერვიუ, სადაც ვანო გოგლიძე გაოცებით გვპასუხობს, თუ საიდან ვიცით ეს ინფორმაცია. მეორე დღეს 12 სექტემბერს შიდა ქართლის გუბერნატორი მიხეილ ქარელი დააკავეს. პარალელურად, გავრცელებული ოპერატიულ მასალაში ვანო გოგლიძე, ელისო ჩიტუაშვილი და თემურ ნაოჭაშვილი დეტალურად ჰყვებოდნენ, თუ როგორ ითხოვდა გუბერნატორი მიხეილ ქარელი ქრთამის სახით აღნიშნული პირებისგან სხვა და სხვა რაოდენობის თანხას. ვანო გოგლიძე და თემურ ნაოჭაშვილი ამჟამად საკრებულოს წევრები არიან.

მას შემდეგ რაც მიხეილ ქარელი დაიჭირეს და შესაბამისად, ,,გორკონს” ქარელის მიერ დანიშნული ელისო ჩიტუაშვილი ჩამოაცილეს, საწარმოს დირექტორობა ივანე გოგლიძეს ჩააბარეს. 2008 წელს იმ დროინდელმა ფინანსურმა პოლიციამ ბიუჯეტისადმი დავალიანება დათვალა და 900 000 ლარამდე ავიდა. სახელმწიფოს საკუთრებაში მყოფ ქარხანას სახელმწიფოს მიმართ დავალიანება თითქმის ერთ მილიონამდე დაუთვალეს. დავალიანების დაფარვა ქარხნის ქონების რეალიზაციით და ნაწილ-ნაწილ გაყიდვით ხორციელდება.

,,გორკონმა” საკუთარი პროდუქცია ბოლოს 2009 წლის იანვარში გამოუშვა, როდესაც ბერლინში საერთაშორისო ფესტივალი ჩატარდა. იქ ,,გორკონის” წვენები, ჯემები და კონცენტრატები წაიღეს. დღეს ვანო გოგლიძე საკონსერვო ქარხანის ,,გორკონის” ნაცვლად ,,გორკონის” შენობაშივე განთავსებულ შპს ,,კულა არმ ჯორჯია”-ს ავითარებს. ცნობილი წვენები სახელწოდებით ,,კულა” სწორედ ვანო გოგლიძის კომპანიაში და ,,გორკონის” ბაზაზე მზადდება.

ახალი ქარხანა რამდენიმე ხნის წინ, თვით საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ბაკურ კვეზერელმა და შიდა ქართლის გუბერნატორმა ზურაბ არსოშვილმა დაათვალიერეს. პრესსამსახურის ცნობით, მინისტრი და გუბერნატორი ქარხნის მუშაობის სპეციფიკას გაცვნენ და მუშა–მოსამსახურეებს გაესაუბრნენ. ქარხანა, რომელსაც ცოტა ხნის წინ ,,ქაშრუთის“ სერტიფიკატი მიენიჭა აწარმოებს ნატურალური ხილისა და ბოსტნეულის კონსერვებს დანამატების და კონსერვანტების გარეშე. ცოტა ხნის წინ ქარხანაში ახალი პროდუქციის, მათ შორის სოკოს წარმოება დაიწყო. ,,ქაშრუთის სერტიფიკატის მინიჭება მსოფლიო ბაზრებზე ქარხანას პროდუქციის რეალიზების გაფართოებაში დაეხმარება, ეს კი ქარხნის გაფართოებას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას შეუწყობს ხელს“ განაცხადა ზურაბ არსოშვილმა.

კატეგორიები:ახალი ამბები
  1. No comments yet.
  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: