მთავარი > ახალი ამბები > საკრებულომ საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით ,,ქართლის ხმის” ადმინისტრაციული საჩივარი არ დააკმაყოფილა

საკრებულომ საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით ,,ქართლის ხმის” ადმინისტრაციული საჩივარი არ დააკმაყოფილა


საკრებულო ხმის მიცემის პროცესში

საკრებულო ხმის მიცემის პროცესში

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებმა არ დაკმაყოფილეს გაზეთ ,,ქართლის ხმის” რედაქტორის ადმინისტრაციული საჩივარი, რომლითაც გამგებლის 2011 წლის 3 ივნისის ბრძანება გახდა სადავო. ადმინისტრაციული საჩივრით რედაქტორი ბრძანების გაუქმებას და საჯარო ინფორმაციის სრულყოფილად გაცემის დავალდებულებას ითხოვდა.საქმე იმაშია, რომ ,,ქართლის ხმის” რედაქტორმა ჯერ კიდევ 2011 წლის 3 ივნისს განცხადებით გორის მუნიციპალიტეტის გამგეობას მიმართა და მოითხოვა გორის დრამატული თეატრისთვის გამოყოფილი თანხების ხარჯვის დეტალურ ინფორმაციის მიღება. გამგეობამ გაზეთს გასცა პასუხი, რომელსაც თან გორის დრამატული თეატრის საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოს ამსახველი დოკუმენტაცია ახლდა. ,,ქართლის ხმის” რედაქტორი საბა წიწიკაშვილი თვლის, რომ ინფორმაცია არასრული სახით მიიღო, რადგან ის დეტალურ ინფორმაციას ფინანსების ხარჯებთან (საწვავი, მივლინებები და სხვა აქტები) დაკავშირებით გულისხმობდა.

ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის დროს გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ადმინისტრაციული საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

,,ვინაიდან ქართლის ხმის რედაქტორს საბა წიწიკაშვილს საჯარო ინფორმაციის სახით მიეწოდა ის ინფორმაცია, რომელიც ჰქონდა გორის მუნიციპალიტეტის გამგეობას, ხოლო რაც შეეხება დანარჩენ ინფორმაციას, ამისთვის განმცხადებელმა უნდა მიმართოს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, რადგან 2006 წლის 23 ოქტომბრის #3/464 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის გორის გიორგი ერისთავის სახელობის სახელმწიფო თეატრის დებულების მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად გიორგი ერისთავის სახელობის სახელმწიფო თეატრის სახელმწიფო კონტოლის განმახორციელებელია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ამავე დებულების მე-8 მუხლის თანახმად კი თეატრი აწარმოებს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგებას, ადგენს ბალანს და დასამტკიცებლად წარუდგენს შესაბამის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოს. საქართველოს ზოგადადმინისტრაციული კოდექსის 37-ე და 38-ე მუხლებში აღნიშნულია, რომ დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე ადმინისტრაციულმა ორგანომ გასცეს სწორედ ის ინფორმაცია, რომელიც დაცულია და ინახება მასთან და რომელიც წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას. რაც შეეხება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-40 მუხლის გამოყენებას საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით, შეუძლებელია, რადგან გორის თეატრი არ წარმოადგენს გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის არც სტრუქტურულ ერთეულს და არც საჯარო დაწესებულებას. გორის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენი პირის მიერ მოთხოვნილი დოკუმენტაცია დაცული არ არის. შესაბამისად, დაინტერესებულ პირზე მისი გადაცემის შესაძლებლობა ადმინისტრაციულ ორგანოს არ შეეძლო” – ციტატის დასასრული.

გაზეთ ,,ქართლის ხმის” რედაქტორი საბა წიწიკაშვილი განმარტავს, რომ გორის თეატრი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ფინანსდება 325 000 ლარით. შესაბამისად, გორის თეატრი ვალდებულია თვითმმართველობის მიერ გაღებულ თანხებთან დაკავშირებით ანგარიში წარუდგინოს გამგეობას და საკრებულოს.

,,თუ გორის თეატრი არ წარმოადგენს მუნიციპალიტეტის გამგეობის არც სტრუქტურულ და არც საჯარო დაწესებულებას, შესაბამისად მუნიციპალიტეტმა არ უნდა მოახდინოს მისი დაფინანსება” – აღნიშნავს რედაქტორი.

გორის საკრებულოს განკარგულების გასაჩივრება შესაძლებელია გაცნობიდან ერთი თვის ვადაში. რედაქცია აპირებს გაასაჩივროს გადაწყვეტილება. ადმინისტრაციული საჩივრის არდაკმაყოფილების შესახებ განკარგულება საბა წიწიკაშვილს დღეს 16 სექტემბერს ჩაბარდა.

კატეგორიები:ახალი ამბები
  1. No comments yet.
  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: