მთავარი > ახალი ამბები > სასამართლო პროცესზე მკვლელობაში ბრალდებულმა სპეცნაზელმა საკუთარი თავი ღმერთს მიანდო

სასამართლო პროცესზე მკვლელობაში ბრალდებულმა სპეცნაზელმა საკუთარი თავი ღმერთს მიანდო


ნინო კობერიძის დედა სასწრაფოს მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს

ნინო კობერიძის დედა სასწრაფოს მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს

გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ ნინო გერგაულმა მკვლელობაში ბრალდებულს, სპეცნაზის თანამშრომელს ზურაბ მალიძეს სასჯელის ზომად 3 წელი 6 თვე განუსაზღვრა. სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომელიც პროკურორმა მორის ჩუბინიძემ მალიძეს წარუდგინა, 2-დან 4 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. რუსთაველ მალიძეს ქარელის რაიონის სოფელ კნოლევში 25 წლის ნინო კობერიძის გაუფრთხილებლობით მკვლელობა ედება ბრალად. გარდაცვლილის ოჯახის წევრები მცირე სასჯელს აპროტესტებენ.

სასამართლო პროცესი რომ უხმაუროდ არ ჩაივლიდა, ეს თავიდანვე შეიმჩნეოდა. სასამართლოს ფოიეში გარდაცვლილის ნათესავებს ბრალდებულის ადვოკატმა ჟურნალისტების მიყვანა არ მოუწონა. ,,რად გინდათ ჟურნალისტები და განგაში” – ეუბნებოდა პოლიციელის ადვოკატი დაზარალებულებს. ამ სიტყვებმა მათში კიდევ უფრო მეტი გაღიზიანება გამოიწვია, ხოლო ბრალდებულის ადვოკატი იძულებული გახდა გასცლოდა მათ.

სხდომის დარბაზში სასამართლოს თანამშრომლებს სკამების წინა რიგი დაკავებული ჰქონდათ. მანდატურებმა განაცხადეს, რომ წინა სკამზე ვინც სხედან, სტუდენტები და სტაჟიორები არიან. სინამდვილეში ეს პიროვნებები სასამართლოს თანამშრომლები და მუშა-მოსამსახურეები იყვნენ. წინა სკამზე ადგილები იმიტომ დაიკავეს, რომ გარდაცვლილის ჭირისუფლები არ დამსხდარიყვნენ და ბრალდებულთან ახლოს არ ყოფილიყვნენ.

ხმაური ატყდა დარბაზში ბრალდებულის შემოყვანის დროსაც. ის ნიღბიანმა და ავტომატიანმა სპეცრაზმელებმა შემოიყვანეს. ერთ-ერთ მათგანს ავტომატი საბრძოლო მდგომარეობაში ჰქონდა მოყვანილი. გარდაცვლილის დედა არ მორიდებია ნიღბიანებს და ავტომატიანებს, ბრალდებულ ზურაბ მალიძეს მიმართ გაემართა და საყვედურობდა შვილის მკვლელობის გამო. დარბაზიდან მამაკაცების გინების ხმაც ისმოდა.

სასამართლო დარბაზში მოსამართლის შემოსვლის შემდეგაც არ შეწყდა დარბაზში ხმაური. მოსამართლე ნინო გერგაული გარდაცვლილის დედას სთხოვდა გაჩერებას, რადგან მისი მდგომარეობიდან გამომდინარე არ უნდოდა დარბაზიდან გაშვება. ხოლო ის ვინც დარბაზში მყოფთაგან სხვა ვინმე ხმას ამოიღებდა, დაჯარიმებით და პატიმრობით დაემუქრა.

პროკურორმა მორის ჩუბინიძემ საბრალდებო დასკვნა წაიკითხა, რომლის მიხედვით სპეცდანიშნულების რაზმში, 1982 წელს რუსთავში დაბადებული ზურაბ მალიძე 2011 წლი 20 მარტს ჩაირიცხა. 2011 წლის 9 ივლისს ის მინისტრის ბრძანებით ქარელის რაიონის სოფელ კნოლევში გამწესდა. პროკურორის თქმით, 11 ივლისს ზურაბ მალიძეს იარაღი წმენდის დროს გაუვარდა. ტყვია სოფელში სტუმრად ჩასულ ნინო კობერიძეს მოხვდა. ის ადგილზე გარდაიცვალა. პროკურორმა მოითხოვა პატიმრობა 116-ე მუხლის პირველი ნაწილით, სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოპყრობის გამო.

