მთავარი > ახალი ამბები > სტუდენტთა ხელმისაწვდომ დაზღვევაზე გორშიც ისაუბრეს

სტუდენტთა ხელმისაწვდომ დაზღვევაზე გორშიც ისაუბრეს


პროფკავშირების ახალგაზრდა კლუბის ხელმძღვანელები ნუკრი ყველაშვილი და ნათია სვანიძე სტუდენტებს გორში მეგობრობის ხიდის – ,,ქართლოსი” – ოფისში შეხვდნენ. საუბარი სტუდენტთა დაზღვევის თემას შეეხო, სადაც მონაწილეობა სხვა და სხვა უმაღლესი სასწავლებლების გორელმა სტუდენტებმა მიიღეს. სტუდენტთა ჯანმრთელობის პოლისით უზრუნველყოფა დამსწრეთაგან ყველას მოეწონა. განსაკუთრებით ივანე ჯავახშვილის სახელობის თბილისის უნივერსიტეტის სტუდენტები აქტიურობდნენ. გორის უნივერსიტეტის სტუდენტებმა კი ,,ხმადაბლა” თქვეს – ,,ნეტავ ჩვენი თვითმმართველობა და რექტორი რას იტყვის?” ახალგაზრდული პროექტი: ,,ხელმისაწვდომი დაზღვევა სტუდენტებისათვის” საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებისა და ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტის მიზანი 104 000 სტუდენტის ჯანმრთელობის პოლისით უზრუნველყოფაა.

პროექტის ფარგლებში შეხვედრები როგორც სახელმწიფო ისე კერძო უმაღლეს სასწავლებლებში ჩატარდა. ,,ჩავატარეთ რამდენიმე სამუშაო შეხვედრა და პრეზენტაცია საქართველოს პოლიტიკური პარტიების ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან. ასევე შევხვდით ,,საქართველოს სადაზღვევო ასოციაციის” და წამყვანი სადაზღვევო კომპანიების წარმომადგნლებს და მათგან მივიღეთ შემოთავაზებები სადაზღვევო პაკეტის პირობების შესახებ” – თქვა პროფკავშირების კლუბის წარმომადგენელმა ნუკრი ყველაშვილმა.

ექსპერტების დახმარებით პარლამენტში წარსადგენად საკანონმდებლო ინიციატივა მზადდება. ,,საკანონმდებლო ორგანოში ინიციატივის განსახვილველად საჭიროა 30 000 ხელმოწერის შეგროვება. ჩვენი მიზანია ინიციატივის მხარდასაჭერად შევაგროვოთ ხელისმოწერები როგორც უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტების, ასევე საქართველოს პროფესიული კავშირების დარგობრივი პროფესიული კავშირების ახალგაზრდული ორგანიზაციების წევრების დახმარებით. ეს იქნება უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც საქართველოში ახალგაზრდები გამოვლენ კონკრეტული საკანონმდებლო ინიციატივით, მონაწილეობას მიიღებენ პარლამენტის საკომიტეტო განხილვებში, მოაწყობენ პრესკონფერენციებს და ჩაატარებენ სრულფასოვან კამპანიას საკანონმდებლო ინიციატივის მხარდასაჭერად.” – განაცხადა პროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა ნათია სვანიძემ.

7 ოქტომბერს ,,ღირსეული შრომის დღეს” შემაჯამებელი კონფერენცია დედაქალაქშია დაგეგმილი. მიწვეული იქნება მედია და მათ წინაშე საკანონმდებლო ინიციატივის პრეზენტაცია იგეგმება.

ნუკრი ყველაშვილმა სტუდენტებს ხელისუფლების და ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრის რამდენიმე დეტალი გაიხსენა. ,,ჩვენ უბრალოდ არ გვინდა ეს ინიციატივა რომელიმე პოლიტიკური პარტიის საკუთრება გახდეს” – უთხრა ყველაშვილმა სტუდენტებს. ,,უბრალოდ ჩვენი მიზანი იყო მათთვის ამის შესახებ გვეცნობებინა. სხვათა შორის, ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდული ფრთის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა მოიწონა ეს იდეა. ამიტომ ვვარაუდობთ, რომ ხელისუფლება ამ კანონს წინასაარჩევნო პერიოდში მიიღებს და საკუთარი ქულების დასაწერად გამოიყენებს. თუმცა ჩვენ უნდა ვაცნობიერებდეთ, რომ უმთავრესია მივაღწიოთ შედეგი” – თქვა ნუკრი ყველაშვილმა.

ნათია სვანიძემ, რომელიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტია ამავე დროს, გაიხსენა საკუთარ უნივერსიტეტში სტუდენტებთან შეხვედრის ამბავი. რექტორატის წარმომადგენლებმა ინიციატივის გასაცნობად პროფესიულ ახალგაზრდულ კლუბს სტუდენტები არ შეახვედრა. ,,ელემენტარულად ინფორმაციაც კი არ მიაწოდეს სტუდენტებს შეხვედრის შესახებ და ფაქტობრივად ცარიელი დარბაზი დაგვახვედრეს” – გაიხსენა ნათია სვანიძემ.

ინიციატივის მიხედვით სადაზღვევო თანხებს თავის თავზე უნივერსიტეტების ადმინისტრაციის ბიუჯეტები აიღებს.

გორელ სტუდენტს იზა კასრაძეს, რომელიც 100%-იანი სახელმწიფო გრანტით წელს თსუ-ს სტუდენტი გახდა, აინტერესებს საკუთარი უნივერსიტეტის თვითმმართველობის აზრი. ,,ვიცი რაც ხდება ჩვენს უნივერსიტეტში, ვიცით რომ საკმაოდ ბევრი თანხა მიდის გართობებზე და კონცერტებზე, მაგრამ თუკი მოხდება თვითმმართველობების დაფინანსების შემცირება, ამით თვით ამ სტრუქტურის იგნორირებას ხომ არ ვახდენთ? – იკითხა მან.

აღნიშნული კითხვა სტუდენტს მაშინ დაებადა, როდესაც შეხვედრაზე თსუ-ს თვითმმართველობის შესახებ ისაუბრეს, რომელსაც თითქმის მილიონზე მეტი დაფინანსება აქვს და არაეფექტურად ხარჯავს. ნუკრი ყველაშვილმა გაიხსენა ერთი ფაქტი, როდესაც ევროპის წამყვანი უნივერსიტეტის ექსპერტები ჩამოვიდნენ და თსუ-ს თვითმმართველობის დაფინანსების რაოდენობით განცვიფრდნენ.

გორელმა გიორგი ანდღულაძემ, რომელიც თსუ-ს მეორე კურსის სტუდენტია, პროფკავშირების ინიციატივა მოიწონა და ისურვა, რომ პროფკავშირები ყველა დარგში იყოს ძლიერი: ,,ვენესუელა რომ ვენესუელაა, იქაც კი ძლიერები არიან. უნდა ვიაქტიუროთ ჩვენც სტუდენტებმა. აღარ გავარგძელებ რა ხდება უნივერსიტეტის თვითმმართველობებში. გართობის მეტს არაფერს აკეთებენ, დაღალეს თვით დედალამაზაშვილიც და ქალაქ-ქალაქ ატარებენ. უფრო მეტად სოლიდარულები უნდა ვიყოთ. არ მეგულება არავინ, რომ ამის წინააღდეგი წავიდეს. თუ სტუდენტს საკუთრი აზრი არ ექნება, არ იბრძოლა საკუთარი უფლებებისთვის, ის რა სტუდენტია. მინდა რომ პროფკავშირები აქაც ძლიერი იყოს. პროფკავშირები ძალიან კარგ საქმეებს აკეთებენ ევროპაში, სხვაგან.” – განაცხადა ანდღულაძემ.

შეხვედრის დასრულებისას შეხვედრის ინიციატორებმა კმაყოფილება გამოთქვეს სტუდენტთა აქტიურობის გამო. ვიდრე მაგიდის წევრები მიატოვებდნენ სკამებს, გორის უნივერსიტეტის ერთ-ერთ სტუდენტს წამოსცდა – ნეტავ ჩვენი თვითმმართველობა რას იტყვის? რექტორი?”

კატეგორიები:ახალი ამბები
  1. კომენტარები ჯერ არ არის.
  1. No trackbacks yet.

დატოვე კომენტარი