ამ სიტყვებს დარბაზში გარდაცვლილის მამის სიტყვები მოხვდა: ,,სად გაგონილა ხალხო იარაღის წმენდა პოსტზე? იარაღი გამზადებული უნდა ჰქონდეს? ვის აბარია ხალხის ბედი.. ესენი იცავდნენ სოფელს… ესეთი ხალხი გამოუშვით ქართული სოფლების დასაცავად? რა ზღაპრეს ჰყვებით” – ამბობდა მამა.

მოსამართლემ დარბაზის ჩაწყნარების შემდეგ სიტყვა ბრალდებულს მისცა.

,,მე შევდივარ გარდაცვლილის ოჯახის მდგომარეობაში, ვიზიარებ მათი ოჯახის წევრის გარდაცვალებას. ეს მკვლელობა მოხდა ჩემი დაუდევრობით. ამაში არავინაა დამნაშავე, გარდა საკუთარი თავისა, მხოლოდ მე ვარ დამნაშავე, სხვა არავინ და ჩემი თავი ღმერს მიმინდია” – თქვა პოლიციელმა.

,,ოხ შე აფერისტო, ვინ გასწავლა ეგ აფერისტული სიტყვები!!!! თქვი სიმართლეეე! რატომ უყურებდით დურბინდით სოფელში მყოფ გოგონებს? თქვენი შიშით სოფელში ვერავინ დადიოდა. ჯერ ძაღლები დახოცეთ, რადგან რომ დაძრწოდით, ხელს გიშლიდათ, მერე ძროხები დახოცეთ, ეხლა ხალხზე გადახვედით” – არ ცხრებოდა ნინო კობერიძის დედა.

ბრალდებული მალიძე კვლავ აგრძელებდა თხრობას. ის უკვე იარაღის გასროლის ფაქტის მოყოლაზე გადავიდა.

,,იქნებოდა სადღაც საღამოს 7 საათი. მე და ჩემი მეწყვილე პოსტზე ვიდექით. ჯერ ჩემი იარაღი გავწმინდე, შემდეგ ჩემი მეწყვილის იარაღს ვწმენდდი. მოულოდნელად იარაღი გავარდა, მეგონა ტყვია მიწას მოხვდა. ამ დროს სოფელში ყვირლი გავიგე, იმ წუთში გავიფიქრე, ნეტავ ხომ არავის მოხვდა მეთქი. ცოტა ხანში მოვიდნენ და წამიყვანეს სამმართველოში, მითხრეს იარაღით კაცი დავჭერი მხარში. მხოლოდ გვიან მითხრეს ღამეს, რომ თურმე გასროლას მსხვერპლი მოჰყვა. ვაღიარებ რაშიც მედება ბრალი და ვინანიებ” – განაცხადა ზურაბ მალიძემ.

მოსამართლემ მხარეებს მიმართა მტკიცებულებების თაობაზე. არც ერთ მხარეს – პროკურორს და ბრალდებულის ადვოკატს მტკიცებულებები სადავო არ გაუხდია. შესაბამისად, მტკიცებულებების განუხილველად აღარც კამათი გაიმართა. მოსამართლე გადაწყვეტილების მისაღებად სათათბიროდ გავიდა. მოსამართლის გასვლას დარბაზში აურზაური მოჰყვა. კვლავ გაიწიეს ბრალდებულის მიმართულებით, რომელიც სირბილით გაიყვანეს დარბაზიდან. 10 წუთის შემდეგ შემოიყვანეს, მას მოჰყვა მოსამართლეც. მოსამართლე ნინო გერგაულმა სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადება ვეღარ დაამთავრა. მის სიტყვებს: ,,ბრალდებულს შეეფარდოს 3 წელი და 6 თვე” – პროტესტის ნიშნად ტაში მოჰყვა.

ხელახლა ატყდა აურზაური. ბრალდებული კვლავ სირბილით გაიყვანეს, მანდატურებს კი კნოლეველების გაყვანა დაევალათ. სასამართლოს ფოიეში გარდაცვლილი ნინო კობერიძის დედა ცუდად გახდა, ის სასწრაფოს ავტომანქანით გორის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

კატეგორიები:ახალი ამბები
  1. No comments yet.
  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: